ქართულ მედიაში სულ უფრო ხშირად განიხილავენ თემას, თუ ვისზე დადებს ფსონს „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარულ არჩევნებში. გამომდინარე იქიდან, რომ ნაცებს უკვე შემოეძარცვათ სასურველი კანდიდატურები, წინა პლანზე ხომ არ წამოსწევენ სრულიად ახალ სახეებს, ან ხომ არ გამოაჩენენ მივიწყებულ ადამიანებს, რომლებმაც საზოგადოებას თავი ვერა და ვერ მოაწონეს. ასეთები კი ამ მოძრაობას უხვად ჰყავს: მაია, ნადირაძე, ზაზა ბეგაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიგა ბოკერია... მართალია, პერიოდულად მათ გადამალავდნენ ხოლმე, რომ საზოგადოება კიდევ მეტად არ დაეფრთხოთ, მაგრამ, როცა კანდიდატების შერჩევა გაუჭირდებოდათ, მათ პოლიტიკურ რეინკარნაციას კვლავაც ახერხებდნენ. ასე მოხდა ზურაბ ჭიაბერაშვილისა და გიგა ბოკერიას შემთხვევაში. ახლა საკითხავია, შერჩებიან კი ნაციონალურ პოლიტიკას აქამდე შეუცვლელი ჩიორები, გიგი წერეთლები, ნუგზარ წიკლაურები, პეტრე ცისკარიშვილები?!
ამბობენ იმასაც, რომ ნაციონალებს მაჟოროტარებად პოპულარული სახეების - სპორტსმენების წარდგენა სურთ, მაგრამ „ქართულ ოცნებაში“ უამრავი სპორტსმენის გადაბარგების შემდეგ ისინი სპორტსმენებს ყველაზე ნაკლებად ენდობიან.
თუ გავითვალისწინებთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი წევრების მიღება შეჩერებულია (ალბათ, იმის გამოც, რომ ბევრს არც აქვს მათთან გაერთიანების სურვილი), ცხადი ხდება, რომ მაჟორიტარების შერჩევის ნაკლები შანსი რჩება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვაკის მაჟორიტარულ ოლქში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გიორგი კარბელაშვილის კანდიდატურა შეარჩია, ისნის საარჩევნო ოლქის მოგებას ლელა წურწუმიას მეშვეობით აპირებენ, ხოლო მომავალ პარლამენტში ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ ანდრია ურუშაძის კანდიდატურას უმიზნებენ, რომელიც საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი გახდება.
ეს სავარაუდო სია, შესაძლოა, კიდევ შეიცვალოს, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ იქნება სიის შემდგენი - მიხეილ მაჭავარიანი, ვანო მერაბიშვილი თუ მიხეილ სააკაშვილი.
ცხადია, რამდენი ნაციონალიცაა, იმდენი განსხვავებული აზრია სანდო კადრებთან დაკავშირებით. თუ ერთი ნაციონალისთვის რომელიმე კანდიდატურა მისაღები გახდება, არაა გამორიცხული, მეორე ნაციონალში ამან დაეჭვება და უნდობლობა გამოიწვიოს.
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა Presage.tv-ს ნაცმოძრაობის კანდიდატურებთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულება გაუზიარა, რაც, ალბათ, ნაციონალებისთვისაც საინტერესო იქნება.
მართალია, რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენთ, მაგრამ, თქვენი აზრით, არჩევნებში ვისზე უნდა დადოს ფსონი „ნაციონალურმა მოძრაობამ“? ჰყავთ კი მათ ისეთი კანდიდატურები, რომლებიც ხალხის გაღიზიანებას არ დაიმსახურებენ?
- ნაციონალურ მოძრაობას ოფიციალურად არცერთი კანდიდატი არ წამოუყენებია, ამიტომ, მათი სავარაუდო სიების შესახებ ვერაფერს გეტყვით. არ ვიცი, ახლა ურუშაძე იქნება, ვაშაძე თუ სხვები, მაგრამ, ჩემი აზრით, ყურადღებამისაქცევია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარებშიც და სიაშიც ახალი სახეები იქნებიან. რა იგულისხმება ამ ახალ სახეებში, არ ვიცი. ლაპარაკი ბევრია, მათ შორის, საუბრობენ, რომ კუდისა და სოდის ოფიცრები იქნებიან ახალი სახეები, მაგრამ ვერ გეტყვით, რამდენად რეალურია. რაც არ ვიცი, არ ვიცი.
მაინც ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდება, თავისი წარმოდგენით, სერიოზული ძალები წარმოაჩინოს. ამიტომ, მათ სიაში ვინც დავინახე, ძველი და გამობრძმედილი კადრები, როგორიცაა ბარამიძე და მაჭავარიანი, ეტყობა, ეს იმის ნიშანია, რომ მათ უნდათ სიახლეები „წარმოადგინონ“. მართალი გითხრათ, არ მიკვირს, ბატონმა ბარამიძემ ერთხელ თქვა, ჩვენ 70 წლით მოვედითო და იმის მერე, ჯერ ათი წელია გასული. ასე რომ, კიდევ 60 წელი დარჩებათ. ნებისმიერ მაჟორიტარს, ვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში წარმოადგენს, ძალიან გაუჭირდება. განსაკუთრებით, გაუჭირდებათ ისეთ ოლქებში, სადაც ნაციონალების რეიტინგი ძალიან დაბალია. ეს გახლავთ ვაკე, საბურთალო, დიდუბე, მთაწმინდა და ა.შ. ამიტომ, არ ვიცი, რას გააკეთებენ, არც ის ვიცი, რამდენად შეეფერება სიმართლეს ეს სია, მაგრამ მე რჩევას ვერ მივცემ. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით აზრი მაქვს, რადგან „ნაციონალური მოძრობა“ რაც უფრო ნაკლებად იქნება წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში, მაჟორიტარების სახით, მით უკეთესი იქნება საქართველოსთვის.
დღემდე არსებობენ ე.წ. შეუცვლელი ნაციონალები, რომლებსაც მუდმივად ატრიალებენ საარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები? ან რატომ შეაჩერეს არჩევანი ახალ კანდიდატურებზე, თავადაც დარწმუნდნენ, რომ ძველმა სახეებმა საზოგადოებას თავი მოაბერზეს?
- ძველი სახეებით ყოველთვის ყველაფერს ვერ მოიგებ. მე არ მიკვირს გიორგი ვაშაძის წამოწევა, რომელსაც წარმატებულ პროექტს უკავშირებენ. მეც ვიცი, რომ წარმატებული იყო ის პროექტი, საქართველოში ძალიან ცოტაა წარმატება, ამიტომ, ვაშაძის წარმოდგენა შემიძლია, იგი ასოცირდება ერთი ფანჯრის პრინციპთან. მას ვიცნობ და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, როგორც მენეჯერი, ბარამიძეს მირჩევნია, რადგან ბარამიძესთან მიმართებით მე მაინც ვერ გავიგე, მან ცხოვრებაში საერთოდ რა გააკეთა გარდა იმისა, რომ 70 წელი ხელისუფლებაში ყოფნა სურს. ბარამიძის გაკეთებული საქმე მე არ მახსოვს. პიროვნულად ბარამიძე არ არის ცუდი ადამიანი. მაპატიეთ, მაგრამ ბარამიძეზე ზრდილობიანი ადამიანი საქართველოში შეიძლება იყოს მიხეილ მაჭავარიანი. თუმცა, მე ვფიქრობ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვაშაძე უფრო სჭირდება, მაგრამ საქართველოს უკვე, შეიძლება, ვაშაძეც აღარ სჭირდებოდეს. ამას ყველაფერს გადაწყვეტს არჩევნები და ქართველი ხალხი. რჩევის მიცემა შემიძლია, მაგრამ თვითონაც მოიფიქრებენ.
სიების შედგენა ვისი პრეროგატივაა?
- აქ მთავარია, ვინ ადგენს სიას. თუ მიხეილ მაჭავარიანი ადგენს, მაშინ ერთი ამბავია, თუ ვანო მერაბიშვილი ადგენს, - მეორე ამბავი, ხოლო, თუ სააკაშვილი პირადად შეადგენს ამ სიას, დაღუპავს „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და ქვეყანასაც, რადგან რაშიც ვერ გაერკვა მიხეილ სააკაშვილი ცხოვრების ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, ადამიანების შერჩევაა. არადა, არც ისე პატარაა სააკაშვილი, როგორც თავს გვიხატავს. გასაგებია, პენსიაზე გასვლა არ უნდა და ამბობს, ბავშვი ვარო, მაგრამ, რაც მართალია, მართალია, რეალურად, ხანგრძლივი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში, მან ადამიანების ცნობა ვერ ისწავლა, ადამიანებს ის ვერ პოულობს და თანამებრძოლების პოვნა არ შეუძლია.
საქართველოს ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ტოლფარდი არ არის, საქართველოს ჰყავს პარლამენტის თავმჯდომარეც, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ტოლფარდი არ არის. უბრალოდ, როგორც პოლიტიკოსები, ბაქრაძე და, განსაკუთრებით, ეს ეხება გილაურს, არიან 0,1 გამრავლებული სააკაშვილზე. ისინი ძალიან ცოტანი არიან სააკაშვილთან შედარებით. სააკაშვილი არის მათი ერთადერთი ვარსკვლავი, მაგრამ ყველა უბანში თვითონ ხომ არ იყრის კენჭს?!
გასაგებია, რომ მათ აქვთ პრობლემები, მაგრამ მაინც წამომცდება რჩევა და ვურჩევდი, აბსოლუტურად ახალი სახეები წამოაყენონ. მთაწმინდაზე გეგენავას წარდგენა შეცდომაა, იმიტომ კი არა, მოიგებს თუ ვერ მოიგებს, ბოლოს და ბოლოს, ამაში ხომ არაა საქმე. ვინც მოიგებს, მიხედავს კიდეც ამ მთაწმინდას, მაგრამ, აი, მე მთაწმინდაზე ვცხოვრობ და გეგენავას მოსვლის შემდეგ, როგორც ვცხოვრობდით მთაწმინდაზე, ნაგავი როგორც გადიოდა კვირაში ერთხელ და, რაც ნაგვის გადასახადი გაგვიძვირეს, იმის მერე საერთოდ ორ კვირაში ერთხელ გადის, ეს რეალობაა. რა დალეწილიც იყო ჩემი ქუჩა, ისეთივე დალეწილია ახლაც, რა უსახსროც იყო ხალხი, იმავე დღეშია. გეგენავას ეს აბსოლუტურად არ აღელვებს, ან რატომ უნდა აღელვებდეს, გეგენავამ ხომ ფორმულა იპოვა?! მთავარია, მიშა სააკაშვილს არ ეწყინოს, თორემ ლევან ბერძენიშვილს თუ აწყენინა, რა მოხდა?! არადა, მე ეს მაინცდამაინც არ მწყინს.
უნდა გითხრათ, რომ წარმატებული პარლამენტარები არ არსებობენ, ამიტომ ვფიქრობ, რომ ყოფილი მაჟორიტარების დასახელება, მათი მხრიდან ცინიზმი და თავის აგდებაა. ახალი სახეები, კი ბატონო. მეც მივესალმები ახალ სახეებს, ნებისმიერი მხრიდან - იქიდანაც და აქედანაც. რა თქმა უნდა, ალბათ, ბევრი ახალი სახე იქნება წარმოდგენილი.