მოგესალმებით, ჩემო საყვარელო იმერლებო!
მიხარია, რომ დღეს ქუთაისში ვარ, დიდებული იმერეთის მიწაზე ვდგავარ!
მიხარია, რომ დღეს მთელი ქუთაისი და მთელი იმერეთი ფეხზე დგას!
რამდენს ეცადნენ, რომ წინ აღდგომოდნენ ჩვენს შეკრებას, რა არ ქნეს, ბაგა-ბაღის ბავშვების გამოყენებაც კი სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.
ვეღარავინ შეძლებს ჩვენს შეჩერებას, ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია, ამას ჩვენ ვაჩვენებთ მთელ ქვეყანას, მთელ ქვეყანას დავაყენებთ ფეხზე, ისე როგორც მთელი ქუთაისი დგას დღეს ფეხზე! ისე, როგორც 27 მაისს დადგა ფეხზე მთელი თბილისი!
27 მაისს თბილისმა ხმამაღლა უთხრა ხელისუფლებას - არა უსამართლობას! არა სიცრუეს! დღეს ამას ქუთაისი ამბობს!
27 მაისს, სულ რამდენიმე დღის წინ, წუთიერი დუმილით დავიწყეთ ჩვენი შეხვედრა თბილისელებთან. დღესაც, ქუთაისშიც, სამძიმრის სიტყვებით გვიწევს ჩვენი შეხვედრის დაწყება.
სამძიმარი ვუთხრათ გარდაცვლილის ოჯახს, სამძიმარი ვუთხრათ ერთმანეთს, რადგან კიდევ ერთი მსხვერპლი გვყავს, კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა სააკაშვილის ახირებებს.
ის ისტერია, რომელსაც სააკაშვილი თესავს თავის გარშემო, ის აკვიატებული იდეები, რომ მრავალწლიანი პროექტები რამდენიმე საათში უნდა შეუსრულონ, ყოველთვის ასეთი შედეგებით დასრულდება.
სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი ტრაგედია. ყველას კარგად გვახსოვს, რამდენიმე წლის წინ იმ ადგილას შემზარავი ტრაგედია რომ დატრიალდა. ძეგლის აფეთქებას დედა-შვილის დაღუპვა მოჰყვა - ძეგლებთან ომში საქართველომ მსხვერპლი განიცადა!!!
მოდით, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას.
ჩვენ ჩვენი ბრაზი და მრისხანება უნდა დავიოკოთ, მათ შეუძლიათ ყველაფერი იკადრონ, ჩვენ კი მხოლოდ ისეთ ნაბიჯებს გადავდგამთ, როგორსაც ჩვენი ღირსება გვკარნახობს. ამაშია ჩვენი ძალა და მათი სისუსტე. სწორედ ამიტომ ჩვენ ისინი ვეღარ შეგვაჩერებენ!
დღეს, აქ, ქუთაისში, ვდებთ პირობას, რომ ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი უფლებებისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის! დღეიდან ჩვენ ყველანი თანამებრძოლები ვართ!
გპირდებით, რომ ამ ბრძოლაში ბოლომდე ვიდგები თქვენ გვერდით, ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვიდგებით გამარჯვებამდე!
ჩვენ უნდა დავანახოთ ამ ხელისუფლებას და მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო იყო და ისევ იქნება ქვეყანა, რომელიც მსოფლიო ცივილიზაციის ნაწილია. დღევანდელი ხელისუფლება ვერ შეძლებს, უკან დაგვახევინოს და შეაჩეროს თანამედროვე საქართველოს სვლა ევროპისკენ, დემოკრატიისკენ, თანამედროვე სამყაროსკენ!
ბოლო 8 წელია გვესმის, რომ საქართველოს ისტორია 2003 წლიდან დაიწყო. თითქოს სააკაშვილმა ნულიდან დაიწყო ქვეყნის შენება და თუ აქამდე რამე იყო, ყველაფერი იყო ცუდი, ჩამორჩენილი და დრომოჭმული. ისეთი სურათი იხატება, თითქოს ჩვენ უნდა გვრცხვენოდეს ჩვენი წარსულის ან საერთოდ უარი უნდა ვთქვათ მასზე.
ამას ჩაგვაგონებენ და სხვადასხვა ფორმით ჩაგვძახიან ყოველდღე, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ წარსულის გადახაზვით შეიძლება აწმყოს განდიდება, ის მწარედ ცდება.
საკუთარი წარსულის არმცოდნე ხალხი თავისი გვარ-სახელის არმცოდნე ადამიანს ჰგავს. თუ არ იცი, ვინ იყავი, ვერც იმას გაიგებ, ვინ ხარ და ვინ იქნები.
ამიტომაც, თავს უფლებას მივცემ და, თქვენთან ერთად გავიხსენებ ქუთაისის ღვაწლს, რომელიც მას საქართველოს წინაშე მიუძღვის.
განუზომელია ქუთაისისა და იმერეთის წვლილი ქართული სახელმწიფოს ისტორიაში: სწორედ აქედან, ქუთაისიდან, დაიწყო საქართველოს გაერთიანება. აქ ააშენა ერთიანი საქართველოს სიმბოლო - ბაგრატის ტაძარი - ჩვენი ქვეყნის გამაერთიანებელმა მეფემ - ბაგრატ მესამემ.
ამ ქალაქში ეკურთხა მეფედ და აქვე განისვენებს ყველა დროის ყველაზე დიდი ქართველი - დავით მეოთხე აღმაშენებელი, რომელსაც ჯერ კიდევ 16 წლისას, ქუთაისის მიწა ჰქონდა საყრდენად. მეფე დავითმა დასუსტებული საქართველო იმ ეპოქის უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია.
აღმაშენებლის წვლილი საქართველოს ისტორიაში განუზომელია. ის არა მარტო უდიდესი მხედართმთავარი და პოლიტიკოსი იყო, არამედ იმ დროის დიდი მოაზროვნეც იყო. სწორედ დავით აღმაშენებელმა ქუთაისთან ახლოს ააგო გელათის ტაძარი და დააარსა უმაღლესი სასწავლებელი — აკადემია, რომელიც „მეორე იერუსალიმად“, „მეორე ათენადაც“ იწოდებოდა.
გელათი იქცა მთელი საქართველოსთვის სიბრძნისა და სულიერი აღმავლობის კერად. ამ ქალაქში ეს ტრადიცია არ შემწყდარა. ქუთაისი გახდა საქართველოს უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრი.
სწორედ ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის კურსდამთავრებულებმა დააარსეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც თავის დროზე, იქ მოღვაწე მეცნიერების დონით ტოლს არ უდებდა ევროპის მოწინავე უნივერსიტეტებს.
ქუთაისი საქართველოს უდიდესი კულტურული ცენტრიც იყო. ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეულია მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ქუთაისის კულტურული ცხოვრება.
შემთხვევითი არ არის, რომ თანამედროვე ქართულმა თეატრმა კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით სწორედ აქ, ქუთაისში აიდგა ფეხი; ამ ქალაქში ეუფლებოდა ხატვის ანბანს პეტრე ოცხელი - მხატვარი, გენიალური მოდერნისტი; ქუთაისი იყო აკაკის, გალაკტიონის, ზაქარია ფალიაშვილის ქალაქი; ქუთაისი ცისფერყანწელების ქალაქიც იყო.
ქუთაისის საამაყოდ უნდა ითქვას, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში თბილისის კულტურულ ცხოვრებაში ქუთაისმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა და მას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა.
და აი, ასეთ ქალაქს, ასეთი დიდი ტრადიციების მქონე ქალაქს, დღეს უჭირს, ისევე, როგორც უჭირს მთელ საქართველოს.
ყოველთვის ვცდილობდი, რამდენადაც შემეძლო, დავხმარებოდი ჩემს სამშობლოს, ჩემს ხალხს. მაგრამ დავრწმუნდი, რომ, რაც არ უნდა ბევრი ფული გქონდეს, რამდენ ადამიანსაც არ უნდა გაუმართო ხელი, ასობით ისტორიული შენობაც რომ აღადგინო და შეაკეთო, ქვეყნისა და ხალხის მდგომარეობას საგრძნობლად მაინც ვერ შეცვლი.
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ქვეყნისა და ადამიანის კეთილდღეობისთვის ყველაზე მთავარი ეკონომიკა და ბიზნესი იყო. მაგრამ ბოლო დროის გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკა ერთი, საღ აზრს მოკლებული, კაცის ხელშია, ვერც ეკონომიკა და ბიზნესი განვითარდება და ვერც ქვეყანა შეიცვლება უკეთესობისკენ.
სწორედ ამან გადამაწყვეტინა პოლიტიკაში წასვლა.
ჩვენ მიგვაჩვიეს იმ აზრს, რომ პოლიტიკა თითქოს ბინძური საქმეა, რომ პოლიტიკა უპრინციპო გარიგების ასპარეზია. უნდა ითქვას, რომ ამ აზრის დამკვიდრებაში თავად პოლიტიკოსებსაც დიდი წვლილი მიუძღვით.
მაგრამ, მჯერა, რომ არსებობს პრინციპული პოლიტიკა, ღირსეული პოლიტიკა, გააზრებული, პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც წესიერი ადამიანები ქმნიან. და ჩვენ დავამკვიდრებთ ასეთ პოლიტიკას. ჩვენ ამას შევძლებთ!
მე ამის მჯერა და ამიტომაც მოვედი პოლიტიკაში. პირადად მე, სწორედ პოლიტიკამ მომცა დღეს თქვენთვის გულის გადაშლის საშუალება, და ამიტომ ამ დღის მადლიერი ვარ! პოლიტიკა რომ არა, ალბათ, ვერასოდეს გავბედავდი ამდენი ხალხის წინაშე გამოსვლას, და იმის თქმას, რომ უზომოდ მიყვარს ჩემი ხალხი, ჩვენი სამშობლო!
კარგად ვიცი, რომ ერთბაშად ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც ჩვენს ხალხს აწუხებს, შეუძლებელია, მაგრამ არის საკითხები, რომელთა გადაჭრას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება.
ვიცი, რომ, პირველ რიგში, ხალხს უსამართლობა აწუხებს, ხალხი სამართალს ვერ პოულობს იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების ნაქები სასამართლო რეფორმა მთლიანად ჩავარდნილია. უფრო მეტიც, ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს სასამართლო, პრეზიდენტის ხელში მორჩილი სასამართლო ქვეყნის მართვის, ხალხის დათრგუნვისა და დაშინების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია. ასე სამართლებრივი სახელმწიფო ვერ აშენდება. ეს უნდა დამთავრდეს!
ამიტომ, ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის პირველივე დღეებიდან სასამართლოს გავათავისუფლებთ ყოველგვარი წნეხისგან, მოსამართლეები კანონის უზენაესობით იმოქმედებენ და არა პროკურორების მითითებით. ამას ბიუჯეტიდან ფული და ინვესტიციები არ სჭირდება. ამას, პირველ რიგში, სჭირდება პოლიტიკური ნება, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას არა აქვს.
ჩვენ ასევე გავათავისუფლებთ პოლიციას პოლიტიკური დაკვეთისგან. პოლიცია შეასრულებს თავის პირდაპირ დანიშნულებას - ის იქნება არა ხელისუფლების, არამედ ხალხისა და სახელმწიფოს სამსახურში. დიახ, ამას არ სჭირდება ბიუჯეტის ცვლილებები, ამას არ სჭირდება დიდი ძალისხმევა. ეს ჩვენი პოლიტიკური ნებაა და ჩვენ ამას გავაკეთებთ!
წესრიგი მოაქვს სამართალს და სამართლიანობას. უსამართლობითა და ძალმომრეობით დამყარებული წესრიგი ერთ მოძალადეს მეორით ცვლის. ქუთაისი ხომ ის ქალაქია, სადაც ხალხმა თავის თავზე გამოსცადა, თუ რას ნიშნავს კრიმინალური კლანებისა და კანონიერი ქურდების მიერ დამყარებული წესრიგი.
მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო: ეს დრო არც ამ ქალაქში და არც სრულიად საქართველოში აღარასოდეს დაბრუნდება, მაგრამ ჩვენ არც იმას დავუშვებთ, რომ კანონიერი ქურდი „ქურდად მომჯდარმა“ ხელისუფალმა ჩაანაცვლოს.
კრიმინალების მძლავრობის დროს პატიოსან მოქალაქეს იმის იმედი მაინც რჩება, რომ სახელმწიფო ადრე თუ გვიან მოძლიერდება და აღკვეთს უკანონობას, მაგრამ როდესაც თავად სახელმწიფო იქცევა როგორც ავაზაკთა ბანდა, ეს გაცილებით საშიში და დამანგრეველია ქვეყნისთვის.
დიახ, ჩვენ მოვალთ და დავამყარებთ წესრიგს, მაგრამ ეს იქნება დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებული წესრიგი!
ამ რამდენიმე დღის წინ სააკაშვილი დაგპირდათ წყალტუბოს რეაბილიტაციას, ხარაჩოებში ჩასმას. სააკაშვილმა თითქმის მთელი საქართველო ჩასვა ხარაჩოებში და რეაბილიტაცია დაარქვა ავარიული და გაუმაგრებელი შენობების ფასადების შეკეთება-შეღებვას. უმეტეს შემთხვევაში, ასეთი შენობები გახსნის შემდეგ ექსპლუატაციისთვის გამოუსადეგარია, ან ხელახლაა შესაკეთებელი. ქუთაისმა, სამწუხაროდ, საკუთარ თავზე იწვნია, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ასეთ მშენებლობებს.
ამ სურათის, ამ ფასადის შექმნა სააკაშვილს წინასაარჩევნოდ სჭირდება და მას ხშირად სატელევიზიო ჩართვების დეკორაციადაც იყენებს. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ის საკუთარ ახირებებს ჩვენი მოსახლეობის ფულით, ბიუჯეტის ფულით ისრულებს. ეს წყალში გადაყრილი ფულია, ჩვენი შეჭირვებული მოსახლეობის ფულია!
სააკაშვილი და მისი ხელისუფლება კიდევ უფრო დიდ თანხას იმ კრედიტებიდან ხარჯავს, რომელიც ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა გამოგვიყვეს ომისშემდგომი რეაბილიტაციისთვის, ეს კი, ის თანხებია, რომელიც ჩვენი შვილების და შვილთაშვილების გადასახდელი იქნება.
და ეს ყველაფერი სააკაშვილს ილუზიის შესაქმნელად სჭირდება - თითქოს ქვეყანა აღმშენებლობის გზას ადგას და უტიფრად უტოლებს თავს დავით აღამშენებელს. ეს უღირსობაა!
ჩვენ ამ უღირსობას ღირსებას დავუპირისპირებთ! ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის, თითოეული მოქალაქის ღირსება არის ის ფუნდამენტური ღირებულება, რასაც უნდა ეფუძნებოდეს ქართული სახელმწიფო და ჩვენ სწორედ ასეთ სახელმწიფოს ავაშენებთ!
ქვეყანას უდიდეს ტვირთად აწევს ამდენი ჩვენი თანამოქალაქე ქვეყნიდან გაჭირვების გამო რომ არის გადახვეწილი და მოწყვეტილია სამშობლოს. კიდევ უფრო დამთრგუნველია, რომ ოჯახის რჩენა ძირითადად ჩვენმა ქალებმა იტვირთეს და ლუკმაპურის საშოვნელად მთელ მსოფლიოში გაიფანტნენ. ჩვენ უნდა დავამთავროთ ჩვენი ხალხის უღირსებო ყოფა. ეს უნდა დამთავრდეს!
ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ქვეყანა, სადაც ჩვენი მოქალაქეები ქართული კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის წარმოსაჩენად გავლენ უცხოეთში, უცხოელები კი ჩვენი კულტურის გასაცნობად ჩამოვლენ. დღეს ჩვენ ვერ გავაკვირვებთ მსოფლიოს ვერც „ყველაზე მაგარი კურორტებით“ და ვერც „ყველაზე მაგარი ტურისტული ცენტრებით“.
ამ ხელისუფლებას ტურიზმი აქვს აკვიატებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ტურიზმის განვითარებასაც შევუწყობთ ხელს, მაგრამ ტურიზმი ჩვენი არც ერთადერთი და არც მთავარი საქმიანობა არ შეიძლება იყოს, რადგან ჩვენ გაცილებით მეტი, გაცილებით მდიდარი და მრავალფეროვნი რესურსი გვაქვს - ესაა ჩვენი ნიჭი, ჩვენი ღირსება და ჩვენი შრომისმოყვარეობა.
ჩვენ, თქვენთან ერთად, შევიმუშავებთ ქუთაისის განვითარების გეგმას, პირველ რიგში, გავითვალისწინებთ ქუთაისის სამრეწველო პოტენციალს, და აუცილებლად გამოვიყენებთ იმ საინჟინრო კორპუსს, რომელიც კიდევ იტყვის თავის სათქმელს.
წარმოება უნდა აღდგეს საქართველოში. ჩვენ მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ, თანამედროვე ტექნოლოგიებს უნდა დავეუფლოთ. თანამედროვე ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი და საწარმოო ასპექტები უნდა ავითვისოთ და განვავითაროთ, რადგან ეს დღეს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული, პრესტიჟული და შემოსავლიანი სფეროა.
ჩვენ მოვინდომებთ და შევძლებთ ამას!
ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობა თანამიმდევრულად, გააზრებული პოლიტიკით, კარგად გათვლილი რეფორმებით მკვეთრად შეიცვალოს უკეთესობისკენ.
ჩვენ შევძლებთ, და დავამკვიდრებთ თავისუფალ ბიზნესგარემოს, ხელს შევუწყობთ მეწარმეობის განვითარებას, შევქმნით საკუთრების ხელშეუხებლობისა და დასაქმებულთა სოციალური დაცვის გარანტიებს, რითაც, საბოლოოდ, მოვსპობთ ელიტურ კორუფციას და დავძლევთ უმუშევრობას.
ჩვენ შევძლებთ და ყველა პირობას შევქმნით, რათა ყველას შეეძლოს საკუთარი შესაძლებლობის შესატყვისი სამსახურის პოვნა და ოჯახის რჩენა.
ჩვენ შევამცირებთ გაუმართლებლად მაღალ კომუნალურ გადასახადებს, პენსია არანაკლები იქნება, ვიდრე საარსებო მინიმუმია. თავად საარსებო მინიმუმის ოდენობაც გადაიხედება, შეიცვლება და რეალურ ციფრს მიუახლოვდება.
ჩვენ შევძლებთ, და ახალგაზრდებს დასაქმების რეალურ პერსპექტივას გავუჩენთ. ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენსავე სამშობლოში შეძლებენ ცხოვრებას და წინსვლას და აღარ დასჭირდებათ ამისათვის ხელისუფლების სამსახურში დგომა.
ძვირფასო მეგობრებო!
ადრეც ვთქვი და აქაც გავიმეორებ: ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენი საბიუჯეტო პრიორიტეტები იქნება ჯანდაცვა, განათლება და სოფლის მეურნეობა.
საქართველოში ყველა პირობაა საიმისოდ, რომ აღორძინდეს სასოფლო-სამეურნეო მრეწველობა - იდეალური კლიმატური პირობებია, ბევრია სავარგული მიწა და სამუშაო ძალა. ის, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა ფაქტობრივად განადგურებულია, ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია.
ჩვენ რადიკალურად შევცვლით არსებულ პოლიტიკას. საქართველოში აღარ იქნება მოუხნავი სავარგულები, ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. არავის მივაყენებთ 20-ლარიანი ვაუჩერებით შეურაცხყოფას, რადგან ზუსტად ვიცით - ეს არ არის რეალური დახმარება, ეს ხალხის მოტყუებაა, დაცინვაა... ხოლო შედეგი, გაღატაკებული სოფელი და უცხო ქვეყნებიდან შემოტანილი, მდარე ხარისხის პროდუქტია.
კოალიცია „ქართულ ოცნებას“ დაგეგმილი აქვს, ააღორძინოს ქართული სოფელი. ამისთვის საგანგებოდ დაფუძნდება ერთმილიარდიანი ფონდი, რომელიც მხოლოდ სოფლის მეურნეობაში პირველი ეტაპის ინვესტირებისთვის იქნება განკუთვნილი.
ამ გეგმის თანახმად, შეიქმნება ათი ათასობით სამუშაო ადგილი, დახმარება გაეწევა სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს.
ჩვენ გვჯერა, რომ სოფლის მეურნეობის აღორძინების სიკეთე შეეხება თითოეულ ადამიანს. ამას იგრძნობთ თქვენც, რადგან ქუთაისს ყოველთვის ჰქონდა და ექნება თავისი განსაკუთრებული როლი ქართული სოფლის მეურნეობის აღორძინების საქმეში.
ჩვენ შევცვლით განათლების სისტემას და ისეთ რეფორმას გავატარებთ, რომ ქუთაისი დაიბრუნებს თავის ძველ დიდებას და კვლავ გახდება ქვეყანაში უდიდესი საგანმანათლებლო ცენტრი.
ჯერ კიდევ 2008 წელს ვფიქრობდი, დამეარსებინა ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც კვალიფიციურ კადრებს მოამზადებდა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საწარმოებისთვის. როგორც კი ქვეყანაში გაჩნდება საიმედო საინვესტიცო გარემო და გაიხსნება ასეთი საწარმოები, ჩვენ უკვე გვეყოლება ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და აღარ დაგვჭირდება უცხოელი კადრების ძებნა და ჩამოყვანა. მაშინ ვერავინ ავიყოლიე. ახლა კი, ჩვენ ამას შევძლებთ!
აქ, ქუთაისში, დავაფუძნებთ საუნივერსიტეტო ქალაქს, აღჭურვილს ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასრუქტურით, რომელსაც ისეთივე მნიშვნელობა ექნება საქართველოსთვის, როგორიც გელათის აკადემიას ჰქონდა დავით აღმაშენებლის დროს.
ჩვენ გავატარებთ ისეთ რეფორმას, რომ თითოეულ სოფელს ექნება თავისი სკოლა, ხარისხიანი განათლება ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი, და აღარავის ექნება სახელმძღვანელოების შეძენის პრობლემა, აღარავის დასჭირდება სკოლაში მისასვლელად 12 და 20 კილომეტრის გავლა. მასწავლებლობა პრესტიჟული პროფესია გახდება, თითოეული მასწავლებელი დაფასებული და დაცული იქნება ფინანსურადაც და სოციალურადაც.
თუმცა, ამ დღეებში ჩვენ ისიც ვნახეთ, რომ დაცვა ახლანდელი წარმატებული რეფორმის ავტორებსაც დასჭირდათ.
ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ ეროვნული გამოცდები იყო ერთადერთი წარმატებული პროექტი. სამწუხაროდ, ერთი კაცის ახირებას, ერთი კაცის ისტერიას ისე შეეწირა ეს პროექტი, რომ შედეგებზე არავის უფიქრია.
მაგრამ ის სოლიდარობა, რისი მოწმეც ჩვენ ამ დღეებში გავხდით, უპრეცედენტოა ბოლოდროინდელი საქართველოს ისტორიაში. ეროვნული გამოცდების ცენტრის 60-მა თანამშრომელმა მიატოვა კარგად ანაზღაურებადი სამსახური და ამით ყველას აჩვენა, რომ არაფრის სანაცვლოდ უსამართლობას არ შეეგუება.
ჩვენ გვჯერა, რომ სოლიდარობა გადამდებია, და რომ ღირსეული საქციელი მაგალითია. ჩვენ ვნახავთ, რომ ოქტომბრამდე ასეთი ადამიანების რიცხვი გაიზრდება. ჩვენ ამის გვჯერა!
მინდა შევეხო ჩვენი მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხს - ჯანდაცვის პრობლემას. არავისთვისაა უცხო, რომ დღეს ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ჯანმრთელობის დაცვის ელემენტარული პირობებიც არ არსებობს, ისინი სახელმწიფოსაგან მიტოვებულნი არიან.
ხელისუფლება თავს იწონებს იმით, რომ ახალ-ახალ საავადმყოფოებს ხსნის, ქუთაისშიც გაიხსნა რამდენიმე საავადმყოფო. გარდა იმისა, რომ ეს საავადმყოფოები გამოუსადეგარია და ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ სტანდარტებსაც კი, ისინი ფინანსურადაც მიუწვდომელია მოსახლეობისთვის.
ყველაზე მძიმე დღეში საშუალო თაობა აღმოჩნდა, ადამიანები, რომლებსაც არც საპენსიო ასაკი შესრულებიათ და აღარც სამსახური აქვთ. მათ სამედიცინო დაზღვევა არ გააჩნიათ, სააკაშვილის ხელისუფლება არც სამომავლოდ ჰპირდება მათ რამეს. არადა ეს ის ხალხია, რომელზეც ქართული ოჯახი დგას, მათ შვილებიც უნდა არჩინონ და მშობლებიც. ეს თაობა მთლიანად მიტოვებულია ხელისუფლებისგან.
უამრავი ჩვენი თანამოქალაქე გაღატაკდა და უსახლკაროდ დარჩა მკურნალობისთვის გაწეული კატასტროფული ხარჯების გამო. ეს უნდა დამთავრდეს! ეს ჩვენი ქვეყნის ღირსების საქმეა!
მე არაერთხელ მითქვამს და ჩემმა თანაგუნდელებმაც კარგად იციან - არ მიყვარს ტყუილი დაპირებები. კაცს რომ დაპირდები, უნდა შეასრულო. ასე ვიცხოვრე დღემდე და ასე ვაპირებ მომავალშიც.
ჩვენ კარგად შევისწავლეთ ეს სფერო. ჩემი დავალებით ჯანდაცვის პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობდნენ ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტები. არა ერთი დაძაბული დღე გამოვიარეთ, ყველაფერი დეტალურად გავთვალეთ, მსოფლიო გამოცდილებასაც გადავხედეთ, ყველაფერი ავწონ-დავწონეთ, გავითვალისწინეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.
და დღეს მინდა გამოვაცხადო, რომ სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას და იზრუნებს საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე!!!
ცხადია, ვისაც ექნება იმის მატერიალური შესაძლებლობა, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიებისგან უფრო უკეთესი ან დამატებითი მომსახურება მიიღოს, მას ამის უფლებას არავინ ართმევს, მაგრამ ვისაც არა აქვს საამისო სახსრები, და დღეს ასეა ჩვენი ქვეყნის პრაქტიკულად მთელი მოსახლეობა, მისი სადაზღვევო პაკეტი ბიუჯეტიდან იქნება დაფინანსებული.
ბაზისური პაკეტის საშუალებით საქართველოს მთელი მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება თანაბარი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით.
ასეთია ჩვენი განაცხადი და ეს რომ ლიტონი სიტყვები არ არის, ამაში ყველანი დარწმუნდებით, როდესაც ბლოკი „ივანიშვილი-ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში და მოვა ხელისუფლებაში.
ჩვენ ყველა დანაპირებს შევასრულებთ, ამის სიტყვას მე გაძლევთ!
ჩვენ შევძლებთ და, ჩვენი ქვეყანა თავს დააღწევს გაჭირვებას.
ჩვენ შევძლებთ და, საქართველოს საზოგადოება აღარასდროს დაიყოფა ხელისუფლების მომხრე და მოწინააღმდეგე ბანაკებად. თავისუფალ საქართველოში თავისუფალი ხალხი იცხოვრებს, რომელსაც აღარ ექნება პოლიტიკური დევნის შიში! მე ამას გპირდებით!
ჩვენ შევძლებთ და, ტელევიზიები და მედიასაშუალებები აგიტაციასა და ტვინის გამორეცხვაში კი არ შეეჯიბრებიან ერთმანეთს, არამედ დამოუკიდებელი, კვალიფიციური ჟურნალისტიკა იქნება მათი წარმატებისა და ნდობის გარანტი.
ჩვენ შევძლებთ და, ჩვენი მოხუცები და ბავშვები უზრუნველად იცხოვრებენ - ეს ჩვენი ღირსების საქმეა!
ჩვენ შევძლებთ და, ისეთ სახელმწიფოს ავაშენებთ, სადაც ხალხი იქნება ხელისუფლების წყარო და ხელისუფლება ანგარიშვალდებული იქნება თავის ხალხთან!
ჩვენ შევძლებთ და, ქართველები, ოსები, აფხაზები, ებრაელები, აზერბაიჯანელები, სომხები, რუსები, ბერძენები და სხვები - ერთად, მშვიდობიანად აღვადგენთ ქვეყნის ერთიანობას.
ჩვენ შევძლებთ და, საქართველო გახდება თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული თანამეგობრობის ღირსეული წევრი!
ჩვენ შევძლებთ და, დავამკვიდრებთ ისეთ პოლიტიკურ კულტურას, როდესაც ხელისუფლების ღირსების საკითხი იქნება, როგორ მოექცევა იგი მომავალ ოპოზიციას, და ამას თქვენ ნახავთ ოქტომბრიდან - ჩვენი გამარჯვების შემდეგ.
ჩვენ შევძლებთ და, არჩევნებით შევცვლით ამ ხელისუფლებას!
ჩვენ გვწამს და მტკიცედ გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ არჩევნებში, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, საქართველო გაიმარჯვებს, ჩვენ ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს და ერთად ავისრულებთ ქართულ ოცნებას!