დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში ჟურნალისტების კითხვებს ქართული ოცნების“ წევრმა, დავით ბერძენიშვილმა უპასუხა. თავდაპირველად მან „ქართული ოცნებაში“ შიდა კვლევების ჩატარების შედეგად გამოკვეთილი მაჟორიტარობის შესაძლო კანდიდატები დაასახელა. ბერძენიშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ორი კვლევა ჩაატარა.
პირველი კვლევა აპრილში სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ჩაატარა იაგო კაჭკაჭიშვილის ხელმძღვანელობით. ამ კვლევის ფარგლებში თბილისის მასშტაბით 3800 ადამიანი გამოიკითხა, ანუ 380 კაცი თითო საარაჩევნო ოლქში. მეორე კვლევა კი სამი კვირის შემდეგ, მაისში ზურაბ ბიგვავას ხელმძღვანელობით ჩატარდა. ბერძენიშვილის თქმით, მეორე კვლევამ წინა კვლევის შედეგები სრულად დაადასტურა. აქვე ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ ამ კვლევებში ყველა კანდიდატმა შესამჩნევი უპირატესობით გაიმარჯვა. მისი თქმით, 6 ოლქში ხუთ–ხუთი კანდიდატი ისინჯებოდა, ერთ ოლქში - ექვსი, ერთ ოლქში - ოთხი და ორ ოლქში სამ–სამი კანდიდატი. ამასთანავე, სულ იყო 25 კანდიდატი და თითოეულ კანდიდატს რამდენიმე ოლქში გასინჯვის შესაძლებლობა ჰქონდა.
დავით ბერძენიშვილის თქმით, კვლევის შედეგები კი ასე გადანაწილდა - სამგორში სოზარ სუბარმა გაიმარჯვა, ვაკეში - ლევან ბერძენიშვილმა, ნაძალადევში - ეკა ბესელიამ, მთაწმინდაზე - ვახტანგ ხმალაძემ, დიდუბე - დავით ბერძენიშვილმა, ჩუღურეთში - ვიქტორ დოლიძემ. კრწანისში ორმა კანდიდატმა, გია ცაგარეიშვილმა და შოთა ხაბარელმა, ხმების ერთი და იგივე ოდენობა მიიღეს. ბერძენიშვილის თქმით, საბურთალოზე, ისანში და გლდანში უპირობოდ ლიდერობს თინა ხიდაშელი.
„ბუნებრივია, თინა ხიდაშელი სამივე ოლქში ვერ იყრის კენჭს. ხიდაშელის ოლქებშიც და სხვა ოლქებშიც არიან მეორე ადგილზე გასული კანდიდატები და ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება“, - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.
მისი თქმით, თავიდანვე, სანამ ეს კვლევები ჩატარდებოდა კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოზე გადაწყდა, რომ კვლევები იქნებოდა ერთ-ერთი და არა ერთადერთი კრიტერიუმი, რითაც მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევა მოხდებოდა. ბერძენიშვილი ამბობს, რომ პოლიტსაბჭოზევე გადაწყდა, რომ შესაძლებელი იყო კვლევაში გამარჯვებული კანდიდატი, თუკი იგი კოალიციის სხვა საქმიანობაში უფრო საჭირო იქნება, აღარ დასახელდეს იმ ოლქში, სადაც გაიმარჯვა და სხვა საქმიანობაზე იყოს გაპიროვნებული. ამიტომ ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ მართალია კვლევის შედეგები ასე გადანაწილდა, მაგრამ შესაძლოა, რომ რამდენიმე ამ ადამიანებიდან ამ ოლქებში არ დასახელდეს და მაჟორიტარად დასახელდეს რომელიმე რეგიონში, ან საერთოდაც არ დასახელდეს მაჟორიტარად.
„შესაძლოა რომელიმე ამ ადამიანებიდან არ დასახელდეს მაჟორიტარად და მოუწიოს სოფელ-სოფელ, ალაგ-ალაგ, შუკა-შუკა სიარული და ეს იყოს მისი შენატანი კოალიციის საერთო ყულაბაში“, - აღნიშნავს ბერძენიშვილი. მისი თქმით, ამ კვლევებში გაიმარჯვეს იმ კანდიდატებმა, ვისაც მაღალი ცნობადობა აქვს.
ბერძენიშვილის შეფასებით, სოზარ სუბარს, ეკა ბესელიას, თინა ხიდაშელს, ძმებ ბერძენიშვილებს და კობა დავითაშვილს 90%-ზე მეტი ცნობადობა აქვთ, თუმცა კობა დავითაშვილს მისი მაღალი ცნობადობა ვერ ეყო იმისთვის, რომ გლდანში თინა ხიდაშელისთვის მოეგო და ამიტომ მან იქ მეორე ადგილი აიღო. ნაძალადევში კი ეკა ბესელიამ ექვს კანდიდატს შორის გაიმარჯვა და იქ დავით ბერძენიშვილსაც მოუგო, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა. მისი თქმით, თბილისში მაჟორიტარებთან დაკავშირებით ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ რეგიონებში მაჟორიტარების დასახელება უკვე დაიწყო და თვის ბოლოსთვის მაჟორიტატების უმეტესობა უკვე დასახელებული იქნება.
კითხვაზე – ვინაიდან საბოლოო გადაწყევტილება ჯერ მიღებული არ არის, შესაძლებელია თუ არა, რომ დავით ბერძენიშვილი მაჟორიტარად დასახელდეს გურიაში, სადაც ის წინასაარჩევნოდ არის მივლინებული – ბერძენიშვილი პასუხობს, რომ შესაძლოა იგი მაჟორიტარად საერთოდ არ დასაახელდეს და ქუჩა-ქუჩა სიარული და ამომრჩეველთან შეხვედრა მოუწიოს, ან შეიძლება რომელიმე ოლქში დასახელდეს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. რაც შეეხება იმ კანდიდატებს, ვინც მაჟორიტარებად არ ადასახელდებიან, მათთან დაკავშირებით დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ მათი ნაწილი საპარლამენტო სიაში იქნება. ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგებით არავინ განაწყენებულა, ვინაიდან ქართულმა ოპოზიციამ ერთმანეთის პატივისცემა ისწავლა და ეს ოპოზიციის მონაპოვარია.
„იმის მიუხედავად, კოალიციაში შემავალი პარტიებიდან ადრე ვინ ვიყავით ერთად, ვინ - ერთმანეთის კონკურენტები, დღეს პოლიტიკური კულტურა გაიზარდა და ქართული ოპოზიციის წამყვანი ძალების პოლიტიკური კულტურით მე დღეს კმაყოფილი ვარ“, - ამბობს ბერძენიშვილი.
მისი თქმით, კოალიციაში არიან ადამიანები, ვინც ადრე მაღალი ცნობადობით არ გამოიჩეოდნენ, მაგრამ ახლა მაღალი პოლიტიკური აქტივობის ფონზე უფრო ცნობადები და პოპულარულები გახდნენ, მათი პოპულარობა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიციის ფარგლებში იზრდება და ეს ყველაფერი მაჟორიტარებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტში გათალისწინებული იქნება.
დავით ბერძენიშვილის განცხადებით, კოალიცია „ქართული ოცნება“ ივნისის ბოლოს დაიწყებს „კარდაკარის“ ჩატარებას და საკუთარ შედეგებს დადებს.
„საარჩევნო სიების დაზუსტების კომისიას ეცოდინება, რომ სიების დაზუსტებას მხოლოდ ის არ ატარებს და თუ ჩვენი შედეგები ძალიან აცდენილი იქნება, მაშინ ერთ-ერთი იქნება მტყუანი. ცხადია, რომ ჩვენ მტყუანი არ ვიქნებით“, - აღნიშნავს ბერძენიშვილი.
მან ასევე კომენტარი გააკეთა გუშინ კომპანია „გლობალ TV“-ს ამერიკელი მეწილის დაკავებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ხელისუფლება ძალიან შეშფოთებულია და სულ უფრო და უფრო მეტ შეცდომას უშვებს.
„რა შედეგი მიიღო ხელისუფლებამ? გააწვალა კაცი, ამერიკის მოქალაქე და მეტი ვერაფერიც ვერ ქნა. ხელისუფლება ებრძვის ინფორმაციას. ყველა წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ყველა კვალიფიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ (ნაციონალური მოძრაობის გარდა), ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ჯონ ბასმა, მხარი დაუჭირეს იმ ინიციატივას, რომ კანონით დადგენილიყო ვალდებულება, ყველა საკაბელო ტელევიზიას ყველა სატელევიზიო არხი საკუთარ პაკეტში ჩერთო.
მოგეხსენებათ, იქ იმდენი არხია, რომელსაც არავინ უყურებს. ასე რომ, აქ ადგილების პრობლემა არ ყოფილა, მაგრამ ხელისუფლებას სურს, რომ ხალხი ნაკლებად ინფორმირებული ან არაინფორმირებული იყოს. თავად ხელისუფლებას მის მიერ კონტროლირებადი სატელევიზიო არხების მეშვეობით შეუძლია თავისი ხედვის ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭულში მიტანა. მეორეს მხრივ კი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ალტერნატიული ინფორმაციის წყარო რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა მიიღოს“, - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.
მისი თქმით, ხელისუფლების ქმედებებს „ქართულ ოცნებაში“ ძალიან მშვიდად ხვდებიან, რადგან მათ ხალხისათვის რაიმე მყისიერი დაპირებების მიცემა არ ესაჭიროებათ და ყოველ კვირას მასშტაბურ აქციებს ატარებენ, რისი დადასტურებაც იყო თბილისის და ქუთაისის აქციები და 17 ივნისს იქნება ოზურგეთის აქციაც. აქვე ბერძენიშვილი ამბობს, რომ გურია ყველა არჩევნებზე ოპოზიციური ხმების ოდენობის მიხედვით იყო ლიდერი, მაგრამ ამ არჩევნებში მას სერიოზული კონკურენტები ეყოლება სხვა რეგიონების სახით.
დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ ყველა საკვანძო გადაწყვეტილებას კოალიციაში ღებულობს პოლიტიკური საბჭო, რომელიც 10 წევრისაგან შედეგბა და მათი ვინაობაც დაასახელა. კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე არის ბიძინა ივანიშვილი, მას ჰყავს ორი მოადგილე - დავით უსუფაშვილი და ირაკლი ალასანია. რაც შეეხება საბჭოს დანარჩენ წევრებს, ესენი არიან: კახა შარტავა, ზვიად ძიძიგური, გოგი თოფაძე, დავით ბერძენიშვილი, ალექსი პეტრიაშვილი, მანანა კობახიძე და ნოდარ ხადური.