დემოკრატიის სასწორზე შემოდებული „მასთ ქერი“

დემოკრატიის სასწორზე შემოდებული „მასთ ქერი“

ამერიკელმა სენატორმა რიჩარდ დურბინმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში  პირველი შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გამართა, რის შემდეგაც სენატორი საქართველოს პრეზიდენტს, შემდეგ კი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება მედია გარემოზეც გამახვილდა. ჩუგოშვილი ამბობს, რომ სენატორს ინფორმაცია ე.წ. სავალდებულო ტრანზიტის თემაზე მიაწოდა, რაც ნიშნავს იმას, რომ საკაბელო მაუწყებლებს ვალდებულება უნდა ჰქონდეთ, რომ სხვადასხვა ტელეკომპანიების სიგნალები გადასცენ, რადგან ეს არის თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისა და ამომრჩევლებისთვის სრული ინფორმაციის მიღების საშუალება.

„მაგალითად „მე- 9 არხს“ აქვს პრობლემა, რადგან რამდენიმე სხვადასხვა საკაბელო პროვაიდერები მათ თავიანთ პაკეტში  არ სვამენ.  შესაბამისად, ტელეკომპანია თავის ინფორმაციას ვერ აწვდის მოსახლეობას. ეს არა მხოლოდ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინტერესის საგანს წარმოადგენს, არამედ ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიციაა, რომელიც კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში მონაწილეობს. ჩვენი მუშაობის მეორე ეტაპი ამისკენაა მიმართული. პარლამენტს უკვე შევთავაზეთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი“, - აცხადებს ჩუგოშვილი.

ცნობილია, რომ შეხვედრისას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა „მე-9 არხის“ გარდა ამერიკელ სენატორს ტელეკომპანია „მაესტროს“ შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის სამაუწყებლო ბადეში ჩართვაზეც თავის დროზე უარი განაცხადა „სილქნეტმა“.

შეხვედრის მონაწილეების ინფორმაციით, დურბინმა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოამჟღავნა ამ საკითხის მიმართ და როგორც ამერიკულმა მხარემ განაცხადა შეხვედრისას, „მოსახლეობას უნდა მიეწოდოს ალტერნატიული ინფორმაცია. ეს არის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რამდენად თავისუფალი და სამართლიანი იქნება არჩევნები და თუ ეს ახლა, წინასაარჩევნო პერიოდში არ მოხდა, გაჭირდება იმის თქმა, რომ არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდა“.

რას ნიშნავს უცხოელების მიერ გაკეთებული ასეთი შეფასებები და უნდა ველოდეთ თუ არა, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს ამ მოთხოვნას და დაუშვებს ამერიკელებისთვის ალტერნატიული, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ობიექტური ინფორმაციის მთელ საქართველოში გავრცელების პრეცენდენტს?

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ გარკვეული გაფრთხილების სიგნალის როლი აქვს ამგვარ განცხადებას, თუმცა ბევრი რამ დამოკიდებული იქნება სხვა პროცესების ხასიათზე ზოგად პოლიტიკურ კლიმატზე.

„ერთი სენატორის შეფასება ნამდვილად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სამომავლო პროგნოზი გააკეთო მათი პოლიტიკის, მთლიანი სახელმწიფო პოლიტიკის, მაშინაც კი, თუ ეს აზრი არ იქნება ხელისუფლების მიერ გაზიარებული, მაგრამ თავისთავად, ასეთი გზავნილები უკვე ბევრია ამერიკული მხრიდან და ეს სიგნალები იმას ემსახურება სწორედ, რომ ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯები საარჩევნო კლიმატის გასაუმჯობესებლად“, -აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი, რომელიც თავადაც ესაუბრა შეხვედრის მონაწილეებს, ხაზს უსვამს არასამთავრობო სექტორის ამ ინიციატივის მნიშვნელობას

„ახლახან მქონდა ამ შეხვედრის ერთ-ერთ მონაწილესთან საუბარი და ძალიან მოხარული ვარ, რომ ასე ორგანიზებულად და თანამიმდევრულად წარმოსახეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ეს პრობლემა და დააფიქსირეს მთავარი გზავნილი ამერიკის ხელისუფლების მიმართ. შესაბამისად, ინტერესი სტუმრის მხრიდან ასევე მაღალი იყო, მაგრამ მისი განცხადება არჩევნების არალეგიტიმურობის შესახებ საკმაოდ სამწუხარო პრეცედენტს მახსენებს, როდესაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი და ყურით მოსმენილი არც თუ უცნობი ადამიანი ჩვენი ქვეყნისთვის, მეთიუ ბრაიზა 2007 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში თეთრი სახლის წინ იდგა - ასეთი კადრი იყო ტელევიზიით და პირდაპირ ეთერში ბრძანებდა საქართველოს ტელემაყურებლებისთვის, რომ თუ დეკემბრიდანვე არ ჩაირთო ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გადაცემა ეთერში, მაშინ ასეთ არჩევნებს ჩვენ არ ვცნობთ ლეგიტიმურად. ეს ის ბრაიზაა, რომლის ინფორმაციის საფუძველზე საარჩევნო კომისიის მიერ ხმის დათვლის დაწყებამდე პრეზიდენტმა ბუშმა მიულოცა გამარჯვება მიხეილ სააკაშვილს.

ამ ფაქტის ყოველდღიურად შეხსენება არის საჭირო ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისათვის და ეს უნდა იყოს საკმაოდ მწვავე კამპანია, რომელიც აღარ მისცემს ასეთი ფაქტის დავიწყების საშუალებას ოკეანის გაღმა, საკუთარი არჩევნების პრობლემებით დაკავებულ ამერიკელ პარტნიორებსა და მეგობრებს“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

ერთია - რას გვირჩევს და რა რეკომენდაციას გაგვიწევს დასავლეთი, მეორე - როგორ მიიღებს და შემდეგ განახორციელებს ამ ყველაფერს ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლების ხელში აღების დღიდანვე ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს საინფორმაციო ვაკუუმში მოაქციოს მთელი საქართველო.

2003 წლიდან დღემდე სახელისუფლებო ბერკეტები მუდმივად მიმართულია მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის შევიწროვებისაკენ და ბოლოს იქამდეც მივიდა, რომ თურმე საკაბელო ტელეკომპანიებს მხოლოდ მის მიერ ნებადართული სატელევიზიო არხების მიწოდება უნდა შეეძლოს მომხმარებლისათვის.

როდესაც ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ტენდენცია არ იცვლება ცოტა ძნელია, ირწმუნო, რომ უცხოელი პარტნიორების წინადადებები გაზიარებული იქნება.

 „ქართული მხარისთვის ეს გახლავთ უსიამოვნო, მაგრამ მათ წარმოსახვაში მაინც დაძლევადი პრობლემა, რადგან თუ რაიმე არ მოსწონს ჩვენს ხელისუფლებას, „ყურის გასქელების“ ტექნოლოგია  მათ შესანიშნავად აქვთ ათვისებული. შედეგის მომტანი იქნება ისევ და ისევ საქართველოს მოქალაქე, რომელიც მარტო დარჩება საარჩევნო ყუთთან, და მხოლოდ საკუთარ სინდისთან აგებს პასუხს. ვნახოთ, დაველოდოთ, მხოლოდ ეს ლოდინი უნდა იყოს აქტიური და არა პასიური“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ამჯერად, ხელისუფლება ორი არჩევანის წინაშე აღმოჩნდება და არც ერთი მისთვის კომფორტული არ არის.

„ხელისუფლებამ ჯერ თვითონაც არ იცის, რას მიოიმოქმედებს. თუ გადადგამს ნაბიჯებს და დემოკრატიას კარს გაუხსნის, მაშინ ხელისუფლება ძალაუფლებას დაკარგავს. თუ არ გადადგამს, ყველაზე ცუდი ვარიანტია, რომ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს სამართლიანად და რაღაც გარკვეულ შეზღუდვებს, ალბათ, შემოიტანს საქართველოსთან ურთიერთობაში, მაგრამ ხელისუფლება დარჩება თავის ადგილას, ან შესაძლოა, წააგოს კიდეც არჩევნები. უღირს თუ არა ამ რისკზე წასვლა, ეს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, მთელმა გუნდმა და არა ერთმა ადამიანმა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

***

რა ხდება ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და რა მეთოდებით ცდილობს ხელისუფლება საქართველოს რეგიონებისთვის ინფორმაციის შეზღუდვას, ამაზე არაერთხელ ყოფილა საუბარი. ამჯერად, ხელისუფლებამ ბაზარზე ახალი საკაბელო ტელეკომპანია შემოიყვანა, რომელიც ამ ეტაპზე კონკურენტების ჩაძირვას ცდილობს. „ბლექ სი სატის“ ძირითადი კონკურენტები რატომღაც ის საკაბელო მაუწყებლები აღმოჩნდნენ, რომელთა ბადეში, ტელეკომპანიები „მაესტრო“ და „მე-9 არხი“ იყო ჩართული. „გლობალ TV“- დან და „მაგთი სატი“-დან ნაციონალურმა არხებმა სწორედ იმ მიზეზით მოაწყვეს დემარში, რომ მათ პარტნიორ და არა კონკურენტ კომპანიასთან სურდათ თანამშრომლობა. ეს პარტნიორი კი ის „ბლექ სი სატია“, რომელმაც მოახერხა და საკუთარი კომპანიის დაფუძნებამდე გააფორმა ხელშეკრულება სახელისუფლებო არხებთან. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ კომპანიების ბრძოლა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და ხელისუფლება ყველა მეთოდით ცდილობს, საზოგადოებას არ გააჩნდეს ინფორმაციის ალტერნატიული წყარო, რადგან ზომბირებული მასის მართვა ბევრად უფრო ადვილია.

თუ საქართველოს პარლამენტი გაბედავს და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარს დაუჭერს, ასეთ შემთხვევაში, კომპანიებს შორის ბრძოლა პოლიტიკურ ხასიათს ვეღარ შეიძენს, რადგან ყველა საკაბელო ტელევიზიას ექნება ქართული არხების რეტრანსლირების ვალდებულება, რაც ნიშნავს, რომ „ბლექ სი სატი“ მონოპოლისტიც რომ გახდეს და ყველა კონკურენტი მოსპოს, მის მომხმარებელს ყველა ქართული არხის მიღების საშუალება მაინც ექნება, მათ შორის „მაესტროსი“ და „მე-9 არხის“ რომლისაც, რატომღაც, ასე ეშინია ხელისუფლებას.

დღესდღეობით, „მე-9 არხი“ მხოლოდ საკაბელო მაუწყებელ „გლობალ tv“-ს ქსელშია ჩართული. არხის დირექტორი კახა ბექაური ამბობს, რომ ძალზე მნიშვნელოვანია  საკაბელოების ქსელში ჩართვა, თუმცა საკაბელოები პირად საუბრებში ამბობენ, რომ მათ დაემუქრნენ, თუკი „მე-9 არხს“ ჩართავდნენ, „რუსთვი 2-ს“ და „იმედს“ გაუთიშავდნენ, რაც ნიშნავს, რომ მათ ფაქტობრივად,  შანტაჟს უწყობენ.

როგორც ბექაური ამბობს, თუკი ტელეკომპანია მაუწყებლობის ლიცენზიას მიიღებს, მას გავრცელების საშუალებაც უნდა ჰქონდეს.

საინტერესოა, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ამერიკელ სენატორთან შეხვედრამდე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმაც, რომელმაც განაცხადა, რომ ეს იქნება „უმნიშვნელოვანესი ცვლილება, რომელიც ხელს შეუწყობს კონკურენტულ გარემოს, სიღრმეს და ინფორმაციის მასშტაბს, რომელიც ხელმისაწვდომს გახდის მოქალაქეებისთვის, მიიღონ გადაწყვეტილება მომავალ არჩევნებში. ეს არის ის, რასაც ჩვენ „მასთ ქერის“ ვუწოდებთ - რომლის მიხედვითაც მაუწყებელთა ქსელებს მოეთხოვებათ არა მხოლოდ ისეთი არხების ჩართვა ქსელში, რომლებიც მათთვის სარგებლის მომტანები არიან და მათ ინდივიდუალურ პოლიტიკურ ორიენტაციას იზიარებენ“, - განაცხადა ჯონ ბასმა. 

როგორც გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში განმარტავს ჯონ ბასი, „შტატებში ჩვენი ფილოსოფია, ისევე როგორც სხვა ბევრ დემოკრატიულ საზოგადოებაში, არის ის, რომ ტელეკომუნიკაციების სპექტრი არის ის, რომ ტელეკომუნიკაციების სპექტრი არის საზოგადოებრივი დოვლათი და მისი შეზღუდული ზომის გამო მთავარობას ეკისრება შესაბამისი როლი, მართოს, აკონტროლოს, გააკონტროლოს საზოგადოებრივი დოვლათის, ამ შემთხვევაში ტელეკომუნიკაციების სპექტრის კერძო გამოყენება ისეთი გზით, რომ კერძო კომპანიების მიერ პირადი სარგებლის ნახვის პირობებშიც კი, საზოგადოებრივ დოვლათს მოჰქონდეს სარგებელი საზოგადოებისთვის“.

სააკაშვილსა და მთელ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც თავი პროგრესულ და პროამერიკულ ძალად მიაჩნია, ხოლო თითქმის ყველა სხვა პარტია რუსეთის აგენტია, როგორც ჩანს, გამორჩათ, რომ „მასთ ქერი“ ანუ მაუწყებელთა ქსელების ვალდებულება დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი კომპონენტია, რაც დიდი მონდომებით შეახსენეს ჯერ აშშ-ს ელჩმა, შემდეგ აშშ-ს სენატორმა, და შესაძლოა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმაც. როგორი მოწაფეა სააკაშვილი და როგორ ითვისებს ამერიკულ გაკვეთილებს, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება, იმის მიხედვით აღიარებს „მასთ ქერის“ პრინციპს თუ არა.