ჭორვილა, საქართველო – მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი უკვე ათი წელია თავისი ქონების მეშვეობით ღარიბ ქართველებს ოცნებას რეალობად უქცევს – უშენებს სახლებს, საავადმყოფოებსა და სკოლებს.
მან დააგო გზები, აუშენა თანასოფლელებს სახლები წყლის გაყვანილობით, ელექტრობით, ბუნებრივი გაზით და თავის სოფელში, ჭორვილაში, სადაც ბავშვობა გაატარა და მეგობრებს ფეხბურთს ეთამაშებოდა, ყოველ ოჯახს თვეში 200 ლარს აძლევდა, ხოლო ახლად დაქორწინებულებს 3000 ლარს სჩუქნიდა.
მაღალმთიანი სოფლის, რომელიც დედაქალაქიდან, თბილისიდან, ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს და რომლისკენაც მიხვეულ-მოხვეული გზით ორ საათში ჩახვალთ, თვითგამოცხადებული მხსნელი ახლა იძულებულია საკუთარი ლეგენდა გვერდზე გადადოს, რათა თავისი ამბიციური მიზანი განახორციელოს და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პრემიერი გახდეს.
„ეს ჰგავდა ზღაპარს, რომლისგანაც ჯერაც ვერ გამოვფხიზლებულვართ,“ ამბობს ვალერიან ივანიშვილი, ჭორვილაში თავის ორსართულიან სახლთან, რომელიც მისი სეხნიის ხარჯზეა აშენებული და სულ არ იქნებოდა უადგილო მდიდარი დასავლური გარეუბნისთვისაც.
თავის სამსართულიან სახლში, ივანიშვილს კერძო ზოოპარკი აქვს და იქ პინგვინებს, ლემურებსა და კენგურუებს უვლიან.
დღესაც კი, მთის ფერდობზე, 5,000 მოსახლიანი სოფლის ცენტრიდან მოშორებით, დაუმთავრებელი სახლი მისი მფარველობის დასასრულის მანიშნებელია, მფარველობისა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობით აიკრძალა.
და დგას ეს სახლი შეუღებავი, აკრული ფანჯრებით და სადენებით, რომლებიც კედლებიდან გადმოკიდებულა.
აი ასეთი საფასური უნდა გაიღოს 56 წლის მეწარმემ, რათა დასავლეთის რჩეულს, მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც 2003 წლის „ვარდების რევოლუციით“ ედუარდ შევარდნაძე დაამხო და ხელისუფლებაში მოვიდა, კონკურენცია გაუწიოს.
ივანიშვილმა უკვე შეცვალა კავკასიის ამ ქვეყნის (რომლის მოსახლეობა 4.5 მილიონია) პოლიტიკური ლანდშაფტი იმით, რომ დანაწევრებული ოპოზიცია კოალიციაში გააერთიანა და სააკაშვილს მოულოდნელად მტკიცე კონკურეტად მოევლინა.
სწორად სახელდებულ კოალიციას „ქართულ ოცნებას“ მართლა შეუძლია ჩაუშალოს სააკაშვილს ძალაუფლების შენარჩუნების ნებისმიერი გეგმა, როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს დასრულდება – სააკაშვილმა შეიძლება პრემიერ-მინისტრობა მოისურვოს. ამ თანამდებობას საკონსტიტუციო ცვლილებების მეშვეობით მომავალ წელს მეტი ძალაუფლება მიენიჭება.
„ივანიშვილის გამოჩენა ელვასავით იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მან უკვე აჩვენა – ის ძალას წარმოადგენს,“ განაცხადა პოლიტოლოგმა ალექსანდრე რონდელმა მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის კამპანია დაიწყო და მის დემონსტრაციას, 27 მაისს ათეულობით ათასი ადამიანი დაესწრო.
„საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია რამდენი ადამიანის გამოყვანა შეგიძლია ქუჩაში. ივანიშვილმა ელექტორატის ნახევარზე მეტი გამოიყვანა.დანარჩენი ოპოზიცია მხარდამჭერების გარეშე დარჩა,“ განაცხადა მან.
იდუმალებით მოცული კაცი
დემონსტრაციამ ივანიშვილი რწმენით აღავსო მაშინ, როდესაც ის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის დედაქალაქის ფარგლებს გარეთაც კამპანიის დაწყებისათვის ემზადება და კვირას ქუთაისში მიდის.
ასეთი რწმენა, ალბათ, გასაოცარია იმ კაცისგან, რომელიც, იმ დროს, როდესაც საბანკო სისტემიდან დაწყებული, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით დამთავრებული რუსეთში ქონებას აგროვებდა, ისე გაურბოდა საჯაროობას, რომ ძალიან იშვიათად იძლეოდა მისი ფოტოსურათის გადაღების ნებასაც კი.
მიუხედავად იმისა, რომ მას თბილისის თავზე გასაოცარი მინისა და მეტალის სახლი აქვს და ამ სახლში დემიენ ჰერსტისა და როი ლიხტენშტეინის ნამუშევრებია გამოფენილი, ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა ბოლო დრომდე ის, თუ როგორ გამოიყურებოდა ივანიშვილი.
როდესაც მან 2006 წელს 95.2 მილიონ დოლარად პიკასოს „დორა მაარი და კატა“ იყიდა, ეს ანონიმურად გააკეთა. მას შემდეგ ექვსი წელი გავიდა და მისი ცნობა უკვე ადვილია.
ივანიშვილმა უარი თქვა პრივატულობაზე, მისივე თქმით, თავისი სამშობლოს სიყვარულის გამო და იმისთვის, რომ გააძევოს მთავრობა, რომელსაც ის ბრალს სდებს მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრულის გაღრმავებაში.
„56 წლის ასაკში ძნელია პოლიტიკოსობის სწავლა. მე ჩემს თავს არ ვეკუთვნი. მაგრამ მთავარი ჩემი ქვეყანაა,“ განაცხადა მან თბილისის ოფისში, რომელსაც ერთ მხარეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს შენობა ემიჯნება და მეორე მხრიდან – კაზინო.
„როდესაც ამდენი ხალხი გამოვიდა (27 მაისს), მე მივხვდი, რომ ყველაფერი სწორადაა“.
ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობას აპირებს, ის ამბობს, რომ პოსტზე ორი წლის მანძილზე დარჩება და მერე ადგილს პროფესიონალებს დაუთმობს.
ის პირობას დებს, რომ განამტკიცებს ეკონომიკას ბიუროკრატული კონტროლის შემცირებით, ბოლოს მოუღებს მონოპოლიებს და მოიზიდავს უცხოელ ინვსტორებს. ის ამბობს, რომ გააუმჯობესებს ჯანდაცვას და სოფლის მეურნეობას, უფრო დამოუკიდებელს გახდის სასამართლო სისტემას და საბაჟო და საგადასახადო სამსახურების მეტ ტრანსპარენტულობას უზრუნველყოფს.
მან ცხადყო, რომ ის აპირებს ეკონომიკის გამოცოცხლებას საკუთარი ქონების დახმარებით, რომელიც “ფორბსის” გათვლით $6,4 მილიარდს უტოლდება და განაცხადა, რომ მისი საინვესტიციო ბანკი სესხებს სპეციალური კურსით გასცემს.
სააკაშვილის მსგავსად, მას სურს, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანდეს. მაგრამ მას სჯერა, რომ სააკაშვილზე უკეთ შეძლებს რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას. რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა 2008 წლის ხუთდღიანი ომის შემდეგ, რომელიც სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო მოხდა.
დასავლეთის მთავრობებისთვის სტაბილურობა ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც კასპიის ზღვიდან მომავალი ენერგეტიკული ტრანზიტული მარშრუტი გადის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამ აირმა უნდა შეამციროს დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთის ენერგორესურსებზე.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა ამ საკითხს, როდესაც მიმდინარე კვირის ვიზიტისას საქართველოს ახალი სამხედრო დახმარების პირობა მისცა და არ დაეთანხმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების რუსულ „ოკუპაციას“.
რუსეთმა ეგრევე გამოხატა თავისი განსაკუთრებული სენსიტიურობა იმით, რომ მყისიერად დაესხა თავს კლინტონს და ის 2008 წლის ომის გამო საქართველოს რევანშისკენ წაქეზებაში დაადანაშაულა.
ძალიან დიდი სიახლოვე რუსეთთან?
ივანიშვილის საარჩევნი შანსები განამტკიცა სააკაშვილის პოპულარობის დაცემამ იმის გამო, რომ მან ვერ შეასრულა მის მიერ დანაპირები ყველა რეფორმა და რუსეთთან დამანგრეველი ომის გამოც. ამ ომის შემდეგ რუსეთმა ორ მეამბოხე რეგიონზე კონტროლი დააწესა.
„ჩვენ გვეგონა, რომ დემოკრატიის მსგავსი მდგომარეობისკენ მივდიოდით, მაგრამ ახლა ტოტალიტაული რეჟიმი გვაქვს. ივანიშვილს უნდა, რომ საქართველო ნორმალური ქვეყანა იყოს. სხვა თუ არაფერი, ის თუ მოვიდა ხელისუფლებაში, არსებობს იმედი, რომ რაღაც შეიცვლება’, ამბობს 63 წლის უმუშევარი თბილისელი, მევლუდ ფილიშვილი.
მაგრამ 44 წლის სააკაშვილსაც ბევრი უჭერს მხარს, თუნდაც იმ ზოგიერთი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმის გამო, რომელიც გაატარა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პირობა არ შეასრულა, მაგალითად პირობა კორუფციის დამარცხებისა და საქართველოს სიღარიბისგან გათავისუფლების შესახებ.
ქართველების თითქმის 15 პროცენტი დღეში $1.25 ირჩენს თავს, რაც გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის 2011 წლის ანგარიშის თანახმად, საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი სიღარიბის ზღვარია.
სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, „ქართული ოცნება“ 20 პროცენტით ჩამორჩება სააკაშვილის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ ივანიშვილს უზარმაზარი ფინანსური შესაძლებლობანი აქვს და მისი კოალიცია ჯერ ახალია.
მისი მჭიდრო ბიზნესკავშირები რუსეთთან, სადაც წარმატება შეიძლება იყოს დამოკიდებული პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე, ის მომენტია, რომელმაც ხელი გაუხსნა მის ოპონენტს და მათაც დაადანაშაულეს ივანიშვილი რუსეთის მარიონეტობაში და იმაში, რომ მოსკოვიდანაა მართული. ეს სერიოზული ბრალდებაა ქვეყნისთვის, სადაც ძალიან ცდილობენ დაიცვან თავიანთი დამოუკიდებლობა ყოფილი ბატონისგან.
ამ კრიტიკის საპასუხოდ, ივანიშვილმა განაცხადა, რომ გაყიდა თითქმის მთელი ქონება, რომელიც რუსეთში ჰქონდა, ქვეყანაში, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბიზნესი კომპიუტერების გაყიდვით დაიწყო.
სხვები ამბობენ, რომ ივანიშვილის პროგრამას აკლია დეტალები და მისი კოალიციის ერთიანობისათვის ბრძოლა შეიძლება გახდეს საჭირო, რადგან მათ სააკაშვილისადმი მტრობა უფრო აერთიანებთ, ვიდრე საზიარო პოლიტიკური ხედვა. ერთიანობის შენარჩუნება შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს, თუ ის „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მოიყვანს.
გიგა ბოკერია, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ამბობს, რომ ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკური ძალის სტატუსში მნიშვნელოვანია ოპოზიციისათვის, მაგრამ ეს არ აშფოთებთ ქვეყნის ლიდერებს.
„სარწმუნო გამოკითხვების მიხედვით ამას, ზოგადად მნიშვნელოვნად არ შეუცვლია დინამიკა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, თუმცა ამან მნიშვნელოვნად შეცვალა ვითარება ოპოზიციის შიგნით, განაცხადა მან.
მთავრობა თვალს ადევნებს და იცდის
ასეთ კომენტარებს აცამტვერებს ის ბარიერები, რომლებსაც მთავრობა ივანიშვილს უქმნის, მათ შორისაა ის, რომ გასულ წელს ივანიშვილს ფრანგული და რუსული პასპორტის ფლობის გამო ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, საკანონმდებლო ცვლილებების მთელი წყების გამო, მაინც ექნება.
ზოგიერთი, ვინც ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენისათვის, ხელმოწერებს აგროვებდა, ამბობს, რომ დღემდე განიცდის რეპრესიებს.
ჭორვილაში, თემურ კაპანაძე 52 წლის ისტორიის მასწავლებელი ამბობს,რომ მან უეცრად და უმიზეზოდ დაკარგა სამუშაო ადგილობრივ სკოლაში. 40 წლის თეიმურაზ კვეცაძე, რომელიც მეზობელ ჭორვილაში „ქართული ოცნების“ ოფისის ხელმძღვანელია, ადგილობრივი საცურაო აუზიდან დაითხოვეს.
ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ მთავრობამ მალე გააცნობიერა თავისი რეაქციის ზედმეტი სიმწვავე და შეამსუბუქა წნეხი, რადგან შიშობდა, რომ ეს ივანიშვილის სასარგებლოდ იმუშავებდა. ახლა ისინი მის შეცდომებს ელიან.
კლინტონმა მისი ვიზიტის დროს განაცხადა,რომ შეერთებულ შტატებს სურთ თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. ეს შეამცირებდა ძალადობრივ შედეგების და რეგიონის დესტაბილიზაციის შესაძლებლობას.
დასავლეთს უნდა, რომ სააკაშვილმა, რომელიც გადაურჩა 2009 წლის საპროტესო გამოსვლებს (ის რუსეთთან კონფლიქტში მისი ქმედებების გამო იმართებოდა), როდესაც მომავალ წელს, მისი სარეზიდენტო ვადა ამოიწურება, თავი აარიდოს პრემიერ-მინისტრობის ცდუნებას და არ მიბაძოს ვლადიმერ პუტინის მაგალითს, რათა საქართველოს უმაღლეს მმართველად დარჩეს.
„მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეცვალეთ ისტორია „ვარდების რევოლუციით“, უფრო რთული და საბოლოოდ უფრო მნიშვნელოვანი საქმე წინ გელით – ისეთი ჩვევებისა და პრაქტიკის დანერგვა, რომელიც დემოკრატიას დიდი ხნის განმავლობაში შესძენს მდგრადობას,“ განაცხადა კლინტონმა მიმდინარე კვირას.
არა აქვს მნიშვნელობა ვინ მოიგებს არჩევნებს, ივანშვილს ჭორვილაში ყოველთვის გმირივით შეეგებებიან.
კაპანაძე, მასწავლებელი ამბობს, რომ ადამიანის არსი მისი ბავშვობის თავგადასავალში უნდა ეძიო, „როდესაც ის სოფლიდან თბილისში წავიდა სასწავლებლად, თავისი ბურთი დაგვიტოვა, რადგან ამ ბურთით ვთამაშობდით ფეხბურთს ყოველთვის.“