ფონდი „ქართუს“ ანგარიშები შესაძლოა დააყადაღონ

ფონდი „ქართუს“ ანგარიშები შესაძლოა დააყადაღონ

უკანასკნელ დღეებში ხელისუფლების ბრძოლა ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კიდევ უფრო გამწვავდა. „ქართულ ოცნებაში“ ამას 27 მაისის თბილისის და 10 ივნისის ქუთაისის აქციებს უკავშირებენ და ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ეს ხალხმრავალი აქციები ჩატარდა, ხელისუფლებამ „ქართული ოცნების“ ძალა დაინახა და ამიტომაც არის ასე გაცეცხლებული. ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური გზები რამენაირად გადაუკეტოს, რათა მისი პოლიტიკური ძალის დაფინანსების ლეგალური გზები მოუსპოს.

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე თვეა ივანიშვილის კუთვნილ „ბანკი ქართუზე“ სერიოზული შეტევა გრძელდება, რაც ბანკის კრედიტორების იპოთეკით დატვირთული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის გზით ხორციელდება. ბანკს კი კრედიტორებისგან თანხის ამოღების საშუალება ესპობა და ამ გზით „ქართუ ბანკმა“ უკვე რამდენიმე ასეული მილიონი ლარი იზარალა.

ახლა უკვე კონტროლის პალატა უკვე ფონდი „ქართუ“-ს საქმიანობითაც დაინტერესდა. ფონდ „ქართუ“-სა და ასოციაცია „ატუ“-ს კონტროლის პალატამ 2011 წლის 1 ნოემბრიდან 2012 წლის 1 ივნისამდე პერიოდის ფინანსური ანგარიშგების წარმოდგენა მოსთხოვა. ამასთან დაკავშირებით კონტროლის პალატამ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.

„აღნიშნული მიმართვა ეფუძნება დასაბუთებულ ვარაუდს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის თაობაზე, რაც ფონდი ,,ქართუ“-ს შემთხვევაში უკავშირდება იმ ფაქტებს, რომ იგი წარმოადგენს გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკური პირის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ორგანიზაციას და ამავდროულად, ფონდის დირექტორი (გამგეობის თავმჯდომარე) ირაკლი ღარიბაშვილი გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე პოლიტიკური ორგანიზაციის - კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო ასოციაცია „ატუ“-ს შემთხვევაში დგინდება მისი ეკონომიკურ-ფინანსური კავშირი შპს „ბურჯთან“ და შპს „ელიტა ბურჯთან“, რომლებიც ასევე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიებია, რომელთა მეშვეობით განხორციელებული პოლიტიკური დაფინანსების კანონსაწინააღმდეგო ფაქტი გამოვლენილია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, რაზედაც სამართალწარმოება მიმდინარეობს სასამართლოში“, - ნათქვამია კონტროლის პალატის განცხადებაში.

საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უარყოფს, რომ ის კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ორგანიზაციას წარმოადგენს.

„ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დამფუძნებლებს სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფი“, გბეგო ტოსსა აჰოგნიბო ჟილბერი (დაბ. 1958 წლის 6 თებერვალს, ბენინის და კანადის მოქალაქე) წარმოადგენენ. აღნიშნული მონაცემის უტყუარობა შეგიძლიათ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემთა ბაზაში გადაამოწმოთ“, - ვკითხულობთ ფონდის მიერ კონტროლის პალატისათვის გაგზავნილ წერილში. აქვე ნათქვამია, რომ ფონდის საქმიანობა აბსოლუტურად გამჭირვალეა და რომ იგი თავის ფინანსურ ანგარიშებს ყოველწლიურად საჯაროს ხდის.

ფონდ „ქართუ“-თი კონტროლის პალატის დაინტერესების მიზეზებთან დაკავშირებით for.ge-ს ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, ახლა კი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს წევრი ირაკლი ღარიბაშვილი ესაუბრება.

ირაკლი ღარიბაშვილი: „კონტროლის პალატის მოთხოვნა არის აბსურდული იქიდან გამომდინარე, რომ მის წერილში მოყვანილი ორივე არგუმენტი აბსოლუტურად უსაფუძვლოა. კერძოდ, პირველი არგუმენტი გახლავთ ის, რომ საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ კონტროლის პალატის წერილში მოხსენიებულია, როგორც ბიძინა ივანიშვილის კერძო ორგანიზაცია, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ფონდის დამფუძნებლები არიან „ქართუ ჯგუფი“ (რომელიც მხოლოდ ფორმალურად არის დამფუძნებელი და დაფინანსებაში მონაწილეობას არ ღებულობდა) და უცხოეთის მოქალაქე ჟილბერ გბეგო ტოსსა. შესაბამისად, ბატონი ბიძინა დღეს არ ფიგურირებს ფონდ „ქართუ“-ს არც გამგეობის წევრთა შემადგენლობაში, არც დამფუძნებლებს შორის და არც რაიმე სხვა ფორმით. ბატონი ბიძინა ფონდის გამგეობის წევრი იყო, მაგრამ პოლიტიკაში წასვლისთანავე იგი გამგეობიდან გავიდა.

კონტროლის პალატის მეორე არგუმენტი მეხებოდა მე და ის მე მომიხსენიებს, როგორც ფონდის გამგეობის თავმჯდომარეს. ესეც ასევე ტყუილია, რადგან 2012 წლის 14 თებერვალს, მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში ჩართვა გადავწყვიტე, მე ეს თანამდებობა დავტოვე. 2012 წლის 15 თებერვალს შედგა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაცია, მეც ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი და შესაბამისად, პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ. ამ მხრივ რაიმე პრობლემა რომ არ შექმნილიყო, მე ფონდ „ქართუ“-ს გამგეობაც დავტოვე და სამეთვალყურეო საბჭოც, რომლის წევრიც ვიყავი. აქედან გამომდინარე, ეს უბრალოდ მოგონილი საბაბია. ხელისუფლებას სურს, რომ არ არსებული ფაქტები (არც ერთია სიმართლე და არც მეორე) გამოიყენონ იმისთვის, რომ ბატონი ბიძინა რამენაირად დააკავშირონ ფონდ „ქართუ“-ს და შემდეგ ასევე უკანონო გზებით ან ფონდის, ან ისევ ბატონი ბიძინას დაჯარიმება განახორციელონ, გამორიცხული არ არის ასევე ფონდის ანგარიშების დაყადაღებაც.

რამდენად გამჭვირვალეა ფონდის საქმიანობა და შეეძლო თუ არა კონტროლის პალატას, რომ მისი ფინანსური ანგარიშები ენახა?

- ფონდის საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა და იქნება კიდეც. ფონდი 1995 წელს არის დაფუძნებული და მას შემდეგ ჩვენ ანგარიშებს ყოველწლიურად წარვადგენდით ხოლმე საგადასახადოში. გარდა ამისა, ფონდს საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „დელოიტი და ტუში“ ამოწმებს. შესაბამისად, ფონდის საქმიანობაში ყველაფერი არის გამჭვირვალე. ფონდის მთლიანი საქმიანობა და მისი ანგარიშები ყოველთვის ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, მით უმეტეს სახელმწიფო ორგანოებისთვის იყო და არის ღია.

კონტროლის პალატა ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი სადამსჯელო ორგანოა, რომელიც სადამსჯელო ღონისძიებების მთელს სერიას ახორციელებს. გუშინ ბატონი ბიძინა 148 მილიონი ლარით დააჯარიმეს, რაც სრულიად გაუგონარი და აბსურდული რამ არის. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ახალდაფუძნებული პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ კონტროლის პალატამ ასევე სრულიად აბსურდული მოტივით დააჯარიმა. კერძოდ, მოგეხსენებათ, კოალიცია „ქართული ოცნებაში“ შემავალ პარტიებს ოფისების დაქირავებასა და აღჭურვაში ეხმარება კომპანია „მენეჯმენტ სერვისი“, რისთვისაც კოალიცია მას სრულიად ლეგალურად და გამჭვირვალედ იანვრიდან დაწყებული უხდის გასამრჯელოს. აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროისთვის, ანუ იანვარში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ჯერ არ არსებობდა და არ არსებულ პარტიას კონტროლის პალატამ ჯარიმა დააკისრა, ანუ იმ გაწეული ხარჯისთვის, რასაც კოალიციაში შემავალი სხვა პარტიები იხდიდნენ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დააჯარიმეს. საუბარია ნახევარმილიონიან ჯარიმაზე, რა თანხაც პარტიას უბრალოდ არ გააჩნია. ხოლო თუ ის ამ ჯარიმას არ გადაიხდის, მას კიდევ საურავები დაეკისრება, უკეთეს შემთვევაში, ამ თანხის ხუთმაგი, უარეს შემთხვევაში კი - ათმაგი ოდენობით, რაც პრაქტიკულად პარტიის გაჩერებას გულისხმობს, რადგან ჩვენს პარტიას ამხელა თანხები ნამდვილად არ აქვს. აქ რაიმე კომენტარის გაკეთება უკვე ზედმეტია. ამ ფაქტის იურიდიული შეფასება სრულიად ზედმეტია, რადგან ეს არის მორიგი უკანონო და აბსოლუტურად უსაფუძვლო გადაწყვეტილება.    

ფონდ „ქართუ“-ს კონტროლის პალატამ ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა. მართალია თქვენ ამბობთ, რომ ეს უკანონო მოთხოვნაა, მაგრამ წარადგენს ფონდი ამ დოკუმენტაციას?

- კონტროლის პალატამ ფინანსური ანგარიშის წარდგენა მოსთხოვა ასევე ასოციაცია „ატუ“-ს, რომელიც წლების განმავლობაში ახორციელებდა ძალიან ბევრ ღირსშესანიშნავ პროექტს, როგორიც არის თეატრების, მუზეუმების რესტავრაცია-მშენებლობა, ასევე მართლმადიდებლური ტაძრების რესტავრაცია-მშენებლობა და ა.შ. ორივე ორგანიზაცია, ფონდი „ქართუც“ და ასოციაცია „ატუც“ დაემორჩილნენ კონტროლის პალატის მოთხოვნას (მიუხედავად იმისა, რომ ის სრულიად უკანონოა) და გუშინ მას ფინანსური ანგარიში წარუდგინეს.

თქვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებში სადამდე შეიძლება მივიდეს ხელისუფლება?

- ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ეს უკანონო ხელისუფლება არ შეიცვლება. ეს მოხდება ოქტომბერში და დარწმუნებული ვარ, ცივილური და კანონიერი გზებით მოხდება.