ბათუმი – სამშაბათს, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა, და სოლიდარობა გამოხატა ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მიმართ, რომელიც გამოყოფილი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონების დაბრუნებას იმედოვნებს.
სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ დახმარება უკვე მოიცავს 16.6 მილიონი დოლარის პაკეტს, რომელშიც შედის სარადარო წრთვნა სანაპირო და საჰაერო თავდაცვისთვის, საქართველოს ვერტმფრენთა პარკის მოდერნიზებას იმისთვის, რომ შეძლოს სამხედროების და ტვირთის ტრანსპორტირება, ასევე ოფიცრების წრთვნას საკუთარი თავდაცვის უნარებისა და ნატოს მისიებში მოქმედების გაუმჯობესებისთვის.
ამერიკის მთავარი დიპლომატი შეხვდა ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს და მოუწოდა საქართველოს დემოკრატიის და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ. მაგრამ ის არ შეხვდა ოპოზიცონერ მილიარდერ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც Associated Press-ს სატელეფონო ინტერვიუში განუცხადა, რომ ის არ შეხვდება კლინტონს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ჯაშუშებთან“ ერთად.
კლინტონმა შეაქო საქართველო, რომელსაც ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ავღანეთის საერთაშორისო მისიაში და განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვითუნარიანობის მოდერნიზება „საერთო პრიორიტეტია“.
„ამ ძალისხმევით, საქართველო იქნება უფრო ძლიერი საერთაშორისო პარტნიორი, გაუმჯობესებული თავდაცვითი შესაძლებლობებით“, განაცხადა მან სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მაგრამ დღის წესრიგის ცენტრალური თემა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი იყო. ამ ორმა ტერიტორიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსეთმა საქართველო ხუთდღიან ომში დაამარცხა, თუმცა ისინი მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფომ აღიარა. მათ რუსეთის არმია იცავს.
„ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის ოკუპაციას და საქართველოს ტერიტორიის მილიტარიზაციას“, განაცხადა კლინტონმა ქართველ მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ. რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ კონფლიქტამდელ პოზიციებზე და დაუშვან ამ პროვინციაში მონიტორები ჰუმანიტარული ორგანიზაციებიდან“.
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და სააკაშვილმა ისაუბრეს მომავალ სამხედრო დახმარებაზე იანვარში, როდესაც საქართველოს ლიდერი ვაშინგტონს სტუმრობდა.
კლინტონმა განაცხადა ასევე ინიციატივაზე, რომელიც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მოქალაქეებისთვის საიდენტიფიკაციო ბარათების გაცემას გულისხმობს, რათა მათ უფრო იოლად იმოგზაურონ შეერთებულ შტატებში. მან ამერიკელების ფინანსური დახმარებით გარემონტებული ქართული სანაპირო დაცვის ხომალდები გახსნა.
მაგრამ ერთი საკითხი, რომელიც მან პირდაპირ საკუთარ თავზე არ აიღო, სააკაშვილის პერსონალური მომავალია, მიუხედავად იმისა, რომ მან გააკეთა მოწოდება იმის თაობაზე, რომ ამ წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევენები ქვეყნის დემოკრატიული პროგრესის „გადამწყვეტი ინდიკატორი“ იქნება.
„ერთადერთი საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც საქართველოს შეუძლია თქვენი უსაფრთოხების, თქვენი კეთილდღეობის, თქვენი დემოკრატიისა და თქვენი საერთაშორისო რეპუტაციის განმტკიცებისთვის – ეს არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რისი შედეგიც გახდება სრულფასოვანი დემოკრატიული გადასვლა“, განაცხადა მან.
სააკაშვილის მეორე ვადა ერთ წელიწადში იწურება. მაგრამ ოპონენტები შიშობენ, რომ ის გამოიყენებს კონსტიტუციურ რეფორმებს კულუარული გავლენისთვის, როგორც ეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მისი ოთხწლიანი პრემიერობის პერიოდში გააკეთა.
კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ სააკაშვილს, რომელიც ცდილობს მისი ქვეყნის წაყვანას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ და რომელსაც ეკონომიკური და ანტიკორუფციული წარმატებებისთვის აქებენ, იმავდროულად მისი ოპონენტები მედიის თავისუფლების ჩახშობასა და ოპოზიციის შეზღუდვაში ადანაშაულებენ. ის უარყოფს საქართველოს დემოკრატიული მიღწევების ნგრევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ძალისხმევას.
„ეს არჩევნები ქართველი ხალხის თავისუფალი ნების გამომხატველი იქნება“, თქვა სააკაშვილმა. მან განაცხადა, რომ იწვევს შეძლებისდაგვარად ბევრ დამკვირვებელს, რათა კენჭისყრა იყოს „მაქსიმალურად გამჭვირვალე, სამართლიანი და სანდო“. მაგრამ მან უარი თქვა გამოერიცხა მომავალში პრემიერ-მინისტრის როლი.
კლინტონი იმ რამდენიმე პარტიის ლიდერს შეხვდა, რომლებსაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში წარმატების იმედი აქვთ. მაგრამ ივანიშვილმა, სააკაშვილის სასტიკმა კრიტიკოსმა, რომელმაც საკუთარი ქონება რუსეთში საბანკო და საბითუმო ბიზნესში დააგროვა, უარი თქვა შეერთებოდა ამ ჯგუფს, ადანაშაულებს რა ორი პარტიის ლიდერს იმაში, რომ ისინი ფსევდო-ოპოზიციის ნაწილს წარმოადგენენ და საქართველოს ლიდერის მოკავშირეები არიან.
„მე არ მინდა იქ სააკაშვილის ჯაშუშებთან ერთად ყოფნა“, უთხრა AP-ის ივანიშვილმა. მან ინგლისური მეტნაკლებად იცის, მაგრამ დიდწილად თარჯიმანს ეყრდნობოდა. მისი თქმით, ის იმედოვნებს, რომ შემოდგომაზე პრემიერ-მინისტრი გახდება და განამტკიცებს საქართველოს პარტნიორობას ვაშინგტონთან და იმავდროულად აღადგენს ურთიერთობას მოსკოვთან.
სააკაშვილი მის მოწინააღმდეგეს კრემლის მარიონეტობაში ადანაშალებს.
მაგრამ ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი მმართველობის დროს ქვეყანა თავიდან აიცილებს „სააკაშვილის შეცდომებს“ – იგულისხმა რა 2008 წლის ომი და დღემდე გაყინული ქართულ-რუსული ურთიერთობები. მისი თქმით, ეკონომიკური პროგრესის და სტაბილურობის გზით საქართველო შეძლებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კეთილგანწყობის დაბრუნებას.
foreignpress.ge