კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე უკლებლივ ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, კონტროლის პალატას, სასამართლო ხელისუფლებას, პროკურატურას და უწყებათაშორის კომისიას, რომ საპარლამენტო არჩევნები სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარდეს და ასევე, უზრუნველყოფილ იქნას პოლიტიკური პროცესების სტაბილურობა.
„მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გაატაროს შესაბამისი ზომები სამართლიანი წინასაარჩევნო და მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ეჭვის ქვეშ დადგეს მომავალი საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა. ასევე, მივმართავთ კონტროლის პალატას, შეწყვიტოს არათანაბარი და სუბიექტური მიდგომა პარტიების მონიტორინგის პროცესში. ერთნაირი ოპერატიულობით გამოირკვიოს და ადეკვატური პასუხისმგებლობა მოითხოვოს არა მარტო ოპოზიციური პოლიტიკური ძალის, არამედ მმართველი პარტიის წარმომადგენელსა და მხარდამჭერთა სამართალდარღვევებზე. მივმართავთ სასამართლო ხელისუფლებას, მოახდინოს საქმის გარემოებების სრულყოფილი ობიექტური და ყოველმხრივი გამოკვლევა. უზრუნველყოს მხარეთა თანასწორობა, მისცეს მას სათანადო დრო სასამართლო პროცესისთვის მოსამზადებლად და მტკიცებულებათა წარსადგენად. მივმართავთ პროკურატურას ოპერატიულად შეისწავლოს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული დანაშაულის ნიშნების შემცველის ფაქტები, რომლებიც მოქალაქეთა მიმართ პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებასა და მედიის წარმომადგენელთათვის საქმიანობის ხელის შეშლას ეხება. ასევე, მივმართავთ უწყებათაშორის კომისიას. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისა და მუქარის გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით, გასცეს რეკომენდაციები შესაბამის თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის თაობაზე“, - ნათქვამია კამპანია „ეს შენ გეხებას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აქვე, ამავე კამპანიის წარმომადგენლები ხელისუფლებას წინასაარჩევნო დარღვევებზე ობიექტური და თანმიმდევრული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
როგორც აღნიშნული კამპანიის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ბოლო დროს საქართველოს კონტროლის პალატის, სასამართლოსა და პროკურატურის ქმედებები პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ სუბიექტურობითა და არათანაბარი მიდგომით ხასიათდება. უფრო ზუსტად, აღნიშნული უწყებების მიერ პარტიის წარმომადგენელთა და მხარდამჭერთა მიმართ წაყენებული ბრალდებები და გამოყენებული სანქციები, ხშირ შემთხვევაში, ცალმხრივად და არასაკმარისად დასაბუთებულ ფაქტებს, ან ვარაუდებს ეყრდნობა. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სანქციათა შეფარდების პროცესი კი დაჩქარებულ ტემპში მიმდინარეობს, რაც ხელს უშლის გარემოებათა სრულყოფილ გამოკვლევასა და დაცვის უფლების სათანადო განხორციელებას.
კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრები მიიჩნევენ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ერთსულოვანი მოთხოვნის მიუხედავად, რომ საზოგადოებას პლურალისტური მედიის ხელმისაწვდომობა ჰქონოდა, ინფორმაციის გავრცელებისა და მიღების გზები დღითი-დღე იზღუდება და, ხშირ შემთხვევაში, ის პოლიტიკური მოტივით არის განპირობებული.
აქვე კამპანიის წარმომადგენლები Must Carry-ისა და Must Offer-ის პრინციპების კანონმდებლობაში დანერგვასთან დაკავშირებით მეორე განცხადებასაც ავრცელებენ, რომელზეც ხელმოწერა საქართველოში მოქმედი 13 პოლიტიკური კვალიფიციური სუბიექტიდან 12-მა განახორციელა, ნაციონალური მოძრაობის გამოკლებით. თუმცა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი იმედოვნებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსულტაციები შედეგს გამოიღებს და ნაციონალებს კიდევ აქვთ დრო, Must Carry-ისა და Must Offer-ის პრინციპები გაიზიარონ. სხვათაშორის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენებლთან აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა ხვალ პარლამენტში 17.00 საათზეა დანიშნული.
Must Carry-ისა (რაც საკაბელო სატელევიზიო ქსელების ოპერატორებისთვის ყველა სამაუწყებლო კომპანიის სიგნალების ჩართვის ვალდებულებას გულისხმობს) და Must Offer-თან (რაც საერთო მაუწყებლებს უკრძალავს, გამოერთონ საკაბელო არხებიდან) მიმართებით დადებითი დამოკიდებულება აქვთ ლეიბორისტებსაც. მართალია, განცხადებაზე ხელმოწერისგან მათ დროებით თავი შეიკავეს, მაგრამ თავად სურთ, ამ თემას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურონ.
რაც შეეხება Must Carry-ისა და Must Offer-ის პრინციპების დანერგვის მოსურნე 12 პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის არიან „თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკური პარტია“, „კონსერვატორები“, „მრეწველები“, „ქართული დასი“, „ჩვენ თვითონ“, ქდმ, „საქართველოს გზა“, „ხალხის პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „ახალი მემარჯვენეები“, „ჩვენი საქართველო“.
პოლიტიკური პარტიების განცხადების შინაარსი კი ასეთია: „საქართველოში მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში ჩასატარებლად სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან განსაკუთრებული სიმწვავით დადგა მოსახლეობისთვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის საკითხი, სხვადასხვა ქართული არხის ინფორმაციის თანაბარი ხელმისაწვდომობა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები ვიზიარებთ ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მიერ პარლამენტში შეტანილ საკანონმდებლო წინადადებას. ქართულ კანონმდებლობაში ე.წ. Must Carry-ისა და Must Offer-ის პრინციპების დანერგვის თაობაზე. როგორც საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს, პარლამენტის მხრიდან აღნიშნული ინიციტივის გაზიარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსახლეობისთვის სხვადასხვა ტელეარხზე მრავალფეროვან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას“.
მიზეზი, რის გამოც ნაციონალები აღნიშნულ განცხადებაზე ხელის მოწერისგან თავს იკავებენ, „კერძო ბიზნესში ჩაურევლობაა“, თუმცა კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კერძო ბიზნესში ჩარევა არგუმენტი არ არის და საჯარო ინტერესები ბევრად უფრო მეტი უნდა იყოს, მით უფრო, რომ ნაციონალები ისედაც კარგად ახერხებენ კერძო ბიზნესის გაკონტროლებას.
ამავე კამპანიის წარმომადგენლები რამდენჯერმე შეხვედნენ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს პალიკო კუბლაშვილს და მისგან ამ საკითხის გაზიარების მზაობა არ დაუნახავთ, თუმცა ისინი იმედოვნებენ, რომ ნაციონალები ხვალინდელ შეხვედრაზე მაინც შეცვლილი განწყობით შეხვდებიან. მით უფრო, რომ ნაციონალები კატეგორიულ უარზე რომ ყოფილიყვნენ, ამის თქმას აქამდეც მოახერხებდნენ.
For.ge-სთან საუბარში გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში აცხადებს, რომ Must Carry-ისა და Must Offer-ის პრინციპები მთელ მსოფლიოშია მიღებული და, საინტერესოა, რაღა პალიკოსთვის არ არის მისაღები?! მეტიც, ლაშა ტუღუშს თითქმის არ ახსენდება, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქართული ოპოზიციური პარტიების ასეთი დიდი რაოდენობა ერთ საკითხზე ასე ერთხმად შეთანხმებულიყო.
„ამერიკაში უკვე წლებია, ფედერალური კანონი მოქმედებს ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირშიც არსებობს საამისო დირექტივა, ალბათ, მხოლოდ ჩრდილო კორეაში არ არის Must Carry-ისა და Must Offer-ის პრინციპი დანერგილი. არადა, ამ პრინციპის გაზიარება აუცილებელია, რადგან ხალხმა უყუროს ყველა ტელევიზიას. დღეს საზოგადოებას მარტო იმ ტელევიზიებზე აქვს ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით, რეგიონებში, რომლებიც მთავრობას მხარს უჭერენ, რაც არასწორია, რადგან ადამიანებმა საკუთარი არჩევანი უნდა გააკეთონ და არა თავსმოხვეული არჩევანი“, - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-შიც Must Carry-ისა და Must Offer-ის პრინციპს პოლიტიკური პრობლემების მოსაგვარებლად. დღეს კი საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა მოსახლეობის არაინფორმირებულობაა.
„განსაკუთრებით რეგიონებში ხალხი ინფორმაციას მხოლოდ „რუსთავი 2“-დან, „პირველი არხიდან“ და „იმედიდან“ იღებს. ამ საკითხში უკვე ჩავრთეთ საერთაშორისო თანამეგობრობა, ურთიერთობა გვაქვს ეუთოსა და ოდირის ოფისთან, პერმანენტულად ვხვდებით ელჩებსაც. გუშინ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წარმომადგენლები ევროკავშირის საელჩოს ვესტუმრეთ, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსამ პრინციპების მნიშვნელობაზე ვესაუბრეთ. მათ აინტერესებთ, რატომ დადგა ამის საჭიროება და რა შეუძლიათ, ამ მიმართულებით გააკეთონ. ვფიქრობ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აზრი უნდა შეიცვალოს, რადგან ისინი დეკლარირების დონეზე აცხადებენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ყველაფერს გააკეთებენ. თუ ამის გაკეთებას ნამდვილად აპირებენ, პირველი რაც უნდა გააკეთონ, Must Carry-ისა და Must Offer-ის პრინციპები, რაც შეიძლება, დროულად უნდა დანერგონ“, - აცხადებს ეკა გიგაური For.ge-სთან კომენტირებისას.