ბოლო ერთი წელია, „ნაციონალურ მოძრაობაში“ უცნაური ამბები ხდება, ერთ დროს მონოპოლიური უფლებამოსილებით აღჭურვილ კარის ბიზნესმენებს პასუხს სთხოვენ და წილები ახლებურად, ახალი გავლენების მიხედვით ნაწილდება.
ჯერ იყო და მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატს, არჩილ გეგენავას „მოსთხოვეს პასუხი“, მის კომპანიებს ძალოვანი უწყებების გამოკვების უფლება წაართვეს და ხმა რომ არ ამოეღო, მის კრიმინალებთან კავშირზე დაიწყეს ლაპარაკი.
შემდეგ ჯერი სააკაშვილის კარის ბიზნესმენად ცნობილ კობა ნაყოფიაზე მიდგა.
ამ დღეებში „მადნეულისა“ და „კვარციტის“ წილების გადაყიდვა მოხდა, „მადნეული“ კი რამდენიმე წელია, რუსი გენერალოვისა და კახა ბენდუქიძის გარდა, ბიზნესმენ თუ პოლიტიკოს კობა ნაყოფიას სახელთანაც ასოცირდებოდა.
„მადნეულისა“ და „კვარციტის“ გაყიდვის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედიამ გაავრცელა. რუსული მედიის ცნობით, ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ახალი მფლობელი საქართველოში ოქროს მოპოვებაზე მუშაობას გააგრძელებს და საქმიანობას კიდევ უფრო გააფართოვებს.
14 ივნისს შემდგარი გარიგების შემდეგ „მადნეულს“ და „კვარციტს“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. „მადნეულისა“ და „კვარციტის“ მფლობელი კომპანია „კაპიტალ ჯგუფის“ აქციონრები რუსეთში ცნობილი ბიზნესმენები - დიმიტრი კორჟევი და დიმიტრი ტროიცკი არიან.
რუსული „ფორბსი“ აღნიშნავს, რომ კერძო მეწარმეები, რომელთა ბიზნესიც არანაირად არ უკავშირდება მოპოვებას, საბადოებით სულ უფრო მეტად ინტერესდებიან და ამის ერთ-ერთ მაგალითად გამოცემას სწორედ კორჟევი-ტროიცკის დუეტი მოჰყავს, რომელთა ძირითადი ბიზნესი ჰიპერმარკეტების ქსელია.
„მადნეულის“ და „კვარციტის“ მფლობელი კომპანია „კაპიტალჯგუფის“ აქციონერები რუსეთის უმდიდრესი ადამიანების რიცხვში არიან.
დიმიტრი ტროიცკი 47 წლისაა, მისი ქონება 800 მილიონ დოლარს შეადგენს და მდიდარი რუსი ბიზნესმენების რეიტინგში 125-ეა. ის ჰიპერმარკეტების ქსელ „ოქეი“-ს დირექტორთა საბჭოს წევრია. 1980 წლის მეორე ნახევარში დიმიტრი ტროიცკიმ ლენინგრადის გემთმშენებელი ინსტიტუტი დაამთავრა. სწორედ იქ გაიცნო მომავალი ბიზნესპარტნიორი დიმიტრი კორჟევი. 1995 წელს მათ ავტომანქანების ვაჭრობის შედეგად დაგროვილი თანხა ერთობლივად ჩადეს წვენების კომპანია „მულტონის“ დაფუძნებაში. ისინი არიან სომხეთში ერთ-ერთი ქარხნის პარტნიორები, რომელიც წელიწადში 5-600 000 ტონა მადანს (ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, თუთია, სელენი დასხვა) ამუშავებს.
რაც შეეხება დიმიტრი კორჟევს, ასევე რუსული „ფორბსის“ მიხედვით, ის 48 წლის არის. ტროიცკის მსგავსად კორჟევიც 800 მილიონი დოლარის მფლობელია და მდიდარი რუსი ბიზნესმენების რეიტინგში 123-ეა. ისიც სუპერმარკეტების ქსელ „ოქეი“-ს დირექტორთა საბჭოს წევრია. კორჟევმა 1990 წელს, ტროიცკისთან ერთად სანკტ-პეტერბურგში ავტომობილებით, „ვაზ-21“-ით ვაჭრობა დაიწყო.
ტროიცკიმ და კორჟევმა 2005 წელს წვენების კომპანია „მულტონი“ „კოკა-კოლას“ 500 მილიონ დილარად მიჰყიდეს, ხოლო მიღებული თანხა „ოქეი“-ს განვითარებას მოახმარეს.
ეკონომიკის ექსპერტი, რეზო საყევარიშვილი არ გამორიცხავს, რომ ოქროს მომპოვებელმა კომპანია „ჯეოპრო მაინინგმა“ „მადნეული“ და „კვარციტი“ ფინანსური პრობლემების გამო გაყიდა. როგორც საყევარიშვილი აცხადებს, 120 მლნ დოლარი (რა თანხადაც ეს კომპანიები გაიყიდა), საკმაოდ დაბალია იმ აქტივისთვის, რომელიც მოიცავს, ერთი მხრივ, „მადნეულის“ სამთო-გამამდიდრებელ კომბინატს და მეორე მხრივ, ოქროს მომპოვებელ კომპანია „კვარციტს“.
„ფასის სიდაბლე მაფიქრებინებს, რომ, შესაძლოა, „მადნეულის“ ადრინდელ მფლობელს ფინანსური თვალსაზრისით არ ჰქონდა ისეთი მდგრადობა, რომელიც მისთვის სასურველი იქნებოდა და ამიტომ გაყიდა ეს ბიზნესი“, - აღნიშნა მან.
ექსპერტის თქმით, ყველას კარგად ახსოვს, რომ „მადნეული“ ბევრ რამეს აფინანსებდა საქართველოში - დაწყებული სამეწარმეო საქმიანობით და სოციალური პროექტებით, დამთავრებული ცნობილი კინოფილმით აგვისტოს ომზე. ეს თანხები უყაირათოდ იხარჯებოდა და შესაძლებელია, კომპანიას ფინანსური პრობლემები შექმნოდა.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ შეიძლებოდა ეყიდა ფინანსურად არამდგრადი „მადნეული“ და „კვარციტი“ კომპანია „კაპიტალ ჯგუფს“, ექსპერტის აზრით, ქართული აქტივები, შესაძლოა, წარმატებული კომბინაციის შემადგენელი ნაწილი იყოს იმ აქტივებთან ერთად, რომელსაც „კაპიტალ ჯგუფი“ სომხეთშიც ფლობს.
„კომპანიას მთელ რუსეთში, და არა მარტო რუსეთში, საკმაოდ დივერსიფიცირებული ბიზნესი აქვს და აქტივებს ფლობს სხვადასხვა სექტორებზე. ისინი, მსგავსი ტიპის აქტივს, რაც „მადნეულია“ ფლობენ კავკასიაშიც, კერძოდ, სამთო გამამდიდრებელ კომბინატს სომხეთში და ამ თვალსაზრისით, შესაძლოა, „მადნეული“ და სომხური აქციები მიჩნეული იყოს წარმატებულ კომბინაციად იმისთვის, რომ მათი საქმიანობა უფრო მეტად ეფექტური გახდეს“, - აღნიშნავს საყევარიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
„ჯეოპრომაინინგის“ ქართული ოქროსადმი ინტერესის ერთბაშად დაკარგვის მიზეზი, შესაძლოა, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას უკავშირდებოდეს. 2012 წლის თებერვაში ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვების ლიცენზია აუქციონზე გაყიდა. აუქციონში გამარჯვებულმა „მაინინგ ინვესთმენთსმა“ 27-წლიანი ლიცენზია 110,5 მილიონ ლარად შეიძინა. ლიცენზია 2014 წლის 15 აპრილიდან ამოქმედდება.
„მადნეულისთვის“ ლიცენზიების გაუქმების ოფიციალური მიზეზი გახდა ის, რომ „ჯეოპრომაინინგმა“ არ შეასრულა მინიმალური სამუშაო, რაც ლიცენზიის მიღების პირობა იყო. ლიცენზიის გაცემიდან ზუსტად 6 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობამ აღმოაჩინა, რომ ძებნა-ძიების სამუშაოები ბოლომდე შესრულებული არ ყოფილა. იმავდროულად, ბუნებრივი რესურსების სააგენტოში წარდგენილი არ იყო მასალები და ის დოკუმენტაცია, რაც ლიცენზიით იყო გათვალისწინებული.
რეალურად კი, ამ ამბავს შესაძლოა სხვა მხრიდანაც შევხედოთ, რადგან „მადნეულს“ მეტად საინტერესო ისტორია აქვს, რომელიც ნათლად გვაჩვენებს, რა მეთოდებით ხდება ქვეყანაში ბიზნესის კეთება და მართვა, ან სად მიდის ფული, რომელიც ქვეყანას ეკუთვნის.
ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, კობა ნაყოფია რომელიც რუსეთში კახა ბენდუქიძის მეგობრად და ბიზნეს-პარტნიორად ითვლებოდა, საქართველოში 2005 წელს გამოჩნდა. სწორედ ნაყოფიას დახმარებით ქართული ობიექტების დიდი ნაწილი, თანაც ჩალის ფასად, სავარაუდოდ სწორედ ბენდუქიძისა და გენერალოვის ხელში აღმოჩნდა.
სწორედ ნაყოფია მონაწილეობდა სახელმწიფო აუქციონებსა და ტენდერებში, მისი მეშვეობით და ბუნებრივია, ქვეყნის პრეზიდენტის ნებით აღმოჩნდა სს „მადნეული“ მათ ხელში სულ რაღაც 40 მილიონ დოლარად.
გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ ნაყოფიას თავისი კლასელი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე დაეხმარა და ბადრი პარატკაციშვილის კომპანია, რომელსაც ასევე სურდა მადნეულის ყიდვა, ტენდერში 4 მილიონი დოლარით დაამარცხა.
იმ პერიოდში „მადნეულის“ შეძენა, სურდათ უკრაინულ, ამერიკულ, გერმანულ, იტალიურ და ბრიტანულ კომპანიებს, თუმცა ყველაფერი ნაყოფიას გამარჯვებით დასრულდა, ის „კვარციტის“ აქციათა 51 პროცენტის მფლობელი გახდა.
2006 წელს ნაყოფია ეროვნული ზარაფხანის მფლობელიც სწორედ იგივე მეთოდით გახდა და ზარაფხანაც სულ რაღაც 2,04 მილიონ დოლარად ჩაიგდო ხელში.
მოკლედ, ნაყოფიას ხელში ოქროს გადამუშავების სრული ციკლი აღმოჩნდა, მოპოვება გადამუშავება და დამზადება. ეს ყველაფერი მადლობა იყო იმისთვის, რაც ნაყოფიამ წლების მანძილზე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გააკეთა, „ვარდების რევოლუციიდან“ მოყოლებული.
ეს წვლილი კი რამდენიმე ათეული ან ასეული მილიონი დოლარით გამოიხატება, ზოგი რევოლუციის დროს, ზოგიც შემდეგ, ყოველ არჩევნებზე ან არჩევნების წინა პერიოდში, როგორც კი სააკაშვილს რაიმე ფორსმაჟორი შეექმნებოდა, პრობლემებს კობა ნაყოფია აგვარებდა.
ამ დამსახურებებისთვის ნაყოფიამ ბოლნისის მაჟორიტარობაც მიიღო, რომელიც 1,5 მილიონი დოლარი დაუჯდა. 2008 წლის ომის შესახებ ჰოლივუდური ბლოგბასტერისა და შერონ სტოუნის ვიზიტის ხარჯებმაც მის კისერზე გადაიარა და ეს 20 მილიონი დაუჯდა. მისი დაფინანსებულია პრეზიდენტის ბიძაშვილის ქორწილი და სააკაშვილის მრავალი ახირება.
ამბობენ, რომ ნაყოფიას ეს ყველაფერი ყელში ამოუვიდა, ან იგრძნო, რომ ამ ხელისუფლების დასასრული მოახლოვდა და მოინდომა, ყველაფერი მიშასთვის კი არ მიეცა, ზოგი რამ თავისთვისაც დაეგროვებინა. თუმცა, რეალურად ნაყოფიას გული შარშან აუცრუვდა, როცა საბადოების ფლობის ლიცენზიები, რომელიც სრულიად უფასოდ ჰქონდა მიღებული, ჩამოართვეს. როგორც ჩანს, ნაყოფიამ ამის გამო დაიწყო ნელ-ნელა საკუთარ მომავალზე ფიქრი.
არსებობს ინფორმაცია, რომ ბოლო დროს ნაყოფია ცალკე მის მფარველებს უმალავდა ფულს, ცალკე ბიუჯეტს და ლონდონის ბირჟაზე, იქაურ თრეიდერთა დახმარებით, რომელიღაც ოფშორული კომპანიის სახელით ყიდდა ოქროს, თანხას კი მარშალის კუნძულზე დარეგისტრირებულ სხვა კომპანიაში რიცხავდა.
მანამდე კი, ნაყოფიამ სააკაშვილს ფულზე უარი უთხრა, ახლა არ მაქვს და მერე მოგცემო. ნაყოფიამ ჩაშალა ანაკლიაში ერთი სასტუმროს აშენების პროექტი, რომელიც 7 მილიონი დოლარი ჯდებოდა და ამ შემთხვევაშიც უფულობა მოიმიზეზა.
მოკლედ, რაკი ეჭვები გაჩნდა, როგორც მოსალოდნელი იყო, ნაყოფიას ვანო მერაბიშვილი მიუჩინეს და როგორც ამბობენ, გადამალული მილიონებსაც მიაგნეს.
მანამდე კი, განხორციელდა რეფორმა, რის შედეგადაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნაწილი, კერძოდ, ბუნებრივი რესურსების დაცვის დეპარტამენტი ენერგეტიკის სამინისტროს შეუერთეს.
ენერგეტიკის სამინისტრომ კი პირველი, რაც გააკეთა, ეს იყო „მადნეულისა“ და „კვარციტის“ ლიცენზიების გადახედვა და მისთვის ოცდაჩვიდმეტივე საბადოს ლიცენზიის ჩამორთმევა. სხვათა შორის, „მადნეულს“ ეკუთვნოდა დარიშხან-ოქროს საბადოებიც რაჭაში.
გასული წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში რამდენიმე საბადოზე ლიცენზია გაიყიდა, მაგრამ ჯერ ნაყოფიას ფარული ოპერაციები გაიშიფრა თუ ჯერ ლიცენზიები გაყიდეს, ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა ლოგიკურად, სახელმწიფომ ბევრად მეტი ფულის გაკეთება მოინდომა ვიდრე მათ ნაყოფია აძლევდა და ლიცენზიაც სწორედ ამიტომ გაუუქმეს.
ამას მოჰყვა ის, რომ ნაყოფია დაისაჯა - ოშფორული ზონების ბანკებიდან მისი საბანკო ანგარიშებიდან რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი უკვე გადმოირიცხა ქართულ ბანკებში და მას სააკაშვილი და მერაბიშვილი აკონტროლებენ.
რაც შეეხება მადნეულს, როგორც უკვე ვთქვით, დღემდე საქართველოში ოქროს მოპოვებას, გადამუშავებასა და წარმოებას ერთი ბიზნეს-ჯგუფი ფლობდა. 2005 წლის ნოემბერში რუსული „პრომიშლენნიე ინვესტორის“ შვილობილმა ბრიტანულმა კომპანიამ STANTON EQUITIES CORPORATION -მა ტენდერში გაიმარჯვა და სააქციო საზოგადოება „მადნეულის“ 97,25 პროცენტი იყიდა.
ინვესტორის შესვლამდე „მადნეულში“ სპილენძის კონცენტრატის წარმოების, რეალიზაციისა და მადნების კვლევა-ძიების გარდა, ბარიტს, სპილენძ-თუთიას, ბარიტ-პოლიმელიტს და კვარციტსაც მოიპოვებდნენ.
ინვესტორმა, რომელმაც „მადნეული“ შეიძინა, ოქროს შემცველი მეორადი კვარციტების გადამამუშავებელი შპს „კვარციტის“ 51 პროცენტი და „საქართველოს სამთომადნო კომპანიის“ 100 პროცენტიც მიიღო, რომელიც ბოლნისის რაიონის 36 საბადოზე წიაღით სარგებლობის ლიცენზიას ფლობდა.
„მადნეულის“ რამდენიმე შვილობილი კომპანიის გარდა, Stanton Equties Corporation-ს შპს „ტრანს ჯორჯია რესორსიც“ ერგო, რომელიც საყდრისის საბადოზე წიაღით სარგებლობის კომპლექსურ ლიცენზიას ფლობს. ამ საბადოზე დათვლილი მარაგები 40 ტონაზე მეტ ოქროს, 100 ტონამდე ვერცხლსა და 100 000 ტონამდე სპილენძს შეადგენს.
2007 წლიდან სს „მადნეულის“ და სს „კვარციტის“ აქციები „პრომიშლენიე ინვესტორის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სიმან პოვარიონკინს გადაეცა. გარიგების შედეგად, სს „მადნეულის“ და „კვარციტის“ მფლობელი კომპანია Geo Pro Mining-ი გახდა.
სს „მადნეული“ ოქროს, ვერცხლის, სპილენძისა და სხვა ლითონების მოპოვებაზე რამდენიმე ლიცენზიას ფლობდა. ოქროს მოპოვება მეორადი კვარციტული მადნებიდან ხდებოდა. წლის განმავლობაში კომპანია 100 ათას უნციამდე ოქროს მოიპოვებდა და გადასამუშავებლად კანადურ ორგანიზაციაში, „ჯონსონს მათიუში“ იგზავნებოდა.
არსებობს ვერსია, რომ „მადნეულში“ ნაყოფია ბოლოს უკვე 16 პროცენტს ფლობდა, მაგრამ ამას უკვე ნაკლები მნიშვნელობა აქვს. მთავარია, სააკაშვილი დროულად მიხვდა, რომ ეს კაცი აღარ გამოადგებოდა და სხვებით ჩაანაცვლა, რადგან ოქტომბრის არჩევნებისთვის ფულში ღალატი „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდ ზიანს მიაყენებს.
რაც შეეხება ქართული ოქროს რესურსების ახალ მეპატრონეს, სს „მადნეული“ და შპს „კვარციტი“ კომპანია „კაპიტალ ჯგუფმა“ შეიძინა, რომლის აქციონერები რუსი ბიზნესმენები - დიმიტრი კორჟევი და დიმიტრი ტროიცკი არიან.
„მადნეულის“ და „კვარციტის“ გაყიდვაზე კომენტარი გააკეთა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა რომან ხუდოლმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართული აქტივების გასაყიდად მათ რამდენიმეთვიანი ნაყოფიერი სამუშაოები გასწიეს. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა სერგეი ნოსოვმა კი აღნიშნა, რომ ამ გაყიდვით კომპანია შეძლებს, ყურადღების კონცენტრაცია სომხეთში და რუსეთში დაგეგმილ პროქტებზე მოახდინოს.
„კაპიტალ ჯგუფის“ მფლობელობაში შედის კომპანია Neva Rus-ი, რომელიც სომხურ სამთო-მომპოვებელ ბიზნესში მოღვაწეობს. აღნიშნულმა ბიზნეს-ჯგუფმა 2011 წლის ოქრომბერში და 2012 წლის თებერვალში საჯარო აუქციონში მონაწილეობის შედეგად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები ჯამში 204 მილიონ ლარად შეიძინა.
საძიებო სისტემაში კომპანია Neva Rus-ის საპროფაილო საიტი არ იძებნება თუმცა ცნობილია, რომ ეს კომპანია სომხურ სამთო-მომპოვებელ ბიზნესში მოღვაწეობს. სომხური წყაროების ცნობით, გასულ წელს Neva Rus -მა 110 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო სომხეთის ტერიტორიაზე - სარანისტსა და დასტაკერტში - არსებულ საბადოებში.
„მთავარი ის კი არ არის, რომ ყიდიან, მთავარი ის არის, ვინ ყიდულობს, როდესაც მყიდველის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაციაა, ხოლო სახელწოდებები კომპანიებისა არაფერს ნიშნავს და პრაქტიკულად, ნულოვან ინფორმაციას შეიცავს, მისი კაპიტალის წარმოშობის თაობაზე, ჩვენ შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ მესაკუთრის ცვლილება შედიოდა უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების ინტერესებში.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იყოს ხელის დაცლა, რადგან მართალია, მფლობელი დიდი ალბათობით, გახლდათ რუსული კომპანია და ქართველი ხელისუფალნი უბრალოდ, შეგირდებად ჰყავდათ, ფინანსური ინტერესების დასაკმაყოფილებლად, ამიტომ ეს სქემა შენარჩუნდება. მთავარია, ამ შემთხვევაში ის, რომ ამ გზით რეალური თანხები მიიღონ ბიუჯეტში. ჩემი ეს ვარაუდი გამართლდება თუ უახლოესი ორი-სამი თვის განმავლობაში იმ საწარმოების გასხვისების მოწმენი გავხდებით, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ იყო.
ისინი ადრე საარჩევნო ფულს სრულიად იოლად ათავსებდნენ მითითებულ ანგარიშებზე, ახლა კი ეს გართულებული პროცესია და ლეგალური იქნება მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის, ანუ გაყიდული ქონების 20%-ის დადება რომელიმე შპს-ს ანგარიშზე, საიდანაც შემდეგ შესანიშნავად აქვს ნასწავლი ხელისუფლებას თანხების გაქრობა. ისევე როგორც ქრება ხოლმე მერიის კუთვნილი შპს-დან, მაგალითად ნაგვის თანხები.
ხელისუფლების ინტერესი არასოდეს ყოფილა მრეწველობის განვითარება. მისი მიზანია განუწყვეტლივ გადადიოდეს ქონება ხელიდან ხელში, იმიტომ, რომ გარდა ლეგალური თანხებისა, ჰქონდეს არალეგალური დანამატებიც. ამის გარეშე სოლიდური გარიგებები არ ხდება და ამისი მაგალითია, თბილისის აეროპორტის პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებისთანავე 15 მილიონით გაძვირდა“, - აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი.
2012 წლის 14 ივნისს სს „მადნეულის“ და შპს „კვარციტის“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა ვახტანგ ფარესიშვილი, რომელიც, თუ ქართულ გამოცდილებას გავითვალისწინებთ, ალბათ ბოლნისის ახალ მაჟორიტარად მოგვევლინება და ის სქემა, რაც ნაყოფიას შემთხვევაში არსებობდა, უფრო ეფექტურად ამოქმედდება, თუკი რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ ოქტომბერში გამარჯვებას შეძლებს.
„კომპანიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის მიუხედავად, სს „მადნეული“ და შპს „კვარციტი“ უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. ქართული მადნისა და ოქროს წარმოება-გადამუშავებაზე ორივე კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 2000 ადამიანი“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კომპანიამ ტრანზაქციასთან დაკავშირებით გაავრცელა.
Geo Pro Mining-მა თავის ვებგვერდზე უკვე განათავსა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ „მადნეული“ და „კვარციტი“ 120 მილიონ დოლარად გაყიდა.
აქტივების გაყიდვა არის Geo Pro Mining-ის პირდაპირი გადაწყვეტილება, გადახედოს განვითარების სტრატეგიულ ვარიანტებს 2012 წლის თებერვალში საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული კონკურსის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, 2014 წლის მაისიდან „მადნეულში“ მოპოვების ლიცენზია გაიყიდა და იგი შეიძინა კომპანიამ, რომელსაც Geo Pro Mining -სთან არავითარი კავშირი არ აქვს.
Geo Pro Mining-მა მნიიჩნია, რომ ქართული აქტივების გაყიდვა არის საუკეთესო ვარიანტი მისი ინვესტიორების ინტერესების გათვალისწინებით. აღნიშნული გარიგება Geo Pro Mining-ს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი რეგიონალური სტარეგია მიმართოს სომხეთში არსებული შვილობილი კონმპანისადმი, ასევე იაკუცკის ოქროს მომპოვებელი აქტივების ზრდისკენ. ამის გარდა, გარიგება Geo Pro Mining-ს შესაძლებლობას აძლევს, დამატებით გაამყაროს კომპანიის ფინანსური პოზიციები“- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ექსპერტი, ნოდარ ხადური ამბობს, ერთი მხრივ, აქციების გასხვისებაში განსაკუთრებული არაფერია, რადგან „მადნეული“ ახლა არ გაყიდულა და ის დიდი ხანია, რუსული კომპანიის საკუთრებაა, ისე როგორც ძალიან ბევრი ქართული საწარმო, რომელიც რუს ბიზნესმენებს აქვთ შეძენილი.
„დღევანდელი ტრანზაქცია არის მხოლოდ დადასტურება ამ ფაქტისა, თუმცა სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ თავის დროზე ეს საწარმოები შეძენილი იყო ქართული ოფიციოზის წარმომადგენლების მიერ და დღეს ხდება ამის გადაფორმება სხვა სახელმწიფოს ბიზნესმენებზე. ვერ დავადასტურებ, თუმცა, სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ ხელისუფლება ოქტომბრის არჩევნების წინ ცდილობს, გარკვეული გარანტიები შეექმნას მის მიერ შეძენილ ქონებას და ასეთი ოპერაციებით მათი აქტივები დაცული იქნება სხვა ქვეყნების ორგანიზაციების სახელის ქვეშ“, -აცხადებს ნოდარ ხადური.
გარიგებისას კომპანიის ფინანსური მრჩეველი იყო „ვითიბი კაპიტალი“, ხოლო იურიდიული მრჩეველი - Clifford Chance.
ოქროს მოპოვება-რეალიზაციაში საქართველოს მსოფლიო მასშტაბით მოკრძალებული ადგილი უკავია. თუმცა, ქართული ეკონომიკისთვის ის საკმაოდ მნიშვნელოვანია.
2004 წელს საქართველოდან საექსპორტოდ 18 მლნ 830 ათასი აშშ დოლარის ოქრო გავიდა, 2010 წელს საზღვარგარეთ გაყიდული ოქროს ღირებულება 85 მლნ 788 ათას აშშ დოლარს აღწევს, რაც საქართველოს ექსპორტის 5,4 პროცენტია.
რაც შეეხება ნაყოფიას, მას სავარაუდოდ, ყველაფერს წაართმევენ და თუ სააკაშვილს წინასაარჩევნო კამპანიისთვის დასჭირდა, შესაძლოა, პასუხიც აგებინონ. არსებობს ინფორმაცია, რომ უკვე დათვლილია ზარალი, რაც ნაყოფიამ მიაყენა სახელმწიფო ბიუჯეტს. ლაპარაკია იმაზე, რომ მხოლოდ 2 საბადო მუშაობდა, მაშინ, როდესაც ლიცენზია 37 საბადოზე იყო გაცემული. რაც შეეხება ზარალს, ამას „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი კალკულაციით ისე დათვლის როგორც მოესურვება და იმდენ მილიონს დაასახელებს, ამომრჩეველზე ეფექტი რომ მოახდინოს. არ არის გამორიცხული, ნაყოფიას დაბრალდეს ისიც, მთელი საქართველო სიღატაკეში რომ ცხოვრობს.
უკვე ვნახეთ სააკაშვილი, რომელიც საკუთარ ჩინოვნიკებს ოპოზიციაში ჩაუდგა და ახლაღა აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში უამრავი პრობლემაა. ასე რომ, ნაყოფიას დამსახურებები, იმ სარგებელთან შედარებით, რაც მისმა დასჯამ შეიძლება მოუტანოს ნაციონალებს, სახსენებელიც კი არ არის.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, უკვე სწავლობენ ნაყოფიას წარსულს და ძველ კავშირებს, ასევე იკვლევენ ჰქონდა თუ არა რაიმე საერთო რუსეთში მოღვაწეობის დროს ბიძინა ივანიშვილთან. თუმცა ამ ყველაფერს საბოლოო ისეთ სახეს მისცემენ და ისე შემოუბრუნებენ ერთ დროს სააკაშვილის კარის ვარსკვლავს, როგორც დასჭირდებათ, გააჩნია, რას „ჭამს“ ამომრჩეველი და დაიჯერებს თუ არა, რომ კორუფციის იმ ჭაობში, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შევარდნაძის წუმპეს მიაშენა, სააკაშვილი სრულიად უცოდველი და კრავივით უმანკოა.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, ისინი „მადნეულის“ და „კვარციტის“ რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვაში პრობლემას ვერ ხედავენ. როგორც უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი აცხადებს, საქართველო მიესალმება რუს ტურისტებს, რუსულ ინვესტიციებსაც და სხვადასხვა ცივილიზებულ კონტაქტებს. გაბაშვილის შეფასებითვე, საფრთხე პოლიტიკურ ინვესტიციებშია და არა ჩვეულებრივ ბიზნეს ურთიერთობებში.