„სახალხო კრების“ რთული არჩევანი

„სახალხო კრების“ რთული არჩევანი

ბიძინა ივანიშვილი მზადაა, „სახალხო კრების“ ცნობილი სახეების - ნონა გაფრინდაშვილის, ლუკა კურტანიძის, სოსო ჯაჭვლიანის სანაცვლოდ, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატები მოხსნას რეგიონებში და ამ ადამიანებს არჩევნებში წარმატების მისაღწევად დაეხმაროს.

პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ იმთავითვე ცნობილი იყო, რომ იგი უაღრესად დიდ პატივს სცემდა „სახალხო კრების“ ამ გამორჩეულ სახეებს. მეტიც, თუ ივანიშვილს დავესესხებით, „სახალხო კრებაში“ ღირსეული ადამიანები არიან, რომელთა წინაშეც იგი ქედს იხრიდა და ამ ადამიანებს იგი ვერაფრით დაუკავშირებდა 26 მაისის ტრაგედიას, სადაც პოლიტიკოსებს (და არა „სახალხო კრების“ წევრებს) მათზე დანდობილი ხალხის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობა მართებდათ. ალბათ, ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ „სახალხო კრების“ წევრებს ბიძინა ივანიშვილმა, მეუღლესთან ერთად, პატივი მიაგო და გასული წლის 26 მაისს დაღუპულებისა და დაშავებულების პანაშვიდსა და პარაკლისს დაესწრო.

ტაძარში კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ბიძინა ივანიშვილის დიდი მოწიწება „სახალხო კრების“ ამ წევრების მიმართ, რომლებსაც იგი მიუახლოვდა და გადაკოცნა. სხვათაშორის, იქ დამსწრე ადამიანები აუცილებლად შენიშნავდნენ, რომ საპასუხო რეაქცია წამოვიდა „სახალხო კრების“ წევრების მხრიდანაც და ამ თვალსაზრისით, ლუკა კურტანიძესთან შეხვედრა იყო გამორჩეული. შემდეგ იყო 27 მაისი, „ქართული ოცნების“ აქცია, სადაც ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს „სახალხო კრების“ წევრებმა, მათ შორის, ლუკა კურტანიძემ, რომელსაც, თანამოაზრებთან ერთად, სწორედ მიტინგზე მიმავალს გადავაწყდით. ამას მოჰყვა ქუთაისის აქცია, რომელსაც „სახალხო კრების“ წევრები არ აკლდნენ. მოკლედ, ბიძინა ივანიშვილისა და ამ ადამიანების ურთიერთდამოკიდებულება მარტო ამ აქციებითაც გამოჩნდა. მეტიც, ბიძინა ივანიშვილმა იმერეთის რეგიონის მაჟორიტარების დასახელებისას „სახალხო კრების“ ყოფილი წევრი გოგი ქავთარაძე ზესტაფონის მაჟორიტარად განამწესა.

For.ge-სთან საუბარში „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერი ნონა გაფრინდაშვილი პოლიტიკაში გადანაცვლებას კატეგორიულად გამორიცხავს, თუმცა ამ შეთავაზების გამო ბიძინა ივანიშვილის მიმართ მადლიერებას გამოთქვამს.

„არ  ვაპირებ პოლიტიკაში შესვლას და მაჟორიტარობას, გამორიცხულია ეგ ამბავი, ამის შესახებ უამრავჯერ ვთქვი და უნდა დამიჯეროთ,“ - გვითხრა ნონა გაფრინდაშვილმა

მიუხედავად იმისა, რომ „სახალხო კრების“ წევრები აპოლიტიკურობისკენ იხრებოდნენ, ჩვენ მაინც დავინტერესდით, იქნებ, ნონა გაფრინდაშვილი ამ კომპრომისზე წასულიყო?! თუმცა ნონა გაფრინდაშვილს ერთხელ უკვე ჩამოყალიბებული შეხედულება არ შეუცვლია.

 

„ჩემს თავზე გიპასუხეთ და დანარჩენი, როგორი ურთიერთობა იქნება „სახალხო კრების“ წევრებს შორის, ეს სამსჯელო ამბავია. ისე, შეთავაზებისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობის მეტი რა მეთქმის?! მაგრამ, უბრალოდ, ჩემს ასაკში სწორად არ მიმაჩნია, მსგავს რამეს დავთანხმდე“, - განმარტა ნონა გაფრინდაშვილმა და ამ ეტაპზე ვერც ის ადამიანები დაგვისახელა, ვინც „სახალხო კრების“ მხრიდან მაჟორიტარებად ესახება.

„ამის შესახებ მე დღეს ვერაფერს გეტყვით“, - გვითხრა ნონა გაფრინდაშვილმა.

მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი For.ge-სთან საუბარში ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას უფრო გლობალურად უყურებს. მისი აზრით, „სახალხო კრებას“ თავისი არსებობის მანძილზე და მას შემდეგაც, რაც 26 მაისს „უხერხემლოთა და უტიფართა რეჟიმმა“ საკუთარ ხალხს უბედურება დამართა, შესანიშნავი დეკლარაცია ჰქონდა, რაც ყველა მოვლენაზე პასუხის გამცემია.

„შეიძლება, ვინმეს ჩაეღიმოს ამაზე და თქვას, საბჭოთა კავშირის კონსტიტიცია რომ იყო, იმაზე კარგი არაფერი იყოო, მაგრამ, სრულდებოდა თუ არა ეს კონსტიტუცია, ესაა გასარკვევი. როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა, მან აღნიშნა, რომ იგი იძულებული გახდა, რეჟიმს სხვადასხვა მიზეზის გამო დაპირისპირებოდა, განსაკუთრებით კი გამოყო 26 მაისი, რამაც პოლიტიკაში შესვლისკენ უბიძგა. „სახალხო კრების“ წევრებმა დავინახეთ, რომ ეს ადამიანი თავდადებულია. როცა დაინახავ, რომ ადამიანი შენთან დამოკიდებულებაში სწორად იქცევა, შენც სხვანაირად განეწყობი... პატრიარქმა ბრძანა, მე თვითონ ცოდვილი ვარო, ანუ, ჩვენ ანგელოზები არავინ ვართ, მაგრამ ჩვენ შანსი უნდა მივცეთ ერთმანეთს, თუ რაიმე შეცდომა გვაქვს, ქვეყანას თუ რაღაცაში წავადგებით, გამოვასწოროთ“, - მიიჩნევს სოსო ჯაჭვლიანი.

მსახიობის თქმით, „სახალხო კრებას“ ყოველთვის მიაჩნდა, რომ დღეს არსებულ რეჟიმს ურთიერთობის არანაირი წესები არ გააჩნია, რომ მათ ხალხს კონსტიტუცია თავზე გადაახიეს. ამიტომ, თუ არ მოხდა ერთიანი ფრონტით მათ წინააღმდეგ შეტევა, სხვანაირად გამარჯვება ძნელად წარმოსადგენია. სოსო ჯაჭვლიანის თქმით, „სახალხო კრების“ წევრები არ მიილტვიან თანამდებობებისკენ, ან დეპუტატობის სიებისკენ, თუმცა, როცა ქვეყანა განსაცდელშია და ხალხი წელშია გატეხილი, უზნეო რეჟიმთან შერკინება, პოლიტიკური ხედვების მიუხედავად, უნდა მოხდეს.

„დიდგორს მოიგებდა დავით აღმაშენებელი საქმის გარჩევა რომ დაეწყო?! არ მინდა, საქართველოს ისტორიიდან სხვა მაგალითებიც მოვიყვანო. ჩვენთვის უმთავრესია, ესენი მოვიშოროთ. ამისთვის ერთიანობაა საჭირო. ხომ უყურებთ, როგორ კანონებს იღებენ?! ფაქტობრივად, ადამიანი განწირულია. აღარ მოვყვები ამათ დანაშაულებზე საუბარს“.

ამასთან, სოსო ჯაჭვლიანი არ მალავს, რომ მისთვის დიდი პატივია, როცა ბიძინა ივანიშვილმა მისი სახელი ნონა გაფრინდაშვილისა და ლუკა კურტანიძის გვერდით დაასახელა, რადგან ამ ადამიანების პატრიოტიზმზე, პროფესიონალიზმსა და თავდადებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

„ამაყი ვარ, რომ ჩემი სახელი ამ ადამიანების გვერდით გაჟღერდა. თუ საქვეყნო საქმეს წავადგები და გარკვეული ფორმით შედგება ჩვენი ურთიერთობა, ამ ერთ-ორ დღეში ჩამოვყალიბდებით, ვისაუბრებთ და, ალბათ, შეუთანხმებელი და მოურიგებელი არაფერი არ არსებობს, რადგან, ბოლოს და ბოლოს,  ჩვენ, ყველანი, ქართველები ვართ“.        

For. ge-ს შეკითვაზე, საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, სვანეთის მაჟორიტარობას ხომ არ აირჩევს, სოსო ჯაჭვლიანმა ხუმრობით გვიპასუხა:

„ცოტა იუმორით შევხედოთ, „დავახრჩობ დედას, თავს მოვჭრი მამას, რევოლუცია მიბრძანებს ამას“. რა თქმა უნდა, ვხუმრობ, ამას თავისი წესი აქვს. მართალია, საუბარია ისეთ დიდ ადამიანებზე, როგორებიც ქალბატონი ნონა და ლუკა არიან, მაგრამ ამ საკითხის გადაწყვეტა აზრთა შეჯერებით და  რეალობის გათვალისწინებით წარმომიდგენია. თუ მე წავადგები ქვეყანას, რაზეა საუბარი?! სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძლებ. არ დავიწყებ ახლა „ბიძინა-ბიძინას“ ძახილს, მაგრამ რაც დრო გავა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ამ კაცს აქვს უზარმაზარი ავტორიტეტი და ამ ოცი წლის განმავლობაში აკეთებდა იმას, რომ ქართველი ხალხის დიდი ნაწილი შიმშილისა და უბედურებისგან გადაერჩინა“.

სოსო ჯაჭვლიანის აზრით, 26 მაისის შემდეგ დასადგურებული ნიჰილიზმი და ხალხის უიმედობა, რომ ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა ამ ყველაფრის გადაგორებას, ასეთი პიროვნების გამოჩენამ გადაფარა. ამდენად, მსახიობი და რეჟისორი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერს უნდა გავუფრთხილდეთ. უმთავრესი კი სამშობლოა. ამიტომ, სოსო ჯაჭვლიანი ერთმანეთთან შეთანხმების მომხრეა, რათა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „უტიფრები მოვაშოროთ და გავისტუმროთ პოლიტიკურ სანაგვეზე“.

„ქალბატონი ნონას მსგავსი ადამიანი როცა ჰყავს ქვეყანას, მან უნდა იამაყოს ამ სახელით. გარდა იმისა, რომ ნონა გაფრინდაშვილი პროფესიონალია, იგი უდიდესი ადამიანია. ხომ იცით, არსებობენ დიდი მეცნიერები, სპორტსმენები, მსახიობები, პოლიტიკოსები, მაგრამ, როგორც ადამიანები არ ვარგიან. ქალბატონი ნონა კი ისეთი ადამიანია, რომელიც ვერ იტყუება და არ იტყუება. ნონა გაფრინდაშვილი საქართველოს პარლამენტს დაამშვენებდა და ეს მართლა დიდი სიმბოლო იქნებოდა საქართველოსთვის,“ - გვითხრა სოსო ჯაჭვლიანმა.

რაც შეეხება ნონა გაფრინდაშვილის მიერ, ასაკიდან გამომდინარე, მაჟორიტარობაზე უარის თქმას, სოსო ჯაჭვლიანს მიაჩნია, რომ ქალბატონ ნონას ამის პრობლემა არ აქვს.     

„კარგით, რა, 20 წლის მხცოვანებიც მინახავს და 80 წლის ახალგაზრდებიც. როცა დაელაპარაკებით ქალბატონ ნონას, მისი ქცევა და ადამიანობა ისეთია, რომ ასაკის ხსენება სასაცილოა. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი ნონა ისევე დაელაპარაკება ხუთი წლის ბავშვს, როგორი გაგებითაც დაელაპარაკება 20 წლის, 50 წლის და 80 წლის ადამიანს“, - მიიჩნევს მსახიობი.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს მიაჩნია, რომ ნონა გაფრინდაშვილის პოპულარობის შესახებ კითხვა საერთოდ არ უნდა დაისვას, რადგან იგი უდაოდ პოპულარული ადამიანია. თუმცა ბიძინა ივანიშვილის ამ გადაწყვეტილების მიღმა რამაზ საყვარელიძეს „სახალხო კრების“ წევრებთან კოორდინაციის სურვილი მიაჩნია.

„აქ ადამიანებში არ არის მარტო საქმე. ამ ნაბიჯით ივანიშვილმა, ფაქტობრივად, გარკვეული პარტნიორობა გაუწია, უფრო სწორად, ამით იგი კოორდინაციაში შევა „სახალხო კრებასთან“ და რეალიზდება ის, რასაც ადრე ამბობდა, რომ, მართალია, ყველა პარტია ვერ იქნება პარტნიორი, მაგრამ, შეძლებისდაგვარად, ყველა ოპოზიციურ ძალასთან ეცდება, ჰქონდეს კოორდინაცია, განსაკუთრებით, მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით“.

ექსპერტის აზრით, მთლიანი ოპოზიციის გაერთიანების მოთხოვნა „სახალხო კრების“ წევრების  მხრიდან გარკვეულ ეტაპზე, მართალია, არსებობდა, მაგრამ მოგვიანებით ამ სურვილმა ცოტა სხვა სახე მიიღო და გადაწყდა, თუ გაერთიანება პრინციპულად ძნელია, კოორდინაცია მაინც იყოს, რათა ოპოზიციურმა ძალებმა ერთმანეთი არ დაასუსტოს.

„აი, ასეთი ერთობის სურათი ნამდვილად არის, თუკი ის რეალიზდა. დათანხმდებიან თუ არა „სახალხო კრების“ წევრები მაჟორიტარობას, ეს მათი გადასაწყვეტია“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან საუბარში.