10 ივნისს ქუთაისში „ქართული ოცნების“ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის არყოფნას სახელისუფლებო მედია-საშუალებებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი და ამის მრავალი მიზეზიც შემოგვთავაზეს. თავად ეკატერინე ხვედელიძემ 9 ივნისს ჟურნალისტ თამარ ჩიქოვანის გადაცემაში სტუმრობისას პირდაპირ თქვა, რომ „ქართული ოცნების“ აქციაზე ქუთაისში წასვლას არ აპირებდა და ამგვარი გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიიღო. კერძოდ, ხვედელიძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს რომ რამე დაემართოს, მის დაწყებულ საქმეს მისი მეუღლე უნდა ჩაუდგეს სათავეში და ბოლომდე მიიყვანოს. ხვედელიძის თქმით, 27 მაისის აქციის შემდეგ ხელისუფლებამ „ქართული ოცნების“ ძალა დაინახა, რამაც მას შიში გაუღვივა და შესაბამისად, ხელისუფლების მხრიდან ივანიშვილის მიმართ წამოსული საფრთხეც გაიზარდა. სწორედ ამით ახსნა ეკატერინე ხვედელიძემ ის ფაქტი, რომ 10 ივნისის აქციაში მონაწილეობას არ მიიღებდა.
10 ივნისს ქუთაისის აქციაზე სცენის წინ სპეციალური დაჯავშნული მინა იყო დამონტაჟებული, რომელიც სცენაზე მყოფებს ხალხიდან მომავალი საფრთხისგან იცავს. ამასთანავე, აქციის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებს მუშაობა გარკვეული შეზღუდვებით მოუწიათ. კერძოდ, ჟურნალისტები აღშფოთებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ აქციის დროს შემაღლებული სცენიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით რკინის ბარიერი იყო აღმართული, რომლის იქითაც მხოლოდ ტელეკომპანიების, „მეცხრე არხის” და „მაესტროს”, აგრეთვე სააგენტო „ინფო-9”-ს ჟურნალისტებს შეეძლოთ გადაადგილება. აქციაზე მომხდარ ინციდენტს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერი, მაია ფანჯიკიძე გამოეხმაურა. მან ჟურნალისტებს ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ აქციაზე ყველა ჟურნალისტისთვის თანაბარი სამუშაო პირობები არ იყო შექმნილი, თუმცა ხარვეზი გამოსწორდება და მომავალ აქციებზე მსგავსი რამ აღარ განმეორდება.
ფანჯიკიძის განმარტებით, მისთვის უცნობია ვინ მიიღო ჟურნალისტების მუშაობის აკრძალვის გადაწყვეტილება, თუმცა ამბობს, რომ ეს სპონტანურად მოხდა და უსაფრთხოების ზომების გამო გახდა აუცილებელი.
შეგახსენებთ, თბილისში 27 მაისის აქციის დროს უსაფრთხოების ამგვარი ზომები მიღებული არ იყო. გამოდის, რომ ამ დღის შემდეგ ზოგადად საფრთხე გაიზარდა, ან შესაძლოა „ქართულ ოცნებაში“ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია აქვთ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილზე შესაძლო თავდასხმის თემა პირველად ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ გააჟღერა. მისი განცხადებით, სანდო წყაროსგან აქვს ინფორმაცია, რომ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, შესაძლოა, ივანიშვილზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდეს. ამ თემაზე საინტერესო განცხადება გააკეთა აგრეთვე უშიშროების მინისტრის ყოფილმა მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილმა, რომელმაც for.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოში არის პარანოიდალური და კრიმინალური ხელისუფლება, რომელიც ახლა აგონიაშია და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. შესაბამისად, ძალაუფლების დაკარგვის პანიკური შიში ხელისუფლებას აიძულებს მიმართოს ყველა იმ კრიმინალურ გზას, რომელიც მას ამ საფრთხეს აარიდებს.
ნაცვლიშვილის თქმით, სააკაშვილისთვის მთავარი გამოწვევა არის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი და შესაბამისად, მისი პოლიტიკური თუ ფიზიკური ჩამოშორება ამ ხელისუფლებისთვის და პირადად სააკაშვილისთვის, გადაუდებელი ამოცანაა. ყველაფერ ამის გათვალისწინებით ლაშა ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის გეგმა მუშავდება. თუმცა, უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსანი ფიქრობს, რომ ეს არ იქნება შეფარული მეთოდით ადამიანის ლიკვიდაცია.
„ასეთი გადაწყვეტილების არსებობაში მე ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ამ სახის სპეციალური ღონისძიების მარილი იქნება ის, რომ მკვლელი უნდა იქნეს ლიკვიდირებული, ან მინიმუმ დაპატიმრებული მაინც. საქმე უნდა იყოს გახსნილი, ანუ საბრალდებო სკამზე მიხეილ სააკაშვილის მაგივრად, ვინმე უნდა დაჯდეს.
დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ადამიანები მათ შერჩეული ჰყავთ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მათ უსაფრთხოების გარანტიებს აძლევენ, რომ დაიჭერენ, მაგრამ შემდეგ გამოუშვებენ. თუკი ბიძინა ივანიშვილის მაღალკვალიფიციური დაცვა ასეთი ადამიანის გაუვნებელყოფას მოახდენს, არ არის გამორიცხული ისიც, რომ იყოს სარეზერვო ვარიანტიც, ანუ მეორე პიროვნება, რომელიც დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს“, - ამბობს ლაშა ნაცვლიშვილი.
მისი თქმით, ხალხმრავალი ადგილი ამ მხრივ სახიფათოა, მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკური აქტივობა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია. ამიტომ, ლაშა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ხელისუფლებამ ამგვარი ხალხმრავალი ადგილი და ბიძინა ივანიშვილზე „განაწყენებული“ ოდიოზური ფიგურა შეარჩიოს, რომელიც ხელისუფლების ნებას აღასრულებს. შემდეგ კი, მოხდება ამ ადამიანის გასამართლება, რათა ხელისუფლებას ჰქონდეს ალიბი, რომ ის არაფერ შუაშია და უფრო მეტიც, მან ამხილა და დასაჯა მკვლელი.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარე მანანა კობახიძე for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მართალია კონკრეტული ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხის შესახებ პირადად მას არ აქვს, მაგრამ 27 მაისის შემდეგ გაზრდილ საფრთხეზე და ზოგადად ხელისუფლების უკონტროლო ქმედებებზე საუბრობს.
„ხელისუფლების ქმედებები, რასაც ის არის დაჩვეული, ანუ პოლიტიკურ ოპონენტებს როგორც უსწორდება, რა თქმა უნდა, სიფრთხილის საფუძველს ქმნის. ამიტომ, არაფერია იმაში გასკვირი, რომ ბატონი ბიძინას უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. 27 მაისის შემდეგ საფრთხე რა თქმა უნდა, გაზრდილია, რადგან ეს დღე იყო იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ არ ვართ ცოტანი, ანუ ჩვენი მხარდამჭერები ძალიან ბევრნი არიან. ცხადი გახდა, რომ სააკაშვილს თბილისში არჩევნების მოგება არ ძალუძს და ხელისუფლებამ ეს დაინახა, გუშინ კი დაინახეს ქუთაისიც. თითოეულ რეგიონში ჩვენს მიერ ჩატარებული აქციები სწორედ ამის დემონსტრირება იქნება. ხელისუფლება 27-ში ამდენ ხალხს არ ელოდა და ამიტომ, ბუნებრივია, რომ ამ დღის შემდეგ შეიძლება მათი ბოროტული გეგმები უფრო დაიხვეწოს. ერთი რამ კი ზუსტად ვიცი, რომ მთავარია ხალხის არჩევანი, ანუ ის, თუ ვის უჭერს მხარს ქართველი ხალხი და ამას წინ ვერაფერი დაუდგება“, - განაცხადა მანანა კობახიძემ for.ge-სთან საუბარში.
„ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ კი ჩვენს კითხვაზე, რატომ გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები 27 მაისის შემდეგ, განმარტა, რომ პირადად იგი ამის შესახებ საქმის კურსში არ არის, მაგრამ ვინაიდან აქციის საორგანიზაციო კომიტეტმა ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო, შესაძლოა, რაიმე კონკრეტული ინფორმაცია საფრთხის შესახებ მართლაც არსებობს. აქვე ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ამაზე მეტს „ქართულ ოცნებაში“ არავინ გვეტყოდა.