აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის კავკასიური ტურნე დასრულებული არ იყო, როდესაც კავკასიაში ვითარება შეიცვალა, მთიან ყარაბაღში სიტუაციის გამწვავებასა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტს შორის მჭიდრო კავშირს ხედავს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ სწორედ ამავე ვიზიტის შედეგია ხელისუფლების სამოქმედო ტაქტიკის შეცვლა და ნაციონალური ხელისუფლების მხრიდან „ქართულ ოცნებასა“ და მის ლიდერზე ზეწოლის გაძლერება.
სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, თუ ხელისუფლებას ძალაუფლების შესანარჩუნებლად დასჭირდება, ის ყველაფერზე წავა და მათ შორის გლობალური სტრატეგიული მიმართულებების შეცვლაზეც არ იტყვის უარს.
ბატონო სოსო, როდესაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ტელეეთერში კითხვა დაუსვეს ოპოზიციასა და საარჩევნო გარემოზე, მისი პასუხი იყო, რომ ის აღფრთოვანებული დარჩა იუსტიციის სახლით, რომელიც მან ბათუმში ნახა და როდესაც ხალხს ასეთ რამეს უშენებ, როგორ შეიძლება მან ხმა არ მოგცეს. კლინტონის პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ, როდესაც ასეთი აღმშენებლობაა საქართველოში, არ არსებობს არაკონკურენტუნარიანი გარემოს საჭიროება. შეიძლებოდა თუ არა, ასეთი შეფასებები „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარ მხარდაჭერად აღექვა?
- რჩება შთაბეჭდილება, რომ საეჭვოა დემოკრატად მიაჩნდეს ქალბატონ კლინტონს ის ხელისუფალი, რომელიც ეგვიპტეში პირამიდებს აშენებინებდა. ძნელია საუბარი იმაზე, რომ მასშტაბური მშენებლობა რაიმე სახის პირდაპირ დამოკიდებულებაში იყოს დემოკრატიასთან. ჩვენ გვახსოვს რა ოდენობის სამუშაოები აქვთ შესრულებული გულაგის არქიპელაგის ტყვეებს და პატიმრებს, მაგრამ როდესაც მთელ ქვეყანაში აღმშენებლობის სიმბოლოდ ითვლება პოლიციის შენობები, გამჭვირვალე კედლებით და შავ-ბნელი სარდაფებით ვფიქრობ, დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად ჩამოსული მაღალჩინოსანი პოლიტიკოსისგან უფრო უკეთ შეიძლებოდა ყოფილიყო განმარტებული საზოგადოებისთვის, რას უნდა ვაყენებდეთ პრიორიტეტად - ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას თუ მშენებლობის უკიდეგანო მასშტაბებს, რომელიც არც ბიუჯეტში ეტევა, არც შრომის ანაზღაურების პუნქტუალობით გამოირჩევა და არც რაიმე ტიპის საკუთრების მიმართ პატივისცემის გამომხატველია.
ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილმა წერილით მიმართა აშშ-ს საელჩოს, სადაც ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა შეხვედრა არ შედგა. ეს არის თუ არა რაიმე განწყობის გამოხატულება აშშ-ს მხრიდან?
- მართალი გითხრათ, ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ, რადგან არსებობს სრულიად მკაფიო პროტოკოლი ამ რანგის პოლიტიკოსების ვიზიტისას და ადამიანი, რომელსაც ფორმალურად არ უკავია რაიმე შესაბამისი თანამდებობა, არ არის არც ერთი პარტიის ფორმალური ლიდერი, არ გააჩნია ქვეყანაში მოქალაქეობა, მიუხედავად იმისა, როგორ ეკიდებიან ფაქტს, სრულიად თვალსაჩინო იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებისთვის პროტოკოლის დარღვევით ინდივიდუალური შეხვედრა რომ გამართულიყო ბატონ ივანიშვილთან.
სრულიად კორექტული წერილით აცნობეს ბატონ ივანიშვილს, რატომ ვერ მოხდებოდა შეხვედრა ინდივიდუალურ რეჟიმში და იქვე დასძინეს, რომ ამერიკის მხარისთვის სრულიად გასაგები იქნებოდა, თუ ის ამ ფორმატში შეხვედრაზე არ დათანხმდებოდა, რაც პრაქტიკულად, წინასწარ ბოდიშის მოხდის ტოლფასია.
ასეა თუ ისე, ქალბატონი კლინტონი, რომელიც ნოემბრის პირველ ოთხშაბათამდეა დიდ პოლიტიკაში, როგორც თავადვე თქვა, და აღარ აპირებს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დარჩენას ობამას წარმატების შემთხვევაშიც, არანაკლებ უნდა ყოფილიყო ასეთ შეხვედრით დაინტერესებული, ვიდრე პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის პრეტენზიის მქონე ივანიშვილი, რადგან ერთი წარმავალი პოლიტიკოსია, მეორე კი პირიქით, მოსვლას აპირებს დიდ პოლიტიკაში.
ასეა თუ ისე, იმდენად წარმომადგენლობითი იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ მონაწილეობა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას, არ მგონია, ვინმეს დარჩენოდა შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნების“ სათქმელი ვერ მივიდა სახელმწიფო მდივნამდე.
თუმცა ოპოზიციაც არ ჩანდა ამ შეხვედრის შემდეგ ისე ოპტიმისტურად განწყობილი, როგორც სხვა შეხვედრებისას გვიხილავს ხოლმე...
- ძნელია ილაპარაკო რაიმე კმაყოფილებაზე, როდესაც ყველაფერი კარგად არის ცნობილი ორივე მხარისთვის და აზრთა სხვადასხვაობასაც პრაქტიკულად, ადგილი არ აქვს. ასეთ ვითარებაში მთავარია ნაბიჯები, რომელსაც გადადგამს ხელისუფლება და არა ემოციები და მოლოდინები, რომელსაც გამოხატავს მაღალი რანგის სტუმარი, ან თუნდაც ცამდე მართალი ოპოზიცია.
კლინტონის კავკასიური ტურნეს შემდეგ ვითარება შეიცვალა საქართველოში, ვგულისხმობ ხელისუფლების დამოკიდებულებას ოპოზიციისადმი, ვითარება შეიცვალა კავკასიაშიც. აქდან გამომდინარე, საინტერესო იქნებოდა შეფასება, რა იყო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტის რეალური მიზეზი და შედეგი...
- ძალზე თვალსაჩინოა სამხრეთ კავკასიაში კლინტონის ვიზიტის მიმართ გაღიზიანება. ჩვენ მუდამ ვსაუბრობთ რუსეთის ხელისუფლების კვალზე. დღეს შეგვიძლია, ვილაპარაკოთ როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს ხელისუფლების გაღიზიანებაზე ამ ვიზიტით.
შეიარაღებული დაპირისპირების დამთხვევა სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის, რასაკვირველია, შემთხვევითი არ არის.
არც ის არის შემთხვევითი, როგორც კი ჰაერში აფრინდა ქალბატონ კლინტონის თვითმფრინავი, დაიწყო გაუგონარი დევნა „ქართული ოცნების“ და პირადად ივანიშვილის მიმართ სრულიად დაუშვებელი ფორმით და ინდივიდუალურად მისთვის შეთითხნილი კანონების მეშვეობით.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაკარგა აშშ-ს მხარდაჭერის იმედი ამ შეხვედრის შემდეგ. კულტურული ფიგურა გახლავთ ქალბატონი კლინტონი, ღიმილით ხვდება როდესაც მას აჩვენებენ დიდოსტატთა ნამუშევრებს და როგორ უნდა იქცეოდეს სტუმარი, მას ეს არ ესწავლება. მოხარული ვარ, რომ ამ შემთხვევაში მასპინძლობაც ღირსეული იყო და მისი ძირითადი მასპინძელიც ადექვატური იყო იმ სიტუაციაში.
გამოითქვა მოსაზრება, რომ არეულობა მთიან ყარაბაღში სწორედ კლინტონის ვიზიტის შედეგია, რა შეიძლებოდა, მომხდარიყო?
- ვფიქრობ, ეს მოვლენები პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან, გამომდინარე თუნდაც იქიდან, როგორი ყეფა გამოიწვია რუსეთის საგარეო სამინისტროს მხრიდან ქალბატონ კლინტონის საქართველოში ჩამოსვლამ და ამ ვიზიტის შედეგებმა.
რასაკვირველია, აქ თავისი ლეიტმოტივი გააჩნდა იმ ფაქტსაც, რომ ამ ვიზიტის თარიღი გამოცხადდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა 7 მილიონის ნაცვლად 300 მილიონამდე გაუძვირა რუსეთს რადიოსალოკაციო სადგურის იჯარის ღირებულება. როდესაც ადრე პუტინი თავად სთავაზობდა აშშ-ს ამ რადიოლოკაციური სადგურის ერთობლივ გამოყენებას და სამხრეთის მიმართულებით სარეკეტო აქტივობის გაკონტროლებას, ცხადია, ახლა არსებობს საფრთხე, რომ ეს სადგური აშშ-მ რუსეთისგან დამოუკიდებლად გამოიყენოს, უშუალოდ აზერბაიჯანთან მოლაპარაკების მეშვეობით. ამიტომ, ასეთი პროვოკაციები არც თუ იშვიათია იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც თავი ვერ უგრძვნია კომფორტულად დედამიწაზე და მუდმივად არაადექვატურ რყევეში ამყოფებს საკუთარ სახელმწიფოსაც და მეზობლებსაც.
როგორც წესი, მეორე მხრიდან ადექვატური რეაგირება მუდმივად ხდება ხოლმე. მე არ ვამბობ, რომ ეს მაინც და მაინც სროლა და ომი უნდა იყოს, მაგრამ მოიძებნება ხოლმე მიმართულება. ვფიქრობ, არამარტო მტკივნეული იქნება რუსეთისთვის ამერიკის გავლენის მკაფიო დაფიქსირება. არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს დნესტრისპირეთი ან გავლენის სფეროების შემცირება რუსეთისა ცენტრალური აზიის ქვეყნებში, მაგრამ ეს მიჩუმათებული და შეუფასებელი ამერიკის მხრიდან ნამდვილად არ დარჩება.
ასევე გასაკვირი იქნება ქალბატონი კლინტონისთვის, როგორ გავეშდა „ნაციონალური მოძრაობა“ ქალბატონ კლინტონის მიერ საქართველოს დატოვებისთანავე, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ მისთვის ვერანაირი დამამშვიდებელი პერსპექტივა ვერ მოინახა და საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ შანტაჟზე გადავიდა, რომ თუ ისინი არ იქნებიან ცნობილი ლეგიტიმურ ხელისუფლებად მომავალ არჩევნებზე, მათ არ გაუჭირდებათ სპეკულირება ქვეყნის ბედით. ეს შეიძლება იყოს ირანთან თამაშის გაღრმავება, გარკვეული შანტაჟი ავღანეთის ანტიტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის კუთხით. ამიტომ, ვფიქრობ, სახეზე გვაქვს მზაობა ქართული ხელისუფლებისა, რომ ისინი სავარძლებს ამჯობინებენ, ზოგადად ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
სხვათა შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ არ არსებობს არავითარი სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ ტერმინი „ოკუპირებული ტერიტორიები“ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ იქნეს გამოყენებული, შესაძლოა, ვივარაუდოთ რომ საქართველო მსგავს პროვოკაციებსაც წამოეგოს?
- დაახლოებით იმავე შინაარსის იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელიც უწუნებს ტერმინოლოგიას ქალბატონ კლინტონს. რამდენიც არ უნდა წერონ და იკითხონ რუსმა კანონმდებლებმა, ფაქტი ერთია, რომ საერთაშორისო კანონმდებლობას არავინ შეცვლის.
როდესაც კლინტონი საქართველოში ჩამოდიოდა, ბუნებრივია, საერთაშორისო პრესაში ამ ვიზიტს გამოხმაურება მოჰყვა, საკმაოდ საინტერესო იყო ერთი მოსაზრება, სადაც ნათქვამი იყო, უცნაურია, რომ ღატაკი საქართველოსთვის აშშ-ს ორი უძლიერესი ლობისტური კომპანია დაუპირისპირდა ერთმანეთს. სტატიაში ასევე ხაზგასმული იყო, რომ ერთმანეთს უპირისპირდებიან მიხეილ სააკაშვილი და პროპუსული ორიენტაციის მქონე მილიარდერი. რამდენად შესასძლებელია, რომ თუნდაც ლობისტების დახმარებით აშშ-ს ოპოზიციის საგარეო ვექტორის შესახებ გაუჩნდეს სერიოზული ეჭვები?
- რა თქმა უნდა, ამისი საფრთხე არსებობს, მქონდა საშუალება, ამერიკაში მცხოვრებ ევროპელ პოლიტოლოგთან ამ თემაზე მესაუბრა, და ის სწორედ ასეთ შესაძლებლობაზე მესაუბრებოდა, როდესაც ივანიშვილი ხშირად მოიხსენიება, როგორც რუსეთში, კორუფციულ გარემოში დაგროვილი მილიარდების მფლობელად. არ მგონია, ბევრად უკეთესი იწერებოდეს სააკაშვილზე. აქედან რა არის მართალი და რა არა, ამას ჩვეულებრივი ამერიკელი ობივატელი მარტივად ვერ გაიგებს და პოლიტიკოსებს სწორედ ის უნდა გამოარჩევდეს რიგითი ადამიანებისგან, რომ ჰქონდეთ უნარი, რეალური შეფასებები გააკეთონ.
კლინტონის წასვლისთანავე „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა გაიზარდა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები იმასაც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ივანიშვილის არჩევნებში მონაწილეობას ხელს არ შეუშლის. როგორ ფიქრობთ, ამ პოლიტიკით ხელისუფლებას რისი მიღწევა სურს?
- საკუთარი სავარძლის შიშით გამოწვეული გონების დაბნელება ჯერ კიდევ ბევრ წინდაუხედავ ნაბიჯს გადაადგმევინებს ხელისუფლებას და ყოველივე რომ აღიწეროს, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს, ამ ყველაფრის დაჯერება იქნება ძნელი რიგითი ამერიკელისთვის. რა ტიპის ხელის შეშლაზე შეიძლება იყოს გადასული დღევანდელი ხელისუფლება, ეს შეიძლება მხოლოდ ზურიკელა ადეიშვილის თავში მწიფდებოდეს, ამას სხვა ვერ მოიფიქრებს.
ვნახავთ ჩვენ, როგორ წარიმართება წინასაარჩევნო კამპანია სხვადასხვა ქალაქებში. უკვე მოწმე ვართ როგორ აპატიმრებენ ადამიანებს მაისურების მიხედვით და რა ცილისმწამლებლურ ბრალდებებს უყენებენ, რა ტემპში ინიშნება სასამართლოები და რა მოუმზადებელია თავად სასამართლო პროცესი. კომუნისტების დროს იყო პოპულარული გამოთქმა, „მიზანი ერთია დიადი, ნათელი“. ეს მიზანი არის სააკაშვილის და მისი თანამზრახველების მიერ საკუთარი სავარძლების შენარჩუნება.
როდესაც ოპოზიციაზე ზეწოლა ყოველდღიურად იზრდება, თანაც ქვეყანაში ჯერ არ არიან საერთაშორისო დამკვირვებლები, რომ ეს ყოველივე შეფასდეს, ხომ არ არსებობს საზოგადოების უიმედობაში ჩავარდნის საფრთხე, ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება იყოს საუკეთესო გამოსავალი?
- საჭიროა პროვოკაციებზე არწამოგება, ერთიანობა და სიმტკიცე, სოლიდარობა. ძალა ერთობაშიაო, ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ მიაჩნია, რომ მხოლოდ მისი ელიტის ერთიანობაა აუცილებელი წარმატებისთვის. არა ბატონებო, ძალა ერთობაშია, ნათქვამია ხალხისთვის, რომელსაც გააჩნია თავმოყვარეობა და რომელსაც კარგად ძალუძს თეთრისა და შავის გარჩევა ერთმანეთისაგან და რომელიც არის მოტივირებული, იცხოვროს ისეთ სახელმწიფოში, რომელიც არ იქნება შერცხვენილი საკუთარი ხელისუფლების მიერ პლანეტის მასშტაბით.
კიდევ ერთი პროვოკაცია წამოიწყო ხელისუფლებამ, სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ „გამოააშკარავონ“ როგორ „ურიგებს“ „ქართული ოცნება“ საჩუქრებს მოსახლეობას, რასაც შესაძლებელია, მასობრივი დაპატიმრებებიც კი მოაყოლონ. ამ ყველაფერს რა შეიძლება დაუპირისპიროს ოპოზიციამ?
- ვერ მიიღებს მასობრივ ხასიათს, რადგან არსებობს ცნება - კონკურენტუნარიანი გარემო. როდესაც ერთი მხარე მეორე მხარეს მდგარი ადამიანების ისტერიულ დაპატიმრებას იწყებს, რა კონკურენტუნარიან გარემოზეა ლაპარაკი, ეს მარტივად გასაგებია, მაგრამ ყველაზე უკეთ იგივე ამერიკელი თუ ევროპელი ამ ხელისუფლების ვერაგობას მაშინ მიხვდება, როდესაც მათ წინ გადაეშლებათ უამრავი ისტორია კერძო საკუთრების ხელყოფისა ამ ხელისუფლების მიერ. ის გაუსტუმრებელი ხელფასები მშენებლებისა, რომლებსაც სრულიად არაბუნებრივ რეჟიმში ამუშავებენ.
სამწუხაროდ, ხელისუფლებამ მოახერხა, იმდენი კომპრომატი დაეგროვებინა საკუთარი თავის წინააღმდეგ განვლილი წლების მანძილზე, რომ დღეს მათი კრიტიკაც ადვილია და არც დაუჯერებელი ნაბიჯების დაჯერება გაჭირდება, რადგან ერთი დანაშაული მეორეს წარმოშობს და შესაბამისად, დანაშაულის კატეგორიის საზღვრის მოშლა სამწუხაროდ, დღეს ჩვეულებრივ რეალობას ქმნის.
კიდევ ვიმეორებ, არ უნდა გაგვიკვირდეს არანაირი მზაკვრობა ხელისუფლებისგან, რომელიც არ ერიდებოდა 2007 წელს საავტომობილო გვირაბებში დაეყარა რკინის საგნები, რომ საბურავები დაზიანებულიყო და მასობრივად მომხდარიყო ავტომობილების შეჯახებები. ამას რომ ჩაიფიქრებს და განახორციელებს ხელისუფლება და ამის მერე წლების განმავლობაში რჩება დემოკრატიის შუქურად, რასაკვირველია, მართვის ეს რეჟიმი მუდმივი ვერ იქნება. ყველას მოუწევს საკუთარი პასუხისმგებლობის დადგომის დროს სინანული, რა მზაკვრობაც ჩაიდინეს ცხოვრების განმავლობაში.
ანუ თქვენი შეფასებით, ხელისუფლება ვა-ბანკზე მიდის?
- რასაკვირველია, ხელისუფლება მზად არის, გლობალური სტრატეგიული მიმართულებების შეცვლისთვისაც, თუ ეს მისთვის საჭირო გახდება და თუ ამერიკა სერიოზულ ზეწოლას შეეცდება მის წინააღმდეგ. ძალა მხოლოდ ქართველ ხალხშია, ძალა მისი მაღალი სულის და ურყევი ნების. მოტივირებული და მიზანდასახული ქმედებით ქართველ ხალხს შესწევს ძალა, ნებისმიერი უკანონობა აღკვეთოს და გაიმარჯვოს.