პარტიული აქტივისტების კინკლაობა და ფიზიკური ანგარიშსწორება, განსაკუთრებით სოციალ-დემოკრატებსა და ფედერალისტებს შორის, არც მაშინ ყოფილა იშვიათი ხილი. შედარებით რეზონანსული სკანდალების შესახებ ინფორმაცია, პერიოდულად, პრესაშიც ჟონავდა, მაგრამ ჩხიკვიშვილი-ნუცუბიძის შემთხვევა განსაკუთრებული იყო. ჯერ ერთი, კონფლიქტი სადღაც ორღობეში კი არა, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მოხდა. მეორეც - მისი მონაწილენი სტატისტებს ნამდვილად არ წარმოადგენდნენ თავიანთ ორგანიზაციებში. ამდენად, გასაოცარი არცაა, რომ მომხდართან დაკავშირებით ორივე პარტია ლამის სპორტულმა ჟინმა აიტაცა.
ფედერალისტები ცდილობდნენ, მაქსიმალურად ”გაებაზრებინათ” სკანდალი და ოპონენტების კომპრომეტირება მოეხდინათ მოსახლეობის თვალში, რომლებიც მხოლოდ სიტყვით უწოდებდნენ თავს დემოკრატებს, სინამდვილეში კი ძალმომრეობის კულტს ამკვიდრებდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში. თავის მხრივ, მმართველი უმრავლესობა ცდილობდა, არცერთ პუნქტში არ დაეთმო მოწინააღმდეგისთვის, წყალგაღმა მოედო შარი და ისე წარმოეჩინა საქმე, თითქოს ოპონენტები ცილს სწამებდნენ ქართველი ერისთვის დამაშვრალ რაინდს. რიცხობრივი უპირატესობიდან გამომდინარე, ისინი ამას იოლად ახერხებდნენ.
საინტერესოა, რომ ინცინდენტის მომდევნო დღესვე ფედერალისტთა ფრაქციამ განცხადებით მიმართა დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს და მოითხოვა, რომ მომხდარის შესახებ საგანგებოდ ემსჯელათ პლენარულ სხდომაზე. მათი მიზანი იყო, რადაც უნდა დაჯდომოდათ, ბენია ჩხიკვიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის მიეღწიათ.
განცხადება ოფიციალურად იყო კანცელარიაში დარეგისტრირებული. 4 თებერვალს მომდევნო სხდომის თავმჯდომარემ ალექსანდრე ლომთათიძემ (იგი დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე იყო უმრავლესობიდან) მას გვერდი ვერ აუარა და შეკითხვით მიმართა დეპუტატებს, რა აზრის იყვნენ ფედერალისტთა განცხადების თაობაზე (განეხილათ თუ არა იგი).
სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერიდან ირკვევა, როგორი დამოკიდებულება გამოამჟღავნეს მომხდართან დაკავშირებით დამფუძნებელი კრების წამყვანმა პარტიებმა
ფედერალისტთა სახელით გამოსულმა შალვა ალექსი-მესხიშვილმა საკითხის დაუყოვნებლივ განხილვა და დეპუტატისთვის შეუფერებელი საქციელის გამო ბენია ჩხიკვიშვილის დამფუძნებელი კრებიდან გაწვევა მოითხოვა.
სოციალ-დემოკრატების პოზიცია დეპუტატმა კონსტანტინე გვარჯალაძემ გაახმოვანა. მან მომხდარი კერძო ინცინდენტად შეაფასა, რომელსაც არანაირი კავშირი არ გააჩნდა დამფუძნებელი კრების საქმიანობასთან, ამდენად- იგი არც უნდა განეხილათ პლენარულ სხდომაზე. გარდა ამისა, ჩხუბისთვის საკანონმდებლო ორგანოს წევრის გაწვევა ვის გაუგია, ასეთი რამ ჩვენზე უფრო განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებშიც მომხდარა, მაგრამ დეპუტატის უფლებამოსილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება აზრადაც არავის მოსვლიაო. გვარჯალაძემ წინადადება შეიტანა, კენჭი ეყარათ, რომ საკითხი საერთოდ მოხსნილიყო დღის წესრიგიდან.
”სხიველმა” კირილე ნინიძემ (იგი ადრე სოციალ-დემოკრატთა გაზეთ ”ერთობას” რედაქტორი იყო, მაგრამ ბორჩალოს ადმინისტრაციის თვითნებობის შესახებ კრიტიკული მასალის გამოქვეყნების გამო ნოე რამიშვილმა შერისხა) ძველი თანამებრძოლისთვის დეპუტატობის შეჩერება ზედმეტად მიიჩნია, სამაგიეროდ დაეთანხმა საკითხის დაუყოვნებლივ განხილვას. მან, ფაქტობრივად, ფედერალისტების მხარე დაიკავა და გაამართლა შალვა ნუცუბიძე - ამ უკანასკნელს წინა სხდომაზე შინაგანაწესი არ დაურღვევია, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდიუმი შენიშვნას მისცემდაო. ამის თაობაზე კი ოქმში არაფერი იყო დაფიქსირებული.
ფედერალისტების სასარგებლო პოზიცია გამოხატეს ესერმა ლეო შენგელაიამ (ამ უკანასკნელს ენამწარე შალვა ნუცუბიძემ ერთხელ ”მეგრული თხა” უწოდა) და დაშნაკმა ტერ-სტეფანიანმა.
ნაციონალ-დემოკრატებმა, რომლებიც, რატომღაც, ეროვნულ პოზიციაზე მდგომ ფედერალისტებს უფრო ედგნენ ჯიბრში, ვიდრე მმართველ პარტიას, როგორც ყოველთვის, ორჭოფული პოზიცია დაიკავეს. მათი ფრაქციის სახელით სიტყვით გამოსულმა ალექსანდრე ასათიანმა სხდომაზე საკითხის განხილვა ზედმეტად ჩათვალა და ინცინდენტის შესასწავლად სპეციალური სადეპუტატო ჯგუფის შექმნა მოითხოვა. ამის გამო მან დარბაზიდან ფედერალისტ თედო ღლონტის გესლიანი რეპლიკა დაიმსახურა - ეს როდის მერე ჩაეხუტეთ ნაციონალისტები სოციალ-დემოკრატებსო?!
საბოლოოდ ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც მოსალოდნელი იყო. სხდომის თავმჯდომარემ სამივე წინადადებას ცალ-ცალკე უყარა კენჭი და მენშევიკურმა უმრავლესობამ უდავიდარაბოდ მოახსნევინა განხილვა დღის წესრიგიდან. მათი მოთხოვნის იგნორირების გამო ფედერალისტებმა, პროტესტის ნიშნად, დარბაზი დატოვეს (სამი პლენარული სხდომის განმავლობაში). მათ მაგალითს ესერებმა და დაშნაკებმაც მიბაძეს, ოღონდ- მხოლოდ ერთი სხდომით.
მმართველი გუნდის კრიტიკაზე გამეცადინებულმა პარტიულმა პრესამ (”საქართველო”, ”შრომა”, ”ახალი სხივი”, ”აშხატავორი”... ”სახალხო საქმე” - თავისთავად) შანსი ხელიდან არ გაუშვა და მომდევნო დღეებში კიდევ ერთხელ შეასხა ლაფი ქვეყანაში დამკვიდრებულ ”მუშტის დემოკრატიას”.
იმის მიუხედავად, რომ წარმატების არანაირი შანსი არ ჰქონდათ, ფედერალისტებმა ქალაქის საბჭოშიც შეიტანეს განცხადება და მოურავის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს. 11 თებერვალს განხილვა დაახლოებით იმავე რეჟიმით წარიმართა, როგორც ერთი კვირის წინ- დამფუძნებელ კრებაში. მენშევიკები ქალაქის საბჭოშიც უმრავლესობას წარმოადგენდნენ. თანაც, ბენია ჩხიკვიშვილი იქ მთლად საკუთარ მოედანზე გრძნობდა თავს და ისედაც ბოლგამოშვებული ოპონენტების უგერგილო იერიშის მოგერიება არ გასჭირვებია...
+ + +
ჩხიკვიშვილი-ნუცუბიძის კონფლიქტის ისტორია 11 თებერვალს ქალაქის საბჭოში გამართული განხილვით დასრულდა. მომდევნო პერიოდში ამ საკითხზე პრესაშიც აღარაფერი გამოქვეყნებულა. მიზეზი მარტივია - საამისოდ არავის ცხელოდა.
11 თებერვალს საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ლორეს მაზრაში წითელი არმიის ნაწილებით ზურგგამაგრებული ადგილობრივი მოსახლეობის ამბოხება დაიწყო. ამას შედეგად მოჰყვა ორკვირიანი ომი, რაც 25 თებერვლის ღამეს, ბოლომდე ჯერ კიდევ იდუმალებით მოცულ ვითარებაში თბილისის დატოვებითა და მთავრობის ემიგრაციაში წასვლით დამთავრდა.
წერტილი დაესვა მრავალპარტიული ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას და დაიწყო 70-წლიანი წითელი ეპოქა.
საკანონმდებლო ორგანოში მომუშტიკრივეთა ახალი თაობების აღზრდამდე, როგორც იტყვიან, ბარე ორმა ტურამ იკივლა და ზღვა სისხლი დაიღვარა.
+ + +
საინტერესოა პირველი საპარლამენტო დაგნარის მთავარი ფიგურანტების შემდგომი ბედ-იღბალი.
ბენია ჩხიკვიშვილი ჟორდანიას მთავრობასთან ერთად წავიდა ემიგრაციაში. ურალ-ციმბირში ნათროკიალებ კატორღელს ტკბილად ახსენდებოდა დიდკაცობის, ქალაქისთავობისა და დეპუტატობის, კაი ცხოვრებისა და აუღებელი სუფრების თითქმის სამწლიანი პერიოდი. იმდენად ტკბილად, რომ გარისკა და 1924 წლის აჯანყების წინა პერიოდში ჟორდანიას დავალებით საქართველოში არალეგალურად ჩამოვიდა. ტრაგიკულად დამთავრდა გურიის ყოფილი პრეზიდენტისა და დედაქალაქის მერის ცხოვრება. ”ჩეკამ” მისი ჩამოსვლის შესახებ შეიტყო, შეიპყრო და... დახვრიტა.
შალვა ნუცუბიძე არა მარტო უნიჭიერესი ფილოსოფოსი, ბედის ნებიერაც იყო. ბოლშევიკებმა დამფუძნებელ კრებაში მენშევიკების წინააღმდეგ თავგამოდებული ბრძოლა დაუფასეს და ცაკ-ის (ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი) შემადგენლობაშიც შეიყვანეს. ალღოიანმა შალვამ დროულად შეაფასა სიტუაცია და გადაწყვეტილებაც მიიღო. გასაბჭოების შემდეგ მან მალევე მიატოვა პოლიტიკური მოღვაწეობა და მთლიანად სამეცნიერო საქმიანობაში ჩაეფლო, მაგრამ ამან არ უშველა და 30-იანი წლების ბოლოს რეპრესიებში მოჰყვა. თუმცა, ბედის ნებიერა ამჯერადაც გადარჩა და, როგორც ამბობენ, რუსულ ენაზე ”ვეფხისტყაოსნის” უბადლო თარგმანის გამო თვით სტალინის წყალობაც დაიმსახურა (ისე, სხვა ვერსიაც არსებობს. ზოგი ამტკიცებს, რომ პროლეტარიატის ბელადმა გაოცება ვერ დამალა, როდესაც პირადი შეხვედრის დროს შალვა ნუცუბიძემ მეხსიერებით, სიტყვა-სიტყვით გაიხსენა 1905 წელს ხონში, ალექსანდრე წულუკიძის დაკრძალვაზე ახალგაზრდა სტალინის მიერ წარმოთქმული სიტყვაო)... მოგვიანებით ფილოსოფოსის სახელი უსიამოვნო ისტორიაში გაეხვია.
ომის შემდეგ ბერიამ იგი ანტისაბჭოთა ემიგრანტებს შორის აგიტაციის მიზნით გერმანიაში გაუშვა. შალვამ მისია კი შეასრულა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ მასთან შეხვედრის შემდეგ რამდენიმე ემიგრანტი აღმოსავლეთ ბერლინის საბჭოთა კომენდატურამ შეიპყრო, საქართველოში ჩამოიყვანა და დახვრიტა.
ძნელი სათქმელია, უშიშროებამ მეცნიერის დახმარებით აიყვანა ისინი, თუ ეს უკანასკნელი მხოლოდ სატყუარას წარმოადგენდა. ყოველ შემთხვევაში, 50-60-იან წლებში არაერთი პატრიოტულად განწყობილი ინტელიგენტი შალვა ნუცუბიძეს ჩამშვებს ეძახდა. ერთხელ რუსთაველზე აკაკი გაწერელიამ მასზე საცემადაც კი გაიწია. თვითმხილველთა მტკიცებით, უკვე საკმაოდ ასაკოვან ფილოსოფოსს თავის მართლება არც უცდია, მარდად გადაირბინა ახლანდელი ფილარმონიის წინ მდებარე გამზირის გაფართოებული მონაკვეთი და ვერის ბაღს შეაფარა თავი...
არც ბენია ჩხიკვიშვილი იყო მოწოდებით პრეზიდენტი და არც შალვა ნუცუბიძე- ჩამშვები.
ორივეს ცოდვა მიეცა მის უდიდებულესობა პოლიტიკას!