მანანა კობახიძე: „შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ სიტუაციას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, ოპოზიციის, კერძოდ კოალიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ხელისუფლება როგორ ქმედებებს ახორციელებს. განსაკუთრებით ყურადღება გავამახვილეთ კონტროლის პალატის უკანონო ქმედებებზე, ადამიანების დაჯარიმებაზე, პოლიტიკური ნიშნით დევნაზე, სამსახურებიდან დათხოვნაზე და ა.შ. დროის სიმცირის გამო, რა თქმა უნდა, ამ საკითხებზე შეძლებისდაგვარად ვისაუბრეთ.
გარდა ამისა, ჰილარი კლინტონი თავად დაინტერესდა, ყველაზე დიდი პრობლემა სად არის, რა არის ჩვენი ძირითადი მესიჯი და რაში გვინდა დახმარება. ამის პასუხად ჩვენ ხაზი გავუსვით იმას, რომ საჭიროა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი მედია-გარემო და ნაციონალური მაუწყებლები დაბალანსებულად აშუქებდნენ მოვლენებს. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ნაციონალური მაუწყებლების დროის 90% ეთმობა სახელისუფლებო პიარს, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლებს. ოპოზიციის დრო კი ძალიან შეზღუდულია და რაც შუქდება, ისიც არაობიექტურად მიეწოდება მოსახლეობას. აქედან გამომდინარე, ჩვენი თხოვნა იყო, რომ ხელისუფლებას მიეცეს მითითება, რომ მედიასაშუალებებს ეს ზეწოლა მოეხსნას და გარდა ამისა, ხელისუფლებამ კონტროლის პალატის მეშვეობით ოპოზიციაზე მიმდინარე ზეწოლა შეწყვიტოს.
ამასთანავე, შევხედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა იყო საარჩევნო სიები. ჩვენ შევეხეთ იმას, რომ საარჩევნო სიაში არის დაახლოებით მილიონი ადამიანი, რომელთაგან რეალურად დიდი ნაწილი საქართველოდან გასულია ან გარდაცვლილია და საჭიროა სიების დაზუსტება. აქვე აღვნიშნეთ, რომ კარგი იქნებოდა მოხდეს წინასწარი რეგისტრაცია, რათა რეალურად არსებული ამომრჩეველი დარეგისტრირდეს სიაში. ამას უნდა განხორციელება და ხელისუფლებას ეს შეუძლია, თუკი მოინდომებს.
მინდა გითხრათ, რომ ქალბატონმა კლინტონმა ყველა ეს საკითხი, რაზეც შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ, ძალიან სკრუპულოზურად ჩაინიშნა და ამაზე არავითარი კონტრშეკითხვები არ ჰქონია.
კლინტონთან შეხვედრიდან გამოსულმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ დარჩა შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფო მდივანსსაქართველოში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია ხელისუფლებისგან აქვს მიღებული. თქვენი აზრით, რამდენად ობიექტურადარის ამერიკის ადმინისტრაცია საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმირებული?
- ვერ გეტყვით, საიდან დაეუფლა გიორგი თარგამაძეს ეს გრძნობა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ ძალიან კარგი ანგარიში გამოაქვეყნა. ამერიკის ადმინისტრაცია საქართველოში ოპოზიციაზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული. მათ ზედმიწევნით კარგად იციან ყველაფერი დაწყებული იმ საკანონმდებლო ცვლილებებით, რაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იქნა მიღებული, დასრულებული მისი მოქალაქეობის საკითხით, ბანკზე შეტევით და ა.შ. ამერიკას საქართველოდან ამ ინფორმაციის მიღების რამდენიმე წყარო აქვს. პირველი, რა თქმა უნდა, არის ამერიკის საელჩო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ყველა ამ ფაქტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიან მას და ბოლოს, რა თქმა უნდა, თავად კოალიცია „ქართული ოცნება“, რადგან ჩვენ ყველა კანონდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ვაწვდით ინფორმაციას ამერიკის საელჩოს.
ამერიკის ადმინისტრაციას მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიწოდებული ინფორმაციით არასოდეს უსარგებლია, მას ყოველთვის რამდენიმე ალტერნატიული წყაროც ჰქონდა. ამიტომ ვერ გეტყვით, რომ ქალბატონი კლინტონს მხოლოდ ხელისუფლების მიერ მიწოდებული ინფორმაცია აქვს.
შეგიძლიათ გვითხრათ, რა იყო ჰილარი კლინტონის ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი და რა განწყობა გამოგყვათ ამ შეხვედრიდან?
- ჩვენ მას ვუთხარით, რომ ჩვენი საარჩევნო კამპანია უკვე რეგიონებშიც არის გაშლილი, ვხვდებით სოფლის მოსახლეობას, 50-მდე ლიდერი ახლა დასავლეთ საქართველოშია წამოსული და ქუთაისის აქციისთვის ვემზადებით. ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ამოცანა თითოეულ ამომრჩეველთან მისვლა და ჩვენი მიზნების განმარტებაა. ჰილარი კლინტონს სწორედ ასეთი რჩევა ჰქონდა ჩვენი მისამართით, რომ მთავარია ჩვენი მიზნები, ჩვენი პლატფორმა მივიტანოთ ამომრჩევლამდე, რათა მან სწორი არჩევანი გააკეთოს.
ქალბატონი სახელმწიფო მდივნის რჩევა იყო, რომ რაც შეიძლება მეტი კონტაქტი იყოს მოსახლეობასთან და მივაწოდოთ ჩვენი პროგრამა, ანუ რას ვთავაზობთ განსხვავებულს ჩვენს ამომრჩეველს. რა თქმა უნდა, ეს სწორია და ასეც უნდა იყოს, ანუ ამომრჩეველთან უნდა მიხვიდე კონკრეტული წინადადებებით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ კიდეც.
მე საჩხერიდან წავედი ბათუმში და იქიდან ისევ საჩხერეში დავბრუნდი. იქ მოსახლეობასთან შეხვედრა მქონდა, რომელზეც დაახლოებით 3000-ზე მეტი ადამიანი მოვიდა. მათ ჰილარი კლინტონთან შეხვედრის შედეგები გავაცანი. სულ ერთი დღეა რაც აქ ვართ და უკვე ექვსი სოფელი მოვიარეთ. მოგეხსენებათ, აქ ხალხს ახსნა არ სჭირდება, რადგან ბატონი ბიძინა ივანიშვილის შესახებ ყველაფერი ძალიან კარგად იციან. მეორე მხრივ, როცა პოლიტიკოსი ხარ, ჩადიხარ ადგილზე და შენს გეგმებს აცნობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და იმედის მომცემია. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მთელი რეგიონი ემზადება 10 ივნისის აქციისთვის და ეს ძალიან საინტერესო და სერიოზული ღონისძიება იქნება.
ჰილარი კლინტონმა დღეს რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ამერიკა საქართველოში სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს ელოდება და მანძალაუფლების გადაცემაც ახსენა. საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ კი ამ განცხადების შეფასებისასგანაცხადა, რომ საქართველოში ყველა არჩევნებზე ხდება ძალაუფლების გადაცემა. გამოდის, რომ კლინტონის ეს განცხადებახელისუფლებამ ცოტა სხვანაირად გაიგო?
- ქალბატონმა ჰილარიმ დააფიქსირა, რომ ამერიკა პატივს სცემს ხალხის არჩევანს და მხარს უჭერს დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებს. ხელისუფლებამ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის ყველანაირი ვადები იწურება, რომ რეალურად მისი პოლიტიკური აქტივობა დასასრულს უახლოვდება. ამიტომ, ხელისუფლება ამას უნდა შეეგუოს, რადგან თუ ეს ცვლილება არ მოხდა, მაშინ გამოდის, რომ პუტინიზაციის გზას ვირჩევთ.
ხელისუფლება ოპოზიციას მტრად განიხილავს, მაგრამ თუკი გვაქვს დემოკრატიული ქვეყანა, ისინი უნდა შეეგუონ, რომ ქვეყანაში არსებობს ოპოზიცია და ის საკმაოდ ძლიერია. ცხადია ჰილარი კლინტონი არ იტყვის იმას, რომ პრეზიდენტი უნდა გადადგეს, ან ნაცმოძრაობამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს და არც იმას გვეტყვის, რომ ჩვენ გვიჭერს მხარს. იგი მხარს უჭერს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს და უმრავლესობის აზრს სცემს პატივს.
ხელისუფლება რამდენად ადექვატურად აღიქვამს ამ ყველაფერს და გაითვალისწინებს თუ არა დასავლეთის მოწოდებებსდემოკრატიული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით?
- არჩევნებზე იმდენად დიდი აქტივობა უნდა იყოს, რომ თავად ამომრჩეველმა არ უნდა დაუტოვოს ხელისუფლებას არანაირი საშუალება იმისა, რომ არჩევნები სამართლიანად არ ჩატარდეს. ხელისუფლებამ კი უნდა აღიაროს ის შედეგი, რაც სამართლიანი არჩევნების ჩატარების შედეგად მიიღება და არა ის, რომ უკვე დღეიდან ფიქრობს რაღაც მანიპულაციებზე. ხომ ხედავთ, რაც ხდება, ხან ოფისს გვიტეხავენ, ხან ტექნიკას გვპარავენ, ხან ფიზიკურად უსწორდებიან ჩვენს წევრებს და ხან სისხლის სამართლის პასუხისგებაში აძლევენ. მაგრამ სხვა გზა არ აქვთ, მათ უკან უნდა დაიხიონ და მისცენ პოლიტიკურ ძალებს კონკურენტუნარიან გარემოში არჩევნების ჩატარების საშუალება. არჩევანს კი ხალხი გააკეთებს.