რუსიკო უშიკიშვილი]
კონტროლის პალატა „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს და ამ საკითხით დაინტერესება პროკურატურას სთხოვა. ამასთან დაკავშირებით კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. „2012 წლის 5 ივნისს მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნო ღონისძიების ფარგლებში ხდებოდა მოქალაქეებისათვის ბუკლეტების დარიგება, რომლის დროსაც ამომრჩევლებს მხარდაჭერის მიღების სანაცვლოდ თავისი თხოვნების დაფიქსირებას სთავაზობდნენ და მათ მატერიალიზებას ჰპირდებოდნენ. კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით გათვალისწინებული ამომრჩევლის მოსყიდვის დანაშაულის ნიშნები, რაც საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის დაპირებაში გამოიხატება. ფინანსური მონიტორინგის სამსახური მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, აღნიშნული ფაქტით დაინტერესდეს და კომპეტენციის ფარგლებში, მისი შესწავლა და რეაგირება მოახდინოს“, - ნათქვამია განცხადებაში. როგორც მოსალოდნელი იყო, კონტროლის პალატის განცხადებით მაშინვე დაინტერესდა პროკურატურა და იმერეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოში გამოძიება დაიწყო. ამასთან დაკავშირებით განცხადება ახლა უკვე პროკურატურამ გამოაცხო, სადაც აღნიშნულია, რომ მედია-საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, ქუთაისში პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მხრიდან, ამომრჩეველთათვის საარჩევნო ფლაერებზე დართული მნიშვნელოვანი მატერიალური ფასეულობების გადაცემის დაპირების შემცველი ბლანკების დარიგების შესახებ. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ქმედება დანაშაულის ნიშნებს, ანუ ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს და ამიტომაც დაიწყო გამოძიება, რომელსაც პროკურატურა ზედამხედველობს. პროკურატურას პასუხი „ქართული ოცნების“ წევრებმა მაია ფანჯიკიძემ და თინა ხიდაშელმა გასცეს. ისინი აცხადებენ, რომ კუდ-ის, კონტროლის პალატისა და „რუსთავი 2“-ის მიერ კოალიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაცია განხორციელდა. მათი თქმით, გუშინ „რუსთავი 2“-ზე გავიდა სიუჟეტი, რომელშიც საუბარი იყო, რომ „ქართული ოცნება“ მოქალაქეებს არჩევნებამდე 1000 ლარამდე ღირებულების საოჯახო ტექნიკის შეძენას პირდება. ხიდაშელისა და ფანჯიკიძის განმარტებით, ის ახალგაზრდები, რომლებიც თავს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებად ასაღებენ და მსგავს დაპირებებს იძლევიან, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ წევრები არ არიან. „ჩვენთან საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ დაარსების დღიდან უამრავი ახალგაზრდაა და არ გამოვრციხავ, რომ ხელისუფლება მათ მოტყუების, გადაბირების ან დაშინების გზით სხვადასხვა მიზნით იყენებდეს. ჩვენ მოსახლეობას მათი ოცნებების ასრულებას მართლაც ვპირდებით, მაგრამ არა არჩევნებადე საჩუქრების დარიგების გზით, არამედ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებით, სიღარიბის დაძლევით, დასაქმებით და ა.შ. ჩვენ ვემიჯნებით ყველას, ვინც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს და „ქართული ოცნების“ კონცეფციას ამახინჯებს. მივმართავ მოქალაქეებს, ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ჭორებს არ აყვნენ“, - განაცხადა ფანჯიკიძემ. ხიდაშელის თქმით, ტელევიზიის ეთერში ორი სამი ახალგაზრდის მიერ გაკათებული განცხადება, თითქოს, კოალიცია „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა მოქრთამვას ფიქრობდა, კონტროლის პალატის მხრიდან სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნის საფუძველი არ უნდა გამხდარიყო. ხიდაშელი ამბობს, რომ ეს არასერიოზულია, იმ ფონზე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ესკორტებით საარჩევნო შეხვედრებზე დადიან. აქვე ხიდაშელი აღნიშნავს, რომ ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა (ფლაერებზე დაწერილი ოცნებების შეგროვება) არანაირად არ არის სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი. „ჩვენს ამ ქმედებაში უკანონო არაფერია, წინააღმდეგ შემთხვევაში წინასაარჩევნო კამპანიას საერთოდ აზრი დაეკარგებოდა. ეს არის ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია და ამ ფორმით ვანხორციელებთ მოსახლეობის პრობლემების, ინტერესების, წუხილების შეგროვებას და ეს ყველაფერი საფუძვლად უნდა დაედოს „ქართული ოცნების“ პროგრამას. ამიტომ, როდესაც ორი-სამი უპასუხისმგებლო ადამიანი რაღაც განცხადებებს აკეთებს, ამაზე „ქართული ოცნება“ ვერ იქნება პასუხისმგებელი და ძალიან სამწუხაროა, რომ სახელმწიფო აპარატმა ამ აბსურდზე სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო. თუმცა, ამაში კარგად ჩანს მათი პოლიტიკური სახე და ის, თუ როგორ აპირებენ პოლიტიკურ კონკურენტებთან ბრძოლას“, - ამბობს თინა ხიდაშელი presage.tv-სთან საუბარში. აღსანიშნავია, რომ გუშინ საქართველოში იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და მან რამდენჯერმე ხაზი გაუსვა იმას, რომ ამერიკა საქართველოში ელოდება თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს, ასევე ახსენა ძალაუფლების გადაცემა. ამგვარი დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ არაერთხელ დააფიქსირეს საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წარმომადგენლებმაც და ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე სერიოზული ზეწოლა ხორციელდება, რათა ოქტომბრის არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჰილარი კლინტონის ქვეყნიდან გამგზავრებისთანავე, ხელისუფლება „ქართული ოცნების“ მიმართ ამგვარ რადიკალურ ნაბიჯებს დგამს. კითხვაზე, რას უნდა ნიშნავდეს ხელისუფლების ამგავრი არაადექვატური ქმედება, თინა ხიდაშელი პასუხობს: „ეს არის საქართველოს ხელისუფლების პასუხი ჰილარი კლინტონის გუშინდელ განცხადებებზე. ხომ წარმოგიდგენიათ, გუშინ მთელი საქართველო ჰილარი კლინტონს დასდევდა და „რუსთავი-2“ კი ასეთ სიუჟეტს აკეთებდა. ეს არის ხელისუფლების პასუხი არა მარტო ჰილარი კლინტონის, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე ყველას მიმართ, ვინც უკვე ღიად საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე თვალის დახუჭვას არ აპირებენ. სააკაშვილის ამ საქციელიდან ნათლად გამოჩნდა, რაზე ჰქონდა მას ჰილარი კლინტონთან საუბარი დახურულ კარს მიღმა“. და ბოლოს, ჩნდება კითხვა, კიდევ ხომ არ გაძლიერდება ოპოზიციაზე ზეწოლა და საერთოდ, ამგვარ ქმედებებში რამდენად შორს შეიძლება ხელისუფლება წავიდეს? ამასთან დაკავშირებით თინა ხიდაშელი ამბობს, რომ უკვე ნათლად გამოჩნდა, „ქართული ოცნების“ წევრებს კონტროლის პალატის არ ეშინიათ. „სადამდეც უნდათ, იქამდე წავიდნენ, ეს არ არის პრობლემა. მე მგონი უკვე ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენ კონტროლის პალატის ქმედებების არ გვეშინია. მთავარია, ამ ისტერიაში, რომელიც მათ ოქტომბრამდე გარანტირებული აქვთ, რამე ისეთი სისულელე არ ჩაიდინონ, რომ ქვეყანას ავნონ“, - აცხადებს თინა ხიდაშელი. |