ძალიან კარგი, თუ ასე მოხდება. მაგრამ საინტერესო ის არის, სამუშაო ვიზიტით ჩამოსული აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბათუმში რომ ჩადის და ყველა სამთავრობო შეხვედრა აქ იმართება. თანაც ისე, რომ დედაქალაქი არავის ახსენდება.
აშშ-ის საელჩოში ამბობენ, რომ შეხვედრების ადგილის განსაზღვრაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ და ასე იყო დაგეგმილი, რომ ქართულ-ამერიკული ქარტიის ფარგლებში კონფერენცია ბათუმში უნდა გამართულიყო. ცხადია, ამ კონფერენციისთვის ადგილი საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც მასპინძელმა ქვეყანამ გადაწყვიტა და ამაში ამერიკული მხარე არც ერთ შემთხვევაში არ ჩაერეოდა.
ამიტომაც მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღო და, საერთოდ, ქვეყნის დედაქალაქის სტატუსი რას ნიშნავს. პარლამენტის გადატანა თუ გადაწყვეტილია, პრეზიდენტის რეზიდენცია, მთავრობა და სამინისტროები ხომ მაინც ჯერჯერობით, თბილისში რჩებიან? რაც მთავარია, კონსტიტუციაში წერია, რომ დედაქალაქი არის თბილისი. შესაბამისად, პოლიტიკური აქტიურობის ადგილიც. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური სამთავრობო შეხვედრების დონეზე მაინც.
სააკაშვილი კი თბილისს რომ ვერ იტანს, ბოლო პერიოდში არაერთხელ დადასტურდა - პარლამენტის ქუთაისში გადატანით დაწყებული და საერთოდ ახალი დედაქალაქების მშენებლობის სურვილით დამთავრებული.
სააკაშვილის თბილისისადმი სიძულვილზე აქამდე ბევრჯერ თქმულა და, როგორც ამბობენ, ამას თბილისში არსებული ოპოზიციური განწყობა განაპირობებს. თუკი რამდენიმე დღის წინ გამართულ აქციიის მასშტაბებსაც გავითვალისწინებთ, სააკაშვილის თბილისის სიძულვილის მიზეზი უნდა ჰქონდეს.
მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე ფორმალურ ეტიკეტებზეა საუბარი და, როდესაც ასეთი დონის სამთავრობო შეხვედრებიც კი არ იმართება დედაქალაქში, ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება და საინტერესოა, თავად ხელისუფლებაში ეს კითხვა ვინმეს არ გაუჩნდა?
მეორე საინტერესო ფაქტი კი ის არის, რომ სააკაშვილმა კლინტონს არც პარლამენტის თავმჯდომარე შეახვედრა და არც ის მინისტრები, ვინც აქამდე „ქვეყნის ხერხემალად“ და „მთავარ რეფორმატორებად“ ითვლებოდნენ.
ამიტომაც ცხადია, რომ ჰილარი კლინტონის ვიზიტმა მართლა ძალიან ბევრი რამ გამოკვეთა. შესაძლოა, ამ კითხვებზე პირდაპირი პასუხები ჯეე არ არსებობს, მაგრამ ცხადია, რომ ხელისუფლებაში უკვე ძალიან ბევრი საეჭვო რამ ხდება და ეს ყველაფერი უახლოეს პერიოდში რა ფორმებს მიიღებს, მალე გამოჩნდება.