ქუთაისში “ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე თბილისში 27 მაისს ჩატარებულ აქციასთან შედარებით ნაკლები ხალხი იყო, მაგრამ ქუთაისის პირობაზე ძალიან ბევრი - ბალახვანში, იქ, სადაც დავით აღმაშენებლის ძეგლია, კიბეებთან იყო მოწყობილი ტრიბუნა და კიბეებიდან ხიდამდე (იქ, სადაც წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაა) აღმაშენებლის გამზირის მონაკვეთი ხალხით სავსე იყო.
“ქართული ოცნების“ მომხრეებს შორის ვნახე პარლამენტარ კაკო ბობოხიძის ძმა ლევან ბობოხიძე. მივედი და ვკითხე - აქ რატომ ხართ, აქციაში იღებთ მონაწილეობას-მეთქი და ამაზე მომიგო - “რა ვიცი, მოძრაობა იყო გადაკეტილი და აქ აღმოვჩნდიო“. არადა, ლევან ბობოხიძე ბალახვნის კიბეებთან საკმაოდ ახლოს იდგა და მოძრაობა კი საკმაოდ შორს იყო გადაკეტილი. თქვენი ძმაც აქ ხომ არ არის-მეთქი – კითხვა შევუბრუნე და “და რომ იყოს, მერე რაო?! - ისე გაოცებულმა მიპასუხა, გეგონებოდათ “ნაცმოძრაობის“ ორგანიზებით გამართულ აქციის შესახებ ვსაუბრობდით.
ქუთაისში ხუთჯვრიანი და “ქართული ოცნების“ დროშები ფრიალებდა. სამფეროვანი დროშა ერთადერთ ადამიანს ეჭირა. “ქართული ოცნების“ თეთრი მაისურების დარიგებისას ტაციობა იყო. აქციაზე იყვნენ, როგორც ახალგაზრდები, ისე – შუახნის და ხანშიშესული ადამიანები. თბილისში გამართული აქციისგან განსხვავებით, ემოცია ნაკლები იყო, ხოლო “ბი-ძი-ნა, ბი-ძი-ნა“-ს სკანდირება – მეტი.
თბილისიდან ქუთაისში ჩქაროსნული მატარებლით, დღის სამ საათზე ჩავედი. ამ დროისთვის აღმაშენებლის ძეგლთან, “ქართული ოცნების“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს მოძრაობა უკვე გადაკეტილი ჰქონდათ, ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით ათასამდე ადამიანი იყო შეკრებილი.
ქუთაისში, ისევე, როგორც 27 მაისს თბილისში, ფორმიანი პოლიციელების ჭაჭანება არ იყო. წესრიგს “ქართული ოცნების“ აქტივისტები ამყარებდნენ. ბალახვნიდან ქალაქის ცენტრში გასვლა ჭირდა, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი თითქმის არ მოძრაობდა. ტაქსის გაჩერებაც პრობლემა იყო. ქალაქის ცენტრიდან ბალახვანში ზუსტად ხუთ საათზე დავბრუნდი. ამ დროს აქციის ადგილას უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი დამხვდა. გამაძლიერებლებში ანტონიო ვივალდის მუსიკა იყო ჩართული. შემინულ ტრიბუნაზე ქართულად და ინგლისურად ეწერა “ჩვენ ვიწყებთ“.
აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: “ქვეყანა შენთვის“, “სწორი გადაწყვეტილება შრომით და ცოდნით“, “ჩვენ ვიწყებთ დიდი შეთანხმებით“, “მოქალაქის თავისუფლება – ქვეყნის თავისუფლება“, „ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება“, “აღვადგინოთ საქართველო საქართველოში“.
ქუთაისელების თქმით, მათ ადგილობრივ ხელისუფლებას დღეს ციებ-ცხელება ჰქონდა ატეხილი, რადგან მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა და დაშინებისა, ხალხი აქციაზე მისვლას არ მოერიდა.
ადგილობრივებისგან შევიტყვეთ, რომ ქუთაისელმა კუდ-ელებმა (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლები) მაღაზიის მეპატრონეები და გამყიდველები სამი დღით ადრე გააფრთხილეს - “ხომ იცით, რომ ვინც რითი სუნთქავს, ის ვიცით. თუ გაბედავთ და მაღაზიებს დაკეტავთ, ან თუ აქციაზე თქვენ, ან თქვენი ოჯახის წევრს დავინახავთ, ამ მაღაზიებს სამუდამოდ გამოემშვიდობებითო“.
გვითხრეს ისიც, რომ რამდენიმე დღით ადრე იმერეთში სოფლის რწმუნებულები ათ-ათკაციანი ჯგუფებით ამოწმებდნენ, ვინ აპირებდა ქუთაისის აქციაზე წასვლას და ვინ – არა.
აქციის დაწყებამდე ჩართული იყო: ჯანო კახიძის შესრულებით – “ჰერიო ბიჭებო“, “ცისფერი ტრიოს“ შესრულებით – “საქართველო ლამაზო“, ნანი ბრეგვაძისა და ჯანო კახიძის შესრულებით – “შემოდგომის ყვავილებს დიდებასთან მივიტან“, გოგი დოლიძის შესრულებით – “ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო“.
გოგი დოლიძის სიმღერა რომ დაიწყო, ჩემთან ახლოს შუახანს გადაცილებულმა ერთმა ქუთაისელმა მეორეს უთხრა - “მიეწია ყველა “ნაციონალი“ გოგი დოლიძეს! აბა ის უნდა წასულიყო და ესენი უნდა დარჩენილიყვნენ ამ ქვეყნად?!“ იქვე ერთი-ორჯერ სააკაშვილსაც შეუკურთხეს - გაყიდა ნახევარი საქართველო, მაგის ასე და ისეო.
აქციაზე ბევრს დაინახავდით ინვალიდის ეტლით, ასევე ხელჯოხებით და ყავარჯნებით. აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ: რეზო ჩხეიძე, გია მაისაშვილი, უფლებადაცმველი ნანა კაკაბაძე, “ქართული აკადემიიდან“: თემურ ნანეიშვილი, თამაზ ჯოლოგუა, გელა დოლიძე, თემო გოცაძე; ფონდ “ქომაგის“ წარმომადგენლები: ია მეტრეველი, კოტე ჯანდიერი, გულიკო გამცემლიძე; ჩოგბურთის კორტებთან დახვრეტილი ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი, ყოფილი პარლამენტარი თედო პაატაშვილი, მამუკა გიორგაძის “სახალხო პარტიის“ წევრები, ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია, ყოფილი პარლამენტარი ბეჟან გუნავა, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე;
ბათუმიდან მურმან დუმბაძე, თავის თანამებრძოლებთან (დაახლოებით ორას ადამიანთან) ერთად, ირაკლი ალასანიას “თავისუფალი დემოკრატებიდან“: ალექსი პეტრიაშვილი, ვიქტორ დოლიძე, ნინო გოგუაძე, ირაკლი ქადაგიშვილი; “რესპუბლიკური პარტიიდან“ – დავით ბერძენიშვილი და ნოდარ ებანოიძე; კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი, “წინააღმდეგობის მოძრაობის“ წევრები; “ქართული ოცნების“ ხულოს ორგანიზაციის თავმჯდომარე გურამ ხოზრევანიძე. მან მითხრა, რომ ხულოდან ოც ადამიანთან ერთად ჩამოვიდა.
აქციაზე იყვნენ სასულიერო პირები - ბერ-მონაზვნები და მღვდლები. სამტრედიიდან ჩამოსულები პლაკატით - “სამტრედია – ქართული ოცნება“ აქციას 17.41-ე წუთზე შემოუერთდნენ.
ექვსს აკლდა 15 წუთი, როცა აქციის მონაწილეებს მიკროფოინთ მიმართა პოეტმა დათო მაღრაძემ: “გამარჯობა ქუთაისო, მივესალმები იმერეთს, ვაშა, ვაშა ქუთაისს...“ მაღრაძისგან შევიტყვეთ, რომ აქციაზე იმყოფებოდნენ “ქართული ხმები“, ბერა ივანიშვილი, თავის მუსიკოსებთან ერთად და ანსამბლი “თბილისი“, მაგრამ ისინი არ იმღერებდნენ, ვინაიდან პარლამენტის ჩამონგრევას მსვერპლი მოჰყვა - “ამის გამო დღევანდელ აქციას ვერ ექნება ისეთი ხიბლი, როგორიც ჩაფიქრებული გვქონდა, მაგრამ ყველაფერი წინაა, ჩვენ დავაბრუნებთ საქართველოში საქართველოს“.
16.49-ე წუთზე აქციას ფოთელები შემოუერთდნენ, პლაკატით “ფოთი თქვენთანაა“. დათო მაღრაძემ სიტყვა “ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთ ლიდერს გუბაზ სანიკიძეს გადასცა. მისი გამოსვლიდან ყველაზე შთამბეჭდავი რეპლიკა ამ სიტყვებს მოჰყვა: “გიორგი ბრწყინვალეს პოლიტიკის გამტარებელი კაცი სჭირდება დღეს საქართველოს და ეს კაცი ჩვენთან არის - ბიძინა ივანიშვილი“. ჩემს სიახლოვეს მყოფმა ქუთაისლებმა გუბაზ სანიკიძის სიტყვები ასე გადმოთარგმნეს - “ესე იგი, ივანიშვილი შინ და გარეთ მოღალატე თავადებს სულ თავებს დააყრევინებს“.
გუბაზ სანიკიძის შემდეგ აქციის მონაწილეებს ელისო ჩაფიძე ძალიან ემოციურად მიესალმა. ბიძინა ივანიშვილი აქციაზე ზუსტად ექვს საათზე მოვიდა, ნახევარი საათი ისაუბრა, შემდეგ ათ წუთში იმერეთში “ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინდა და აქცია დასრულებულად გამოაცხადა.
ქუთაისში კენჭს გუბაზ სანიკიძე იყრის, სამტრედიაში კახი კალაძე, ბაღდათში არჩილ კბილაშვილი, ზესტაფონში გოგი ქავთარაძე, ხოლო ტყიბულში ელისო ჩაფიძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ასე დაახასიათა - “ელისო ჩაფიძე ჩემთვის ჟურნალისტობის ეტალონია. სხვათა შორის, დაუკვირდით - გასათხოვარია და კარგი პატარძალი იქნებაო“. ბიძინა ივანიშვილისგან გავიგეთ, რომ ხარაგაულის რაიონში “ქართული ოცნებიდან“ კენჭს “რესპუბლიკელი“ ნოდარ ებანოიძე იყრის.
აქციაზე შევიტყვეთ ისიც, რომ “ქართული ოცნების“ მომდევნო აქცია 17 ივნისს ოზურგეთში გაიმართება.