მათრახი და თაფლაკვერი ივანიშვილისთვის

მათრახი და თაფლაკვერი ივანიშვილისთვის

კონტროლის პალატა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიების დაჯარიმებას განაგრძობს. რამდენიმე დღის წინ, კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების” მიერ კომპანიების „ბურჯის”, „ელიტა ბურჯის” და „გლობალ კონსალტინგ გრუპის” ტექნიკური, პერსონალური და სხვა საშუალებების, პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების საკითხის შესწავლას აწარმოებდა და ამ კვლევის საფუძველზე ბიძინა ივანიშვილი სამართალდამრღვევად სცნო. ივანიშილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც სავარაუდოდ მისი კიდევ ერთხელ სოლიდური თანხით დაჯარიმებით დასრულდება.

მთელს ამ ისტორიაში, რაც ბიძინა ივანიშვილსა და მის კომპანიებს ეხება, ერთი დეტალია საინტერესო და მნიშვნელოვანი, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკური სუბიექტი არ არის. მას არც საქართველოს მოქალაქეობა აქვს და ამასთანავე, ივანიშვილმა იმ საკონსტიტუციო ცვლილებებით სარგებლობაზეც უარი განაცხადა, რომელიც, როგორც ხელისუფლება ამბობს, სპეციალურად მისთვის გატარდა.

შეგახსენებთ, ამ ცვლილების თანახმად, საქართველოს საპარლამენტი არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც 21 წელი შეუსრულდათ და ბოლო ხუთი წელი საქართველოში ცხოვრობენ. მართალია, ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიენიჭა, მაგრამ როგორც for.ge უკვე წერდა, პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების უფლება მას არ აქვს. ამასთანავე, ივანიშვილმა ამ ცვლილებით სარგებლობაზე საერთოდ უარი განაცხადა, არგუმენტად კი ის მოიყვანა, რომ არ სურს ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი საკანონმდებლო ცვლილებით ისარგებლოს.

ამდენად, დღესდღეობით იგი არანაირი პოლიტიკური სტატუსით არ სარგებლობს. ივანიშვილი არ არის არც პარტიის დამფუძნებელი, არც პარტიის წევრი და არც მისი ხელმძღვანელი. მისი ჰილარი კლინტონთან შეხვედრაზე უარის თქმის ერთ-ერთ მოტივად „ქართული ოცნების” წევრებმა ესეც დაასახელეს.

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს არანაირი პოლიტიკური სტატუსი არ აქვს, კონტროლის პალატა თავის განცხადებებში მას გაცხადებული პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტად მოიხსენიებს და მის კომპანიებსაც „ქართული ოცნების” სასარგებლოდ შეღავათიანი მომსახურების გაწევის ბრალდებით აჯარიმებს.  

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად ივანიშვილის სამართალდამრღვევად ცნობისა, მას საპარლამენტო არჩევნებში დაუბრკოლებლად მონაწილეობის საშუალება მიეცემა. ამდენად, როგორც ჩანს, ივანიშვილთან ხელისუფლება მათრახისა და თაფლაკვერის მიდგომას იყენებს, ერთი ხელით მის კომპანიებს მილიონობით ლარის ჯარიმებს აკისრებს, ხოლო მეორე ხელით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ეპატიჟება.

რას ნიშნავს, ამგვარი მიდგომა და საერთოდ რამდენად სწორი იყო ივანიშვილის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო ცვლილებით სარგებლობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, ამაზე for.ge-ს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრება.

ვახტანგ ძაბირაძე: ხელისუფლებამ კონსტიტუციაში ცვლილებები იმისთვის შეიტანა, რომ ივანიშვილისთვის არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მიეცა. მან ეს ცვლილებები იმიტომ კი არ გაატარა, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარების იდეა აწუხებს, არამედ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებაზე დასავლეთის დემოკრატიული წრეების ძლიერი ზეწოლა განხორციელდა, რათა ივანიშვილისთვის პოლიტიკური უფლებები აღედგინათ. მოგეხსენებათ, მას უკანონოდ ჩამოართვეს მოქალაქეობა, შემდეგ მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნაზეც უარი უთხრეს და ამ საკანონმდებლო ცვლილებით ერთგვარი გამოსავალი იპოვეს, თუმცა არასწორი გამოსავალი.

საერთოდ, როდესაც ადამიანი, და თუნდაც ხელისუფლება ცუდ დღეშია, ის დასაბუთებულ და სწორ ნაბიჯებს ვერ დგამს. ამ შემთხვევაშიც ეს ნაბიჯი არასწორი იყო.

თუ გახსოვთ, ეს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივა იყო, თავიდან გახმოვანდა ისე, თითქოს არა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისთვის, არამედ ზოგადად ევროკავშირის მოქალაქეებისთვის იქნა გატარებული. შემდეგ, ამაზე იმდენი ითქვა და დაიწერა, იმდენჯერ გადაკეთდა ეს ცვლილებათა პაკეტი, რომ აზრი აღარ ჰქონდა ამის დამალვას და ხელისუფლებამ აღიარა, რომ ეს სწორედაც ივანიშვილისთვის კეთდებოდა. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, რომ ამ ცვლილების გამოყენებაზე უარი ეთქვა, გულწრფელად რომ გითხრათ, როდესაც ამ გადაწყვეტილების შესახებ მოვისმინე, ჩავთვალე, რომ ეს იყო ივანიშვილის პირველი აკადემიური, მაგრამ პოლიტიკური ნაბიჯი. მიმაჩნია, რომ მისი მხრიდან ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო.

თვითონ იგი ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზად ასახელებს იმას, რომ ამგვარი გზით ხელისუფლებაში მოსვლა არ სურს. ამაში მას სრულად ვეთანხმები, რადგან ხელისუფლების მხრიდან ისე გამოდიოდა, თითქოს ეს ნაწყალობევი რაღაც იყო. ხელისუფლება იმისთვის კი არ გვჭირდება, რომ რაღაც გვიწყალობოს, არამედ იმისთვის, რომ შექმნას და დაიცვას კანონი.

მეორე მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება სწორად მიმაჩნია, უკვე ჩემი პირადი პრაგმატული მოსაზრებაა. კერძოდ, ივანიშვილი არ აპირებს პარლამენტის თავმდჯომარეობას ან დეპუტატობას. მან თავიდანვე განაცხადა, რომ ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრად მოსვლას აპირებს იმისათვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია შეცვალოს. ამიტომ, ამ არჩევნებში პირდაპირი მონაწილეობა მისთვის დიდს არაფერს ნიშნავს. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, მას ამის უფლება ჰქონოდა, მაგრამ ამ უფლების არქონა კატასტროფა არ იყო. ამიტომ, მან მიიღო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც ხელისუფლების შემოთავაზება არ მიიღო.

ბიძინა ივანიშვილს დღეს პრაქტიკულად პოლიტიკური სტატუსი არ აქვს, მაგრამ კონტროლის პალატა მისი კუთვნილი კომპანიების საქმიანობას სწავლობს, მათ საკმაოდ სოლიდურ ჯარიმებს აკისრებს და გუშინ უკვე პირადად ბიძინა ივანიშვილი კანონდარღვევის სუბიექტად სცნო. მეორე მხრივ კი საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი პავლე კუბლაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად კანონდარღვევის სუბიექტად ცნობისა, ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებში დაუბრკოლებლად მონაწილეობის საშუალება ექნება. რას ნიშნავს ეს ორმაგი მიდგომა, როდესაც ერთის მხრივ ოფიციალურად პოლიტიკური სტატუსის არ მქონე ადამიანს ექცევი ისე, როგორ პოლიტიკოსს, ხოლო მეორეს მხრივ სამართალდამრღვევს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევ?

- როგორც ჩანს, ივანიშვილის ის გადაწყვეტილება, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, დასავლეთისთვისაც, ისევე როგორც ჩემთვის, სრულიად გასაგები და მისაღები აღმოჩნდა. მე არ ვიცი ჰილარი კლინტონის და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის დეტალები, მაგრამ როგორც ჩანს, ამ შეხვედრაზე ივანიშვილის მოქალაქეობაზეც იყო საუბარი და დასავლეთი მისთვის ამ უფლების აღდგენას ისევ ითხოვს. ამიტომ, ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობაზე დაეთანხმოს. მისთვის კი ამ არჩევნებში მონაწილეობას, როგორც უკვე გითხარით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

გამოდის, რომ მისი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ხელისუფლების ინტერესებში უფრო შედის?

- რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც მის მოქალაქეობასთან დაკავშირებით ხდება, მათ შორის, ეს საკონსტიტუციო ცვლილებებიც, ცალსახად ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარეა. საქართველოში ხელისუფლების ინტერესების გარდა სხვა ინტერესები არ არსებობს და ძირითადად, ყველაფერი მათთვის კეთდება.

საინტერესოა ის გარემოება, რომ სახელისუფლებო მედია ძალიან აქტიურობს იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე, რუსეთში მიტინგებში მონაწილეობისთვის აჯარიმებენ. სამაგიეროდ, ჩვენ უფრო წინ ვართ, საქართველოში უკვე არჩევნებში მონაწილეობისთვის აჯარიმებენ.   

ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილთან მიმართებაში ხელისუფლება მათრახისა და თაფლაკვერის მეთოდს იყენებს?

- აქ ძალიან საინტერესოა ის, რომ როგორც თქვენ სამართლიანად აღნიშნეთ, თუკი კონტროლის პალატა ბიძინა ივანიშვილს სამართალდამრღვევად მიიჩნევს, მაშინ მის მიმართ შესაბამისი იურიდიული ღონისძიებები უნდა გატარდეს. მაგრამ, ამავე დროს, კუბლაშვილი ამბობს, რომ მართალია ბიძინა ივანიშვილი სამართალდამრღვევია, მაგრამ მას არჩევნებში მონაწილეობა უპრობლემოდ შეეძლება. შესაძლოა, მათ სულაც მისი დაჭერა უნდათ, მაგრამ იციან, რომ ეს არ შეიძლება. ამიტომ ერთგვარ თამაშს თამაშობენ და სადამდე და როგორ გამოუვათ ეს ყველაფერი, ვერ გეტყვით.