პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილი ამბობს, რომ „ივანიშვილს, ისევე, როგორც სხვა მოქალაქეებს, საარჩევნო პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობის უფლება აქვთ და სხვადასხვა დარღვევა რომელიმე სუბიექტის ან პერსონისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას შეზღუდვის საფუძველი არ გახდება“.
თუმცა, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გარკვეული ქმედებები არის კანონის დარღვევა და ამაზე მათ პასუხი უნდა აგონ.
რატომ არ არის ხელისუფლების მიერ ჩადენილი იგივე ქმედებები კანონდარღევა და რა პასუხი აქვს ამაზე ხელისუფლებას, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პავლე კუბლაშვილს ესაუბრა.
პავლე კუბლაშვილი: საარჩევნო კამპანია იდეების ჭიდილია და არა ფულით ამომრჩეველს მოსყიდვა, ან სარეცხი მანქანის, მაცივარის და სხვა ტექნიკის გადაცემის დაპირება. ასეთი რამ საარჩევნო კამპანია არ არის, არამედ ეს არის ტექნოლოგია, რომელსაც, შეიძლება, რუსეთში საარჩევნო კამპანიებისთვის იყენებდნენ. საქართველოში ამ ტიპის კამპანია ვერ გაიმართება.
მე კონტროლის პალატის მიერ შესწავლილ საკითხებს დეტალურად არ ვიცნობ. თუმცა, ის ფაქტები, რომლებიც მოვისმინე, თავისი შინაარსით, ამომრჩევლის მოსყიდვასთან ახლოს დგას. როდესაც ადამიანი ღიად აცხადებს, რომ „მე–9 არხთან“ ღიად არის დაკავშირებული და ამომრჩევლებისთვის სხვადასხვა ნივთების უფასოდ ან შეღავათიან ფასებში გადაცემას აპირებს, ეს, ჩემი შეფასებით, ამომრჩევლის მოსყიდვას გავს.
„ქართულ ოცნებას“ ბუკლეტების გავრცელებისთვის რა სანქცია შეიძლება დაეკისროს?
- მე ვერ გეტყვით, ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება როგორ წარიმართება. რა იქნება შედეგი და როგორი შეიძლება იყოს კონკრეტული ფიზიკური პირების პასუხისმგებლობა. ბუნებრივია, მოსყიდვა ჩვენი კანონმდებლობით ყველა შემთხვევაში აკრძალულია და ეს ნორმა, ცხადია, დაცული იქნება. შესაბამისად, არავის არა აქვს უფლება, რომ აგიტაციის ფორმით ჩაატაროს მოსყიდვის კამპანია. ამის უფლება საქართველოში არავის არა აქვს.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ივანიშვილს, ისევე, როგორც სხვა მოქალაქეებს, საარჩევნო პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობის უფლება აქვთ და სხვადასხვა დარღვევა რომელიმე სუბიექტის ან პერსონისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას შეზღუდვის საფუძველი არ გახდება.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ხმის მიცემის სანაცვლოდ რომ პირდებიან ადამიანებს დასაქმებას და სამედიცინო დახმარების გაწევას, ეს მოსყიდვა არ არის? მათ მიმართ რატომ არ ტარდება ასეთი სანქციები?
- მე ასეთი შემთხვევის შესახებ არაფერი ვიცი და დარწმუნებული ვარ, არც იქნება.
სამარშრუტო ტაქსებში რადიოების გამორთვა არ ნიშნავს ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას?
- მე ამის შესახებ მაქვს მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც ვრცელდება პრესის და ტელევიზიის მეშვეობით და, როგორც გავიგე, ეს უკავშირდება ორ კერძო პირს შორის დადებული ხელშეკრულების რეალიზაციას. აქედან გამომდინარე, რაღაც სხვა საკითხის დაზუსტება ჩემთვის შეუძლებელი იქნება ამ თემასთნ მიმართებაში.
თუ არსებობს ასეთი ხელშეკრულება რეკლამის განთავსებასთნ დაკავშირებით, რის ფარგლებშიც მოხდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ეს უკვე, ალბათ, კერძო დავას შეიძლება წარმოადგენდეს და ამას ინფორმაციის შეზღუდვასთან არანაირი კავშირი არა აქვს.
რამდენად არის შესაძლებელი, რომ ამ სამარშრუტო ტაქსებში პოლიტიკური რეკლამა განთავსდეს?
- ვერ გეტყვით, არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომ არ უნდა განთავსდეს.
„მეცხრე არხს“ ტრანსლირებისას დაბრკოლება ექმნება და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგი არ არის?
- ეს არის ის შეთხვევა, როდესაც „სტერეო+“ სცდება თავისი ლიცენზიით განკუთვნილ უფლებებს. შესაბამისად, ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, რეაგირება უნდა მოხდეს. მაგრამ სხვა დეტალები მე არ ვიცი და ვერც ვერაფერს ვიტყვი.
მაგრამ ზუსტად ამ ლიცენზიით აქამდე წლების განმავლობაში ახორციელებდა ეს კომპანია სხვადასხვა ნაციონალური არხის ტრანსლირებას. პრობლემა მაინცდამაინც „მეცხრე არხის“ ტრანსლირების გამო რატომ შეიქმნა?
- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამას ადგილი არ ჰქონია. მე მესმის, რომ ამ შემთხვევაში კონკრეტული ფიზიკური პირი, ბატონი ზილფიმიანი ან სხვა, ეძებს რაღაც საშუალებას, თუ როგორ აუაროს კანონს გვერდი და როგორ მოიფიქროს რაღაც ახალი რამ საკუთარი ლიცენზიის უფლებამოსილების ფარგლებში. მაგრამ ერთი რამ ვიცი, საქართველოში ყველა ეს ურთიერთობები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით.
ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ხომ ადასტურებს „მასთ ქერის“ პრინციპის დამკვიდრების აუცილებლობას, რასაც არასამთავრო ორგანიზაციები ითხოვენ და რის საჭიროებაზე ჰილარი კლინტონმაც ისაუბა?
- საკაბელო ბიზნესი არის ჩვეულებრივი ბიზნესი, რომელიც უნდა იყოს კონკურენტუნარიან გარემოში და საკაბელო ბიზნესს რაც უფრო მეტ ვალდებულებას ავკიდებთ, მით უფრო მძიმე გარემოში მოუწევთ საქმიანობა და, შესაბამისად ვფიქრობ, რომ დავალდებულება, თავისი ეთერით გაუშვას ყველა არხი, არასწორია.
ამის პრაქტიკა ხომ არსებობს აშშ–ში და ევროპის ქვეყნებში. იქ როგორ ახერხებენ ფუნქციონირებას?
- ჯერ ერთი, ამ ფორმით არც ამერიკაში არ არის. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ამაზე მსჯელობა კიდევ გაგრძელდება. თუმცა, ამ კონკრეტულ საკითხზე ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, რადგან ჩვენ უნდა გამოვიდეთ საზოგადოებრივი ინტერესიდან და არა კონკრეტული პირების ინტერესიდან.
საზოგადოების ინტერესი არ არის ის, რომ ინფორმაციის დუბრკოლებლად მიღების საშუალება ჰქონდეს?
- ყველას აქვს უფლება, აირჩიოს ინფორმაციის ის წყარო, რომელიც მას მიაჩნია სანდოდ და სასურველად. აქედან გამომდინარე ეს საკითხი საკამათოდ არ მიმაჩნია.
რეგიონებში ადამიანებს ამის საშუალება არა აქვთ და ეს პრინციპი სწორედ იმისთვის არის საჭირო, რომ მათ ამის საშუალება ჰქონდეთ ...
- მე ვფიქრობ, რომ რეგიონებში ყველა კომპანიის ტრანსლირება ხდება და სოფლებში თუ ჩახვალთ, ნახავთ, რომ ასეა. მე ეს პირადად მაქვს ნანახი. ამიტომ, ეს არგუმენტი ჩემთვის მიუღებელია.
ცვლილებები უნდა შევიდეს „საარჩევნო კოდექსშიც“. ამით ივანიშვილს რისი უფლება მიეცემა?
- კონსტიტუციამ ამ კონკრეტული პირის უფლებები პირდაპირ განსაზღვრა, რაც უკავშირდება აქტიურ და პასიურ საარჩევნო უფლებებს. ბუნებრივია, ამასთან ერთად ამ ადამიანს ექნება უფლება, რომ აწარმოოს აგიტაცია, რასც ის აქამდეც აკეთებს და ამაში მისთვის ხელი არავის შეუშლია. შექმნას პარტია, რაც გააკეთა კიდეც და ასევე ხელი არ შეშლია არავის მხრიდან; ასევე დააფინანსოს იმ ფარგლებში, რაც არის საქართველოს მოქალაქისთვის განსაზღვრული და ყველამ იცის, რომ ეს აქამდეც ხდებოდა და მას ამაში ხელი არ შეშლია.
ამიტომ, იმისთვის, რომ ყველა ეს უფლება, მათ შორის, ტქნიკური უფლებები, თუ როგორ შეიძლება ხმის მიცემა იმ შემთხვევაში, თუ არა აქვს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი და ა.შ. ყველა ეს საკითხი იქნება გაწერილი გარდამავალ დებულებებში.
რა მოწმობით მოხდება ხმის იცემა?
- ამ კონკრეტული შემთხვევისთვის საჭირო იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნის პასპორტი და არანაირი ახალი დოკუმენტის გაცემა არ იქნება საჭირო.
საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით რატომ გახდა ახალი ჩანაწერის გაკეთება საჭირო?
- საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით აქამდე იყო ასეთი ჩანაწერი, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები დაკვირვებას ახორციელებენ ორი წარმომადგენლის მეშვეობით. ეს ჩანაწერი, შეიძლება, ხარვეზად ჩავთვალოთ, რადგან გაუგებარი იყო, ორი დამკვირვებელი სად შეიძლებოდა ჰყოლოდათ. ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლებს დაკვირვების პრობლემა არასოდეს ჰქონიათ, მაგრამ აქ იგულისხმება უბანზე ორი დამკვირვებლის მეშვეობით დაკვირვება და არა მთელი ქვეყნის მასშტაბით. შესაბამისად, ეს ზუსტდება.
ამავე დროს ზუსტდება ის ძირითადი პრინციპები, რაც საერთაშორისო სტანდარტით არის გათვალისწინებული, თუ რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო კომპანია, რომელც დაკვირვებას განახორციელებს. ეს არის მიუკერძოებლობა, პოლიტიკურ პროცესებში ჩაურევლობა, სუვერენიტეტის პატივისცემა, პოლიტიკური დაკავშირებულობის გამორიცხვა და ა.შ.