პირველი სამუშაო ჯგუფი დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კარგი მმართველობა და სტაბილურობა 2012 წლის 6 ივნისი, ბრიუსელი განცხადება საქართველოს შესახებ
2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის. ახალი პარლამენტი უზრუნველყოფს ქვეყნის გარდაქმნას საპარლამენტო რესპუბლიკად და ჩამოაყალიბებს ახალ მთავრობას 2010 წლის 15 ოქტომბრის საკონსტიტუციო ცვლილელების შესაბამისად.
მართალია, უკვე არსებობს იმის წინაპირობები, რომ მომავალი არჩევნები იქნება კონკურენტული, კიდევ რჩება გამოწვევები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების კუთხით.
2012 წლის თებერვალში ქართული სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაიწყო კამპანია სახელწოდებით „ეს შენ გეხება“, რომლის მიზანია გაუმჯობესდეს საარჩევნო კანონმდებლობა და გაუმჯობესდეს წინასაარჩევნო გარემო. კამპანიის მიერ შემუშავებული ბევრი წინადადება უკვე აისახა ეროვნულ კანონმდებლობაში 2012 წლის მაისში შეტანილ ცვლილებებში.
2012 წლის 7 მაისს ქართულმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარუდგინეს პარლამენტს, რომელიც, მიღების შემთხვევაში, გახდება საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გარანტი. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ცვლილებათა პაკეტში must-carry და must-offer პრინციპების შეტანა, ვინაიდან ისინი უზრუნვეყოფენ პლურალისტული მედიის ხელმისაწვდომობას ქვეყანაში.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის პირველი სამუშაო ჯგუფის მონაწილეები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას:
• უზრუნველყონ პლურალისტული მედიის ხელმისაწვდომობა და თანაბარი სატელევიზიო ეთერი ყველა პოლიტიკური პარტიისათვის საარჩევნო პერიოდში;
• შექმნას ფორუმი პოლიტიკური დებატებისათვის;
• დახვეწოს ხმების დათვლის პროცედურა არჩევნების დღეს;
• დაარეგულიროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.
გარდა ამისა, მოვუწოდებთ ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევას, შეიქმნას თავისუფალი და კონკურენტული საარჩევნო და მედია გარემო ქვეყანაში.