შალვა ნათელაშვილი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს, სანამ თავის ორ საპრეზიდენტო ვადას არ ამოწურავს - ამის შესახებ განცხადება მან დღეს მეტეხის ტაძრის ეზოში გააკეთა. ლეიბორისტებმა ერთკვირიანი დუმილი დაარღვიეს და აღმოჩნდა, რომ ისინი არსად წასვლას არ აპირებენ, ეს ერთკვირიანი პაუზა კი მხოლოდ მათი წინასაარჩევნო პიარის ნაწილი იყო იმ მიზნით, რომ საზოგადოების ყურადღება მიექციათ.
სანამ ჟურნალისტებისთვის მოიცლიდა, ნათელაშვილი ჯერ ადგილზე მობილიზებულ თავის მხარდამჭერებს შეხვდა. მისი და მხარდამჭერების შეხვედრის ადგილიდან პერიოდულად აპლოდისმენტების ხმა ისმოდა და მხოლოდ ამ ადამიანებთან შეხვედრის შემდეგ მივიდა ნათელაშვილი ტრიბუნასთან, საიდანაც ხელის ქნევით დაემუქრა ერთის მხრივ - მიხეილ სააკაშვილს და მეორეს მხრივ - ბიძინა ივანიშვილს.
მათზე საუბრისას ნათელაშვილმა შესაბამისი მიმართულებით გაიშვირა ხელი ჯერ პრეზიდენტის რეზიდენციისკენ, შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილის სასახლისკენ. ნათელაშვილმა განაცხადა, რომ “სანამ ბარაბა სააკაშვილის და ბარაბა ივანიშვილის სასახლეები არ დაინგრევა, მანამდე თურმე არაფერი გვეშველება”. გარდა ამისა, ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია, რომელიც ხალხის ფულით არის აშენებული, ხალხსვე უნდა დაუბრუნდეს, ხოლო პრეზიდენტისთვის ჩვეულებრივი სამოთახიანი ბინაც საკმარისია. ნათელაშვილმა დღეს განცხადებით, იგი იწყებს აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას და აქვე მთელს საქართველოს და მსოფლიოს არწმუნებს, რომ ასარჩევი ბევრი არაფერია.
„ძვირფასო მეგობრებო, რა გითხრათ, რით გაგახაროთ? ანტიხალხური რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ის ლოგიკურ დასასრულამდე მივა. მთელს საქართველოს და მთელს მსოფლიოს ვარწმუნებთ, რომ ასარჩევი ბევრი არაფერია. აქ არის ორი ძალა - ან ჩვენ, ან ისინი“, - განაცხადა ნათელაშვილმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვინ არიან „ისინი“. იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც არ იყიდება და ვისაც საქართველოს დამოუკიდებლობა სურს, ლეიბორისტულ პარტიას დაუდგება გვერდით.
„ყველა, ვისაც სურს საქართველო დამოუკიდებელი და არა ამერიკის და ნატო-ს უკანალში მძრომი, გვერდში დაგვიდგება. სანამ ჩვენ არ დავანგრევთ ბარაბა სააკაშვილის და ბარაბა ივანიშვილის სასახლეებს, არაფერი გვეშველება და ამიტომ ეს სასახლეები უნდა დავანგრიოთ“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მან ასევე საზოგადოებას წარუდგინა ლეიბორისტული პარტიის რეგიონული საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელები. თბილისის საარჩევნო შტაბის უფროსი პარტიის იდეოლოგიური მდივანი კახა ძაგანია იქნება, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური შტაბის უფროსი - პაატა ჯიბლაძე, ხოლო კახეთის და ქვემო ქართლის საარჩევნო შტაბის უფროსი - პარტიის გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საარჩევნო შტაბს გიორგი გუგავა უხელმძღვანელებს, სამეგრელოს და ზემო სვანეთის შტაბს - კოტე გუგუშვილი, ხოლო აჭარის და გურიის შტაბს ლეიბორისტული პარტიის აჭარის კოორდინატორი დავით რობაქიძე ჩაუდგება სათავეში.
ნათელაშვილი აპირებს გამარჯვების დროშები პრეზიდენტის რეზიდენციაზე აღმართოს და რეზიდენციაში, როგორც ჩანს, ეთნოგრაფიული მუზეუმის მოწყობის იდეა აქვს. „ამ სასახლეში გავხსნით მუზეუმს საქართველოს კუთხეების მიხედვით და ამ მუზეუმში აფხაზეთიდან საინგილოს ჩათვლით საქართველოს კუთხეები იქნება წარმოდგენილი“ - აღნიშნა ლეიბორიტული პარტიის თავმჯდომარემ, პარლამენტის ყველაზე უჩინარმა წევრმა, შალვა ნათელაშვილმა.
აქვე შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, იგი პოლიტიკიდან წასვლას აპირებდა.
„ახლა მინდა შევეხო გავრცელებულ ხმებს, რომელმაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თავზარი დასცა, ხოლო გარკვეულ ნაწილში აღფრთოვანება გამოიწვია. აი ვისი აღფრთოვანებაც ამ ინფორმაციამ გამოიწვია, მინდა მათ მივმართო - ვერ მოგართვით! მინდა ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას - ლეიბორისტული პარტია არავის კუთვნილებაა. ის არის სრულიად საქართველოს ბრძოლის შედეგად მიღებული პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც უკან არასოდეს არავის წინაშე დაუხევია და დაშლა არ უწერია, სანამ საქართველო არსებობს“, - განაცხადა ნათელაშვილმა.
მისი თქმით, სანამ ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებაში გამარჯვებით არ მოვა და ნათელაშვილი ორ საპრეზიდენტო ვადას არ მოიცვლის, მანამდე არსად წასვლას არ აპირებს. იგი ამბობს, რომ ლეიბორისტული პარტია არავისთან ერთად ბლოკს არ შეკრავს და არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. ნათელაშვილის თქმით, ყველა პოლიტიკური ბლოკი, რომელიც ზარ-ზეიმით შეიქმნა, არა მარტო გრიალით და ზათქით დაიშალა, არამედ ქვეყანაც გადაიყოლა.
ნათელაშვილი ამბობს, რომ ლეიბორისტები არსად წასულან, ისინი ერთი კვირით პარტიის ოფისში ჩაიკეტნენ და საარჩევნო შტაბებზე და თეზისებზე მუშაობდნენ, ხოლო ჟურნალისტების კითხვაზე, ამ ერთი კვირის განმავლობაში პარტიის ოფისზე პარტიის დროშები რატომ არ იყო გამოფენილი, ლეიბორისტების ლიდერი პასუხობს, რომ დროშები გარეცხეს.
ნათელაშვილმა ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა.
„მოგეხსენებათ, სააკაშვილმა პირადი პრობლემების გამო ყველა ფსიქიატრიული საავადმყოფო დახურა. რადგანაც პოლიტიკა მომეტებული სტრესების სფეროა, ბატონ ივანიშვილის ოჯახს ვთხოვ, როგორც პოლიტიკაში ახალბედას, მეტი ყურადღება მიაქციონ. მას არ გაუჭირდება საკუთარი თვითმფრინავით გამოცდილი ექიმების ჯგუფის ჩამოყვანა“, - ამბობს ნათელაშვილი.
ნათელაშვილი „ქართული ოცნების“ გუშინდელ აქციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სააკაშვილის რეჟიმის წინაღმდეგ მიმართულ ნებისმიერ აქციას მხარს უჭერს, მაგრამ თუ ეს აქცია იმისკენ არის მიმართული, რომ პარლამენტში უმრავლესობით უსუფაშვილი და ძმები ბერძენიშვილები მოვიდნენ, ნათელაშვილი გმობს და ამგვარი აქციის წინააღმდეგია.
იგი ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მას ბავშვობიდან იცნობდა.
„ამ ადამიანს ბავშვობიდან ვიცნობ ერეკლეს მოედნიდან და თავისი ბიზნესი მან ქალის სუნამოების გაყიდვით დაიწყო. ამის საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს, მაგრამ მე არ ვცდილობ „ბოინგის“ საჭესთან დაჯდომას, რადგან ამ საქმის არაფერი გამეგება. ამ ადამიანს რაც შეეძლო, უკვე გააკეთა - სააკაშვილის რეჟიმი საქართველოს ხელისუფლებაში მოიყვანა და დიდი ხნის განმავლობაში აფინანსებდა მას. ახლა კი თავი ანგელოზი ჰგონია“, - ამბობს ნათელაშვილი.