რა ჩამოიტანა ჰილარი კლინტონმა საქართველოში

რა ჩამოიტანა ჰილარი კლინტონმა საქართველოში

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის საქართველოში ჩამოსვლას საზოგადოება ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომიდან ელოდებოდა, თუმცა როგორც ექსპერტები აფასებენ, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამასათან მოულოდნელმა შეხვედრამ ამ ვიზიტის აქტუალობა უკანა პლანზე გადაწია.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამერიკის სახელმწიფო მინისტრის სამხრეთ კავკასიური ტურნე შესაძლოა აშშ-სთვის სხვა მოვლენების გამო იყოს აქტუალური, თუმცა ჰილარი კლინტონის საქართველოში ჩამოსვლა საქართველოს ხელისუფლებისთვისაც და ქართული საზოგადოებისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია.

რით იყო ღირშესანიშნავი აშშ-ს სახელმნწიფო მდივნის ვიზიტი, და რატომ „დაადევნა“ აშშ-დან არც თუ დიდი ხნის წინ დაბრუნებულ სააკაშვილს ობამამ კლინტონი - ამაზე პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ, თუმცა ყველა ცალსახად აღნიშნავს, რომ ეს ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

რა ძირითადი გზავნილებიც ჩამოიტანა კლინტონმა საქართველოში, ამისი მოწმე თავად საზოგადოება გახდა. კლინტონმა სრულიად ღიად და დაუფარავად ისაუბრა საქართველო-ამერიკის მომავალ თანამშრომლობაზე, ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს ავღანეთში და ღიად გამოხატა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების მოლოდინი.

ყველაზე საინტერესო კი, რა თქმა უნდა, შეხვედრის ის მონაკვეთი იქნებოდა, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა. თუმცა, როგორც წესი, მსგავსი შეხვედრების დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი ნაკლებად ხდება ხოლმე. ვარაუდები, თუ რაზე ისაუბრეს პირისპირ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა და საქართველოს პრეზიდენტმა მოგვიანებით გაკეთდება, ისევ საქართველოს ხელისუფლების ქმედებიდან გამომდინარე.

რაც მთავარია, ღიად ითქვა, რომ ამერიკა მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის არჩევანს და არა რომელიმე პოლიტიკოსის მიმართ არსებულ თუ გაჩენილ სიმპათიებს, რომელიც შესაძლოა არსებობდეს აშშ-ს მხრიდან. და კიდევ ერთი - ასეთი გზავნილის მოსმენა სურდა თავად ქართულ საზოგადოებასაც და, შესაძლოა, ეს საქართველო ამერიკის მომავალი ურთიერთობის ქვაკუთხედადაც კი იქცეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც არ შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს, ეს არის ინიციატივა კონფლიქტურ ზონებში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ. ამით ამერიკამ ასევე ღიად გაუსვა ხაზი, რომ ის მზადაა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ დაუჭიროს მხარი და არა მხოლოდ მხარდაჭერა გამოხატოს, არამედ დაეხმაროს კიდეც. ეს კი, თავისთავად, ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჭეშმარიტად დემოკრატიული პროცესების არსებობის შემთხვევაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალი გზა საქართველოსთვის კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთება. თუმცა, ყველა თანხმდება იმაზე, რომ მრავალი შთამბეჭდავი პერსპექტივის მიუხედავად, ბევრი რამ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოზე იქნება დამოკიდებული.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ქალბატონ კლინტონის გზავნილი სრულიად მკაფიო იყო: „მზად ვართ პარტნიორობისა და მეგობრობისთვის, ველოდებით რეალურ დემოკრატიას საქართველოსგან“ და როგორც ცისკარიშვილი ამბობს, რამდენად მხარდამჭერია ასეთი პოზიციისა საქართველოს ხელისუფლება, უახლოეს კვირებში გამოვლინდება.

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ალექსი პეტრიაშვილი თვლის, რომ მოლოდინი ნამდვილად გამართლდა.

„ეს იყო ძალზე მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველო აშშ-ს ურთიერთობების თვალსაზრისით. ქვეყნებს შორის მჭიდრო და პარტნიორულ ურთიერთობებს მხოლოდ და მხოლოდ მიესალმება და მხარს უჭერს „ქართული ოცნება“, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ამიტომ ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო ის გზავნილები, რომლებიც გაჟღერდა ქალბატონი კლინტონის მხრიდან.

თანაბარი საარჩევნო პირობების თაობაზე და აუცილებლობაზე მან დღის განმავლობაში რამდენჯერმე გააკეთა აქცენტი, თქვა, რომ არჩევნები არ ფასდება მხოლოდ არჩევნების დღით და ფასდება წინასაარჩევნო პერიოდში შექმნილი ვითარებით, მან ხაზგამით აღნიშნა ხელისუფლების გადაცემაზე და მის მნიშვნელობაზე. მან თქვა, რომ მოუთმენლად მოელის აშშ ხელისუფლების გადაცემას არჩევნების გზით. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი იყო“.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, პაატა ზაქარეიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, აშშ-ს ყურადღება საქართველოს მიმართ სულ უფრო იზრდება.

„მოგეხსესენებათ, რომ სააკაშვილი ობამას სულ ახლახანს შეხვდა და წესით ასე სწრაფად არ „დააწევენ“ ხოლმე სახელმწიფო მდივნებს. ბუშის დროსაც კი, როდესაც საკმაოდ მჭიდრო კონტაქტები იყო ბუშსა და სააკაშვილკს შორის, ასე ხშირი კონტაქტები არ ხდებოდა. აშკარაა, რომ ეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და ჰილარი კლინტონმა გააჟღერა, რომ ოქტომბერში საქართველოში ჩატარებული არჩევნები ძალზე მნიშვნელოვანი იქნება შეერთებული შტატებისათვის. ეს იყო ძირითადი გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოებისათვის“ - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

სამართლიან არჩევნებსა და დემოკრატიაზე რომ არ გაეკეთებინა აქცენტები აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ალბათ ყველა გაოცდებოდა, ეს მოსალოდნელი იყო და მოლოდინი გამართლდა, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მართლაც რომ მოულოდნელი აღმოჩნდა ინიციატივა ნეიტრალური პასპორტების შესახებ, რაში დახმარებაც აშშ-მ აღგვითქვა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, „ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებასთან უნისონშია“.

შეგახსენებთ, რომ სამართლებრივი და ტექნიკური დეტალები, რაც ამ დოკუმენტის გასაცემად იყო საჭირო, შარშან, ოქტომბრის ბოლოსთვის შეთანხმდა და პირველი პასპორტის აღება ნოემბერში უკვე შესაძლებელი იყო.

დღესათვის აფხაზეთში 50 პირადობის ნეიტრალური დოკუმენტი და 6 სამგზავრო ნეიტრალური დოკუმენტის გაცემა არის დაფიქსირებული.

სპეციალისტების განმარტებით, ზოგადად ორი სახის დოკუმენტი არსებობს - ეს არის ნეიტრალური პირადობის მოწმობა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი. ნეიტრალური პირადობის მოწმობა შიდა გამოყენებისაა და ის პირს საშუალებას აძლევს, ჩაერთოს ჯანდაცვისა და განათლების სახელმწიფო თუ სხვა სოციალურ პროგრამებში, რაც ზოგადად საქართველოს მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი.

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი კი დამატებით საშუალებას იძლევა, რომ მისი მფლობელი პირი საქართველოს საზღვრებს გარეთ გადაადგილდეს. 

როგორც სოსო ცისკარიშვილი ამბობს, აგრეთვე ძალზე მნიშვნელოვანი იყო აშშ-ს შეშფოთება ჩიხური სიტუაციის გამო აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით.

„საგულისხმოა ინიციატივა, რომელსაც ქალბატონი კლინტონი ახმოვანებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის შეერთებულ შტატებში მოგზაურობასთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხარო იქნება, თუ რუსეთის ხელისუფლების მსგავსად, საქართველოს ხელისუფლებაც ვერ იქნება კმაყოფილი აუცილებლობით, გამოვიდეს არსებული ჩიხიდან, რადგან იმ გატრუნული წონასწორობით, რომელსაც ინარჩუნებს საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის მიმართ, რასაკვირველია, არ ჩანს პერსპექტივა კონფლიქტის მოგვარებისა. ამიტომ კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა, სწორად გაიგებს თუ არა ამ გზავნილებს საქართველოს ხელისუფლება, უახლოეს ხანებში გამოჩნდება“ -აცხადებს ცისკარიშვილი.

მოგვცემს თუ არა ამერიკის მხრიდან ამ საკითხში მხარდაჭერა ნატოსთან კიდევ ერთი ნაბიჯით მიახლოების შანსს, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, თუმცა როგორც სოსო ცისკარიშვილი ამბობს, „დანაწევრებული, ომის პირას მისული სახელმწიფო ნატოს ნაკლებად აინტერესებს. ნატო არ გახლავთ ავტორიტარული ორგანიზაცია, მასში შემავალი ყველა ქვეყანა თავისუფალია საკუთარი პოზიციის გამოთქმაში, და ამიტომ, ძნელად სავარაუდოა, რომ არსებული ხინჯით და უპირველეს ყოვლისა, არარსებული დემოკრატიით, საქართველო გახდეს ამ გაერთიანების წევრი. ამიტომ ყველაფერი ერთად აღებული მიგვანიშნებს იმაზე, რომ ბურთი არის ჩვენს მოედანზე. როგორ მოვიქცევით, შევძლებთ მის ხელში აღებასა და ლელოს გატანას, უპირველეს ყოვლისა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული“, - აცხადებს ცისკარიშვილი.

ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით, ძალზე მნიშვნელოვანი იყო აშშ-ს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, აფხაზი და ოსი ხალხისთვის ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტებთან დაკავშირებით.

პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ძალიან კარგი წინადადებაა.

„სამწუხაროდ, „შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო“, ქართული საზოგადოება დიდი ხანია, ითხოვს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა გამხდარიყო უფრო მოქნილი აფხაზების მიმართ და მე მგონია, რომ ეს არის საკმაოდ სერიოზული შეთავაზება აფხაზებისა და ოსებისათვის. თუ ქართული მხარე ძალიან პრინციპული არ იქნება ნეიტრალური პასპორტების მიმართ და თუ მოქნილ პოზიციას დაიკავებს, ამერიკაში გამგზავრების მსურველი აფხაზები და ოსები შეძლებენ საქართველოს საშუალებით გაემგზავრონ აშშ-ში. ყოველ შემთხვევაში, აშშ თანახმაა და მზადაა ამისათვის. ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, ხელი შეუწყონ, რომ ამ ადამიანებმა რუსეთის გვერდის ავლით, მაქსიმალურად იოლად იმოგზაურონ ამერიკაში.

აშშ ხელს გვიწყობს იმაში, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსი მცხოვრებ მოქალაქეებს ბევრად მეტი ნდობა ჰქონდეთ აშშ-სა და დასავლეთის მიმართ. იმიტომ, რომ მათ ჩვენს მიმართ ნდობა აღარ აქვთ და აშშ-ს ეს ინიციატივა აშკარად ნდობის ხარისხს ზრდის, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად მიიღებენ აფხაზები და ოსები ამ წინადადებას. მე მგონია, რომ არ მიიღებენ, მაგრამ ამერიკელებმა გააკეთეს მაქსიმუმი და მათ მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის“-აცხადებს ზაქარეიშვილი.

ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს რომ უაღრესად მნიშვნელოვანი იყო კლინტონის პასუხი სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლების მიერ დასმულ კითხვაზე, რომ მზადდება წვრთნები და ამ დროს საქართველოში არჩევნებია.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის თქმით, შემოდგომაზე მნიშვნელოვანია არა სხვა ერის სამხედრო ვარჯიშები, არამედ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები.

„მე მჯერა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ქართველ ხალხზეა დამოკიდებული ყველაფერი. მე მჯერა, რომ ეს იქნება ძალიან დიდი ინდიკატორი, იმ პროგრესისა, რომელიც საქართველომ განიცადა თავისი დემოკრატიის გზაზე. ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ ეს იქნება სანიმუშაო არჩევნები ამ გარემოში. ჩემი აზრით საუკეთესო რამ, რაც შეიძლება გააკეთოს საქართველომ დემოკრატიულობის გაზრდისთვის არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება“-განაცხადა კლინტონმა.

მისივე თქმით, კი იქნება სამხედრო ვარჯიშები და მანევრები შემოდგომით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდება თვითონ საქართველოში და როდესაც ქართველი ხალხი ხმას მისცემს, ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოში ძალიან ძლიერი მესიჯი უნდა გავუგზავნოთ.

„ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციებს. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არა სხვა ერის სამხედრო ვარჯიშები, არამედ ეს არის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები. ეს უფრო ხმამაღლა იმეტყველებს იმას, თუ რა ხდება საქართველოში,“ - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

როგორც ალექსი პეტრიაშვილი ამბობს, მან ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიისთვისს და მისი განვითარებისთვის უმთავრესია და უმნიშვნელოვანესია ის, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები. როგორი საშუალება მიეცემა და რამდენად თავისუფალი იქნება ამ არჩევანის გაკეთებისას ქართველი ხალხი და არა ის, თუ ვის როგორი შეიარაღება აქვს, ვის როგორი ტექნიკა ჰყავს და ვინ ემზადება წვრთნების ჩასატარებლად. მან გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ აშშ, რომელიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით მისი ძირითადი მხარდამჭერი, ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უსაფრთხოების კუთხითაც და დემოკრატიული განმტკიცების კუთხითაც იმას, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები“-აცხადებს პეტრიაშვილი.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება, უზრუნველყოფს თუ არა იმ დემოკრატიულ არჩევნებს, რომელსაც არა მხოლოდ ქართული, არამედ მთელი დასავლური საზოგადოება ელოდება, ალბათ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე არ იქნება დამოკიდებული. მის უკან დგას მისივე საყრდენი გუნდი, რომელთან ერთადაც შექმნა ეს რეჟიმი და რომელსაც ასე უჭირს ძალაუფლების დათმობა. უფრო ძნელია განსაზღვრო, დაეხმარება თუ არა მმართველ უნდს კლინტონის ვიზიტი რაიმე გადაწყვეტილების მიღებაში.

თუმცა, როგორც პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, არჩევნების ბედი ქართველო ხალხის ხელშია, და არა ამერიკელების ხელში.

„ჰილარი კლინტონის ჩამოსვლა რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ნუ გადავაფასაებთ იმაზე მეტად, ვიდრე არის. ამერიკა ჩვენთან არჩევნებს ვერ ჩაატარებს, ამერიკა ჩვენთან არჩევნების ბედს ვერ განსაზღვრავს. ამისი გაკეთება შეუძლია მხოლოდ ქართველ ხალხს, მეტს არავის. ამიტომ, უნდა დავიჯეროთ საკუთარი თავის. ისინი გვეუბნებიან, „როგორი არჩევნებიც ჩატარდება არჩევნები, ისეთ არჩევანს მივიღებთ ჩვენ“, თუკი ის ჩატარდა სამართლიანად და ისინი მხარს დაგვიჭერენ, მაგრამ თვითონ ვერაფერს ვერ გააკეთებენ თუ ქართველი ხალხი აიტანს გაყალბებას და დამცირებას. მათ შეუძლიათ მხოლოდ დაგვეხმარონ, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯი, ჩვენ, ქართველმა ხალხმა უნდა გადავდგათ“ - მიიჩნევს ზაქარეიშვილი.

საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ აშშ 2012 წლის არჩევნების მიმართ ბევრად უფრო აქტიურია, ვიდრე იყო გასული, ან იმის წინა არჩევნების მიმართ, თუმცა ქართველი ექსპერტებიცა და პოლიტიკოსებიც მიიჩნევენ, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება აშშ-სა და მთელი დასავლეთის პოზიცია არჩევნების შემდეგ.

„როგორც წესი, არჩევნების წინ ისინი მოითხოვენ ხოლმე დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. ახლა უფრო პრინციპულია ეს განცხადებები, მაგრამ, მსგავსი განცხადებები ადრეც კეთდებოდა. მთავარი არ არის არჩევნების წინ გაკეთებული განცხადებები, მთავარია, არჩევნების შემდეგ რას გააკეთებენ. როგორც წესი, ბუშის ადმინისტრაცია თვალს ხუჭავდა ხოლმე სააკაშვილის გაყალბებაზე და ხელს უწყობდა ავტორიტარული რეჟიმის გამყარებას. იმედია, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ ვნახავთ ობამას ადმინისტრაციის განსხვავებულ დამოკიდებულებას“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

„როგორც წარსულში დიპლომატმა, შემიძლია გითხრათ სრული დარწმუნებით, რომ ის გზავნილები რომელიც გაჟღერდა საჯაროდ, კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით გაჟღერდებოდა დახურულ კარს მიღმა შეხვედრისას. ეს უკვე არა მხოლოდ რჩევა და რეკომენდაცია, არამედ პარტნიორი ქვეყნისადმი და ამ ქვეყნის ხელისუფლებისადმი დაყენებულ პირობად შეიძლება ჩაითვალოს. არაერთხელ ყოიფილა ასეთი სიმკაცრით გაკეთებული განცხადებები, მაგრამ რაც უფრო ვუახლოვდებით არჩევნებს, მით უფრო თვალსაჩინოა, რომ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებში უფრო ტონალობა მკაფიო იყო“, - ამბობს ალექსი პეტრიაშვილი.

პეტრიაშვილი ასევე დარწმუნებულია, რომ თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ თავაზიანად გამოთქმულ მინიშნებებს, შესაძლოა ის სერიოზული პრობლემების წინაშეც კი აღმოჩნდეს.

ალექსი პეტრიაშვილი: „ოპოზიციასთან შეხვედრისას ქალბატონმა კლინტონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის საქმის კურსშია იმ ზეწოლების შესახებ, რაც მიმდინარეობს. ასევე ცნობილია მედიასივრცესა და მის გამჭვირვალეობასთან, თანაბარ პირობებთან დაკავშირებით არსებული პრობლემები და ამ საკითხებთან დაკავშირებით გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას ხელისუფლებასან.

მინდა გითხრათ, რომ ამ თვალსაზრისით გზავნილები იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან მკაფიო პრიორიტეტები განსაზღვრა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს იმ მხარდაჭერისა და თანამონაწილეობისთვის, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების კოალიციის ფარგლებში, მაგრამ აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს ხელისუფლება მოუთმენლად მოელის რომ ხელისუფლების გადაცემა არჩევნების გზით მოხდება.

როგორც არ უნდა შეეცადოს ამის გადათარგმნას ხელისუფლება, არ ვამბობ, რომ ის ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას გულისხმობდა, ამ შემთხვევაში - „ქართულ ოცნებას“, მაგრამ იგულისხმა ის, რომ ქართველი ხალხი უნდა იყოს თავისუფალი და დემოკრატიულ და თავისუფალ პირობებში უნდა მოხდეს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება.

დარწმუნებული ვარ ერთ რამეში - თუ ხელისუფლება რეალურად არ გაითვალისწინებს ამ გზავნილებს, ის ძალზე სერიოზული პრობლემების წინაშე დადგება საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების მხრიდან აღებულია ღია ვალდებულება - ვგულისხმობ არჩევნების გამჭვირვალეობას.

დავაკვირდეთ პროცესებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ სხვა გამოსავალი ხელისუფლებას რეალურად არ რჩება, იმდენად მკაფიოდ და მძაფრად იყო დაფიქსირებული ქალბატონი კლინტონის მხრიდან, რომ შეფასებისას არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი ერთიან კომპლექსში განიხილება.

როდესაც საუბარია დემოკრატიულ არჩევნებზე, წინასაარჩევნო პერიოდში უნდა შეწყდეს ზეწოლები, ფსიქოლოგიური იქნება ეს თუ - ძალისმიერი. ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა მიცეს საშუალება, თავისი წინასაარჩევნო კამპანია თავისუფალ ვითარებაში განახორციელოს და უნდა იყოს ეს ყველაფერი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მედიასაშუალებებით ხელმისაწვდომი“.

როგორ შეისმენს ხელისუფლება ამ შეგონებებს, სავარაუდოდ, უმოკლეს დროში უნდა გამოიკვეთოს. რამდენად დააძლევინებს ქართულ საზოგადოებას ამერიკული ღია მხარდაჭერა იმ შიშს, რომელმაც ამ ხელისუფლების წყალობით დაიბუდა ხალხში, ესეც მალე გამოიკვეთება, თუმცა ოპოზიციურმა ძალებმაც უნდა დაარჭმუნონ საზოგადოება, რომ ურთიერთთანადგომით მართლაც უკეთესი ქვეყნის აშენებას გემავენ.