შინაგან საქმეთა სამინისტროდან თანამშრომლებს ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „მე-9 არხმა“ გაავრცელა. სიუჟეტის თანახმად, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში შსს-დან 200 პოლიციელი პოლიტიკური ნიშნით გაანთავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციელებს სამსახურიდან საკუთარი ნებით წასვლის შესახებ პატაკები 11 ივნისს დააწერინეს, უთხრეს, რომ უწყებაში რეორგანიზაციაა და შემდეგ სხვა სამსახურებში გადაანაწილებდნენ, მაგრამ სინამდვილეში ყველა მათგანი უბრალოდ სამსახურიდან დაითხოვეს.
მომხდარის შესახებ სიუჟეტში თავად სამსახურიდან განთავისუფლებული პოლიციელები საუბრობენ და მათი რაიმე გადაცდომის გამო განთავისუფლებას კატეგორიულად უარყოფენ. ყოფილი პოლიციელები ამბობენ, რომ სამსახურიდან ისეთი თანამშრომლებიც გაუშვეს, ვისაც ვანო მერაბიშვილის მადლობის სიგელები აქვს მიღებული.
„სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზს რომ ვკითხულობდით, გვეუბნებოდნენ, სამსახურს არასათანადოდ ექცეოდითო. განთავისუფლებულებს შორის საჩხერელებიც არიან. არავინ არ განგვიმარტა, რატომ გამოგვიშვეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ორასზე მეტი თანამშრომელია განთავისუფლებული. ერთ დღეში ორასმა ადამიანმა უცებ დაგიწეროს პატაკი და თავისი ნებით სამსახურიდან წავიდეს, ასეთი რამ მე მგონი შეიძლება მხოლოდ ზღაპარში მოხდეს“, - ამბობს სამსახურიდან განთავისუფლებული ერთ-ერთი პოლიციელი. მეორე კი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილისადმი სიმპათია ღიად გამოხატა (თქვა, რომ ამ ადამიანს ბევრი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული, მათ შორის სამების ტაძარი აქვს აშენებული) და ვარაუდობს, რომ სწორედ ამიტომ გამოუშვეს სამსახურიდან.
თავად შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ.
For.ge დაუკავშირდა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსს შოთა ხიზანიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა. როდესაც მას ვუთხარით, რომ თავად განთავისუფლებული პოლიციელები საუბრობენ ამ თემაზე, შოთა ხიზანიშვილმა კითხვა შემოგვიბრუნა - სიუჟეტში ორასივე პოლიციელი საუბრობს ამაზეო? ავუხსენით, რომ 200 პოლიციელის სიუჟეტისთვის ჩაწერა შეუძლებელია, მაგრამ რამდენიმე პოლიციელი არის სიუჟეტში და ისინი ყვებიან, როგორ მოხდა მათი განსავისუფლება. ამაზე შოთა ხიზანიშვილმა გვიპასუხა - „ყოველდღე სამინისტროდან რამდენიმე ადამიანს ითხოვენ, ზოგი კი სამსახურში აჰყავთ. თუკი ვიღაც სამსახურიდან გაანთავისუფლეს და ეს თემა იმისთვის გამოიყენა, რომ პოლიტიკური სარჩული გამოაკეროს და მერე სადმე სხვაგან წავიდეს, ეს არასწორია. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ამით ალიბს ვერავინ გაიკეთებს. მთელი ეს ინფორმაცია ტყუილია, ამგვარი რამ არ მომხდარა“.
როგორც წესი, ასეთ ფაქტებს ხელისუფლება არასოდეს ადასტურებს, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდება ხოლმე, რომ გავრცელებული ინფორმაცია სწორია. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი ხელმძღვანელი სახელმწიფოს „ხერხემალს“, რეალურად კი ხელისუფლების ყველაზე მყარ დასაყრდენ ძალას წარმოადგენს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლებაში კუდიანებზე ნადირობა დაიწყო და რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეეხო.
არაერთხელ გავმხდარვართ იმის მომსწრეები, როგორ სწირავს ხელისუფლება თავისი რიგებიდან ადამიანებს, თუკი მათი პოზიციები ერთმანეთს აღარ ემთხვევა.
ადამიანის უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას ასეთი პოზიცია აქვს - ვინც მათთან არ არის, ის მათი მტერია.
„ხომ იცით რუსული გამოთქმა - „Кто не с нами, тот наш враг“. სწორედ ასეთი მიდგომა აქვს ხელისუფლებას. თუკი მათთან ხარ, არც ის უნდა დაინახო, რომ ბიძინა ივანიშვილი სკოლებს და თეატრებს არემონტებდა, ასევე არემონტებდა და აშენებდა ტაძრებს და ა.შ. თუ ამ ყველაფერს ხედავ, მაშინ მათი მტერი ხარ. ბუნებრივია, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიებია, ეს პოლიციელებსაც შეეხო“, - აცხადებს ორგანიზაციის „პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
მისი თქმით, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ პოლიციელები უკვე საკუთარი აზრების და პოზიციების ღიად გამოხატვას ბედავენ. ნანა კაკაბაძე ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე თავის პოზიციებზე უფრო გაბედული პოლიციელები საუბრობენ, მაგრამ ცოტა ხანში ამაზე კიდევ უფრო მეტი მათგანი ილაპარაკებს.
„ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ არჩევნებამდე შეიძლება ვანო მერაბიშვილიც კი აღარ დარჩეს ნაციონალების და სააკაშვილის ერთგული. მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება და ამ შედეგებს ჩვენ ძალიან მალე დავინახავთ“, - ამბობს ნანა კაკაბაძე.
ადამიანის უფლებათა დამცველი ლალი აფციაური ამბობს, რომ ხელისუფლება იკვლევს, ვინ არის მათთვის „არასანდო“ და ეს ხდება არა მხოლოდ ჩვეულებრივ მოსახლეობაში, არამედ ასეთი კვლევა უკვე პოლიციელებს შორისაც ტარდება.
„ხელისუფლებამ მისთვის „არასანდო ტიპების“ გამოვლენა უკვე თავის სტრუქტურებშიც დაიწყო. აქედან გამომდინარე, სულაც არ მიკვირს, ასეთი პოლიციელები თუ გაანთავისუფლეს. ამ ადამიანებს ამდენ ხანს იმიტომ ამუშავებდნენ, რომ თავიანთ ჭკუაზე ატარებდნენ. ახლა თუკი მათ ხმა ამოიღეს, განაცხადეს, რომ ჭკუა აქვთ და თავიანთ პოზიციას ღიად აფიქსირებენ (რადგანაც ხელისუფლება ამბობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია და აზრის გამოხატვის თავისუფლებაა) ცხადია, ეს მათთვის ძალიან ცუდად დასრულდა“, - ამბობს ლალი აფციაური.
იგი დარწმუნებულია, რომ ეს ორასივე პოლიციელი ერთად არ გამოთქვამდა თავის პოზიციას, მაგრამ თავად ხელისუფლება იკვლევს თავის სტრუქტურებში მომუშავეთა განწყობას, რათა იცოდნენ, ვის დაეყრდნონ და ვის არა. აფციაური არც იმას გამორიცხავს, რომ ამ ადამიანთაგან ბევრი პროვოკაციის მსხვერპლიც გახდა.
„შესაძლოა კონკრეტულმა ადამიანმა მეორეზე თქვა, რომ ეს კაცი ივანიშვილის მომხრეა. ამის ხარჯზე ეს ე.წ. დამბეზღებელი სამსახურსაც ინარჩუნებს, ხელისუფლებას თავის ეთგულებასაც უმტკიცებს და შეიძლება მას პრემიაც მიაკრეს შუბლზე. აქედან გამომდინარე, ასეთი ადამიანები კიდევ ბევრი იქნება და ხელისუფლება ნელ-ნელა კიდევ უფრო მცდარ ნაბიჯებს გადადგამს“, - აღნიშნავ აფციაური.
მისი თქმით, ყველაფერი ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებას ბევრი რამის, მათ შორის მომავალი არჩევნების ეშინია.
პოლიტიკური ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას სურს მყარი დასაყრდენი ჰქონდეს და ეშინია, რომ თუკი ამ სტრუქტურის ადამიანთა განწყობაში რყევები იქნა, შესაძლოა, პოლიციამ უკვე უკანონო განკარგულებები აღარ შეასრულოს. ექსპერტი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება ასეთი განკარგულებების გაცემას აპირებს და ეს ყველაფერი მომავალ არჩევნებს უკავშირდება.
„დიდი საარჩევნო ბრძოლა უკვე დაწყებულია და უფრო და უფრო მაღალ რეგისტრში ადის. როგორც ჩანს, ამ ბრძოლაში პოლიციელებს განსაკუთრებული როლი დაეკისრებათ, განსხვავებით, მაგალითად, საფრანგეთისგან, სადაც პოლიცია თვითონ ატარებს არჩევნებს და იქ არავის მოუვა აზრად პოლიციელის პოლიტიკური პოზიცია მსჯელობის საგნად აქციოს“, - აღნიშნავს საყვარელიძე.