სახელწიფოო პოზიციური ხმის ჩასახშობად მზადაა ინვესტორებიც კი დააშინოს, რომლებიც ამ საქმეში ინვესტიციებს ახორციელებენ. საქართველოში მედიაბიზნესი სახელმწიფოსგან პოლიტიკური ნიშნით ზეწოლას განიცდის. ამის შესახებ დღეს „თბილისი მერიოტში“ სამი კომპანიის - „გლობალ TV“-ს, „სტერეო +“-ისა და „მე-9 არხის“ დამფუძნებლების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ბოლო პერიოდში მათ მიმართ განხორციელებული სამართლებრივი და მარეგულირებელი ბერკეტები გააპროტესტეს. აღინიშნა, რომ სახელმწიფოსგან მათ მიმართ შექმნილი პრობლემები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ გამწვავდა, თუმცა მანამდე ამ ადამიანებს მზარდი ბიზნესი ჰქონდათ.
„გლობალ TV“-ის უცხოელმა მეწილემ, 17, 2%-ის მფლობელმა, ალექსანდრე რონჟესმა საქართველოს ხელისუფლებისგან მის კერძო კომპანიაზე ზეწოლის გამო ამერიკის საელჩოში უკვე გამართა შეხვედრა და შესაბამის რეაგირებასაც ელოდება, თუმცა, როგორც ალექსანდრე რონჟესმა For.ge-სთან პრივატულ საუბარში აღნიშნა, მათი შეხვედრის დეტალები კონფიდენციალური არ ყოფილა, მაგრამ საბოლოო პასუხის თქმა არ შეუძლია, რადგან პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და აშშ-ის საელჩო საქმეში ჩართულია.
მისი თქმით, „გლობალ TV“-ს პრობლემა მას შემდეგ შეექმნა, რაც ისინი საკუთარ პაკეტში „მაესტროს“ ჩართვას დათანხმდნენ. არადა, სატელიტური და საკაბელო კომპანია „გლობალ TV“ ქართველ მომხმარებელს მომსახურებას 2005 წლიდან სთავაზობდა, დაარსების დღიდან მათ პაკეტში უამრავი ქართული არხი იყო ჩართული, მათ შორის, მთავრობასთან დაახლოებული კომპანიები „რუსთავი 2“ და „იმედიც“ . ამასთან, „გლობალ TV“ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ვრცელდებოდა.
„მთავრობასთან ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ოპოზიციური ფრონტი ჩამოყალიბდა და „გლობალ TV“ „მე-9 არხის“ გაშუქებასაც დათანხმდა. 2012 წელი ყველაზე პრობლემატური იყო ჩვენთვის მთავრობასთან ურთიერთობის თვალსაზრისით“.
ალექსანდრე რონჟესი ადასტურებს, რომ კომპანია „გლობალ ტვ“-ის საქართველოს მასშტაბით დამონტაჟებული ყველა სატელიტური ანტენის ჩამოხსნა მოუწევს, რაც მათი ბიზნესის დახურვას ნიშნავს და, რაც მათ სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი-2"-ისა და „იმედის“ მიერ მარტში შეტანილი სარჩელის საფუძველზე დააკისრა. 2012 წლის მარტშივე მათ „რუსთავი-2“-ს, „ახალი არხის“, „მზის“, „საქართველოსგან“ მიიღეს წერილი, რათა შეეწყვიტათ მათი სიგნალის ტრანსლირება. ეს მაშინ, როცა თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ტრანსლირების სრულად შეწყვეტა შეუძლებელია.
„გლობალ TV“-სთან დაკავშირებით პრობლემების კასკადი კვლავაც გრძელდება. ალექსანდრე რონჟესის ეჭვებს ისიც აძლიერებს, რომ ერთდროულად 50-მდე სახელმწიფო სტრუქტურამ გაწყვიტა მათთან კონტრაქტი. მართლია, „გლობალ TV“-სთან კონტრაქტის გაწყვეტა თავად აბონენტის პრეროგატივაა, მაგრამ ის ფაქტი, რომ 50-ვემ ეს მოახდინა ერთსა და იმავე პერიოდში, ეს ალექსანდრე რონჟესის თქმით, მათთვის ნათელი მესიჯია. ამასთან, ამ კომპანიას აუკრძალეს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის უფლება და გაკოტრების წინაშე დააყენეს.
გარდა ამისა, „გლობალ TV“-ს უცხოელი მეწილის თქმით, მთავრობისაგან დაქირავებულმა კერძო კომპანიამ მათი შენობის დაკავება მოახდინა და მათ დღემდე არ უშვებენ შენობაში.
„რამდენიმე თვეში მოახერხეს, აღნიშნული ბაზარი დაგვეტოვებინა. ეს მაშინ, როცა საქართველოს 180 ათასი მომხმარებლიდან 11 ათას მომხმარებელს ვემსახურებოდით, რაც ბაზრის 6 %-ია... თუ „გლობალ TV“-ს ნორმალური მუშაობის საშუალებას მისცემენ, იგი ბიუჯეტის ერთ-ერთი წყარო გახდება და ადამიანებსაც დაასაქმებს. ჩემი, როგორც უცხოელი ინვესტორის, წახალისება უნდა ხდებოდეს, რომ საქართველოში ინვესტიცია განვახორციელო, თუმცა სახელმწიფოს გზავნილი მედიაში ინვესტორების მხრივ უარყოფითია. მე არ ვარ ქართველი, ვარ ამერიკის მოქალაქე, ჩემს ქვეყანაში დაცულია ადამიანის ძირითადი უფლებები. მაღელვებს ქართველი ხალხის მდგომარეობა, მთავრობა არაფერს აკეთებს სიტყვის თავისუფლების დასაცავად. ურჩევნია, გაანადგუროს კომპანია, ვიდრე ნორმალური განვითარების საშუალება მისცეს“, - აღნიშნა ალექსანდრე რონჟესმა.
ტელეკომპანია „პირველი სტერეოსა“ და „სტერეო +“-ის დამფუძნებელმა დავით ზილფიმიანმა ერთი თვის განმავლობაში მისი კომპანიებისთვის შექმნილი პრობლემები მიმოიხილა. მისი თქმით, ზუსტად ერთი თვის წინ, 12 მაისს, სპეციალურმა ძალებმა მისი კომპანიის ოკუპირება მოახდინეს და „სტერეო + „ დღემდე ოკუპირებულია. მართალია, იქამდე „სტერეო +“-ს წარმატებული ბიზნესი ჰქონდა, მაგრამ ბიზნესის ნგრევა მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ „მე-9 არხთან“ გააფორმეს კონტრაქტი. ბუნებრივია, „მე-9 არხი“ მათთვის მრავალ კლიენტთა შორის ერთ-ერთი იყო და, ცხადია, სხვა ტელეკომპანიებისგან განსხვავებული ურთიერთობა ვერ ექნებოდა. თუმცა, ამის გამო, „პირველმა სტერეომ“ და „სტერეო +“-მა ყველა კლიენტი დაკარგეს. მრავალი არხის მაუწყებლობა შეწყდა, რომლებსაც ისინი მომსახურებას უწევდნენ, კომპანია, ფაქტობრივად, აღარც არსებობს, ტექნიკა თვითნებურად გამოურთეს და ექვსი წლის განმავლობაში აწყობილი ბიზნესი უხეში ძალის ჩარევით შეაჩერეს. ზილფიმიანის თქმით, სამაუწყებლო სიგნალის თვითნებურ გამორთვას ყველა ქვეყანაში ტერორიზმად აღიქვამდნენ.
„10 წუთში დირექტორი შეცვალეს, მეპატრონეთა გარეშე შეიჭრნენ კომპანიაში. ყველაზე აღმაშფოთებელი კი ის იყო, რომ ეს დავა ორ ფიზიკურ პირს შორის კი არ მომხდარა, არამედ ეს იყო სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ნაბიჯი, სადაც ქართველების უფლებებს გარდა, უცხოელ ინვესტორთა უფლებებიც ხელყოფილ იქნა, რომლებსაც დღემდე არ განუმარტეს, რატომ გაყარეს საკუთარი კომპანიიდან“.
„მე-9 არხის“ ხელმძღვანელმა კახა ბექაურმაც ჩამოთვალა დაარსების დღიდან მათთვის მიყენებული ხელშეშლის ფაქტები. მისი თქმით, არა თუ „მე-9 არხის“ სრულყოფილ ჩამოყალიბებაზეა საუბარი, არამედ მათ საცდელ მაუწყებლობასაც პრობლემები შეექმნა. დაახლოებით 2 მილიონი დოლარის ტექნიკა გაუნადგურეს, რომლის იმპორტსაც „მე-9 არხი“ ახდენდა. საბაჟო ტერმინალზე შესვლისას ამ ტექნიკას ლუქი ედო, საბაჟო ტერმინალიდან გასვლის შემდეგ კი ყველა ტვირთს ლუქი ახსნილი ჰქონდა და განადგურებული იყო. გარდა ამისა, პრობლემები შეექმნათ „მე-9 არხის“ რეგიონალური ოფისების გახსნისას. კერძოდ, ოფისების გამქირავებლებს ურეკავენ და „მე-9 არხთან“ კავშირის გაწყვეტას მუქარით აიძულებენ.
რაც შეეხება ხელისუფლების მეშვეობით შექმნილ მონოპოლისტ კომპანია „ბლექსისატს“, ბექაურის თქმით, იგი ცდილობს, „მე-9 არხისა“ და „თურქსატის“ კონტაქტი არ დაუშვას. მეტიც, „ბლექსისატმა“ წერილიც მისწერა „თურქსატს“, რომ „მე-9 არხთან“ პირდაპირი მომსახურება გაეწყვიტა, მაგრამ, „თურქსატსა“ და „მე-9 არხს“ შორის კონტრაქტი არსებობს, რის საფუძველზეც, „თურქსატმა“ პირდაპირი მომსახურება უნდა განახორციელოს.
ადვოკატ სანდრო ბარამიძის განმარტებით, „მე-9 არხის“ ტექნიკის მწყობრიდან გამოსასვლელად სულაც არ იყო საჭირო მათი დამტვრევა, არამედ სრულიად საკმარისი იყო მათი სპეციალურ ელექტრომაგნიტურ ველში გატარება და გაფუჭება.
მართლია, for.ge-ს საპასუხოდ, ადვოკატი აცხადებს, რომ კომპანიების დაზარალებულ მეპატრონეებს სახელმწიფოსგან მიყენებული ზარალის გამო სისხლის სამართლის საქმე არ აღუძრავთ, მაგრამ სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობა იყო, მომხდარზე რეაგირება მისი გახმიანების შემდეგ თავადვე მოეხდინა. ადვოკატს საქართველოში სიმართლის პოვნის იმედი არ აქვს, ამიტომ საქმეში ევროსასამართლოს, საერთაშორისო ორგანიზაციების, ეუთოს, აშშ-ს მთავრობის ჩართვის იმედი აქვს.
For.ge-სთან საუბარში დავით ზილფიმიანი აღნიშნავს, რომ მისმა პარტნიორმა იტალიელმა ინვესტორებმა საქართველოში სამართალი ვერ იპოვეს და კანონდარღვევით წარმოებულ არაერთ საქმეზე წარმოება ჯერ არ დაწყებულა. ამიტომ, იტალიელებმა რომის სასამართლოს მიმართეს, საქმე სტრასბურგშიც გაიგზავნება და ავტომატურად დამოკიდებული იქნება იმ გადაწყვეტილებაზე, რასაც იტალიის სასამართლო გამოიტანს.
„სიმართლის დადგენა ძალიან მარტივია. სიმართლე თქვენც იცით და საზოგადოებამაც. სიმართლის გარკვევა საქართველოშივე მიღწევადი იქნებოდა, გული რომ გულობდეს. მაგრამ ამ სიმართლეს საქართველოს ფარგლებს გარეთ ვიპოვით, იტალიაში ერთ თვეში ჩატარდება სასამართლო პროცესი. პირადად მე იტალიის ელჩის დიდი იმედი მაქვს და ინვესტორებთან - მარკ კუპოლეტისა და ლუკა რევერინისთან ერთად იტალიის ელჩს უკვე შევხვდი“, - აღნიშნა დავით ზილფიმიანმა For.ge-სთან საუბარში.