სანამ მსოფლიო ირანთან კონფლიქტის მოლოდინში იყო, სამხრეთ კავკასიამ დაასწრო და სომხეთ-ეზარბაიჯანის საზღვარზე, როგორც ექსპერტები შნიშნავენ, 1994 წლის შემდეგ პირველად ვითარება უკიდურესად დაიძაბა, იმდენადაც, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ფათრომასშტაბიანი ომის დაწყების კონტურები გამოიკვეთა. თუმცა, ამთავითვე აშკარაა, რომ დაპირისპირებული მხარე მხოლოდ ორი არ იქნება და საომარ სცენაზე, ფარულად თუ აშკარად, რუსეთისა და თურქეთის ჩართვაცაა მოსალოდნელი. ერთი მხრივ, სომხეთსა და რუსეთს, მეორე მხრივ, აზერბაიჯანსა და თურქეთს ერთმანეთთან კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შორის მოქმედებს პრინციპი „შენი შემწუხებელი, ჩემი შემწუხებელიაო…“.
იმის გასაგებად, თუ ვინ აღმოჩნდება „კუკიაზე“ (არ არის გამორიცხული, ეს ჩვენც ვიყოთ, რადგან სომხეთში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზას მოსამარაგებლად ერთადერთი გზა აქვს, რომელიც საქართველოზე გადის), სამხედრო- პოლიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარ რედაქტორ ირაკლი ალადაშვილს მივმართეთ და მასთან ერთად გავაანალიზეთ სამხრეთ კავკასიაში გაღვიძებული სამხედრო კონფლიქტის მოსალოდნელი შედეგები და მხარეების სამხედრო პოტენციალი.
დავიწყოთ სომხეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. რამდენად აქტუალური ხდება ის დღეს?
– პრეისტორიით დავიწყოთ. ის ხელშეკრულება, რომელზეც თქვენ ბრძანებთ, ორიოდე წლის წინათ დაიდო და ითვალისწინებს კოლექტიურ თავდაცვასა და ურთიერთდახმარებას სამხედრო მოქმედებების დროს როგორც რუსეთის, ისე სომხეთის მხრიდან. მინდა, პარალელი გავალო - მსგავსი ხელშეკრულება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიდო რუსეთსა და სომხეთს შორის, ოღონდ ის ითვალისწინებდა რუსეთის 102–ე გიუმრის სამხედრო ბაზის მიხმარებას სომხეთისთვის, თუ სომხეთს შეექმნებოდა პრობლემები მეზობელ ქვეყნებთან და ამ მეზობლებში მაშინ იგულისხმებოდნენ თურქეთი და ირანი. მაგრამ აი, ამ ახალი, ორი წლის წინათ გაფორმებული ხელშეკრულებით, ეს პრინციპი ვრცელდება ყველა მეზობელზე, მათ შორის - აზერბაიჯანსა და საქართველოზე.
რა მასშტაბისაა გიუმრში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზა და კონკრეტულად, რა ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს ეს შეთანხმება?
– 102-ე რუსული ბაზა მხოლოდ გიუმრიში არ არის განთავსებული, მისი მცირე დანაყოფებია ერევანშიც, იგივე სამხედრო-საჰაერო ბაზა ერევან-იუჟნის აეროდრომზე. ეს ყველაფერი ითვალისწინებს იმას, რომ მათ რეალური სამხედრო დახმარება უნდა გაუწიონ ერთმანეთს. სხვათა შორის, გიუმრის ბაზის გამოყენებაში რუსეთი ფულს არ იხდის, ფინანსურად მას სომხეთი უზრუნველყოფს. სამაგიეროდ, სომხეთის შეიარაღებული ძალები, განსაკუთრებით - მეზენიტეები, მომზადებას გადიან რუსეთის ტერიტორიაზე, რადგან დღეს საჰაერო თავდაცვა მთავარია და ამას სომხეთი დიდ ყურადღებას აქცევს. ანუ სომხეთი თავის მეზენიტეებს ავარჯიშებს რუსეთში „S 300-ის“ ტიპის სარაკეტო-საზენიტო კომპლექსებზე. გარდა ამისა, ერევან-იუჟნიზე დისლოცირებულია 18 „მიგ-29“ ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი.
საერთოდ, საბჭოთა პერიოდში სომხეთში არც ერთი საბრძოლო თვითმფრინავი არ იყო. ძირითადი აეროდრომები განთავსებული იყო აზერბაიჯანსა და საქართველოში, სომხეთს მხოლოდ შვეულმფრენები ჰქონდა, მაგრამ დღეს უკვე სხვა ვითარებაა. გასული საუკუნის 90-იან წლებში სომხეთში, ჯერ, „მიგ-23“ ტიპის 6 თვითმფრინავი ჩაიყვანეს და შემდეგ ისინი შეცვალეს ამ 18 „მიგ-29-ით“, სომხეთის ატომური ელექტროსადგურის დაცვის მიზნით. პირველი, ვინც შეიძლება, ჩაერთოს ამ ბრძოლებში, სწორედ ეს „მიგ-29-ებია. სხვათა შორის, ამ კვირის ინფორმაციაა, რომ წლის დასაწყისიდან ამ ბაზის რუსმა პილოტებმა 200 საბრძოლო გაფრენა განახორციელეს ვარჯიშის მიზნით. 200 გაფრენა ცოტა არ არის. ისინი ვარჯიშობენ როგორც ღამით, ისე რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ფრენაზე. ანუ ემზადებიან საჰაერო ბრძოლებისთვის.
რატომ არის ასეთი აქცენტი საჰაერო მიმართულებაზე?
– იმიტომ, რომ აზერბაიჯანი ყველას აღემატება ავიაციის შეიაარღებით. მას გააჩნია როგორც ბომბდამშენები, ისე მოიერიშე თვითმფრინავები, გამანდგურებლები. ერთი სიტყვით, ძლიერი ავიაცია ჰყავს.
შესაბამისი კადრები?
– ალბათ, ჰყავს. სხვათა შორის, ყველაზე უცნაური ის არის, რომ „მი-24“ ტიპის შვეულმფრენების მოდერნიზებულ ვარიანტს დღეს აზერბაიჯანი რუსეთში ყიდულობს.
საერთოდ, რუსეთს ახასიათებს კონფლიქტის ორივე მხარის შეიარაღება...
– დიახ. ბაქომ გასულ წელს აღლუმზე აჩვენა ის თანამედროვე საბრძოლო საშუალებები, რომლებიც მანამდე შეიარაღებაში არ ჰქონია არა მარტო მას, არამედ სამხერთ კავკასიის არც ერთ ქვეყანას. მათ შორის: „ტოჩკა-უ-ს“ ტიპის ოპერატიულ-ციფრული რაკეტები, ისეთები, რომლებიც რუსეთმა აგვისტოს ომის დროს გვესროლა. ასევე, „ეს 300 პე მე უ 2 ფავორიტის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რუსეთში ნაყიდი.
ანუ აზერბაიჯანი ამ რუსულსახელწოდებიან სამხედრო ტექნიკას მხოლოდ რუსეთში ყიდულობს?
– „ტოჩკა უ“-ების ყიდვა აზერბაიჯანს უკრაინაშიც შეეძლო, მაგრამ „ფავორიტებს“ უკრაინაში ვერ იყიდდა. საინტერესოა, რომ რუსეთის ორივე მხარეს აძლევს შეიარაღებას. „არსენალში“ ორიოდე წლის წინათ გამოვაქვეყნეთ ჟურნალისტური გამოძიება, როგორ ჩაიტანეს საქართველოს გავლით სომხეთში „S 300“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპექსები. სომხეთი ამბობს, ჩემი იყოო და მართლაც აღლუმზე აჩვენეს აღნიშნული „S 300-ები“, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ეს შეიარაღება რუსებსაც ჩაუვიდათ. „S 300“ სერიოზული სისტემაა და ის რუსეთს აფხაზეთშიც აქვს. ანუ, ეს სისტემა ოკუპირებული აფხაზეთიდან, თუ ოკუპირებულ ცხივნალის რეგიონსაც დაამატებენ და პლუს გიუმრიდან, ფარავს სამხრეთ კავკასიის დასავლეთ მხარეს. ამას გარდა, სომხეთს შეუძლია, „S 300-ები“ შეიყვანოს თვითაღიარებულ ყარაბაღში და, როგორც ჩანს, შეიყვანეს კიდეც, რაც ნიშნავს, რომ მათ უკვე საკმაოდ დიდი საჰაერო სივრცის გაკონტროლება შეუძლიათ. არადა, ვინც საჰაერო სივრცეს აკონტროლებს, ის ბევრ რამეს წყვეტს: ამას აჩვენებს თანამედროვე ომები.
გასაგებია, რომ სომხეთი და რუსეთი, იმავე ჩვენი ოკუპუირებული ტერიტორიების დახმარებით, საკმაოდ დიდ საჰაერო სივრცეს აკონტროლებენ, მაგრამ არც თურქეთს უჭირს შეიარაღება და სამხედრო კვალიფიკაცია. შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ, სამაგიეროდ, თურქეთის საჰაერო-სამხედრო შესაძლებლობები მუშაობს აზერბაიჯანზე?
– თურქეთსაც აქვს დადებული ანალოგიური ხელშეკრულება აზერბაიჯანთან, ისეთივე, როგორც რუსეთს – სომხეთთან.
აზერბაიჯანზე თავდამსხმელი არის თურქეთზე თავდამსხმელი?
– დაახლოებით, ასეა. მით უმეტეს, რომ გასულ კვირას თურქეთის სახმელეთო ჯარების სარდალმა, არმიის გეენრალმა, რომელიც ბაქოში იყო, დაადასტურა, რომ აზერბაიჯანის არმიასთან ერთად არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თურქეთი და რუსეთი ერთმანეთის წინააღმდეგ ომში ჩაებმებიან. ეტყობა, ორივე მხარე ფარულად ეცდება, დაეხმაროს თავის ფავორტს.
თურქეთი და რუსეთი იომებენ აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელით?
– თუ აქამდე გამწვავდა სიტუაცია... გარდა ამისა, აღსანიშნავია აზერბაიჯან-ისრაელის თანამშრომლობა, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან სერიოზულ დონეზე ავიდა. სულ ბოლო 1,6-მილიარდიანი ხელშეკრულება ორი თვის წინათ დაიდო.
ისრაელმა უნდა მიაწოდოს აზერბაიჯანს 1,6 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა?
– უკვე აწვდის და - საკმაოდ სერიოზულ ტექნიკას, მათ შორის - უპილოტო თვითმფრინავებს, მართვად ბომბებსა და თანამედროვე შეიარაღებას.
შეიძლება ითქვას, რომ ისრაელის აზერბაიჯანთან სამხედრო თანამშრომლობა ირანის წინააღმდეგაცაა ორიენტირებული? ვიცით, რომ აზერბაიჯანს ტერიტორიული პრეტენზიები აქვს ირანთან.
– ასე პირდაპირ ვერ ვიტყვი, ეს პოლიტიკური საკითხია. აზერაბაიჯანსა და ირანს შორის, წესით, ამ დონემდე არ უნდა მივიდეს საქმე, მაგრამ ფაქტია, რომ აზერბაიჯან-ისრაელის თანამშრომლობა არც ირანს მოსწონს და არც სომხეთსა და რუსეთს.
თურქეთს?
– რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, არც - თურქეთს, რადგან თურქეთსა და ისრაელს შორის ვითარება დაიძაბა სამშვიდობო ფლოტილიის გამო, თორემ მანამდე თურქეთსა და ისრაელს ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანამშრომლობა ჰქონდათ სამხედრო-ტექნიკურ სფეროში იმ დონემდე, რომ ისრაელის მფრინავები თურქეთის საჰაერო სივრცეში ვარჯიშობდნენ.
თვითონ სომხეთისა და აზერბაიჯანის არმიების სამხედრო პოტენციალი როგორია მათი რაოდენობის, გაწვრთნილობის, ბრძოლისუნარიანობის მხრივ?
– 1992 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მოხდა რესპუბლიკებში არსებული შეიარაღების გადანაწილება.
და კვოტებიც დაწესდა, რომლებსაც, როგორც ამბობენ, ჩვენ გარდა, ყველამ გაადაჭარბა.
– ამიერკავკასიის თითოეულ რესპუბლიკას უფლება ჰქონოდა, ჰქონოდა არაუმეტეს 220 ტანკი, 220 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 100 მილიმეტრზე მსხვილი კალიბრის 285 საარტილერიო სისტემა, 100 საბრძოლო თვითმფრინავი და 50 დამრტყმელი შვეულმფრენი. მაგრამ მაშინ, როდესაც საწყობები დაიშალა, ყველაზე მეტი შეიარაღება დარჩა აზერბაიჯანს, შემდეგ – სომხეთს და, ბოლოს – ჩვენ, როგორც ყოველთვის, მაჩანჩალები აღმოვჩნდით. აზერბაიჯან-სომხეთის ომში ორივე მხარეს ჰქონდა მსხვერპლი და დანაკარგები. თუმცა შეიარაღება მაინც აზერბაიჯანს ჰქონდა მეტი, მაგრამ სომხეთმა, უტყობა, ისევ და ისევ რუსეთის დახმარებით მაინც მიაღწია უპირატესობას და რაც აფხაზეთში მოხდა, იგივე მოხდა მთიან ყარაბაღთან მიმართებაშიც. მას შემდეგ, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში აზერბაიჯანი სერიოზულ შესყიდვებს ახდენს და მისი სამხედრო ბიუჯეტი 3,2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
მთელი ჩვენი ბიუჯეტის ტოლი ყოფილა აზერბაიჯანის მხოლოდ სამხედრო ბიუჯეტი...
– ასე გამოდის. შეიარღებული ძალების რაოდენობითაც მეტნი არიან, ვიდრე სომხები.
ბოლო მონაცემებით, 70 000-იანი არმია ჰყავსო?
– ეს მონაცემები ზუსტი არ არის, რადგან მუდმივად იცვლება. აქ არის ერთი ნიუანსიც: სომხეთი არ აჩვენებს თავის შეიარაღებულ ძალებს ბევრს, იმიტომ რომ მისი ძირითადი ძალები არიან არაღიარებულ ყარაბაღში. რადგან ყარაბაღი არის თეთრი ლაქა, როგორც ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, იქ ვერ შედიან ვერც ევროკავშირის დამკვირვებლები და ვერც ღია ცის შეთანხმება მუშაობს. ამიტომ სიტუაცია ვერ კონტროლდება. მაგალითად, ბოლო აღლუმზე, რომელიც 9 მაისს გაიმართა სტეპანაკერტში, ნაჩვენები ტექნიკა გადაღებილი იყო სომხეთის სამხედრო ტექნიკის ფერებში და ბევრი ტექნიკა იგივე აჩვენეს, რაც მანამდე ერევანში. თუ ადრე სომხეთის ხელისუფლება ერიდებოდა ამის დაფიქსირებას, ახლა აღარ ერიდება. გასულ წელს ერევნის სამხედრო აღლუმზე სომხეთის შეიარაღებული ძალების გარდა მონაწილეობა მიიღეს თვითაღიარებული ყარაბაღის სამხედრო ნაწილებმაც და, ასევე, გიუმრის სამხედრო ნაწილებმა. იგივე მოხდა წელს სტეპანაკერტში, თვითაღიარებული ყარაბაღის აღლუმზე - ტრიბუნაზე იდგნენ სომხეთის პრეზიდენტი და სხვა ოფიციალური წარმომადგენლები. ანუ აღარ მალავენ, რომ საერთო არმია ჰყავთ.
სომხეთის სამხედრო ბიუჯეტი რამდენს შეადგენს?
- ბევრად ნაკლებს, ვიდრე აზერბაიჯანის.
მაგრამ ყველაზე მცირებიუჯეტიანი მაინც ჩვენია?
– დიახ. წელს, თუ არ ვცდები, 670 მილიონი ლარია.
თანაზომადი სამხედრო ძალები აქვთ სომხეთსა და აზერბაიჯანს?
– გააჩნია, რა ვარიანტი გათამაშდება. პირველი ვარიანტია, რომ არავინ ერევა და ბრძოლაა სომხეთსა და თვითაღიარებულ ყარაბაღს და აზერბაიჯანს შორის; მეორე ვარიანტია, რომ სხვა ძალები აშკარად ერევიან.
რის ალბათობაც ყველაზე ნაკლებია.
– დიახ და მესამე ვარიანტი: მათ ჩუმად ეხმარებიან. თუ ფართომასშტაბიანი მოქმედებები დაიწყო, მე უფრო რეალური მესამე ვარიანტი მგონია, იმიტომ რომ არც რუსეთი და არც თურქეთი განზე არ დადგება. მაგრამ იმ დონემდეც არ მივლენ, რომ აშკარად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, თუმცა ამ ცხოვრებაში გამორიცხული არაფერია.
ძლიერი მფარველების, თურქეთისა და რუსეთის შედარებითი სამხედრო პოტენციალი როგორია?
– თუ უმაღლეს დონეზე გართულდა საქმე, მაშინ რუსეთი ბირთვული ქვეყანაა, თურქეთი კი ნატოს წევრია, რომელიც, ასევე, ბირთვული ორგანიზაციაა. მაგრამ ამ დონემდე არავინ გაართულებს ვითარებას. ჩემი აზრით, თუ ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღო ამ ომმა, ორივე მხარე, სომხეთიც და აზერბაიჯანიც, ეცდება, რომ რაც შეიძლება მეტი ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვოს, ანუ ის დროებითი ფრონტის ხაზი, რაც 1994 წელს გაივლო, რაც შეიძლება თავისგან შორს გაასწიონ. სანამ დასავლეთი ჩაერევა და ცეცხლს შეაჩერებს, ეცდებიან ეს უპირატესობა მაინც მიიღონ, რადგან განსაკურებულ უპირატესობას ვერც ერთი მხარე ვერ მოიპოვებს.
საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტის კერის გაჩენის ალბათობაზე რას იტყვით?
– ალბათობა უდიდესია. რადგანაც ეს ორივე ქვეყანა გვესაზღვრება, თუ მათ შორის შეტაკებები დაიწყება, შესაძლოა, საარტილერიო ცეცხლი ან საჰაერო დარტყმები შემთხვევით ან არაშემთხვევით ჩვენს ტერიტორიაზე გადმოვიდეს. მით უმეტეს, ამის პრეცედენტი იყო წინა ომის დროს - ორივე მხარე ნაღმავდა საქართველოს ტერიტორიას. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს საზღვრისპირა რეგიონებში ცხოვრობენ საქართველოს როგორც აზერბაიჯანელი, ისე სომეხი ეროვნების მოქალაქეები და არის გამორიცხული, რაღაც დაძაბულობა მათთან დაკავშირებითაც მოხდეს. ყველაზე დიდი საშიშროებაა რუსეთის ფაქტორი: რუსეთმა ეს შესაძლოა, გამოიყენოს შემოჭრის საბაბად.
გიუმრის ბაზის მომარაგების მოტივით...
– რა თქმა უნდა. თუ ჩვენ ნებით ვუთმობთ გზას, პრობლემა გვექმნება აზერბაიჯანთან მიმართებაში; თუ არ ვუთმობთ, ესე იგი, ომი უნდა მოგვიწიოს რუსეთთან. ერთი სიტყვით, ბევრი რამაა გასათვლელი და საქმე ასე მარტივად არ არის.