როცა საქართველოს პარლამენტი არჩევნების შესახებ კანონს იხილავდა, დეპუტატ კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას ალბათ თავისი ფილმი „შერეკილები“ გაახსენდა და კანონში დამატებითი მუხლის შეტანა მოითხოვა: მისი წინადადებით ყველა ახლად არჩეულმა დეპუტატმა, უფლებამოსილების მიღებამდე ფსიქიატრიული შემოწმება უნდა გაიაროს. მისივე მოსაზრებით, ეს დელიკატური სამუშაო ჯანდაცვის კომპეტენცია და პრეროგატივა გახლავთ.
შემოთავაზებულმა წინადადებამ რამდენიმე დეპუტატის აშკარა გაღიზიანება გამოიწვია. საკითხს, რომელსაც პარლამენტარებმა თავისი დროის საკმაოდ ხმაურიანი ნაწილი დაუთმეს, თამამად შეიძლება ეწოდოს მსჯელობა თემაზე: „გიჟები და პარლამენტი“. ქალბატონმა ლუიზა შაკიაშვილმა, რატომღაც კატეგორიულად გაილაშქრა დეპუტატთა ფსიქიატრიული შემოწმების წინააღმდეგ. მისი თქმით, არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი არ მოახდენს ზეგავლენას ჯანდაცვის კომისიაზე და საავადმყოფოში არ ამოაყოფინებს თავს მისთვის არასასურველ დეპუტატებს. პრეზიდენტის სახელის ხსენებაზე, შეფუცხუნებული გია ბარამიძე და ლევან მამალაძე ქალბატონმა ლუიზამ ასე დაამშვიდა: „დაწყნარდით, მე თქვენს ბელადზე არ ვლაპარაკობო“.
მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდული ფრთა არაფრით არ წყნარდებოდა. მხარს უჭერდა ელდარ შენგელაიას და როცა გია ბარამიძემ თავისი რეპლიკებით და ცელქობით წყობიდან გამოიყვანა ქალბატონი ლუიზა, ამ უკანასკნელმა კახური პირდაპირობით შეუტია ძველ „კომსომოლებს“ და ასე მიმართა: - „თქვენ, მეოცე საუკუნის გარიჟრაჟის კომკავშირლებო, სსრკ-ში გაზრდილი ხართ, საბჭოური მენტალიტეტი არ შეგცვლიათ და ამიტომაც აზროვნებთ ძველი სტერეოტიპებით. მე თქვენგან განსხვავებით თავისუფალი ქიზიყის შვილი ვარ და იცოდეთ, ვისაც სხვა ჰგონია გიჟი, სწორედ ის არის შეურაცხადი“. ასე დაასრულა გამოსვლა თავისუფალი ქიზიყის მოქალაქემ და ამ სიტყვებით საკმაოდ მოზრდილი „კენჭი“ ისროლა ელდარ შენგელაიას „ბოსტანში“. მომავალ პარლამენტში „შერეკილების“ სავარაუდო მოსვლით შეშფოთებული ელდარ შენგელაია ამაოდ ცდილობდა თავისი წინადადების გატანას. მას მხარი აუბა ქალბატონმა ნანა დევდარიანმა, რომელმაც სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით, ყველას ამცნო, რომ დღევანდელ პარლამენტში ფსიქიატრთა რამდენიმე პაციენტი ზის. „თუ კარგია, ახლა შენ გააღე პირი და თქვი: ა-ა-ა“ გაიფიქრა დეპუტატმა თემურ სუმბათაშვილმა და დასჭექა: „თქვენ ხართ გასასინჯი ყველანი, ედუარდ! აღარ შეიძლება ნანა დევდარიანის მიკროფონთან მუდმივად ყოფნა, თქვენ შეგწევთ უნარი გავლენა იქონიოთ მასზე და შეაჩეროთ ამ ქალის აქტიურობა“. სახელმწიფოს მეთაურმა ამ მეტად აქტუალური და საინტერესო თემის განხილვისას დუმილი არჩია და ასპარეზი აქტიურ დეპუტატებს დაუთმო.
ვიცე-სპიკერი რუსუდან ბერიძე არ დაეთანხმა ახალი მუხლის დამატების ვარიანტს, - ეს ადამიანის უფლებათა შესახებ მიღებული დებულების დარღვევაა - განაცხადა მან. ბოლო საკითხი კენჭისყრაზე დადგა და შემოთავაზებული წინადადება დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით არ მიიღეს.
ვიმედოვნებთ, რომ ნაკლებ მოსალოდნელია საქართველოს მოსახლეობამ მომავალ არჩევნებში ფსიქიურად არაჯანსაღი დეპუტატები აირჩიოს. მაგრამ ალბათ, არც უმაგისობა იქნება და ჩვენს ახალ პარლამენტში შეიძლება გამოერიოს რამდენიმე ისეთი, ყოველ სოფელს რომ ჰყავს. ვინ იცის, იქნებ მათაც ისე ააგონ საქართვლოსთვის ნანატრი „ცათამფრენი“, როგორიც ეს ყველასთვის ნაცნობი კინოფილმის გმირებმა შესძლეს. ხომ გაგიგონიათ, სანამ ჭკვიანი ფიქრობდა, გიჟი ხიდზე გადიოდაო. ეს საუკეთესო ვარიანტში, ხოლო უარეს შემთხვევაში, ალბათ, მოგვიწევს პარლამენტის შენობაში საწყობის გლუკოზის აბებით მომარაგება. მაშინ კი გაგვახსენებს ბატონი ელდარი: - „ხომ გეუბნებოდით, გაფრინდებიან-მეთქი!“