„ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე საკითხზე, რომლებიც უნდა მოგვარდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს. ერთ-ერთი ასეთი საკითხი იყო ის, რაც გეხებათ თქვენ, ჟურნალისტებს, ანუ საჭიროა, რომ თქვენ, როდესაც ნამუშევარს ქმნით, მხოლოდ თბილისით ან რომელიმე რეგიონით კი არ შემოიფარგლებოდეთ, არამედ მთელს საქართველოს მიეწოდებოდეს დაბალანსებული ინფორმაცია, სადაც ორივე პოლიტიკური მხარის პოზიცია იქნება დაფიქსირებული. აგრეთვე, უნდა წარმოჩინდეს ის პოლიტიკური სპექტრიც, რომელიც არც ხელისუფლებაშია და არც კოალიცია „ქართულ ოცნებაში“. მთავარია, ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, ქართულ პოლიტიკაში ვინ რისი მომხრეა, ვინ რას პირდება საზოგადოებას, ასევე თუკი ვინმე რამეს დაპირებია, როგორ შეასრულა, და ამ პირობებში მოსახლეობამ ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს“, - აცხადებს თეა წულუკიანი.
მისი თქმით, ჰილარი კლინტონის ქართველი ხალხისადმი მიმართული მთავარი მესიჯი სწორედ ინფორმირებული არჩევანი იყო და კლინტონმა აღნიშნა, რომ მთავარია ის, თუ ვინ უნდა ქართველ ხალხს მმართველად. აქვე თეა წულუკიანი საუბრობს იმაზე, თუ რა ინფორმაცია მიაწოდეს ჰილარი კლინტონს კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა. ამ თემებს შორის იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და წევრებზე ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლა, რის შესახებაც ამერიკული მხარე უკვე ინფორმირებული იყო.
წულუკიანის თქმით, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ ქ-მა კლინტონმა იცოდა, კონტროლის პალატა და კონკრეტულად მოგელაძის სამსახური „ქართული ოცნების“ წევრებზე ზეწოლის მექანიზმად რომ არის ქცეული. წულუკიანი ამბობს, რომ ჰილარი კლინტონთან შეხვედრაზე შპს „მენეჯმენტ სერვისის“ საკითხი დააყენა და აღნიშნა, რომ ეს ის კომპანიაა, რომელსაც (იმ ქვეყანაში, სადაც სააკაშვილის თქმით, ბიზნესი ყვავის) მხოლოდ იმიტომ აკოტრებენ, რომ მან „ქართულ ოცნებას“ ოფისები მიაქირავა.
თეა წულუკიანის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კონტროლის პალატაში ადამიანების დაბარებას და განხილული იყო, რომ მოგელაძის უწყებამ ჯერ მარტში დაიბარა ის ადამიანები, ვინც „ქართული ოცნების“ გაზეთებს არიგებდა, ხოლო შემდეგ მაისში დაკითხეს ისინი, ვინც კოალიციას ოფისები მიაქირავა. წულუკიანი ამბობს, რომ კოალიციის წევრების მთავარი საზრუნავი იყო, ჰილარი კლინტონისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია, რომ ამომრჩეველს არ ეძლევა საშუალება, თავისუფლად ისუნთქოს, თუკი ის „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს.
მეორე საკითხი, რაზეც კოალიციის წევრებმა კლინტონთან შეხვედრაზე ყურდღება გაამახვილეს, იყო მედიის თემა და აღნიშნეს, რომ აუცილებელია “must carry”-ს პრინციპის უზრუნველყოფა, რათა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ რეგიონების მაცხოვრებლებიც ინფორმირებულნი იყვნენ.
წულუკაინის თქმით, მესამე თემა იყო პოლიციის ხშირ შემთხვევაში უკანონო ქმედებები და აქვე იგი განმარტავს, რომ პოლიცია არა მხოლოდ თავად არ უნდა ახდენდეს ზეწოლას ადამიანებზე, არამედ პოლიციას აქვს პოზიტიური ვალდებულება, ორ მხარეს შორის წარმოშობილ დავაში ჩაერიოს და მესაკუთრის უფლებები დაიცვას. კერძოდ, საუბარია თეთრიწყაროს რაიონში განვითარებულ მოვლენებზე, როდესაც „ქართული ოცნების“ წევრებს რაიონული ოფისის გახსნის საშუალება არ მიეცათ.
გარდა ამისა, შევხედრაზე დავით უსუფაშვილმა საარჩევნო სიებთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ისაუბრა. მანანა კობახიძემ კი, როგორც პარტიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ, ჰილარი კლინტონს კოალიციის მიმდინარე საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ანუ რომ კოალიციის ლიდერები მუდმივად აწარმოებენ მოსახლეობასთან შეხვედრებს.
„ქალბატონმა ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში მთავარი არის ის, თუ რატომ უნდა აწყობდეს ამომრჩეველს, რომ აგირჩიოს შენ და არა სხვა. ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება, რომელიც დემოკრატიის უპირველესი საფუძველია“, - ამბობს თეა წულუკიანი.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ არ იყო ჰილარი კლინტონთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილი. წულუკიანი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ივანიშვილმა ღიად დააფიქსირა თავისი სურვილი ჰილარი კლინტონთან შეხვედრის შესახებ და ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდანაც არსებობდა შემხვედრი სურვილი, რომ ამ შეხვედრაზე კოალიცია „ქართული ოცნება“ ყოფილიყო წარმოდგენილი. თეა წულუკიანის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ამერიკის საელჩომ კოალიციას აცნობა შეხვედრის ფორმატი (კოალიცია პლიუს კიდევ ორი ოპოზიციური ძალის წარმომადგენლები), ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მიუხედავად დიდი სურვილისა თავად შეხვედროდა ჰილარი კლინტონს, მის ნაცვლად შეხვედრაზე კოალიციის სამი წარმომადგენელი ყოფილიყო, მოგვიანებით კი ამ ადამიანებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად კოალიციამ მიიღო, თუ ვინ იქნებოდნენ ისინი.
წულუკიანი აცხადებს, რომ ივანიშვილს ჰქონდა კონკრეტული არგუმენტები, რატომაც სურდა კლინტონთან პირისპირ შეხვედრა, ეს არგუმენტები კოალიციაში განიხილეს და ერთად მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება. აქვე თეა წულუკიანი აღნიშნავს, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია და რომ კოალიცია იმედს იტოვებს, ოდესმე ბიძინა ივანიშვილი ორმხრივი შეხვედრის ფორმატში შეხვდება ჰილარი კლინტონსაც და ჩვენი მეგობარი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებსაც.
წულუკიანი განმარტავს, რომ კლინტონს აუხსნეს, რომ ბიძინა ივანიშვილის თვითმიზანი არ არის ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლა და რომ ვინაიდან საქართველოს ჰყავს ძალიან კარგი საჯარო მოხელეები, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაშიც ისინი თავიანთ სამუშაო ადგილებზე დარჩებიან. წულუკიანის თქმით, ეს არ ეხება იმ ადამიანთა მცირე ჯგუფს, რომელსაც შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი, მაგრამ ამას დაადგენს სასამართლო და ბიძინა ივანიშვილი არ იკადრებს, მის მუშაობაში ჩარევას. წულუკიანის თქმით, ჰილარი კლინტონთან ბიძინა ივანიშვილის ყველა მესიჯი მივიდა.
დაბოლოს, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ჰილარი კლინტონის ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი იყო და მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის მიერ ქართველი ხალხის (და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის) მხარდაჭერა.
„ჰილარი კლინტონმა ერთი ფრაზით წერტილი დაუსვა სააკაშვილის რიტორიკას იმის შესახებ, რომ საქართველოს დღეს აქვს სხვა უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევები, ვიდრე მომავალი არჩევნებია. კლინტონმა ცალსახად თქვა, რომ ამ ეტაპზე რომელიღაც მტერი სახელმწიფოს წვრთნები კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის, თუ როგორ ჩაატარებს ოქტომბერში არჩევნებს სააკაშვილი. ჩვენ, კოალიციის წარმომადგენლებმა, პირდაპირ ვუთხარით ამერიკულ დელეგაციას ის, რაც მათ ჩვენსავით კარგად იციან - რომ ოქტომბრის არჩევნები (ციტირებას ვახდენ) არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. ეს არ არის უბრალოდ არჩევნები. ეს ის არჩევნებია, სადაც ჩვენ, ქართული საზოგადოება ან დავამტკიცებთ, რომ შევდექით, როგორც ერი-სახელმწიფო, ან ჩვენ ამას ვერ დავამტკიცებთ. ამის დამტკიცება კი შესაძლებელია ერთადერთი გზით - მოსახლეობას მივცეთ საშუალება არჩევნებზე ინფორმირებული და თავისუფალი არჩევანი გააკეთოს. თავისუფალი არჩევანი ვერ იქნება ვალდებულება, მობილური ტელეფონით გადაიღო საკუთარი პიულეტენი, რათა დაამკტიცო, რა შემოხაზე. ამიტომ მე, როგორც რიგითი ქართველი მოქალაქე ვთვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ის, რომ დემოკრატიული მშენებლობა ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი შიდა საქმეებით უნდა დავკავდეთ და მუდამ გარეშე ფაქტორებში არ უნდა ვეძებდეთ მიზეზებს, რატომ ვერ ვვარგივართ“, - აცხადება თეა წულუკიანი.