კანონის ბუნდოვანი ნორმა მრავალნაირი წაკითხვის საშუალებას იძლევა. შექმნილი ვითარების ფონზე, როდესაც „ქართული ოცნება“ სულ უფრო ძლიერდება და საერთაშორისო ასპარეზზეც საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ისეთი საკანონმდებლო სივრცეების შექმნას, რომელთა სხვადასხვანაირი იტერპრეტაციის საშუალებაც ექნება. ამიტომ ბუნებრივია, რომ სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლების მიერ გატარებულ ყველა ცვლილებას ლუპით აკვირდება და ეჭვის თვალით უყურებს.
სამშაბათს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით იქნება გატანილი ცვლილებები და დამატებები საქართველოს ორგანულ კანონში, საქართველოს საარჩევნო კოდექსში. ცვლილებები რამდენიმე პუნქტში შედის, მაგრამ ამჯერად ჩვენი მკითხველის ყურადღებას ორ კონკრეტულ ნორმაზე გავამახვილებთ, რომლებთან დაკავშირებითაც საკუთარი მოსაზრებები აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს. ერთ-ერთი ცვლილება საარჩევნო კოდექსის 39-ე მუხლის მე-6 ნაწილში შედის.
ამ პუნქტის მოქმედი დეფინიცია ასეთი იყო: “საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის ორი წარმომადგენლით”. ეს ნორმა იცვლება და შემდეგნაირად ყალიბდება: „საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლების, საერთაშორისო დამკვირვებლების მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანზე ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს ორი საერთაშორისო დამკვირვებლისა“.
ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ერთი შეხედვით გამოუცდელი თვალი აქ ვერაფერ განსაკუთრებულს შენიშნავს, მაგრამ მეორეს მხრივ, თუ ჩავუღრმავდებით, მივხვდებით, რომ საკითხი ეხება სადამკვირვებლო სივრცედ მხოლოდ საარჩევნო უბნის განსაზღვრას, და არა საარჩევნო ოლქს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
„ეს დებულება პრაქტიკულად ისეთი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომ ხელისუფლების კეთილ პოლიტიკურ ნებაზე იქნება დამოკიდებული, დაუშვას ან არ დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებელი საარჩევნო ოლქში ან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ამიტომ მე, როგორც მეორე საკომიტეტო მოსმენაზე, ასევე პლენარულ სხდომაზეც, როდესაც ეს ნორმები პუნქტობრივად იქნება განხილული, აუცილებლად დავაყენებ საკითხს - ეს არის უბრალოდ შეცდომა, თუ არის ნაციონალური მოძრაობის ინტერესი, ანუ რით ახსნიან ისინი იმ ფაქტს, რომ სადამკვირვებლო სივრცედ განსაზღვრულია მხოლოდ საარჩევნო უბანი და კანონი არაფერს ამბობს იმაზე, რომ დამკვირვებლებს უფლება ჰქონდეთ არჩევნებს საარჩევნო ოლქში და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დააკვირდნენ. მოგეხსენებათ, თუ კანონმა ამის ძალიან ზუსტი დეფინიცია არ მოგვცა, მაშინ ხელისუფლებას ამ ნორმის ძალიან ფართო ინტერპრეტაციის საშუალება რჩება“, - ამბობს ლორთქიფანიძე.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ თუ საარჩევნო კოდექსის ამ ნორმაში არ წერია, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციას ორი წევრის წარდგენა შეუძლია საარჩევნო უბანზე, საარჩევნო ოლქში და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მაშინ სავსებით შესაძლებელია დამკვირვებლებს მართლაც არ მისცენ საოლქო კომისიაში და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესვლის უფლება. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არ არის რომელიმე სხვა მუხლი, რომელშიც ეს უფლება წერია, რომ ყველა დონის კომისიაში შეიძლება იყვნენ დამკვირვებლები.
„ადრინდელი ჩანაწერები იყო ასეთი - ცენტრალურ და საოლქო კომისიებზე ეწერა, რომ ყველგან შეიძლება ადგილობრივ ორგანიზაციებს ჰყავდეთ დამკვირვებლები, როლო უბნის შესახებ ეწერა, რომ იქ ერთდროულად არა უმეტეს ორი დამკვირვებლისა უნდა ჰყოლოდათ. ამიტომ, აქ უბრალოდ სანახავია (მე ახლა კარგად არ მახსოვს) სხვა მუხლებში ხომ არ არის ამასთან დაკავშირებით რაიმე ჩანაწერი. თუ სხვა მუხლებში საერთაშორისო დამკვირვებლებზე, საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებზე არაფერი წერია, მაშინ ეს პრობლემა მართლაც შეიქმნება“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე for.ge-სთან საუბარში.
ასევე საყურადრებოა 67-ე მუხლის მეორე პუნქტში შესატანი ცვლილება, რომელიც ასეა ფორმულირებული: „საარჩევნო უბანზე მყოფი წარმომადგენლებისგან კომისიის თავმჯდომარე წილისყრით გამოავლენს არაუმეტეს ორ წარმომადგენელს, რომლებიც დააკვირდებიან დათვლის პროცესს და რომლებსაც სურვილის შემთხვევაში უფლება აქვთ პირადად ერთხელ გადათვალონ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენები. ამასთანავე წილისყრით გამოვლენილი წარმომადგენელი და მთვლელი არ შეიძლება იყვნენ ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი პირები“.
ეს ნორმა საყურადღებოა იმით, რომ თუკი კონკრეტულ საარჩევნო უბანზე შედის რაღაც ოდენობის ბიულეტენი, არჩევნების დასრულების შემდეგ უბანზე იქნება სამი კატეგორიის ბიულეტენები - ნამდვილი (რომელზეც ამომრჩევლის არჩევანია დაფიქსირებული), ბათილი და გამოუყენებელი (ანუ სუფთა ბიულეტენი). თუკი კომისიის წევრებს შეეძლებათ მხოლოდ ნამდვილი და ბათილი ბიულეტენების დათვლა, გამოდის, რომ გამოუყენებლი ბიულეტენები დაუთვლელი დარჩება და შესაბამისად, შეუძლებელი იქნება ბიულეტენების მთლიანი ბალანსის შედგენა.
პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ თუკი ნამდვილ და ბათილ ბიულეტენებს გადავთვლით, უნდა დარჩეს მხოლოდ გამოუყენებლი ბიულეტენები და მხოლოდ ამ სამივე კომპონენტის დათვლის შედეგად შეგვეძლება მთლიანი ბალანსის მიღება. ლორთქიფანიძე აპირებს პლენარულ სხდომაზე ეს საკითხიც გაიტანოს და იმედი აქვს, რომ ხელისუფლება მის შენიშვნებს გაიზიარებს.
„ბალანსს ვერ მივიღებთ, თუკი გამოუყენებლი ბიულეტენების დათვლის უფლება კანონით არ იქნა განსაზღვრული. ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვვარდებით ბალანსიდან. თუ კანონით ამის უფლება არ გვექნება განსაზღვრული, ვერანაირად დავადგენთ, მოხდა თუ არა გამოუყენებლი ბიულეტენებით მანიპულირება თუნდაც მათი სხვა საარჩევნო უბანზე, ან საარჩევნო ოლქში გადადინების გზით. ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებ მისი ლოგიკურობიდან გამომდინარე და ხელისუფლების მიერ მისი გაუზიარებლობა გამოიწვევს სკანდალს, რადგან თუკი კანონის ხარვეზიდან გამომდინარე დღის წესრიგში ელემენტარული არითმეტიკული ჯამის გამოყვანის შეუძლებლობა დგება, მისი შესწორება ჩვენი მხრიდან ლოგიკური მოთხოვნა იქნება და არ მგონია, ამაში ხელისუფლებას სხვა აზრი ჰქონდეს, გარდა პოლიტიკური სიჯიუტისა, რაც იქნება სკანდალური“, - აღნიშნავს ლორთქიფანიძე.
ამ ნორმასთან დაკავშირებით ვახტანგ ხმალაძე აღნიშნავს, რომ გამოუყენებელი ბიულეტენების დათვლა ხდება მანამ, სანამ გაიხსნება საარჩევნო ყუთი. მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში გაწერილია კენჭისყრის დასრულების შემდეგ შესასრულებელი პროცედურები, სადაც მითითებულია, რომ საარჩევნო ყუთის გახსნამდე ითვლება გამოუყენებელი ბიულეტენები.
„კენჭისყრის დასრულების შემდეგ შესასრულებელ პროცედურებში წერია (თუ ეს ნორმა არ ამოიღეს), რომ გამოუყენებლი ბიულეტენები საარჩევნო ყუთის გახსნამდე უნდა დაითვალოს. მიმდევრობა იყო ასეთი - ჯერ ითვლებოდა გამოუყენებელი ბიულეტენები, შემდეგ გაფუჭებული (ანუ ვინმე რომ განაცხადებდა, შემეშელა და ბიულეტენი გამომიცვალეთო) ბიულეტენები, შემდეგ ითვლებოდა ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერების რაოდენობა. როგორც ვიცი, ახლა ეს ხელმოწერები არ ითვლება და არასამთავრობოების მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებულ საკანონმდებლო პაკეტში ეს მოთხოვნაც იყო, რომ ეს ხელმოწერები დაითვალონ. როცა ეს ხელმოწერებიც დაითვლებოდა, ამის შემდეგ უკვე იხსნებოდა ყუთები“, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე და აქვე აღნიშნავს, რომ პარლამენტის მიერ განსახილველ ამ ცვლილებაში ისეთ საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.
For.ge შეეცადა საპარლამენტო უმრავლესობის იურისტი წევრებისგანაც მიეღო ინფორმაცია აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების გატარების მოტივაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ვერც ერთ მათგანთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.