„სომხეთ-აზერბაიჯანის ომში საქართველო აუცილებლად ჩათრეული აღმოჩნდება“

„სომხეთ-აზერბაიჯანის ომში საქართველო აუცილებლად ჩათრეული აღმოჩნდება“

აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე  ინტენსიური სროლები გრძელდება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, რამდენიმე  დღის წინ, დილით სომხურმა ქვედანაყოფებმა აზერბაიჯანულ პოზიციებს ცეცხლი ყველა მიმართულებით გაუხსნეს. სროლებს საზღვარზე სომხური მედიაც ადასტურებს. მათი ინფორმაციით, დივერსიებს აზერბაიჯანული მხარე ახორციელებს. ამ ორი ქვეყნის საზღვარზე განვითარებული მოვლენების მიზეზებთან  დაკავშირებით მოსაზრებები არაერთგვაროვანია. თუმცა თითქმის ყველა მათგანს  რუსეთისა და თურქეთის ამ კონფლიქტში ჩართვის შესაძლებლობა გასდევს წითელ ხაზად. ასეთ შემთხვევაში კი, ომში პრაქტიკულად მთელი ამიერკავკასია აღმოჩნდება ჩართული.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით for.ge ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

მამუკა არეშიძე: „ორივე მხარე სროლის წამოწყებას ერთმანეთს აბრალებს, მაგრამ სხვათაშორის, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაისროლა პირველმა, რადგან ასეთი ტიპის სროლები ამ პირობით საზღვარზე 1996 წლიდან დღემდე მუდმივად არის. მაგრამ ახლა თვისობრივად სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე. მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე მიზეზიდან გამომდინარე არის ინსრიპირებული. პირველი და ალბათ, მთავარი არის ის, რომ არ გამოვრიცხავ ეს ერთგვარი ძალის დემონსტრირება და სავაჭრო არგუმენტების შექმნა იყოს 18 ივნისის სხდომისთვის, რომელიც პარიზში უნდა გაიმართოს და რომელშიც შუამავალი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, რუსეთის და ამასთანავე, თავად სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები.

სწორედ ამ შეხვედრაზე ეს შეიძლება გახდეს სავაჭრო თემა - აი მეორე მხარე მჩაგრავს. ეს არის ერთი არგუმენტი.

მეორე ვარიანტი, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს არის მოწინააღმდეგის თავდაცვის სისტემაში სუსტი წერტილების მოსინჯვა.

მესამე ვარიანტი - შესაძლოა, მოხდა ერთგვარი წაქეზება იმ ქვეყნების მიერ, ვინც ამ კონფლიქტის მოგვარებაშია ჩართული და რეგიონალურ პოლიტიკურ სცენაზე აქტიურ როლს თამაშობენ. წაქეზება შეიძლება მოხდა იმისთვის, რომ მოესინჯათ არა კონკრეტული მხარის ძალები, არამედ ამ მხარეების უკან მდგომი სხვა ქვეყნების ძალები.

მაგალითად, ამ შემთხვევაში თურქეთს ძალიან აინტერესებს, სომხეთის დაცვის საქმეში რუსეთი რამდენად აქტიური იქნება. რუსეთს კი პირიქით აინტერესებს, აზერბაიჯანის დაცვის საქმეში თურქეთი რამდენად აქტიური იქნება. ასე რომ, ეს ვარიანტიც შეიძლება ვივარაუდოთ. ყველანაირ ვერსიას და ვარაუდს რომ თავი დავანებოთ, მთავარი არის ის, რომ ორივე ქვეყანა ძალიან სერიოზულად არის შეიარაღებული და ორივე ქვეყანას სხვადასხვა ქვეყნიდან ბევრი ინსტრუქტორი ეხმარება. გარდა ამისა, მათ უკან სერიოზული ძალები, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები დგანან და ირანის სავარაუდო კრიზისის კონტექსტში არ არის გამორიცხული, რომ აქ ერთი მხრივ ძალების მოსინჯვა, ხოლო მეორეს მხრივ, ირანის თემის გადაფარვა მოხდეს.

ბატონო მამუკა, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განვითარებული მოვლენები ამიერკავკასიაში ამერიკის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის ვიზიტს თუ უკავშირდება?

- მოდით ვნახოთ, რა დევს ზედაპირზე. კლინტონი ჩამოვიდა, ამ ვოიაჟის დროს ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე მოახდინა ოფიციალური ერევნისა და ოფიციალური ბაქოს პოზიციების ზონდაჟი და ამასთანავე, ირანის სავარაუდო კრიზისის მომენტისთვის გარკვეული გზავნილები ჩამოიტანა, განსაკუთრებით ამ ორი ქვეყნის ლიდერებისთვის. რეგიონის ძლიერ ქვეყნებს, თურქეთსა და რუსეთს სწორედ ამ მომენტში აწყობდათ დაენახვებინათ ამერიკისთვის რეგიონში სიტუაციას ვინ აკონტროლებს.

კლინტონის ერთ-ერთი გზავნილი იყო ის, რომ ეს ქვეყნები ერთმანეთთან სამხედრო კონფრონტაციაში არავითარ შემთხვევაში არ ჩამბულიყვნენ და ამაზე იმ წუთშივე მიიღო პასუხი.

სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ერევანი მზად არის, ნებისმიერ პროვოკაციას უპასუხოს. ამის საპასუხოდ აზერბაიჯანის საგარეო უწყება აცხადებს, რომ აზერბაიჯანს შეუძლია და საერთაშორისო კანონმდებლობითაც უფლება აქვს, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს. ამ ფონზე როგორ ფიქრობთ, ეს კიდევ ერთი მორიგი სროლები იქნება, როგორც თქვენ ზემოთ აღნიშნეთ, თუ ყველაფერ ამას უფრო სერიოზული გართულებები მოჰყვება?

- რომ შევაფასოთ შეიარაღებული ძალები, ორივე ქვეყანას დაახლოებით ერთნაირი რაოდენობის არმია ჰყავს. აზერბაიჯანს დღეს 100 ათასიანი არმია, ყარაბახს კი დაახლოებით 30 ათასიანი არმია ჰყავს. ამას თუ სომხების არმიას დავამატებთ, დაახლოებით აზერბაიჯანულის ტოლი არმია გამოსდის სომხეთს. შეიარაღების თვალსაზრისით, აზერბაიჯანი ბევრად სჯობს სომხეთს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ისრაელთან სამხედრო შეიარაღების თვალსაზრისით ხელშეკრულება გააფორმა. ამის საფასურად მილიარდ ექვსასი მილიონი აქვს მას ისრაელისთვის გადასახდელი, თუ უკვე არ გადაიხადა.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ იარაღი, რომელსაც ისრაელი აზერბაიჯანს მიაწვდის, მაღალტექნოლოგიური, ელექტრონული იარაღია. ამასთანავე, აზერბაიჯანმა თურქეთისაგან ახლახანს შეიძინა შორსმსროლელი, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი „შტურმი“. ეს არის უახლესი საარტილერიო იარაღი, რომელიც ძალიან ეფექტურია და საკმაოდ შორსმსროლელი. ამის გარდა კიდევ ბევრი რამე შეიძინა და ამას დაუმატეთ ისიც, რომ ცოტა ხანში თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივად  ტანკების სერიულ წარმოებას დაიწყებენ. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ აზერბაიჯანს პაკისტანთან ატომურ დარგში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება აქვს დადებული. ჩვენ არ ვიცით, ეს ხელშეკრულება მშვიდობიან ატომს გულისხმობს, თუ სამხედრო ატომს.

რაც შეეხება სომხეთს, შეიძლება მას ასეთი მაღალი დონის შეიარაღება არ აქვს, მაგრამ მას ზურგს უმაგრებს გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობა და რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც თავდასხმის შემთხვევაში ურთიერთდახმარებას გულისხმობს. გარდა ამისა, დსთ-ს სივრცეში არსებობს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება, რომელიც სომხეთზე თავდასხმის შემთხვევაში, მის დსთ-ს წევრი სხვა ქვეყნების მიერ დახმარებას გულისხმობს. ასე რომ, აქ საკმაოდ რთული მდგომარეობაა. ეს არის სასწორის ორივე მხარე და წარმოიდგინეთ, რა ამბავი ატყდება, ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი რომ ამუშავდეს.

რა საფრთხის წინაშე დადგება ასეთ შემთვევაში კავკასია და საქართველო?

- საქართველო ამ კონფლიქტში აუცილებლად ჩათრეული აღმოჩნდება. სულ მცირე შემდეგი უბედურება მოხდება - პირველ რიგში, აუცილებლად იქნება ლტოლვილების ნაკადი. მეორე, ორივე მხარე საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე მოწინააღმდეგის კომუნიკაციების განადგურებას მოინდომებს, ანუ, ერთი რუსეთიდან სომხეთისკენ, ხოლო მეორე აზერბაიჯანიდან ევროპისკენ მიმავალს. მესამე და ყველაზე მნიშნელოვანი ის არის, რომ ასეთი ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შემთხვევაში, სამხრეთ კავკასიაში ყოველგვარი ეკონომიკური აქტივობა შეწყდება. და ბოლოს, მეოთხე და არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ის, რომ არ არის გამორიცხული საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტის ინსპირირება.

სხვათაშორის, ჩემთვის გარეჯის ეპიზოდი არ იყო მხოლოდ ქართული ეროვნული სიმბოლოს ხელყოფა, ან თუნდაც ის, რომ ხელისუფლებამ ვიღაცას რაღაც უკანონოდ მიჰყიდა. ეს იყო გარკვეული ძალების ინსპირირება, რომ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ქართულ-აზერბაიჯანული დაპირისპირება მომხდარიყო. მაშინ ქართული საზოგადოება და პოლიტიკური პარტიების ნაწილი კარგად მოიქცა, როდესაც შეეცადა და გამოუვიდა კიდეც, რომ ეს ყველაფერი გადაეტანა იმ ჭრილში, რომ ხელისუფლება არასწორად მოიქცა. ასე რომ, ძალიან ბევრი საკითხია გასათვალისწინებელი და თუ ყველაფერი ამუშავდა, ხომ გითხარით რაც შეიძლება მოხდეს.

აქვე ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ირანის სავარაუდო კრიზისი შორეული მომავლისთვის არავის გადაუტანია. მე ამ კრიზისის გააქტიურებას წლის ბოლოსთვის ვვარაუდობ.