ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ თუკი ვინმეს კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ თანხა შეიწირავს, ზოგი დააჯარიმეს, ზოგის დაშინებას ცდილობენ და აბსოლუტურად ყველა მათგანს უკანონო ქმედებებში ადანაშაულებენ. თვითონ ნაცმოძრაობას კი როგორც ირკვევა, მიმდინარე წელს ფიზიკური პირებისგან შემოწირულობის სახით ყველა სხვა პარტიაზე მეტი თანხა - 1 768 492 ლარი მიუღია. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 19 ივნისამდე პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობების შესახებ ინფორმაციას კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური ავრცელებს.
საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, ფიზიკურ პირს პოლიტიკური პარტიისთვის მაქსიმუმ 60 000 ლარის ოდენობის შემოწირულობის განხორციელების უფლება აქვს. სწორედ, 60 000 ლარი აქვს გადარიცხული “ნაცმოძრაობისთვის” ამირან ქორთიაშვილს, ჯამბულატ ჯაყელს, მიხეილ ესიაშვილს, ზურაბ გოზალიშვილს, გიორგი დევაძეს, ნიკოლოზ ღონიაშვილს, კახაბერ დამენიას, იზაბელა გუტიძეს, დავით ჩანტლაძეს, შოთა აბულაძეს, მურად წკრიალაშვილს, ნოდარ ალადაშვილს, იაგო ჩოჩელსა და იაგო გვირიტიშვილს. “ნაცმოძრაობის” შემომწირველებს შორის ასევე არიან ლევან ბობოხიძე, დემიკო ჩოჩელი, სერგო ღვიანიაშვილი, ვასილ სულხანიშვილი და სხვა.
აღსანიშნავია, რომ "ნეტგაზეთის" ინფორმაციით იმ ადამიანებს შორის, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ თანხა გადაურიცხა, არიან ისეთებიც, რომლებიც თავის დროზე სხვადასხვა ბრალდებით იყვნენ დაკავებულები. როგორც ჩანს, შემდეგ მათსა და ხელისუფლებას შორის გარკვეული გარიგება შედგა, რადგან დღეს ეს ადამიანები არათუ თავისუფლები არიან, არამედ „ნაცმოძრაობას“ საკმაოდ სოლიდურ თანხებსაც ურიცხავენ.
"კერძოდ, 12 ათასი ლარი გადაურიცხა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ზურაბ ინასარიძემ, შპს "იბერია თრეიდინგის" მფლობელმა, რომელიც კუდ-ის მიერ იყო დაკავებული, როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი. კუდ-ის ინფორმაციით, რომელიც ამავე უწყების ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნული ჯგუფის წევრებმა კორუფციული გარიგებების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს დაუმალეს რამოდენიმე ათეული ათასი ლარის საბაჟო გადასახადები.
ელგუჯა ბერუაშვილი, რომელმაც "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 20 ათასი ლარი გადაურიცხა, ასევე კუდ-ის მიერ იყო დაკავებული, როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი. ორგანიზებული ჯგუფი კი შედგებოდა საქართველოს ეკონომიური განვითარების სამინისტროს ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის, ბუნებრივი თხევადი გაზისა და მაგისტრალური გაზსადენების სისტემების ზედამხედველობის სამმართველოს თანამშრომლებისგან. მათ ბრალად ედებოდათ დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც ითვალისწინებდა 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მსხვილ შემწირველებს შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ მოქმედმა ხელისუფლებამ კრიმინალური ქმედებებისთვის დააკავა. მაგალითად, მმართველ პარტიას 40-40 ათასი ლარი შეწირეს ფიზიკურმა პირებმა - სერგო ლაბარტყავამ და თამაზ ჯამაგიძემ. კუდ-ის თანამშრომლებმა ისინი 2010 წლის 30 მარტს დააკავეს, როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებმაც, შსს-ს ინფორმაციით, მეწარმეს თაღლითურად გამოსძალეს 370 000 ლარი, რის სანაცვლოდაც ჰპირდებოდნენ ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული თანხების შემცირებას. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, თუმცა, როგორც კონტროლის პალატის მასალებშია მითითებული, ამ ადამიანებმა წელს სოლიდური თანხები შეწირეს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" –წერს "ნეტგაზეთი"
პოლიტიკური ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ამ ყველაფერს მარტივი გარიგების სახე აქვს.
„ფაქტობრივად ეს შემოწირულობა კი არ არის, არამედ გადასახადის გადახდაა იმ „სიკეთისთვის“, რაც დაპატიმრებულებმა თავის დროზე მიიღეს. როგორც ჩანს, ამ ადამიანების განთავისუფლება მარტივი მერკანტილური მოტივით განხორციელდა, რადგან ახლა ნაციონალური მოძრაობის წევრები ამის სამაგიეროს ღებულობენ“, - აცხადებს ექსპერტი.
„ნაციონალური მოძრაობის“ შემოწირულობების კანონიერებაში „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ შეაქვს ეჭვი და კონტროლის პალატისგან შემომწირველთა გადამოწმებას ითხოვს.
„ქდმ“-ს წევრი ლევან ვეფხვაძე for.ge-სთან საუბარში ნაციონალური მოძრაობის შემომწირველებს ორ კატეგორიად ჰყოფს. პირველ კატეგორიაში არიან პირები, რომლებიც კონკრეტულ იურიდიულ პირს, სს „მადნეულს“ წარმოადგენენ და ვეფხვაძის ვარაუდით ისინი არა თავის თანხებს, არამედ სწორედ ამ იურიდიული პირის კუთვნილ თანხებს სწირავდნენ მმართველ პარტიას, ხოლო ვინაიდან კანონით იურიდიული პირისგან შემოწირულობის მიღება პოლიტიკურ პარტიას ეკრძალება, ამიტომ ეს აქტი ამ ფიზიკური პირების მეშვეობით განხორციელდა.
„როდესაც კონკრეტული კომპანიის მენეჯმენტი ასე ჩალაგდება და შემოწირულობას იხდის, ეს უკვე არის იმის საფუძველი, რომ ვიფიქროთ, ვინაიდან იურიდიულ პირს შემოწირულობის გაკეთება ეკრძალება, ის თავის თანხებს ფიზიკურ პირებზე გასცემს და შემდეგ უკვე ამ პირებს შეაქვთ ეს ფული კონკრეტული პარტიის ანგარიშზე. ვინაიდან კონტროლის პალატამ ასეთი ქმედება „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ რომელიღაც კომპანიასთან მიმართებაში დააფიქსირა, იმედი მაქვს, რომ ახლაც იგი მომხდარით დაინტერესდება და ამ ფაქტებსაც მიეცემა შესაბამისი რეაგირება“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
„ნაცმოძრაობის“ შემომწირველთა მეორე კატეგორიაში კი, მისი თქმით, არიან ადამიანები, ვინც დაიჭირეს, რაღაც თანხებს ედავებოდნენ, შემდეგ ამ ადამიანებმა მათზე რიცხულ ვალებზე გაცილებით ნაკლები გადაიხადეს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველები გახდნენ.
„მე ვფიქრობ, რომ აქ უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია ჩადენილი არა იმის მიერ, ვინც გადაიხადა ეს ფული, არამედ იმის, ვინც მას ამის გადახდა დააძალა, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ეს თანხები სახელმწიფო ბიუჯეტს მოაკლდა და „ნაციონალური მოძრაობის“ ყულაბაში წავიდა. აქ უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ ამ შემთხვევაში იმის თქმაც მიჭირს, ვინ უნდა გამოიძიოს ეს დანაშაული, რადგან მისი ჩამდენები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებმაც წესით ამ საქმეზე მოკვლევა უნდა ჩაატარონ“, - აღნიშნავს ვეფხვაძე.