კანონის „შეუმჩნევლად“ დარღვევის მეთოდები

კანონის „შეუმჩნევლად“ დარღვევის მეთოდები

კონტროლის პალატა „ქართული ოცნების“ მიერ აქციაზე დარიგებულ ბუკლეტებს, სადაც ადამიანებმა უნდა ჩაწერონ საკუთარი სურვილები, კანონმდებლობის დარღვევად მიიჩნევს და პროკურატურას რეაგირებისკენ მოუწოდებს. ძნელი სათქმელია, ეს ფაქტი იყო თუ არა კანონდარღვევა, რადგან ჟურნალისტებმა კარგად ვნახეთ, რომ ამ ბუკლეტებს არავინ არიგებდა იმ პირობით, რომ მათ ხმების მიცემის სანაცვლოდ შეასრულებდნენ.

ცხადია, ეს ფაქტი ცალკე მსჯელობის თემაა და დიდი ალბათობით მოსალოდნელია, რომ „ქართულ ოცნებას“ ისევ დააჯარიმებენ.

ამ შემთხვევაში საინტერესო ხელისუფლების ქმედებებია. მიუხედავად იმისა, რომ უკვე შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ის, რომ არ მოხდეს წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენება, ამ რესურსს ხელისუფლება მაინც იყენებს.

მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უკვე კარგა ხანია, რეგიონებში დადიან და წინასაარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულნი. რა თქმა უნდა, პარლამენტის მანქანებს, მძღოლებს, ბენზინს, პრესსამასხურს და კიდევ სხვა რესურსს დაუბრკოლებლად იყენებენ. ეს კი კანონის დარღვევაა, თუმცა ხელისუფლებამ გამოსავალს მიაგნო და ჯერჯერობით, წინასაარჩევნო პროცესის დაწყებას ოფიციალურად არ აცხადებს. არჩევნების თარიღის დანიშვნამდე კი ხელისუფლებას უფლება აქვს, წინასაარჩევნო კამპანია არ გამოაცხადოს. ამასთან, დეპუტატს არათუ უფლება აქვს, რეგიონებში გავიდეს და მოსახლეობას შეხვდეს, არამედ მათი ერთ–ერთი მოვალეობაცაა, რომ ეს გააკეთოს.

ამიტომაც, ამ არგუმენტით საპარლამენტო უმრავლესობა აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩართული და თანაც ისე, რომ ამაზე მათ არანაირი პასუხისმგებლობა და შეზღუდვები არა აქვთ დაწესებული.

რამდენიმე დღის წინ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო კამპანიას ოფიციალურად მოგვიანებით გამოაცხადებს.

„ჩვენ არ ვჩქარობთ, ჩვენ გარკვეული რესურსი გვაქვს და ამ გეგმით ვმუშაობთ. ამ გეგმის თანახმად, მთვარია, ჩვენმა თანამოქალაქეებმა დაინახონ ვინ არის ქვეყანაში არსებული პრობლემების მომგვარებელი,“ - განაცხადა მაჭავარიანმა და დასძინა, რომ უმთავრესია უმუშევრობის პრობლემის მოგვარება, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა, დაზღვევის გავრცელება საქართველოს მოქალაქეებზე, საპენსიო ზრდა და სოფლის მეურნეობაში თანხის ჩადება.

მაჭავარიანმა ასევე აღნიშნა, რომ თითქმის ყოველ დღე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატები მოსახლეობას ხვედებიან.

„ალბათ, ივნისის ბოლოს, საქართველოს ყველა თემში ვიქნებით შესული და შეხვედრა გვექნება ჩატარებული. ათასზე მეტი ასეთი თემია და არ დარჩება თემი, სადაც ჩვენ შესულები არ ვიქნებით,“ - აღნიშნა მაჭავარიანმა.

საინტერესო კი ის არის, რომ, გარდა მოსახლეობასთნ შეხვედრებისა, „ნაციონალური მოძრაობა“ მოსახლეობას დასაქმებას და სამედიცინო პრობლემების გადაჭრასაც სთავაზობს. ნაციონალების აქტივისტები უკვე კარდაკარ დადიან და ეუბნებიან, რომ შეატყობინონ, დასაქმება და სამედიცინო დახმარება ხომ არ სჭირდებათ და ამას არჩევნებამდე აუცილებალდ მოაგვარებენ.

ასეთი შეთავაზებები უკვე მიიღეს ძველი თბილისის, მთაწმინდის, ვერისა და ვაკის მოსახლეობამ. ეს კამპანია უკვე დაწყებულია საბურთალოზეც და, როგორც ჩანს, უახლოეს პერიოდში ყველა უბანში დაიწყება.

კონტროლის პალატას კი ეს საკითხი საერთოდ არ აინტერესებს. სამაგიეროდ, პროკურატურას მიმართავს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ბუკლეტების დარიგების საკითხი შეისწავლოს.

ჩვენ ვცადეთ, რომ ამაზე პასუხი უწყებათაშორისი კომისიიდან მაინც მიგვეღო. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, უშიშროების საბჭოში, სადაც ეს კომისია არის შექმნილი და პასუხისმგებელი თავად უშიშროების საბჭოს მდივანია, პასუხის გამცემი ადამიანიც კი არ აღმოჩნდა.