ნაციონალური მოძრაობის სახის, ერთ-ერთი ლიდერისა და სიამაყის, დავით კირკიტაძის ცხოვრება ბოლო დროს აშკარად სასიამოვნო მოვლენებით არის დატვირთული. ახლახან „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტზე დაოჯახდა, რამდენიმე დღის წინათ კი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. როგორც ამბობენ, - მარტო, მისი მეუღლე თბილისში დარჩა. არ იფიქროთ, რომ ინგლისში სამსახურიდან ანუ პარლამენტიდან მიავლინეს, 28 წლის დეპუტატი სასწავლებლად კემბრიჯში წავიდა. თანაც, არც მეტი, არც ნაკლები, სამეფო კოლეჯის სტუდენტი გახდა! როგორც ევროპის ბევრ სასწავლებელში, ამ კოლეჯშიც თავისუფალი მიღებაა, გამოცდები კი ექვსი თვის შემდეგ ინიშნება. ჰოდა, კირკიტაძეც ექვსი თვით გაემგზავრა, როგორც ჩანს, ის გამოცდებს არც დაელოდება და სამშობლოში დაბრუნდება. დათოს გამგზავრების ამბავი დათოს ახლობელმა შეგვატყობინა. სწორედ მან გვითხრა, რომ იგი სამეფო კოლეჯში ინგლისურს შეისწავლის, უფრო სწორად, დახვეწს, თანაც, თურმე პოლიტიკის მიმართულებით.
კიდევ ერთი დეტალი, კირკიტაძე პარლამენტარი გახლავთ და როგორც სკოლაში, სხდომების გაცდენებისთვის პარლამენტშიც ისჯებიან. ანუ არსებობს საპატიო და არასაპატიო გაცდენები. როგორც შევიტყვეთ, საზღვარგარეთ სასწავლებლად ექვსი თვით წასვლა საპატიოთა რიცხვს არ მიეკუთნება. ამ შემთხვევაში, ერთი შანსი არსებობს, შვებულება უნდა აიღო და გაცდენაც საპატიო სტატუსს მიიღებსო, მაგრამ ექვსთვიან შვებულებას არც არავინ იძლევა. შესაბამისად, კირკიტაძე დაჯარიმდება და თავისი 2000-იანი ხელფასიდან სოლიდური თანხა დაექვითება.
რადგან ფულზე ვსაუბრობთ, აქვე იმასაც დაგიანგარიშებთ, თუ რა ჯდება კემბრიჯის სამეფო კოლეჯში სწავლების სიამოვნება. მაშ, ასე: სტუდენტს საცხოვრებელი ბინის დაქირავება, კომფორტულობის გათვალისწინებით, ერთ კვირაში 65-80 გირვანქა სტერლინგი უჯდება, 10-16 გირვანქა კი კვება ღირს, ესეც კვირაზეა გაანგარიშებული. ასე რომ, ნახევარი წლით ყოფითი საკითხების მოგვარება, დაახლოებთ, 3 ათასი ფუნტი სტერლინგის სიამოვნებაა.
ახლა რაც შეეხება კოლეჯში სწავლას. იმ საფეხურზე, რომელზეც ინგლისურს შეისწავლიან და სადაც დავით კირკიტაძე ღებულობს განათლებას, ნახევარწლიან სწავლის კურსში 5 ათასი ფუნტი ინდა გადაიხადო. მარტივი კალკულაციით, კირკიტაძის ინგლისური ენის ცოდნის ამაღლება 8 ათასი გირვანქა ღირს (დაახლოებით, 16 ათასი აშშ დოლარი), ამას კიდევ ჯიბის ფულიც მიუმატეთ და საკმაოდ სოლიდური თანხა გამოვა. საინტერესოა, 2-ათას ლარიანი ხელფასიდან დანაზოგი ჰქონდა გაკეთებული თუ მის სწავლას ვინმე აფინანსებს? ამ კითხვაზე მისმა ახლობელმა ვერ გვიპასუხა, - არ ვიციო. არ არის გამორიცხული, დავითს მშობლიური პარტია აფინანსებდეს ანდა ბიუჯეტი. რა, მისი სწავლა-განათლება და ინგლისური ენის დახვეწა სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე არ არის, თუ რა?!