გუშინ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ ჯარიმის გადახდისათვის კანონით გათვალისწინებული დრო ამოიწურა და დღეს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სააღსრულებო წარმოება დაიწყო. ამის შესახებ ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„აღსრულების ეროვნულ ბიუროში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული 2 სააღსრულებო ფურცელი შემოვიდა, რომელთა თანახმად, ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 74 325 065. 65 (63 110 095 ლარი და 11 214 970.65 ლარი) ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. საქმესთან დაკავშირებით დღეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები დაიწყო. აღნიშნული პროცედურა პირველ ეტაპზე ითვალისწინებს მოვალის გაფრთხილებას 7 დღის ვადაში მოახდინოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულება, რომლის გასვლის შემდგომაც იძულებით აღსრულების კონკრეტული პროცედურები იწყება. ასევე ბიძინა ივანიშვილს მისი ვალდებულება და ის პროცედურები განემარტება, რაც გადაუხდელობის შემთხვევაში მის მიმართ განხორციელდება’’, - ნათქვამია განცხადებაში.
კონკრეტულად რას ითვალისწინებს ეს პროცედურები და რა შეიძლება ივანიშვილის წინააღმდეგ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოიმოქმედოს, ამასთან დაკავშირებით for.ge ბიუროს წარმომადგენელ ბესიკ ლილუაშვილს ესაუბრა.
ლილუაშვილი ამბობს, რომ აღსრულების ბიუროს ხუთი დღის ვადა აქვს იმისთვის, რომ სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება ბიძინა ივანიშვილს ჩააბაროს. ამის შემდეგ მას დავალიანების დასაფარად შვიდდღიანი ვადა მიეცემა, ხოლო თუ ამას არ გააკეთებს, ამ შვიდი დღის შემდეგ უკვე იძულებითი აღსრულების პროცესი დაიწყება.
ლილუაშვილი იძულებითი აღსრულების პროცედურებსაც განმარტავს.
„ეს ჩვეულებრივი პროცედურებია, რომელსაც ნებისმიერი იურისტი განგიმარტავთ. პირველ რიგში, ეს არის ქონების მოძიება. ქონებაში შედის, უძრავი, მოძრავი ქონება, ასევე საბანკო ანგარიშები და ა.შ. ქონების მოძიების შემდეგ მოხდება მისი დაყადაღება, შეფასება და მხოლოდ ამის შემდეგ ის გავა აუქციონზე“, - ამბობს აღსრულების ბიუროს წარმომადგენელი.
იგი განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ იმ თანხის ამოღებაზე, რაც არის ჯარიმის ოდენობა.
For.ge-ს კითხვაზე, დაყადაღება და აუქციონზე გატანა მხოლოდ საქართველოში არსებულ ქონებას ემუქრება, თუ შესაძლოა ეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ საკუთრებაზეც გავრცელდეს, ბესიკ ლილუაშვილი პასუხისგან თავს იკავებს, ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა რეგულაციები არსებობს და აღსრულების ბიურო ამაზე კომენტარს შვიდი დღის შემდეგ გააკეთებს.
ბესიკ ლილუაშვილი ასევე თავს იკავებს იმის გახმაურებისგან, თუ რა ქონება აქვს ბიძინა ივანიშვილს თავის სახელზე რეგისტრირებული.
როგორც გაირკვა, ბიძინა ივანიშვილმა დღესვე მიიღო შეტყობინება იმის თაობაზე, რომ მის წინააღმდეგ სააღსრულებო წარმოება დაიწყო. ამის შესახებ for.ge-ს მისმა ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განუცხადა.
„ბატონ ბიძინას შვიდი დღე მიეცა ნებაყოფლობით აღსრულებისთვის. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, როგორც ჩანს, აღსრულების ბიუროსაც, ისევე როგორც კონტროლის პალატას, არითმეტიკასთან პრობლემა აქვს, რადგან დღეს ჩვენ ბიუროდან მივიღეთ მეორე შეტყობინებაც, რომლითაც განგვისაზღვრეს ხუთი დღის ვადა იმისთვის, რომ წარვადგინოთ ქონების ნუსხა. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, თუ პირს უფლება აქვს, თანხა შვიდი დღის განმავლობაში გადაიხადოს, შესაბამისად, მისი ქონების ნუსხა ამ შვიდი დღის განმავლობაში არავისთვის იქნება საინტერესო. მიუხედავად ამისა, აღმასრულებელი წინმსწრებად და უკანონოდ ითხოვს ამ ნუსხას, რაზეც ჩვენ აუცილებლად შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ“, - აცხადებს ადვოკატი თადუმაძე.
იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ჯარიმის გადახდას არ აპირებს, მაგრამ არ საუბრობს იმ სამართლებრივ მექანიზმებზე, რაც შეიძლება ივანიშვილის მხარემ სააღსრულებო წარმოების წინააღმდეგ გამოიყენოს. ადვოკატი ამბობს, რომ ისინი აღსრულების ბიუროს ქმედებებს დაელოდებიან და მათი საპასუხო ქმედებები მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი. რაც შეეხება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ქონებას, შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის მხარე აპირებს ქონების ნუსხის წარდგენას, მაგრამ მანამდე აუცილებლად დაადგენს, აღსრულების ბიურო ამ ნუსხის ხუთ დღეში წარდგენას რა უფლებით ითხოვს მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილს უფლება აქვს ჯარიმა ნებაყოფლობით შვიდი დღის ვადაში გადაიხადოს.
აქვე ადვოკატი განმარტავს, რომ სააღსრულებო წარმოების ხარჯების ანაზღაურების საფასურის სახით ბიძინა ივანიშვილს მასზე დაკისრებული ჯარიმის ოდენობის 7% დაემატა გადასახდელად.
ამდენად, ამ ეტაპზე სიტუაცია ასეთია - ეს შვიდი დღე ორმხრივი მოლოდინის რეჟიმში გავა. ერთის მხრივ, აღსრულების ბიურო დაელოდება, გადაიხდის თუ არა ივანიშვილი ამ თანხას ნებაყოფლობით, ხოლო თუ არ გადაიხდის, მის წინააღმდეგ შესაბამისი ქმედებების განხორციელება დაიწყება. მეორე მხრივ, ივანიშვილის ადვოკატები ელოდებიან, რას მოიმოქმედებს აღსრულების ბიურო და საპასუხო ნაბიჯებსაც ამის შესაბამისად დაგეგმავს, თუმცა ორივე მხარე შვიდი დღის შემდეგ განსახორციებელ ქმედებებზე საუბრისგან თავს იკავებს.