ხელისუფლება ივანიშვილის დაჯარიმების ფაქტზე პასუხისმგებლობას მთლიანად კონტროლის პალატას აკისრებს. არადა, ივანიშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ არც კონტროლის პალატას და არც სასამართლოს მისი დაჯარიმებისთვის არანაირი იურიდიული საფუძველი არ გააჩნდა და ამიტომ, ისინი ამ გადაწყვეტილებას საბოლოოდ სტრასბურგში გაასაჩივრებენ.
ასეთ შემთხვევაში რა პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს კონტროლის პალატის ხელმძღვანელს და რამდენად აქვს სახელმწიფოს ყველაფრის მხოლოდ ერთი უწყებისთვის გადაბრალების უფლება, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, პავლე კუბლაშვილს ესაუბრა.
პავლე კუბლაშვილი: დაჯარიმებასთნ დაკავშირებით, ალბათ, სჯობს, ინფორმაცია კონტროლის პალატისგან მიიღოთ. რაც შეეხება თანხის რაოდენობას, ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს ათმაგ ოდენობას დარღვევის განმეორების შემთხვევაში. ამ შემთხვევაში კი, როგორც მე ვიცი, დარღვევის მეორე შემთხვევა იყო.
მე არ მეგულება ისეთი შემთხვევა, რომ ვინმეს 14 მილიონი გამოეყენებინოს ამომრჩევლების მოსყიდვისთვის. ამიტომ, თუ ეს თანხა იყო გამოყენებული მოსყიდვის მიზნებისთვის და უკანონო შემოწირულობების სახით იქნა გადაცემული, ცხადია, ასეთ შემთხვევაში ელემენტარული მათემატიკაა იმისთვის საჭირო, რომ 14 მილიონი ათზე გადავამრავლოთ და გამოვა ის თანხა, რითაც დაჯარიმდა.
ადვოკატები ამბობენ, რომ დარღვევები იურიდიულად არ მტკიცდება.
- მე არ მინახავს ადვოკატი, რომელიც ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დარღვევები მტკიცდება.
აქ საუბარია იმაზე, რომ დოკუმენტურად არ მტკიცდება. სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისთვის დოკუმენტალური მტკიცებულება არ არის საჭირო?
- თუ ასეთი მტკიცებულებები არ არის, სჯობს, ეს მასლა კონტროლის პალატასთან ნახოთ. მე არა მაქვს და არც შეიძლება მქონდეს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა დარღვევა იყო, რა თანხაზეა საუბარი, ვინ არის სუბიექტი და ა.შ.
„ნაციონალები“ კონკრეტულად მთაწმინდის რაინოში ადამიანებს ხმის მიცემის სანაცვლოდ სთავაზობენ გარკვეულ დახმარებას. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინაც ვისაუბრეთ და მაშინაც ამბობდით, რომ პირველად გესმოდათ. მას შემდეგ რაიმე თუ გაარკვიეთ და ეს არ არის დარღვევა?
- პირველი, ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით მე არანაირი ინფორმაცია არა მაქვს. მეორე, თუ სადმე ინფორმაცია გროვდება იმასთან დაკავშირებით, რომ სოფლად რა პრობლემებია ან ქალაქებში რა პრობლემებია, ან გზებთან დაკავშირებით რა პრობლემებია ან წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, ცხადია, ეს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ამოცანაა და მე ვერ ვხედავ, რა არის ამაში დარღვევა.
თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ სხვა პოლიტიკური პარტიის განცხადებები ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მართავენ შეხვედრებს რეგიონებშიც და თბილისშიც. რა თქმა უნდა, როდესაც პოლიტიკური პარტია მიდის შეხვედრაზე, მისი მთავარი ამოცანა არის ის, რომ შეაგროვოს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება ადგილებზე იყოს. ზოგან შეიძლება ეს უკავშირდებოდეს სოციალურ პრობლემებს, ზოგან – დაზღვევას, ზოგან – წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ საკითხებს, საგზაო ინფრასტრუქტურას და ა.შ.
მე მქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა, სადაც მართლაც არის ეს პრობლემები და მათ დახმარება სჭირდებათ. ამიტომ არის, რომ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს კონკრეტული მიმართულებებით. ეს იქნება ჯანდაცვა, სოციალური საკითხები, დასაქმება და ა.შ.
ამ შემთხვევაში საუბარი არ არის პრობლემების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაზე, საუბარია ხმის მიცემის სანაცვლოდ რაღაცა მომსახურების გაწევაზე...
- მე რაღაც არ მახსოვს, ასეთი პოზიცია გქონოდათ იმ ფაქტთან დაკავშირებით, როდესაც სარეცხი მანქანების, კომპიუტერებისა და კონკრეტული ტექნიკის გადაცემებზე იყო საუბარი.
თუ აქ იყო კონკრეტული საკითხი, რომ ვიღაცას ნაცმოძრაობის ხარჯზე უკეთებენ რაღაც ოპერაციას, ასეთი საკითხები უნდა იყოს შესწავლილი ისევე, როგორც იმ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც უკავშირდებოდა ტექნიკის გადაცემას „ქართული ოცნების“ მხრიდან და რაზეც, სამწუხაროდ, თქვენ რეაქცია არ გქონიათ.
კარგი იქნება, თუკი ამ ფაქტებს გადაამოწმებთ და ნახავთ, რომ ეს იყო დარღვევები. სხვათა შორის, თავად ამ პარტიის წარმომადგენლების მხრიდანაც შეფასდა როგორც დარღვევა.
კონტროლის პალატა რომ არ სწავლობს ამ საკითხს, ეს ორმაგ სტანდარტებს არ ნიშნავს?
- ვინ გითხრათ, რომ არ სწავლობს? მე ვიცი რამდენიმე ფაქტი, რომ შეისწავლეს და დააჯარიმეს. ერთი იყო უკანონო გადარიცხვების ფაქტზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შარშანდელ შემოწირულობებს ეხებოდა და მოგვთხოვეს, რომ დაგვებრუნებინა და მიუხედავად იმისა, რომ ამას არ ვიზიარებდით, დავაბრუნეთ. მეორე შემთხვევა იყო რუსთავში, სადაც დაჯარიმება მოხდა ასევე საჩუქრის გადაცემის გამო და კიდევ იყო ორი შემთხვევა, რომლსაც ახლა ვეღარ ვიხსენებ.
მთაწმინდის ფაქტით რატომ არ დაინტერესდა კონტროლის პალატა?
- კარგი იქნება, თუ თქვენ დაინტერესდებით და ინფორმაციას მიაწვდით კონტროლის პალატას. ყველა იმ ინფორმაციაზე, რომელიც მიწოდებულია, რეაგირება არის მომხდარი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საკმარისი არ არის?
- არა.
არა?
- მე ვფიქრობ, რომ ცალკეულ შემთხვევებში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სწავლობს და, თუ ამით თქვენც დაინტერესდებით, კარგი იქნება.
უკვე გაცხადდა, რომ „გლობალ.ტვ“ –ს ანტენების დემონტაჟი უნდა მოხდეს. არჩევნების წინ ეს რას ნიშნავს?
- ამ საკითხთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ უფრო სწორი იქნება, ინფორმაცია კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში დააზუსტოთ. მე პირადად ვფიქრობ, რომ არც ერთ მაუწყებელს მაუწყებლობასთან დაკავშირებით არა აქვს და არც უნდა ჰქონდეს პრობლემები. ნებისმიერ ადამიანს აქვს აბსოლუტურად თავისუფალი არჩევანი იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ტელეკომპანიიდან მიიღოს ინფორმაცია. უფრო მეტიც, ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებას აქვს საშუალება, რომ ნებისმიერი არხის ეთერში გაამჟღავნოს თავისი პოზიცია და მიაწოდოს საზოგადოებას. ამიტომ, მე ვფიქრობ, ამ მხრივ პრობლემები ნაკლებია.
რეგიონებში ასეთი არჩევანი აქვთ?
- კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, – ნებისმიერი არხის მეშვეობით პოლიტიკურ გაერთიანებას აქვს საშუალება, რომ გაავრცელონ თავიანთი ხედვები და თავიანთი პოზიციები. აქედან გამომდინარე, ამ ნაწილში მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. რაც შეეხება მაუწყებლობასთან დაკავშირებით, არც ერთ მაუწყებელს თავისი ლიცენზიით დადგენილი წესით მაუწყებლობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შექმნია და, როგორც გითხარით, სჯობს, ესეც მარეგულირებელ კომისიაში დააზუსტოთ.
რეგიონებში „მაესტრო“ და „მეცხრე არხი“ მაუწყებლობენ?
- არის სიხშირეები, რომლებიც კომისიის მიერ დადგენილი წესით არის გადანაწილებული. ამ სიხშირეებზე ვრცელდება ყველა ის ნორმა, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული. შესაბამისად, ვისაც აქვს სიხშირული სპექტრის გავრცელების საშუალება, აქვს ამის უფლება. ვისაც აქვს სატელიტით გავრცელების საშუალება, ამის შესაძლებლობა გააჩნია და მართლა ვერ ვხედავ აქ რაიმე პრობლემას.