ხელისუფლებამ იმდენი ქნა, რომ ე.წ. შეურიგებელ ოპოზიცია ვადამდელი საპრეზიდენტო–საპარლამენტო არჩევნების ნაცვლად, 2013 წლის შემდგომ მოსალოდნელ პოლიტიკურ პერიპეტიებზე აალაპარაკა. ჭეშმარიტად ამოუცნობია (ყოველ შემთხვევაში ქართული ოპოზიციისთვის) პიარტექნოლოგიების ხელოვნება. თუ გუშინ სააკაშვილის „პოლიტიკურ მოუსავლეთში რაც შეიძლება მალე გაშვებაზე“ ხმამაღლა საუბრობდნენ, დღეს განიხილება საკითხი, როგორ არ უნდა მობრუნდეს 2013 წლის შემდეგ პრეზიდენტი „ძლევამოსილი პრემიერის“ რანგში.
გასაკვირი არ არის, რომ ამ თემით პირველ რიგში ის პოლიტიკური ძალები არიან დაინტერესებულნი, რომლებსაც გამოკვეთილი საპრეზიდენტო საარჩევნო ფიგურები ჰყავთ. ასეთები კი პირველ რიგში ნინო ბურჯანაძის და ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გაერთიანებები არიან. რაც შეეხება ხელისუფლების დღევანდელ ფავორიტ გიგი უგულავას, ექსპერტთა შეფასებით, „უგულავას არა პრეზიდენტობის, არამედ პირველი პირის ამბიციები გააჩნია“. მომავალ, წარმომადგენლობითი ფუნქციების მქონე პრეზიდენტად კი, მმართველი გუნდიდან დავით ბაქრაძეს მოიაზრებენ.
პოლიტიკურ ოპოზიციას უკვე ეჭვიც არ ეპარება, რომ ახალი კონსტიტუციის პირობებში სააკაშვილს ქვეყნის ლიდერობა პრემიერ-მინისტრის რანგში სურს. ოპოზიცია ასევე უარყოფს ხელისუფლების მტკიცებას, რომ ქვეყნის ძირითადი კანონის ახალი პროექტით პარლამენტი ძლიერდება. სამაგიეროდ გაძლიერებულია პრემიერ-მინისტრის როლი, ხოლო მისი გადაყენების პროცედურა იმდენად გართულებულია, რომ იმპიჩმენტის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.
„დემოკრატიული მოძრაობის – ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, „ახალი კონსტიტუციის პირობებში პრეზიდენტს ქვეყნის მართვის გაგრძელება პრემიერ-მინისტრის რანგში სურს“. ამის შესახებ ბურჯანაძემ „დემოკრატიულმა მოძრაობის“ მიერ ახალ საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით გამართულ მორიგ შეხვედრაზე განაცხადა.
„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ და მთავარი საბჭოს წევრებმა ახალ საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე საკონსტიტუციო კომისიის მიერ წარმოდგენილი პროექტი როგორც მუხლობრივად, ისე პრინციპების დონეზე დეტალურად განიხილეს.
ამასთან, შეხვედრაზე იმ მოსაზრებებზეც იმსჯელეს, რომლებიც როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა ექსპერტებმა წერილობით და დისკუსიების დროს დააფიქსირეს.
შეხვედრაზე ცალსახად დაფიქსირდა, რომ „ახალი საკონსტიტუციო მოდელი, რომელსაც კომისიის წევრები წარმოაჩენენ, როგორც საპარლამენტო მმართველობის მოდელს, რეალურად არ აძლიერებს პარალამენტის ფუნქციებს“.
აღინიშნა ასევე, რომ „ამ პროექტის თანახმად, საკმაოდ გაძლიერებულია პრემიერ-მინისტრის როლი, ხოლო მისი გადაყენების პროცედურა იმდენად გართულებულია, რომ იმპიჩმენტის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება“.
„დარწმუნებული ვართ, აღნიშნული ცვლილებები ერთმნიშვნელოვნად უკავშირდება სააკაშვილის მცდელობას, გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა და ქვეყნის მართვა პრემიერ-მინისტრის რანგში გააგრძელოს“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ „შემოთავაზებულ საკონსტიტუციო პროექტში არ არის ჩადებული საკმარისი გარანტიები თვითმმართველობის ინსტიტუტის სწორი ფუნქციონირებისთვის, რაც ვენეციის კომისიის დასკვნაშიც ნათლად იკითხება; გარდა ამისა, ახალ პროექტში არაფერია ნათქვამი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით“.
როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერები აცხადებენ, „მოქმედი პარლამენტის პირობებში ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის საერთო სახალხო კონსენსუსით მიღება შეუძლებელია“.
კონსტიტუციის ახალ პროექტში ჩადებული სამომავლო „გამოცანების ამოხსნას“ ცდილობენ ქართველი პოლიტოლოგებიც. ისინი უკვე კონკრეტულ პერსონალიებსაც ასახელებენ, ვინც შეიძლება ქვეყნის მმართველობის ახალ მოდელს მოერგოს. მაგალითად რამაზ საყვარელიძე იმ მოდელის საპრეზიდენტო პოსტზე, რომელიც ახალი საკონსტიტუციო პროექტით ყალიბდება, მმართველი გუნდიდან პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს მოიაზრებს.
„სწორედ ბაქრაძეა ის პოლიტიკური პირი, რომელიც რეალურად დამაბალანსებელი ფიგურა იქნება, რომელსაც სხვადასხვა მხარე ენდობა, რომელიც არ იქნება დესტაბილიზაციის გამომწვევი წყარო და არ ექნება კონსტიტუციაზე გადაბიჯების მცდელობები“, – ასე განუმარტა „პირველს“ საკუთარი მოსაზრება რამაზ საყვარელიძემ.
რაც შეეხება საპრეზიდენტო პოსტზე დედაქალაქის პირდაპირი წესით ახლადარჩეული მერის გიგი უგულავას ამბიციებს, როგორც საყვარელიძე აცხადებს, „უგულავას არა პრეზიდენტობის, არამედ პირველი პირის ამბიციები გააჩნია“. შესაბამისად, საყვარელიძე ფიქრობს, რომ წარმომადგენლობითი ფუნქციების მატარებელ მომავალი პრეზიდენტის პოსტზე, ბაქრაძეს უგულავას სახით კონკურენტი არ ეყოლება.
შედარებით განსხვავებული მოსაზრებები გააჩნია ექსპერტ სოსო ცინცაძეს. იმის მიუხედავად, რომ წარმოდგენილი საკონსტიტუციო პროექტით პრეზიდენტის ფუნქციები მნიშვნელოვნად არის შესუსტებული, როგორც ცინცაძე აცხადებს, „ვერავინ იტყვის, რომ 2013 წელს არჩეული საქართველოს პრეზიდენტი ისეთივე უფლებამოსილებების მატარებელი იქნება, როგორიც აქვთ პრეზიდენტებს იტალიაში, გერმანიასა და ისრაელში“.
იმ ტიპისა და ფორმის საპრეზიდენტო პოსტზე კი, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შედეგად შეიქმნება, ცინცაძეს მმართველი პოლიტიკური ელიტიდან შესაფერისი ფიგურის დასახელება უჭირს
„სამი წლით ადრე ამაზე საუბარი, ვფიქრობ ნაადრევია. რისი თქმაც ამ ეპატზე შემიძლია, ისაა, რომ პრეზიდენტის პოსტზე პარტიული ლიდერის წარდგენა უნდა მოხდეს, რომელსაც ექნება ქარიზმა და იქნება კარგი პოლემისტი“, – აცხადებს სოსო ცინცაძე.