შალვა ნათელაშვილი ქართული პოლიტიკიდან, შესაძლოა, წავიდეს. მიმდინარე კვირას პირველი ლეიბორისტის ორშაბათის ტრადიციული ბრიფინგი არ გამართულა, ლეიბორისტების მთავარი დამრტყმელი ძალები პასუხისგან თავს იკავებენ. მხოლოდ ლეილა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ 1996 წელს ჩამოყალიბებული ლეიბორისტული პარტიის გარეშე ქართული პოლიტიკა წარმოუდგენელია.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება შალვა ნათელაშვილმა და რეალურად რა ხდება ლეიბორისტების კულუარებში, ამის შესახებ Presage.tv-ს პარტიის ერთ-ერთი წევრი ესაუბრა. თუმცა, აღნიშნული პიროვნება ინტერვიუზე მისი ვინაობის გამხელის გარეშე დაგვთანხმდა.
რეალურად მიდის შალვა ნათელაშვილი ქართული პოლიტიკიდან?
- სერიოზულად არ მივიჩნევ, რომ შალვა ადგეს და კარზე ბოქლომი ჩამოკიდოს. „ლეიბორისტული პარტია“, როგორც მემარცხენე ძალა, უნდა არსებობდეს. ეს აუცილებელია, რადგან მათ გარეშე მემარჯვენეები დაიწყებენ მემარცხენეობაზე საუბარს და ეს დაემსგავსება სიტუაციას, როდესაც უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენ. სწორი არაა, როცა მემარჯვენეები მემარცხენე იდეებით გამოსვლას იწყებენ. ამდენად, ამ ნიშის დაკარგვა ყოვლად შეუძლებელია. არსებობს პრორუსული, პროამერიკული, ნეიტრალური ძალები. დემოკრატიულ ქვეყანაში ადამიანს როგორც ერთის, ასევე, მეორის არჩევის საშუალება უნდა ჰქონდეს. ნიშა, რომელიც 18 თუ 20 წელიწადია შალვა ნათელაშვილს უჭირავს, მოსაცილებელი რომ ყოფილიყო, აქამდე მოაცილებდნენ. რასაკვირველია, ამას სერიოზულად არ მივიჩნევ, რომ შალვამ ბოქლომი დაადოს პარტიის ოფისს.
თავად მისთვის არ იქნება კარგი?
- მისთვის არ იქნება კარგი, რადგან თავად ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება.
დეპრესიას გულისხმობთ?
- არა, მის წინააღმდეგ წამოსულ დარტმებს. მას თავს დაესხმებიან. ასე არ არის, პოლიტიკიდან წახვიდე, ბოლოს და ბოლოს, ამხელა პარტიაა.
ხელისუფლება დაესხმება თავს თუ მისივე გარემოცვა?
- თავისი ხალხი დაესხმება თავს. გარდა ამისა, ხელისუფლებაც დაესხმება, ივანიშვილიც და სხვებიც. იგი საზოგადოების სამიზნე აღმოჩნდება. უნდა თუ არა, საზოგადოებას მაინც სჭირდება ასეთი ძალა.
ამ გადასახედიდან ლეიბორისტების მისია რა იყო? ამდენი ხნის მანძილზე ისინი მოდიოდნენ პოლიტიკაში, იკავებდნენ ცალკეულ თანამდებობებს, შემდეგ სხვებს გადაულოცავდნენ. შალვა ნათელაშვილს ხშირად შეახსენებენ, რომ მან თავის დროზე საკრებულოს თავმჯდომარეობა მიხეილ სააკაშვილს დაუთმო. ამდენად, რა იყო ლეიბორისტების რეალური მისია, რადგან საზოგადოებაში ასეთი აზრიცაა, რომ ლეიბორისტები ყოველთვის ხელისუფლების თამაშს თამაშობდნენ?
- როგორ გითხრათ, არის ნებაყოფლობითი თამაში, არის უნებლიე თამაში.
და არის იძულებითი თამაშიც.
- დიახ. ან ხდება ისე, როცა ვიღაცას შეცდომაში შეჰყავხარ. გამორიცხული არაა, შალვა შეცდომაში შეიყვანეს.
მაგრამ ეს შეცდომები მუდმივად გრძელდებოდა მისი პოლიტიკაში მოღვაწეობის სხვადასხვა ეტაპზე?
- მართალია, მისი მოტყუება არ არის ადვილი და იგი იოლად არ ტყუვდება, მაგრამ არიან პიროვნებები, რომლებიც შალვას კი არა, ბისმარკს მოატყუებდნენ.
გარემოცვას მივადექით?
- ეს არ არის მარტო გარემოცვა, ეს არის გარე ძალებიც, ვისაც იმისთანა თამაშის წამოწყება შეუძლია... არასდროს გამორიცხული არ ყოფილა შევარდნაძის როლი ამ საქმეში. მეორეც, შალვას მართლა არ ჰქონდა საშუალება. იცით, რა არის? ახლა იძახიან, შალვამ მისცა ხელისუფლებაო და მართლაც ასეთნაირად ჩანს, რომ მან დათმო, მაგრამ, სინამდვილეში, იყვნენ ჟვანია და ბურჯანაძე, იყო მიშა სააკაშვილი და იყვნენ სხვებიც, რომელთა ალიანსის შედეგად მას მაინც ეტაპობრივად დაატოვებინებდნენ პოსტს.
და ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა?
- ეს მაინც მოხდებოდა და ამას შეიძლება, მოჰყოლოდა, რომ ლეიბორისტებს დარტყმები მიეღოთ. შესაძლოა, გაარიდა კიდეც პარტია ამ დარტყმებს.
მაშინდელ ხელისუფლებასთან გარიგებას გამორიცხავთ?
- რა არის, იცით? პოლიტიკაში არაფერი არ უნდა გამორიცხო, მათ შორის, გარიგებაც. პოლიტიკაში არის ინტერესები და არ არის მარტო რწმენა. ეს ინტერესთა თამაშია.
რა იყო იმ გადაწყვეტილების მიზეზი, როცა ლეიბორისტები პარლამენტში ვითომ შედიოდნენ, შემდეგ გადაიფიქრეს, თუმცა პარლამენტიდან ხელფასის აღებაზე უარი არ უთქვამთ. ასეთი ქმედებები მათ ხომ საზოგადოების ნდობას აკარგვინებდა?
- ლეიბორისტებს ეს თანხა უნდა აეთვისებინათ. რატომ დარჩენოდა ხელისუფლებას?! ამიტომ შალვა ბოიკოტის რეჟიმში იყო. პარლამენტში რომ შესულიყო, პარლამენტს გარეთ დარჩენილები თავს დაესხმოდნენ, შეჭამდნენ და მოღალატის იარლიყს მიაკრავდნენ. ამიტომ, შალვამ არც მწვადი დაწვა, არც შამფური. შეიძლება, ლამაზად არ ჩანს, მაგრამ მან ოპოზიციონერების მხარე დაიჭირა.
ამით ბევრი ელექტორატი დაკარგა, რომლებსაც მისი პრინციპულობა და ხელფასზე უარის თქმა უფრო მოეწონებოდათ.
- რასაკვირველია, ამით დაკარგა ხალხის ნაწილი. ელექტორატის ნაწილმა მოიწონა ეს გადაწყვეტილება, ნაწილმა-არა. ისე, ამ გადაწყვეტილების მიღება პარტიაში მაინც გამართლებულად მიიჩნიეს, იყოს ფული და მათი დედაცო. იმ დროს ისევე, როგორც ახლა, პარტიაში ჩხუბიც იყო, დავიდარაბაც, მიშას ლანძღვაც. რამდენად შეთანხმებული იყო ეს ყველაფერი ვინმესთან, არ ვიცი. რაღაც ეჭვი მეპარება, მივარდე მერაბიშვილს და ცემა-ტყეპის გარეშე გამოგიშვას იქიდან, რატომღაც შალვას ამ მხრივ თავს არ ესხმიან. ამ დროს მეორე რეალობაცაა, ლეიბორისტული პარტიის ძირითადი ბირთვი, ქვედა რგოლი, უმუშევარი ხალხია, რომლებსაც არსად იღებენ, რადგან ლეიბორისტები არიან.
ლეიბორისტების ზედა რგოლში რა ხდება?
- ლეიბორისტების ზემოთა რგოლში რა ხდება, ვერ გეტყვით, თვითონ გაარკვიეთ, ვინ, სად და ვისი ოჯახის წევრი სად მუშაობს, მაგრამ მთავარი აქტივისტები, რომლებზეც დგას პარტია, პრაქტიკულად, რეპრესირებულნი არიან. ზოგი საზღვარგარეთაა გაქცეული, ზოგი ციხეშია. გადასარევი ბიჭია ამ წუთას ციხეში პოლიტიკური მოსაზრების გამო - გიზო გოგლიჩიძე. მიმაჩნია, რომ მასზე ზეწოლაა, ვერაფერს უკეთებენ და არ უშვებენ. თუ პარტია მართლა ხელისუფლებასთანაა ალიანსში, გიზო უნდა გამოეყვანათ.
გიზო გოგლიჩიძე დაბალ რგოლს არ მიეკუთვნება?
- არა, რადგან იგი იყო კოორდინატორი, ზესტაფონის საკრებულოს წევრი. ბომბიც შეუგდეს კაბინეტში.
ხომ შეიძლება, ეს პიროვნება ლეიბორისტებმა გაწირეს? კრიტიკული მომენტის დროს, როცა არ გსურთ, ხელისუფლებასთან ალიანსი დაგბრალდეთ, შეიძლება, „ერთი ბარტყი გადმომიგდეს“ პრინციპით, გაწირო ადამიანი?
- რამის გამორიცხვა შეუძლებელია. ასევე, პოლიტიკაში რაიმეს დაბრალება თავისუფლად შეიძლება, რომ ადამიანი თავის მართლების პოზიციაში ჩააყენო. გააჩნია, თუ პოლიტიკოსზე ნორმალური შეტევა განახორციელე, შეიძლება, მას ნერვიული სისტემა აუშალო, რაც მისი, როგორც პოლიტიკოსის, გაუფასურებას იწვევს. დაგაბრალებ ერთხელ, მეორედ, მესამედ და შენც ადამიანი ხარ, ნერვები აგეშლება და სულ წაქცეული იქნები.
იმ დროს, როცა შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას პარლამენტის ხელფასის აღებას დათანხმდა, მაშინ ლეიბორისტებს არ უჭირდათ. გავრცელებული ცნობით, ისინი რუსეთიდან და სხვადასხვა წყაროებიდან ფინანსდებოდნენ. რამდენად მიზნობრივი იყო საპარლამენტო თანხების ათვისება?
- „ლეიბორისტულ პარტიაში“ ამით ხელფასები გაიცემა. მართალია, ხელფასები ძალიან დაბალია რგოლში, მაგრამ გარკვეულ ნაწილს ხელფასები ეძლევათ. ახლა ამბობენ, რომ შალვას დახმარება ჰქონდა რუსეთიდან, ან სხვა ქვეყნიდან, ჩემთვის ეს აბსოლუტურად უცნობია. არასდროს მიგრძვნია შიგნით, რომ როდესმე ვინმეს დახმარება ჰქონოდა. შიგნით ეს არ იგრძნობოდა. შეიძლება, ლეიბორისტებისა და რუსეთის კავშირი ფიგურირებდა, მაგრამ ვფიქრობ, ლეიბორისტებზე ინტერესი დაკარგა როგორც ამერიკამ, ისე რუსეთმა, ევროპამ, ასევე, ჩვენმა მოსახლეობამ და ძალზე ცუდ მდგომარეობაში არიან უთავბოლო თავდასხმების გამო.
ქართული საზოგადოების მხრიდან ლეიბორისტებისადმი ინტერესის დაკარგვა გასაგებია, მაგრამ რა უნდა იყოს მიზეზი, რის გამოც დასავლეთმა შალვა ნათელაშვილის კანდიდატურა არ მოიწონა? ჩვენ გვახსოვს მისი დამტვრეული გამონათქვამი: „დაუნ ვიჩ დიქტეიტე“. თავის დროზე რატომ ვერ მოაწონა თავი ვაშინგტონს?
- სხვათაშორის, „ნაციონალური მოძრაობა“ ლობისტების მხრივ ძალიან კარგად მუშაობს და ძალიან დიდ ფულს ხარჯავს. ამ პრობლემას გადაეყრება ბიძინა ივანიშვილიც. თითქმის იქ კატეგორიულად იკრძალება რომელიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან შეხედრაც კი, და ეს საკითხები კორიდორების დონეზე წყდება. გზას ყველა მხრიდან კეტავენ, ყველანაირი საშუალებებით. როდესაც ვინმე ჩადის, თუნდაც არალეიბორისტი, უბრალოდ, ოპოზიციურად განწყობილი რომელიმე პიროვნება, უკან დაჰყვებიან და არკვევენ, სად მიდის, სად მოდის, პაპარაცები გამოჩნდებიან და სხვა.
თუმცა, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამდე დასავლეთში ჩაკეტილი წრის გარღვევა მაინც მოახერხა ირაკლი ალასანიამ.
- ირაკლი ალასანიას პრივილეგირებული მდგომარეობა და ამერიკაში პირადი ნაცნობობა ჰქონდა. მან იცოდა ის გზები, სადაც ნაციონალები დაძრომიალობდნენ. თანაც, ალასანიას დასავლეთში თანამდებობა ჰქონდა.
ანუ შალვას დასავლეთში რომ მიეღო განათლება, უფრო იოლად გაიკვალავდა გზას?
- განათლება კი არა, შალვას რომ ემუშავა რომელიმე ასეთ ორგანიზაციაში, მას კონტაქტები ექნებოდა.
მაგრამ, იქნებ, იგი არ არის დასავლური ყაიდის ლიდერი? მისი ემოციური გამონათქვამებიც ამას ადასტურებს.
- შალვა არის ნაციონალური ყაიდის ლიდერი, გამოკვეთილი ქართული ხასიათი აქვს და საბოლოო ჯამში, არც პრორუსულია, არც პროამერიკული, იგი პროქართველია. შეიძლება, რუსეთთანაც კავშირი ჰქონდეს, შეიძლება - ამერიკასთანაც, მაგრამ მაინც პროქართულია და ზედმეტი პროქართულობა თავის სატეხად არავის უნდა. შალვას ყველაფერი შეიძლება, დააბრალონ, მაგრამ არაქართულობას ვერავინ დასწამებს, ის პროქართველია. შეიძლება, შეცდომები აქვს, ბევრი რამ მცდარად გაუკეთებია, მაგრამ ზედმეტად ქართული ხასიათის კაცია.
მაშინ რა დააშავა „ქართული ოცნების“ ლიდერმა, რომლის პარტიის დასახელებაც, ტერმინის დონეზეც კი, „ქართული ოცნების ახდენას“ გულისხმობს. ხელისუფლების კვალდაკვალ, შალვა დროს არ იშურებს, რომ იგი არ გააკრიტიკოს.
- ეს არის შეჯახება, რაც ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რადგან შალვამ თავად დაასახელა ბიძინა პრემიერ-მინისტრად, ახლა რას იტყვის შალვა ამ თემაზე, ყურადღებას არ ვაქცევ. შეიძლება, მან თავი იმართლოს და მიზეზები დაასახელოს, რომ გარკვეული მიზეზის გამო სურდა ივანიშვილი პრემიერად ეხილა, მაგრამ ფაქტია, რომ მან მართლაც დაასახელა ივანიშვილის კანდიდატურა.
როცა შალვამ ბიძინას კანდიდატურა დაასახელა, მაშინ რა ხდებოდა პარტიაში და ნათელაშვილი რატომ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე, რადგან ასეთი ვერსიაცაა, რომ მაშინაც ფული აინტერესებდა.
- ამას დანამდვილებით ვერავინ იტყვის, მაგრამ პოლიტიკა ფულის გარეშე არ არსებობს.
ანუ შალვას იმ პერიოდში უჭირდა და ზუსტად ამიტომ გაახსენდა ბიძინა ივანიშვილი?
- შალვას ყოველთვის უჭირს.
მაგრამ რეალურად უჭირს? რადგან ამ პერიოდში სახლებიც იყიდა.
- ძალიან ბევრს საუბრობენ სახლებზე, გარკვეულ ქონებაზე და საბანკო ანგარიშებზე, ჩემთვის სრულებით უცნობია, მაგრამ პარტია ფულის გარეშე ვერ იარსებებს. პარტიის მთავარი სისხლი ფულია.
ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურის წამოყენება შალვა ნათელაშვილის პირადი ინიციატივით მოხდა, თუ ვინმემ ურჩია?
- ვერაფერს გეტყვით, შეიძლება, გარემოცვამ ურჩია, შესაძლოა, თავად მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე. ხელისუფლებისგან შემოგდებული თემა ეს არ იქნებოდა, რადგან ხელისუფლება გაღიზიანდა კიდეც, როდესაც შალვამ ბიძინა დაასახელა. ბიძინასაც მისი საწინააღმდეგო ინტერვიუ არ მიუცია, ყოველ შემთხვევაში, მე არ მახსოვს.
ანუ ბიძინასა და შალვას შორის მაშინ კარგი დამოკიდებულება იყო?
- დამოკიდებულების შესახებ არაფერი ვიცი. დამოკიდებულება კულუარულია და იმდენად დაფარულია, რომ შეიძლება, მეუღლემაც არ იცოდეს.
ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შალვა ნათელაშვილის აგრესიული განცხადებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინამ იგი წყალგამყოფს იქით დაასახელა. იქნებ, პარტიაში მანამდეც იყო ივანიშვილის ირგვლივ შინაგანი უარყოფითი ძვრები და არც თუ სასიამოვნო მოლოდინი?
- ვფიქრობ, ეს ყველაფერი უფრო პიროვნულ დაპირისპირებას წააგავს. მათ ურთიერთობას გარედან რომ ვუყურებ, ეს არის ურთიერთშეურაცხმყოფელი განცხადებები. რასაც შალვა იძახის ბიძინას მიმართ, ეს ჩემთვის გაუგებარია, ისევე, როგორც მეორე მხრიდან გაკეთებული განცხადებები. ეტყობა, ერთმანეთის შესახებ კომპრომატები აქვთ, რაც დღეს თუ ხვალ მაინც გამოჩნდება. ჯერ ეს ყველაფერი საარჩევნო ფაზაში შესული არ არის, კომპრომატები და წამოძახებები მერე ნახეთ. თორემ ახლა კარტები დაკეტილია და თამაში კი გრძელდება.
ანუ მთიელ კაცს თამაშიც შეუძლია?
- შეუძლია. პოლიტიკაში ასე ხდება ხოლმე, სანამ არ მიეჩვევი თამაშს, გაიჭყლიტები. ჩემთვის გაუგებარია შალვას ბოლოდროინდელი განცხადება, პარტიის დაშლასთან დაკავშირებით. მაგრამ მეორე ვარიანტია, შიგნით არავინ არაფერი იცის.
შეიძლება, იციან კიდეც და არაფერს ამბობენ.
- არ იციან.
დავიჯეროთ, სოსო შატბერაშვილმა და გიორგი გუგავამ არაფერი იციან?
- შეიძლება, სამმა კაცმა იცოდეს- გუგავამ, ძაგანიამ, შატბერაშვილმა.
ამავდროულად, ისინი მისი უახლოესი მეგობრები არიან და მათ თვალდახუჭული ენდობა?
- არა, თვალდახუჭული არავის ენდობა. ბუნებაში არ მეგულება ისეთი ადამინი, ვისაც ის თვალდახუჭული ენდობა.
27 მაისს „ფეისბუკის“ საშუალებით მისი მეუღლე ბელა ალანია მიესალმა ხალხმრავალ აქციას, მოგვიანებით ამას მოჰყვა შალვა ნათელაშვილის განცხადება, თქვენ გინდათ, რომ ცოლს გამყაროთო? ხომ არ ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილის საკითხთან მიმართებით მის ოჯახშიც აზრთა სხვადასხვაობაა და ეს მასზეც აისახა, როცა პარტიის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო?
- აზრთა სხვადასხვაობა ყველა ოჯახშია. თუმცა მათ ოჯახში ეს გამორიცხულია, რომ ბელა შალვას წინააღმდეგი იყოს.
შალვა ნათელაშვილი, რომელსაც პოლიტიკაში მოსვლის ასეთი დიდი ამბიცია ჰქონდა და ძალიან ბრაზობდა ქართველ ერზე, რომელმაც მისი უპირატესობა ვერა და ვერ დაინახა (სხვათაშორის, ამ აგრესიულმა გამონათქმებმაც დააკარგვინა ქულები საზოგადოებაში), გაიზიარებდა მეუღლის აზრს?
- არ ვიცი, მისი მხრიდან პარტიის დაშლის გადაწყვეტილებას პიარკამპანიად აღვიქვამთ. დაკეტო და ბოქლომი ჩამოჰკიდო პარტიას, ეგრე სად არის?
ანუ ეს გათამაშებაა?
- ვერაფერს გეტყვით, რადგან ამას შეიძლება, ცუდი შედეგები მოჰყვეს.
იქნებ, შალვა ნათელაშვილს ჰქონდა ფარული ან რეალური ინფორმაცია, რომ მისი პარტიის აქტივისტები წასვლას აპირებდნენ. მახსოვს, ერთი პერიოდი, სოსო შატბერაშვილი განერიდა მოვლენებს და ინგლისში ჩავიდა განათლების მისაღებად. რატომ განერიდა მოვლენებს, მაშინ ითქვა კიდეც, თითქოს დაბრუნებას არ აპირებდა, მაგრამ დაბრუნდა.
- მართლაც სასწავლებლად იყო წასული, მაგრამ რატომ იყო სასწავლებლად, ვერ გეტყვით.
რატომ დაამთხვია იმ დროს, როცა პოლიტიკურად აქტიური ფაზა იყო და შალვას იგი სჭირდებოდა?
- რატომ განერიდა და რაში სჭირდებოდა ამ დონეზე ინგლისურის შესწავლა, არ ვიცი.
ისწავლა რამე?
- ვერ გეტყვით, ვინც ინგლისურად ელაპარაკება, მას უნდა ჰკითხოთ.
გამორიცხავთ, რომ შალვას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მისი პარტიის აქტივისტები - შატბერაშვილი, გუგავა და სხვები ნესტან კირთაძის კვალის გაყოლას და პარტიის დატოვებას აპირებდნენ ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ?
- რასაკვირველია, თუ ასეთი რამ არსებობს, ეს ინფორმაცია შალვას ნამდვილად ექნებოდა.
ასეთი საუბრები პარტიულ თათბირებზე ისმოდა?
- არაფერი არ დაფიქსირებულა. მაგაზე ლაპარაკი არ ყოფილა, მაგრამ ვიღაცებს თუ წასვლა უნდათ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ!
თუ შალვა ნათელაშვილმა მაინც შეინარჩუნა პარტია, ბიძინა ივანიშვილის გამარჯვების შემთვევაში, მისი პარტიის თანაარსებობა როგორ წარმოგიდგენიათ? მაშინ რა იქნება რეალურად ლეიბორისტების მიზანი?
- ბიძინა ივანიშვილი მემარჯვენეა, ეს მემარცხენეა. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ზავამდე მიდის. მეგობრები ისინი ვერასდროს გახდებიან, მაგრამ გარკვეული ურთიერთდათმობა ექნებათ. მაგრამ მეორე ვარიანტიცაა, ვერ წარმომიდგენია, ლეიბორისტების პარტიას, რომელიც არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, მაინცდამაინც კარგი დრო დაადგეს ფინანსების მხრივ.
ხომ ვიცით, რომ რეალურად ვერ გაიმარჯვებს, მით უფრო, მაშინ, როცა ივანიშვილისადმი მიმართული გამონათქვამებით დაკარგა საზოგადოების სიმპათია, თანაც, მისი ელექტორატის ნაწილი ბიძინა ივანიშვილისადმი სიმპათიას ამჟღავნებს.
- ამასაც ამბობს, ივანიშვილი ჩემს ელექტორატზე ნადირობსო, მაგრამ მისი ელექტორატი ძირითადად უქონელი ადამიანები არიან.
კირთაძის წასვლამ რა რეაქცია გამოიწვია მასში? იმ დროს გაისმა შალვა ნათელაშვილის ზოგადი ფრაზები მოღალატეებთნ და კიკუებთან დაკავშირებით. მანვე ივანიშვილს „მოუწოდა“, რომ მიეღო მისგან წასული გაყიდული ადამიანები.
- აბსოლუტურად ნორმალური რეაქცია ჰქონდა, ნესტანს ამას ვერ გაუბედავდა. კიკუები შეიძლება სხვების მიმართულებით თქვა.
ანუ ელოდა, რომ სხვებიც წავიდოდნენ?
- რასაკვირველია, ყოველთვის არის ეჭვები.
მაგრამ არა გუგავა-შატბერაშვილზე?
- ეგენი უბრალოდ, არ სჭირდება სხვა მხარეს. ისე, არც ეგ არ არის გამორიცხული, მაგრამ ეჭვი მეპარება.
პარტიაში თუ იყო დაპირისპირება?
- არა, შეიძლება პარტიის წევრებს თავმჯდომარის გამოთქმა არ მოსწონებოდათ და ამაზე უკმაყოფილება გამოეთქვათ, მაგრამ ეს დაპირისპირებამდე არ მისულა.
ხელისუფლებასთან შალვა ნათელაშვილის კონტაქტზე ძალიან ბევრს საუბრობენ. თქვენ ბრძანეთ, პოლიტიკაში არაფერს გამოვრიცხავო, მაგრამ ემსახურება თუ არა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული მისი გამონათქვამები ხელისუფლების ინტერესს?
- ამის დასადასტურებლად რაიმე ხელმოსაჭიდი უნდა მქონდეს. ხელისუფლებასთან მისი კავშირის შესახებ არაფერი გამიგია. შესაძლოა, გარკვეული წესები არსებობს...
რომ ლანძღო ხელისუფალნი და ისარგებლო ფინანსურად? კითხვები არ გაგჩენიათ, ეს ბინები საიდან?
- კითხვები არ გამჩენია, მაგ მხრივ ძალიან ფრთხილი ადამიანია. ყველაფერს დრო გვიჩვენებს, რადგან ვიღაცას მასზე კომპრომატები უდევს, ვიღაცაზე კი მას თავად აქვს კომპრომატები. კომპრომატს როდის გაამჟღვნებენ?! ცხადია, არჩევნებისთვის, რადგან ექვსი თვით ადრე რომ გამოამზიურონ კომპრომატები, ამას არჩევნების დროს ფასი აღარ ექნება.
ეს კომპრომატი ხელისუფლებისგან წამოვა თუ ბიძინა ივანიშვილისგან?
- ვერ გეტყვით. შეიძლება, ზღვას გადარჩე და წვეთმა დაგახრჩოსო, ხომ გაგიგიათ? შალვას 7 ნოემბერს ნამდვილად რომ იჭერდნენ, ეს რეალობაა და გათამაშება არ ყოფილა. თუ ვინმემ დაკარგა ხალხი და ზარალი მიადგა, ეს ლეიბორისტული პარტია იყო. ყველგან დაესხნენ თავს - ბაზალეთშიც, სახლშიც... ას-ასი კაცი დაესხა თავს.
ასე როგორ ისხლიტავდა თავდამსხმელებს? გაგვიგია გამოთქმა „უშიშარი, ვითარაცა უხორცოო“, მაგრამ შალვა ნათელაშვილზე ამას ვერ ვიტყვით. ამდენად, რეალურია ეს თავდასხმები?
- როგორც ჩანს, ვიღაცამ გააფრთხილა. ნინო ბურჯანაძე ზუსტად მაშინ გამოვიდა და აღნიშნა, რომ შალვამ თურმე ცხინვალის საზღვარი გადაკვეთა. ამ დროს შალვა კახეთში იყო, მაგრამ მაინც იძახდნენ, რომ გადაკვეთა ცხინვალის საზღვარი და წავიდა რუსეთისკენ. მისი ლიკვიდაცია ნამდვილად უნდოდათ, მერე მის გვამს ცხინვალის ტერიტორიაზე გადაიტანდნენ. მერე იტყოდნენ, ვერ გაერკვნენ და იქაურებმა მოკლესო. მაგრამ გადარჩა, რადგან აშშ-ის ელჩმა დიდი როლი ითამაშა.
ანუ, მას ჰყავს მფარველები?
- ამ პარტიის მთელი სამდივნო ამერიკის საელჩოში შევარდა და ელჩი გააფრთხილეს, რომ შალვას ლიკვიდაციას აპირებდნენ და მიაწვდინეს ხმა.
რადგან ასეთ დაფარულ ინფორმაციებს იგებს, ე.ი. შალვას ვიღაც ჰყავს შსს-ში, თანაც, ძლიერ თანამდებობაზე?!
- რასაკვირველია, ჰყავს.
ლეიბორისტებიდან „ქართულ ოცნებაში“ ბევრი გადავიდა?
- შეიძლება, გადასვლის თითო-ოროლა შემთხვევა იყოს, მაგრამ მასობრივად არ ხდება, ყოველ შემთხვევაში, ცნობილი არ არის. შესაძლოა, ვიღაცები გადასულნი არიან, მაგრამ გაცხადებული არ აქვთ. დაველოდოთ მოვლენებს, მოვლენები ძალიან საინტერესოდ განვითარდება. აქეთა მხარეც ძალიან ინერტულად იქცევა, ვგულისხმობ, ბიძინა ივანიშვილს, უცბად ვერ მოქმედებენ, იმპერატიული გადაწყვეტილების ნიჭი არ გააჩნიათ, ამ დროს ძალიან ცოტა დრო აქვთ და ნელა ირჯებიან. 40 გრადუსიანი სიცხეები რომ დაარტყამს, მერე როგორ იმუშავებენ?!
27-ში ბევრი ხალხი გამოვიდა, მაგრამ წარმატებებმა თავბრუდახვევა იცის. ამასთან, ბიძინას გარშემო ბევრი პიროვნებაა, რომელიც საზოგადოებაში დიდ სიმპათიას არ აღძრავს. ამას ემატება ლობისტების ინერტულობა. ლობისტს რისთვის ვუხდით ფულს? შეხვედრების უზრუნველსაყოფად. არადა, ვერ მოხერხდა მისი ჰილარი კლინტონთან შეხვედრა. ამდენად, ფულს ხომ არ ყრის?!