სანამ ორ საპრეზიდენტო ვადას არ მოიცვლის, შალვა ნათელაშვილი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. მეტეხის ეკლესიასთან სიმბოლურად დაგეგმილ საგანგებო ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა ფულზე გაუყიდავ და ნატოსა და ამერიკის უკანალში არამძრომელ ადამიანებს პოლიტიკიდან წასვლით იმედი არ გაუცრუა, ხოლო იმ ადამიანებს, ვინც მისმა პოლიტიკიდან შესაძლო გაუჩინარებამ გაახარა, რატომღაც სააკაშვილის საყვარელი გამოთქმით უპასუხა: „ვერ მოგართვით, მეგობრებო!“
მანვე ორი ბარაბას მისამართით მუქარის ტონი არ დაიშურა, ერთი მათგანი, ამ შემთხვევაში, სააკაშვილია, მეორე კი, ნათელაშვილის ახალი სამიზნე - ივანიშვილი. სანამ ბარაბა სააკაშვილის და ბარაბა ივანიშვილის სასახლეებს არ დავანგრევთ, საქართველოს არაფერი ეშველება",- მკაცრად მოჭრა ნათელაშვილმა. თუმცა, ეტყობა, მიშას სასახლე დასანგრევად მაინც დაენანა, მისკენ ხელი გაიშვირა და, ხალხის ფულით აშენებული სასახლის ისევ ხალხისთვის გადაცემის პირობა დადო, სადაც განთავსდება საქართველოს მუზეუმი კუთხეების მიხედვით და განლაგდება აფხაზეთის განყოფილება საინგილომდე. მანამდე კი სააკაშვილის რაიხსტაგზე“ იგი ლეიბორისტული გამარჯვების დროშების ატანას აპირებს, იმ დროშების, რომელთ გაუჩინარებამაც ლეიბორისტების მტრებს მოჰგვარა, შალვა პოლიტიკიდან მიდისო. სინამდვილეში, ლეიბორისტებმა დროშები უკვე გარეცხეს და მათ ოფისზე ისინი კვლავაც აფრიალდება.
„პრეზიდენტს სამოთახიანი ოფისიც რომ კარგად ეყოფა“, - ეს შალვა ნათელაშვილმა უკვე წინასწარ განსაზღვრა, მანვე ისიც გაიხსენა, რომ ყაჩაღები და მძარცველები, ისევე, როგორც იმპერიები, ჩვენზე პატარა ერებმაც კი დაამარცხეს და ამის მაგალითად ლათინური ამერიკა, მექსიკიდან კოსტარიკამდე მოიყვანა. აქვე თავის აქტივისტებსა და მხარდამჭერებთან ერთად წინასაარჩევნო სტარტი გამოაცხადა.
„ასარჩევი ბევრი არაფერი გვაქვს. ან ჩვენ, ან - ისინი. დარწმუნებული ვარ, ყველა, ვინც გაყიდული არ არის, ჩვენ დაგვიდგება მხარში“,- სწამს შალვა ნათელაშვილს, ისევე, როგორც დარწმუნებულია პარტიის უკვდავებაში. სანამ საქართველო იარსებებს, ამ პარტიას დაშლა არ უწერია, მით უფრო, რომ ტერიტორიები დასაბრუნებელია, მას კი ორი საპრეზიდენტო ვადა აქვს მოსაცვლელი. ისტორიის ერთი შანსი ქართველებმა ვერ გამოიყენეს და მძარცველები ვერ მოიშორეს, ახლა კი ეს შანსი მეორედ გამოჩნდა. ამისთვის ლეიბორისტები თავგანწირვაზეც არ იტყვიან უარს. 20 წლის მანძილზე ლეიბორისტებს არ დაუსვენიათ, წინა კვირას კი მათ ჩრდილში ყოფნა და პარტიული საქმეების მოგვარება არჩიეს.
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისის საარჩევნო შტაბს კახა ძაგანია უხელმძღვანელებს, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის და მესხეთ-ჯავახეთის შტაბს - პაატა ჯიბლაძე, კახეთისა და ქვემო ქართლის შტაბს – სოსო შატბერაშვილი, იმერეთს, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის შტაბებს უხელმძღვანელებს გიორგი გუგავა, სამეგრელო, ზემო სვანეთს – კონსტანტინე გუგუშვილი, ხოლო აჭარისა და გურიის საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელი იქნება დავით რობაქიძე.
for.ge შალვა ნათელაშვილს ესაუბრა.
- ხალხი შეჩვეული იყო, რომ ამ 20 წლის მანძილზე ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობდით. ბუნებრივია, ერთკვირიანმა ჩაკეტვამ და ორგანიზაციულმა მომავალი საარჩევნო პლატფორმის გარშემო იდეოლოგიურმა მუშაობამ ვნებათაღელვა გამოიწვია. დღეიდან საჯარო მუშაობა ჩვეულებრივ სტარტზეა და ტრადიციული ბრიფინგებიც გაიმართება. სანამ საქართველოს არ გადავაქცევთ ნეიტრალურ სახემწიფოდ, რომელიც არ შეძვრება არც ნატოში, არც სხვა სამხედრო პოლიტიკურ ალიანსში და არ დაიწყებს ფეხების ლოკვას, სანამ ადამიანებს არ ექნებათ ნორმალური სამსახური, სანამ სწავლა, ავადმყოფის მკურნალობა არ იქნება უფასო, სანამ ჩინელებზე გაყიდული მიწები არ დაბრუნდება, ჩვენ არსად ფეხის მოსვლას არ ვაპირებთ. ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება სააკაშვილის პროამერიკული ხროვის შეცვლა და ახალი პროამერიკული ხროვის ხელისუფლებაში არ დაშვება, შემდგომ ყველა საკითხს მივხედავთ. ოღონდ ეს ხროვა მოვიცილოთ, რომელიც ამერიკული მხარდაჭერისა და გრანტების საფუძველზე საქართველოს წირავს და ქვეყანა სუპერმარკეტად წარმოუდგენია, სადაც შეიძლება, ერთნაირად გაყიდო ადამიანიც და ეროვნული სიმდიდრეც, ტყეც და ჭალაც, სახნავიც და სათიბიც.
ხელისუფლებაში მოსვლის შანსი რამდენად გაქვთ?
- ხელისუფლებაში მოსვლის შანსი ყოველთვის გვაქვს, თუ არ მოხდა ტოტალური გაყალბება, რაც აქამდეც ხდებოდა; თუ ამერიკულმა იმპერიალიზმმა არ აიღო ხელი საარჩევნო ყუთებში ხელის ფათურისგან. თუ არ მოვედით ხელისუფლებაში, ისევ ისე განვაგრძობთ ბრძოლას, როგორც ვაგრძელებდით ეს 20 წელი. ჩვენ პოლიტიკაში იმისთვის არ ვართ, რომ თანამდებობები დავირტყათ, მერე სხვა ბლოკს შევუერთდეთ, იქიდანაც შევძვრეთ მთავრობაში, მერე გადმოვიდეთ ოპოზიციაში, მერე ისევ მოვიდეთ სხვადასხვა სახელებითა და აბრევიატურით, არამედ პოლიტიკაში მოვედით იმისთვის, რომ საქმე გავაკეთოთ და არ წავიდეთ.
ამ ავბედითი 20 წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველომ თუ რაიმე შედეგს მიაღწია, ეს გახლავთ ლეიბორისტული პარტიის, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება, რომელიც ლერწმის ფოთოლივით არ იხრება, ხელისუფლებაში არ მიდის პროვოკაციული რევოლუციებით და მერე ისევ ოპოზიციაში არ გამორბის.
„ქართული ოცნების“ აქციებთან დაკავშირებით თქვენ ახსენეთ, რომ, თუ ეს აქციები რეალურად შეცვლის რეჟიმს, მიესალმებით, მაგრამ, თუ ეს აქცია მიმართულია ხალხის კიდევ ერთხელ მოსატყუებლად, დაგმობთ. რადგან კავშირი „თუ“ ახსენეთ, ე.ი. ეჭვობთ, რომ შესაძლოა, ივანიშვილმა შეცვალოს რეჟიმი?!
- აქციები რეჟიმს ვერ შეცვლის, რეჟიმი იცვლება არა ერთსაათიანი შეკრებით, რეპით და ტაშ-ფანდურით, არამედ რამდენიმე კვირიანი, თუ არა რამდენიმე თვიანი, დაბანაკებით თბილისის ცენტრში, პარლამენტის და პრეზიდენტის სასახლის ალყაში მოქცევით, ბლოკირებით, მხოლოდ ამ შემთხვევაში, წავლენ ესენი. სხვა შემთხვევაში, გინდა ათი მილიონი კაცი გამოვიდეს, ისინი იცეკვებენ, ითამაშებენ და წავლენ დაიმედებულნი. ყალბი იმედი კი ყველაზე საშიში რამ არის, განსაკუთრებით პოლიტიკაში, და ამით დამთავრდება ეს საქმე. ახლა ჰილარი კლინტონის ჩამოსვლის წინ ეს ხალხი რომ 27-ში არ გაეშვათ, მე შენ გეტყვი, ახლა ივანიშვილს არ ჰქონდა თანხა, რომ ბორჯომი მაინც მიეტანათ საწყალი ხალხისთვის, იქ მყოფებისთვის, და ჰილარი კლინტონს დახვედროდა რუსთაველზე კარვები და ასეულ ათასობით ადამიანის მჯდომარე აქცია, დამერწმუნეთ, სააკაშვილი დღეს აღარ იქნებოდა, რეჟიმის ბედი გადაწყვეტილი იქნებოდა.
ასეთი გზა ჩვენ უკვე გავიარეთ, აშშ-ის უმაღლესი პირების ჩამოსვლისას კარვებიც ყოფილა და აქციიებიც, მაინც არაფერი შეცვლილა და რატომ გგონიათ, რამე შეიცვლებოდა მაინცდამაინც ივანიშვილის აქციისას?
- მე არ ვიცი, თქვენ რა გაიარეთ, მაგრამ სააკაშვილი არჩევნების გზით არ წავა. არჩევნები ეს არის სააკაშვილის მოედანი და, როცა მას არჩევნებზე შეყვა ეს მეოცნებეების ბლოკი, ეს ნიშნავს იმას, რომ ნიკა სააკაშვილი ვერ გაუკეთებდა იმხელა სიკეთეს მიხეილს, რაც გაუკეთა ივანიშვილმა. მის მინდორზე შეჰყვა და შეაყოლა ხალხი. არჩევნებამდე თუ ამათ არ დაამხობ და არ დაამარცხებ, თუ არ დაუკარგავ გაყალბების სურვილს, არ დააპარალიჩებ პროკურატურას, პოლიციას, მინისტრებს, დამერწმუნეთ, რომ არჩევნების დღეს, უფრო სწორად, საღამოს, სხვანაირად ვიქნებით გაოცებულნი, მაგრამ ეს იქნება სხვანაირი გაოცება.
ექსპერტებისგან არაერთგზის გვსმენია, რომ აქციები სწორედ სააკაშვილის მოედანია. რა გარანტიაა, რომ თქვენ ხართ მართალი და არა ექსპერტები, რომლებიც სააკაშვილის მოედანზე გასვლას არ ურჩევენ ივანიშვილს?
- აქციები სააკაშვილის მოედანი არ არის, თუ ის აქცია არ გაიყიდა, თუ ის აქცია ერთ საათში არ დაიშალა და გაგრძელდა ერთი კვირა, ორი კვირა, სამი კვირა. აგერ, ჯვარი გვწერია, მაგრამ გადახედეთ, სირიაში აქციებით დაიწყო და უკვე წელიწადია, ომი მიდის. 12 ათასი კაცია დაღუპული, ასადი არ მიდის კიდევ და თქვენ გგონიათ, ეს ასადზე ნაკლები გიჟია?! ასე, ქუთაისში, ოზურგეთში ერთი შეკრებით რომ სააკაშვილი მიდიოდეს... ახლა კვდება სიცილით.
მაგრამ ქართველებისა და სირიელების მენტალობა განსხვავებულია. ამ ბოლო დროს ქართველებს ქუჩის აქცებზე გასვლის იდეა არ ხიბლავთ და არც სასაკლაოდ აქცევენ ქვეყანას.
- ვის არ უყვარს მიტინგებზე გასვლა?! რას ლაპარაკობთ, საბჭოთა კავშირი დაანგრიეს ქართველებმა მიტინგებით. აქ რომ მიტინგები დაიწყო, პრიბალტიკას, შუა აზიას და მოსკოვს ეძინა.
მაშინ ახლა რატომ შეეცვალათ განწყობა და აქამდე მოწყობილ ყველა აქციაზე რატომ გამოდიოდა მინიმალური რაოდენობის ხალხი?
- საქმე ისაა, რომ პოლიტიკოსებმა არაერთხელ გაუცრუეს ხალხს იმედი, როდესაც აქციებიდან გავარდნენ სავაჭროდ მერაბიშვილთან და სააკაშვილთან, ხან შავნაბადაზე, ხან შსს-ს შენობაში იყვნენ და ამ ხალხს ყელში ამოუვიდა ამდენი ვაჭარი და სულგაყიდული პოლიტიკოსი. ეს ხალხის ბრალი კი არ არის. რაც ჩვენს თავს ხდება, პოლიტიკოსების ბრალია. ყველა ჩვენგანს მიგვიძღვის წვლილი, მეტ-ნაკლებად.
ხომ არ გიცდიათ, დალაპარაკებოდით ბიძინა ივანიშვილს და გაგერკვიათ, რატომ არის თქვენდამი ნეგატიურად განწყობილი, რატომ არ გთვლით რეალურ ოპოზიციურ ძალად? იქნებ, მისდამი დამოკიდებულება მოგეგვარებინათ პირადი ურთიერთობით და არა ასე აფიშირებულით?
- რეალურ ოპოზიციურ ძალებად ეს სუბიექტი თვლის ორკაციან, მრავალჯერ გაყიდულ და გადაყიდულ პარტიებს, რომლებიც მზად არიან, ხელის ბიჭებად დაუდგნენ და დაემონონ იმის გამო, რომ ბევრი ფული აქვს. სხვა არანაირი უპირატესობა ამ კაცს არ გააჩნია, თქვენ წარმოიდგინეთ, უფულო ივანიშვილის დაძახებაზე მისი ბიძაშვილები არ გავიდოდნენ ქუჩაში.
მისი ქველმოქმედება ხომ ფაქტია, იგი ამდენ ადამიანს ეხმარებოდა.
- შესაბამისად, ჩვენ მის ხელის ბიჭებად ვერასოდეს გადავიქცევით, ამ პრინციპითაც. რაც მთავარია, ის გახლავთ ამერიკიდან ოპოზიციად დანიშნული ძალა, რომელსაც უთხრეს, თუ გინდა მანჰეტენის ბანკებში გადმოქაჩული შენი ფულები გარანტირებულ იქნას და არ გავყინოთ ანგარიში, პროამერიკულ ძალებს, ჩვენს უსუფაშვილს, ჩვენს თინიკოს, ბერძენიშვილებს, ალასანიას დააფინანსებ, გვერდში დაუდგები პარლამენტში შეიყვან და დანარჩენი ჩვენ ვიცით და ჩვენმა ვაჟკაცობამ.
კოალიციაში მრეწველებიც არიან, პროქართული ძალებიც.
- მრეწველები არიან ცნობილი ვაჭარი ძალა,რომლებმაც ლუდით არაერთხელ მოატყუეს ხალხი. მრეწველებზე მიდევნება დამთავრდა იმით, რომ ტყემალაძის შვილი მესამე საკრებულოში კომისიის თავმჯდომარეა უკვე და ხალხს ლუდიც არ დარჩა. ყველა ვაჭარმა იქ მოიყარა თავი.
საიდან ასკვნით, რომ ივანიშვილი პროამერიკული ძალაა? ქართული ოცნება ჰქვია მის პარტიას, დასათაურებაც სპეციალურად შემოგდებული შეცდომაა და არ არის რეალურად „ქართული ოცნება“ ქართველებისთვის ?
- ქართული ოცნება არის ის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი მიწა-წყალი. უთქვამთ, რომ პრივატიზებულ ჭალებს, ტყეებს, წყლებს ჩამოართმევენ და გადასცემენ ხალხს?! ამას როგორც კი იტყვიან, ეგრევე, ამერიკა დაადებს ვეტოს.
ბიძინა ივანიშვილს სოფლის მეურნეობაზე, ტერიტორიების დაბრუნებაზე აქვს კონცეფცია.
- კაი ახლა, კონცენფციები იმდენი აქვთ... ჰიტლერს ჰქონდა შესანიშნავი კონცეფციები. საქართველოს გადარჩენა მდგომარეობს, რომ არ შევძვრეთ ნატოში, თავი დაანებეთ ამერიკასთან ღლიცინს და რუსეთის გაგიჟებას. კაცი გამოდის და ამბობს, ნატოში შევა საქართველო და უფრო მაგარი პროამერიკელები გავხდებითო. ეს ხომ ფაქტია. კენჭისყრაზე გავიტანე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საკითხი ავღანეთიდან ჩვენი ბიჭების გამოყვანის თაობაზე რეფენდუმის ჩატარების მიმართებით და წინააღმდეგ მოგვცეს ივანიშვილის კომისიის წევრებმა ხმა. რა განსხვავებაა ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის? გარდა იმისა, რომ ფიზიონომიურად სხვადასხვანი არიან?
ივანიშვილის კომისიის წევრებისგან ვინ მოგცათ წინააღმდეგი ხმა?
- ივანიშვილის კომისიის წევრებად ითვლებიან მის კოალიციაში მყოფი პოლიტიკური პარტიები-რესპუბლიკელები, მრეწველები, ყველამ ასწია ხელი ნაცმოძრაობასთან ერთად. ასე მოხდება, მივლენ პარლამენტში, დაიყოფენ კომიტეტებს ჯერ, მერე მთავრობებს, ძირითად საკითხებზე-ნატო, ქონების დაბრუნება, გადასახადების შემცირება, ისინი თანამოაზრეები იქნებიან. მაპატიეთ და, მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონებიც უპირისპირდებიან ერთმანეთს ვაგზალზე.
თქვენ ახსენეთ „რესპუბლიკელები“ და სხვები, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს მათ მიმართაც აქვს შენიშვნები და კორექტირები, და მანაც აღნიშნა, რომ არ არიან ისინი მთლად სრულყოფილნი, იქნებ, მათი „ცოდვები“ მათ მოჰკითხოთ და არა ივანიშვილს?
- რაც შეეხება ივანიშვილის შენიშვნას რესპუბლიკელებზე, მე ვიტყოდი, რომ ივანიშვილთან შედარებით, რესპუბლიკელები პოლიტიკაში არიან გრანდები. ეს მოგვევლინა, კინოში რომ არის წმინდა მიქელად, რომ დაბრუნდა ვითომ წმინდა მიქელა საიქიოდან და დაიწყო გარჩევა, ვინ არის ნაღდი ოპოზიცია, ვინ მტყუანი ოპოზიცია, ვინ საშუალო ოპოზიცია, ვის რა ნაკლი აქვს. ამ დროს ამ კაცმა დააფინანსა ვარდების რევოლუცია, სააკაშვილის მოსვლა ხელისუფლებაში, მერაბიშვილის რეპრესიული მანქანა, 2008 წლიდან გავებუტე მიშას და კონტაქტი არ მქონიაო და 2008 წლის შედეგ 4 მილიონი გადაურცხა სანდრა რულოვსის. ამიტომ ეს ადამიანი საკუთარი ცოდვებისგან პასუხისმგებლობის დახსნის გზებს ებრძვის, ამიტომ სულგაყიდული პარტიები აიფარა.
თქვენ არ გჯერათ, რომ ივანიშვილმა აზრი შეიცვალა მიშასთან დამოკიდებულებით, ისევე, როგორც - ქართველი ერის უმეტესობამ ვარდების რევოლუციის ეიფორიის შემდეგ?
- ამ წუთშიც რეგულარული კონსულტაციები მიდის მერაბიშვილსა და ივანიშვილს, ბოკერიასა და ივანიშვილს შორის და ამ კონსულტაციების შუამავალია ამერიკის ელჩი და ირაკლი ალასანია.
საიდან ფლობთ ამ ინფორმაციას? რეალურად იცით ამის შესახებ?
- რეალურად, აბა, ნახეთ მერაბიშვილს, ბოკერიას, ივანიშვილს რამდენჯერ აქვთ ერთმანეთთან დარეკილი მობილურით, მოვა დრო და იმ დანარეკებს ამოვიღებთ.