დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში სტუმრად იყო „ქართული ოცნების“ წევრი, იურისტი ეკა ბესელია და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მან დეტალურად ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმებასა და იმ სასამართლო დავებზე, რაც ამ დაჯარიმებას მოჰყვა. ეკა ბესელიას განცხადებით, ამ დღეებში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში უკვე რამდენიმე საქმე იყო განხილული ყოველგვარი პროცედურების დაცვის გარეშე.
ბესელია აცხადებს, რომ დღეს სააპელაციო სასამართლოში შედის საჩივარი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის 22 მილიონითა და 126 მილიონი ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება გასაჩივრდება. საქმე ეხება კომპანიების „ბურჯისა“ და „ელიტა ბურჯის“ მიერ „ქართული ოცნების“ მომსახურების გამო ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმებას. ბესელიას შეფასებით, ეს ორივე გადაწყვეტილება აბსოლუტურად უკანონო და უსაფუძვლო, და მხოლოდ ხელისუფლების ანგარიშსწორების სურვილზე დამყარებულია და „ქართული ოცნება“ ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა ეს უკანონობა ზემდგომ ინსტანციებში მაინც გამოსწორდეს.
„თუ სასამართლო კვლავ გააგრძელებს ხელისუფლების ხელში პოლიტიკური ინსტრუმენტის როლში ყოფნას და ხელისუფლების პირველი პირების სურვილების შესრულებას, ბუნებრივია, ამით პირველ რიგში სწორედ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს (რომელიც დიდი ხანია ეჭვქვეშ დგას) მიადგება დარტყმა და ასევე ზიანი მიადგება ჩვენს ქვეყანას, რადგან ეს ის საქმეებია, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ქვეშ ექცევა და რომლებზეც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იქნება უმწვავესი შეფასებები“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, გუშინ კიდევ ერთი სასამართლო დასრულდა, რომელიც „მენეჯმენტ სერვისის“ ხუთი მილიონი ლარით დაჯარიმებას ეხებოდა. საქმე ეხება კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ რეგიონებში საოფისე ფართების „მენეჯმენტ სერვისის“ მეშვეობით დაქირავებას. სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით საჯარიმო სახდელი ნაწილობრივ შეიცვალა და 5 მილიონის ნაცვლად კომპანიას 2.3 მილიონის გადახდა მოუწევს იმ არგუმენტით, რომ მან „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობა განახორციელა. ბესელიას თქმით, ეს ბრალდებაც სრულიად აბსურდულია და ის, როგორც იურისტი გაოგნებულია, ისეთი დარღვევებით მიმდინარეობს ეს სასამართლო პროცესები.
„სასამართლო კონტროლის პალატის ყველა მოთხოვნას უპირობოდ აკმაყოფილებს და ამისთვის კონტროლის პალატას არანაირი მტკიცებულების წარმოდგენა არ სჭირდება. გარწმუნებთ, ხვალ რომ კონტროლის პალატამ მოითხოვოს 200, 300, 400 ან მეტი მილიონი ლარით ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმება, ან თუნდაც მართლაც ფარატინა ფურცელი შეიტანოს, სადაც ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების მხოლოდ სურვილი იქნება დაწერილი, სასამართლო ამ მოთხოვნასაც ყოველგვარი კრიტიკის გარეშე დააკმაყოფილებს. ისეთი სასამართლო პროცესები, რაც ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს, მე მართლაც არ მინახავს“, - აღნიშნავს ეკა ბესელია.
მან ასევე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავაზე და თქვა, რომ სააპელაციო სასამართლოში ამ საქმეზე სხდომა 15 ივნისს არის ჩანიშნული. პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მოთხოვნა და ეკა ხვედელიძეს აღუდგინა მოქალაქეობა, რასთან დაკავშირებითაც ბესელია ამბობს, რომ ამით სასამართლომ პრაქტიკულად დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით კანონი დაარღვია. ბიძინა ივანიშვილს კი საქალაქო სასამართლომ მოქალაქეობის აღდგენაზე უარი უთხრა. სწორედ ამ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა და ამდენი თვის შემდეგ, როგორც იქნა პროცესი ჩაინიშნა.
ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ დიდი იმედი არ აქვს იმისა, რომ სააპელაციო სასამართლო ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ გავლენას გაექცევა და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ყველა შიდა ინსტანციას ამოწურავს. ბესელია აცხადებს, რომ სასამართლო ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს შანსი კანონიერი გადაწყვეტილება მიიღოს და ბიძინა ივანიშვილს უკანონოდ ჩამორთმეული მოქალაქეობა აღუდგინოს. ამასთანავე, ბესელია ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ნატურალიცაზიის გზით ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის დადგენილებაც სასამართლოშია გასაჩივრებული და ამდენად, წინ კიდევ რამდენიმე სასამართლო გადაწყვეტილება გველის, რაც ამ ხელისუფლების სახეს კიდევ უფრო კარგად გამოაჩენს.
რაც შეეხება 22 და 126 მილიონიან ჯარიმებს, ბიძინა ივანიშვილს მათ გადასახდელად 7 სამუშაო დღის ვადა აქვს მიცემული, მაგრამ როგორც ცნობილია, მან განაცხადა, რომ ამ ჯარიმების გადახდას არ აპირებს, რადგან ეს უკანონოდ დაკისრებული ჯარიმებია. ეკა ბესელია ამბობს, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ის არანორმალური ვითარება, რასაც ხელისუფლება ქვეყანაში ქმნის, ნიშნავს, რომ მას პოლიტიკურ პროცესებზე კონტროლი დაკარგული აქვს. ბესელიას თქმით, ვინაიდან ხელისუფლების ქმედებები ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოებს გასცდა, ამიტომ ძნელია იმის პროგნოზირება, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რას მოიმოქმედებენ ისინი.
კითხვაზე, სამართლებრივი თვალსაზრისით, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ბიძინა ივანიშვილის მიერ ჯარიმის გადაუხდელობას და რა ქმედებები შეიძლება მის მიმართ გამოიყენონ აღმასრულებლებმა, ეკა ბესელიამ უპასუხა, რომ არ აპირებს აღსრულების ბიუროს მის უფლება-მოსილებასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაუწიოს და უკარნახოს, ამ უწყებამ რა მოქმედებები უნდა ჩაატაროს. ბესელია ამბობს, რომ მისი, როგორც ადვოკატის და ამავე დროს „ქართული ოცნების“ წევრის მხრიდან არაგონივრული იქნება, აღსრულების ბიუროს კანონის შესაბამისი ნორმები წაუკითხოს. იურისტი ამბობს, რომ უფრო სწორი იქნება, რეაგირება ხელისუფლების მიერ შემდგომი ნაბიჯების გადადგმაზე მოახდინოს.
„არ მაქვს განცდა, რომ ხელისუფლების რეაგირება თუნდაც ამ შვიდი დღის შემდეგ კანონის ჩარჩოებში იქნება მოქცეული. მათგან ველოდები, რომ მათი ქმედება ისევე გასცდება სამართლებრივ ჩარჩოებს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა“, - ამბობს ბესელია და აქვე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ იურისტები იმის ადექვატურად იმოქმედებენ, რა ნაბიჯებსაც ხელისუფლება გადადგამს. ჟურნალისტების კითხვაზე, აქვს თუ არა უფლება აღსრულების ბიუროს ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს საქართველოს გარეთ არსებული ქონება დაუყადაღოს, ეკა ბესელია პასუხობს, რომ საქართველოს კანონმდებლობა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ვრცელდება და ეს არის უნივერსალური ნორმა.
ბესელია განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელია არა მხოლოდ ჯარიმების ოდენობა (რაც თავისთავად უპრეცენდენტოა), არამედ შინაარსობრივად არის მიუღებელი ის კამპანია, რასაც ხელისუფლება მის წინააღმდეგ ეწევა.
„ხელისუფლება ძალიან სახიფათო პროცესებისკენ მიექანება და თუ მათ ვინმე კარგი მეგობარი ჰყავთ, ქვეყანაში ან მის ფარგლებს გარეთ, უნდა ურჩიოს, რომ ეს ყველაფერი ქვეყანაში ძალიან სახიფათო მოცემულობას ქმნის. დამეთანხმებით, როდესაც სასამართლო ღიად გადის სამართლებრივი სტანდარტებიდან და მართლმსაჯულების განხორციელების ნაცვლად ნაციონალური მოძრაობის სტრუქტურულ ერთეულად იქცევა, ეს ქაოსის მომტანი და ძალიან სახიფათოა. მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში გვმართებს, ძალიან მშვიდად და აუღელვებლად სწორი პოლიტიკური და სამართლებრივი ნაბიჯები გადავდგათ“, - აცხადებს ეკა ბესელია.
იგი სწორს უწოდებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, რომლის ფარგლებშიც ხელისუფლების ისტერიულ ქმედებებს მათ მხრიდან მოსდევს გაწონასწორებული და არგუმენტირებული ქმედებები, ასევე საერთაშორისო საზოგადოებასთან მუშაობა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მათი ინფორმირება. ბესელიას შეფასებით, ხელისუფლება იმდენად არაადექვატურად იქცევა, რომ თუ ვინმე მომხრე ჰყავდა, ასეთ ადამიანებშიც კი კლავს იმის სურვილს, რომ ხელისუფლების ნაბიჯები რამენაირად გაამართლონ.
„სააკაშვილი სულ უფრო კარგავს კონტროლს და უკვე ნათელია, რომ მას ხელისუფლებაში ყოფნის ძალიან ცოტა დრო დარჩა. როდესაც ხელისუფლება ასე იქცევა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ქვეყანაში დასარყდენი აღარ აქვს. მათ რომ მყარი ინსტიტუციები და სტრუქტურები ჰქონდეთ, ასევე გამართული შიდა მექანიზმები, რომლებიც მათ თავს მშვიდად აგრძნობინებს, ასე არ მოიქცეოდნენ. რადგან ასეთი მეთოდები სჭირდებათ, ფაქტია, რომ სააკაშვილს ძალიან უჭირს და ის გუნდს ვერ ინარჩუნებს“, - აღნიშნავს ბესელია.
მან ამომრჩევლის მოსყიდვა უწოდა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მასთან შეხვედრაზე მისული პედაგოგებისთვის საჩუქრების გადაცემას და განაცხადა, რომ ყოველი ასეთი ფაქტის შესახებ ინფორმაციას აწვდის კონტროლის პალატას, რათა ის ამგვარი შემთხვევებით დაინტერესდეს და ამ კონკრეტული ფაქტის შესახებაც მიაწვდის ინფორმაციას კონტროლის პალატას.
„არ მახსენდება შემთხვევა, რომ კონტროლის პალატას ჩემს მიერ მისთვის გაგზავნილ ფაქტებზე რეაგირება მოეხდინოს, მაგრამ „სუფთა პოლიტიკის“ წარმომადგენელი რომ ვიყო, დარწმუნებული ვარ, ჩემს განცხადებაზე რეაგირებას მოახდენდნენ“, - აღნიშნავს ბესელია.