სახელმწიფო მდივნის რთული ამოცანები

სახელმწიფო მდივნის რთული ამოცანები

გასული კვირის ბოლოს, სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მორიგი ტურნე დაიწყო. ის გეგმავდა დანიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, სომხეთში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში სტუმრობას; სკანდინავიაში კლიმატის ცვლილებასთან და ბუნებრივ ენერგეტიკასთან დაკავშირებულ რამდენიმე ფორუმზე დასწრებას. გარდა ამისა შვედეთში ის აპირებდა ინტერნეტის თავისუფლების საკითხის, ასევე ავღანეთსა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაციის განხილვას. თუმცა კავკასიის მთებსა და თურქეთში ჰილარი ნამდვილი გეოპოლიტიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, როგორებიცაა ტერიტორიებისთვის გაჩაღებული სისხლიანი ეთნიკური კონფლიქტები, ხოცვაჟლეტა რელიგიურ საფუძველზე და ბირთვული სახელმწიფოების სტატუსის ზღვარზე მყოფი ქვეყნები, რომლებსაც გლობალური ამბიციები აქვთ.

ყველაზე რთული იქნება ტურნეს ბოლო ნაწილი. 4 ივნისს ჰილარი ხვდება სომხეთის პრეზიდენტს, სერჟ სარქისიანს, მეორე დღეს ბათუმში ხსნის სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებულ ამერიკულ-ქართული კომისიის პლენარულ სხდომას და ხვდება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. შემდეგ ის ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გაემგზავრება.

მაჩოებთან შეხვედრა

სამ სამხრეთკავკასიელ პრეზიდენტთან შეხვედრა სადავო მთიან-ყარაბახთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას ქმნის, იმ მოლაპარაკებების, რომელიც სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის თითქმის ოცწლიანი ოკუპაციის შემდეგ ჩიხში მოექცა. ყარაბახის ოკუპაცია – დენთის კასრია, რომელსაც შეუძლია სამხრეთ კავკასიის აფეთქება. თუკი ეს მოხდა, სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებული კონფლიქტი საფრთხეს შეუქმნის ენერგომატარებლების ტრანზიტს კასპიის ზღვიდან, დაემუქრება საქართველოს (რუსეთმა საკუთარი არმიისთვის შესაძლოა საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტი მოითხოვოს, რომელსაც მოკავშირე სომხეთთის მხარდასაჭერად გაგზავნის) და გაზრდის რეგიონის საქმეებში სომხეთის კიდევ ერთი მოკავშირის – ირანის ჩართულობას. ეს ყველაფერი არ შედის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში.

უმცროსი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია შეეცადა 2001 წელს მაშინდელი სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის მონაწილეობით მხარეებს მოლაპარაკებები განეხლებინათ, მაგრამ უშედეგოდ.

საეჭვოა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ყური დაუგდონ კლინტონის მოწოდებებს კონფლიქტის სამართლიან გადაწყვეტაზე, რაც უნდა გულისხმობდეს ოკუპირებული აზერბაიჯანული მიწების გათავისუფლებას. ბოლოს და ბოლოს, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის (რომელმაც შესანიშნავი ურთიერთობები დაამყარა როგორც ბაქოსთან, ასევე ერევანთან) მრავალწლიან შუამავლობას ამ მიმართულებით, არანაირი გარღვევა არ მოჰყოლია.

აზერბაიჯანი და „ევროვიზია“

სახელმწიფო მდივნის კიდევ ერთი პრიორიტეტული ამოცანა – ბაქოში ვიზიტის დროს ამ პატარა, მაგრამ ენერგორესურსებით მდიდარი აზერბაიჯანისთვის და მისი პრეზიდენტისთვის მხარდაჭერის გამოხატვაა ისეთ საკითხში, როგორიცაა ირანის მხრიდან მუდმივი შეთქმულებები და უწყვეტი ტერორისტული საქმიანობა. ახლახანს ცნობილი გახდა ირანიდან მართული მასშტაბური გეგმის შესახებ, რაც მიზნად ისახავდა ბაქოში ამერიკელი და ისრაელელი დიპლომატების, მათი ოჯახის წევრების, ასევე სხვა ადამიანების მკვლელობებს. ირანელი აგენტები დიპლომატების და მათი ახლობლების მოკვლას დანაღმული ავტომობილებით და სნაიპერთა საშუალებით გეგმავდნენ, ასევე აპირებდნენ დარტყმის მიყენებას ამერიკული და ებრაული კომპანიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის.

უცხოეთში დაგეგმილი სხვა ანალოგიური ტერაქტები უკვე განხორციელდა ინდოეთში, საქართველოში და ტაილანდში. საქმე ეხება ირანის გლობალური ტერორის კამპანიის ნაწილს, რომლის სამიზნეც ასევე გახდა საუდის არაბეთის საელჩო ვაშინგტონში. მიუხედავად ამისა, ობამას ადმინისტრაციამ დიდი ძალისხმევა გაიღო იმისთვის, რომ ამ შეთქმულებებზე პასუხისმგებლობა ირანის რეჟიმს არ დაკისრებოდა.

აზერბაიჯანი, სადაც ახლახანს პოპულარული სატელევიზიო შოუ – „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსი ჩატარდა – მუსულმანური სამყაროსთვის და განსაკუთრებით მეზობელი ირანისთვის უპრეცედენტო ნაციონალური და რელიგიური თმენის ხარისხს ავლენს. ეს მოდელი ქებას იმსახურებს და საჭიროა მისი მხარდაჭერა ისლამური ქვეყნებისადმი მიმართული ამერიკის საჯარო დიპლომატიის ფარგლებში. იმავდროულად, კონკურსთან დაკავშირებული ცნობები, ხშირად თავს იყრიდა ისეთი პრობლემების გარშემო, როგორიცაა კორუფცია და პოლიტიკური რეპრესიის ფაქტები. აზერბაიჯანში ღირს მრავალპარტიული სისტემის და მედიაში პლურალიზმის განვითარება, მმართვის ხარისხის ამაღლება, გამჭვირვალობის გაზრდა და კანონიერების განმტკიცება. თუმცა კლინტონმა ამ საკითხებზე თავშეკავებულად და მეგობრულად უნდა ისაუბროს. ბოლოს და ბოლოს აზერბაიჯანმა შეერთებული შტატების მხარე დაიკავა ისეთ საკითხებში, როგორიცაა ავღანეთი, ირანი, ერაყი და რუსების მიერ მეზობელი საქართველოს ტერიტორორიების ოკუპაციის არაღიარება.

რთული ამოცანები

სომხეთში კლინტონმა უნდა მოითხოვოს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება მინსკის ჯგუფის ეგიდით, რომელშიც რუსეთი და აშშ თანათავმჯდომარეები არიან. ამ მოლაპარაკებების მიზანი, რომელიც ეუთოს 1996 წლის ლისაბონის დეკლარაციას და 2007 წლის მადრიდის პრინციპებს ეფუძნება, არის იმის მიღწევა, რომ სომხეთმა გაიყვანოს ჯარები აზერბაიჯანის ტერიტორიიდან და ასობით ათასი დევნილი სახლში დაბრუნდეს. სახელმწიფო მდივანმა ასევე უნდა მოუწოდოს ერევანს იმის აღიარება, რომ თეირანთან მჭიდრო კავშირები შეუთავსებელია კარგ ურთიერთობებთან აშშ-სთან (და ამერიკულ დახმარებასთან).

საქართველოში, კლინტონმა უნდა განაცხადოს ამერიკის მხრიდან ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ და მოუწოდოს მოლაპარაკებებისკენ, რომელმაც ბოლო უნდა მოუღოს რუსეთის მხრიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას და დააბრუნოს ეს რეგიონები საქართველოს შემადგენლობაში ამა თუ იმ ფორმით. სახელმწიფო მდივანს განსაკუთრებით გაუჭრიდება საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი ღელავს რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვაზე“. და მიუხედავად ამისა, მას შეუძლია მაისში, ნატოს ჩიკაგოს სამიტზე წარმოთქმული სიტყვების გამეორება, როდესაც მან განაცხადა, რომ „ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება გავაფართოვოთ ალიანსი – ჩვენი მისიის და ჩვენი თანამეგობრობის საკვანძო ელემენტია“.

აზერბაიჯანს კლინტონმა უნდა შესთავაზოს ანტიტერორისტული თანამშრომლობის გაფართოებული პროგრამა, რომელიც უნდა მოიცავდეს აზერბაიჯანის სპეცსამსახურების და სპეცდანიშნულების რაზმის მომზადებას და აღჭურვას, ასევე სადაზვერვო მონაცემების ურთიერთგაცვლას გარკვეულ დონეზე, რაც არ დააყენებს დარტყმის ქვეშ ამერიკის ინფორმაციის წყაროებს. იმავდროულად, სახელმწიფო მდივანმა ხაზი უნდა გაუსვას იმას, რომ ამერიკა მხარს უჭერს მართვის, დემოკრატიზაციის, ადამიანის უფლებების ხარისხის და ტრანსფარენტულობის გაზრდას აზერბაიჯანში, რომელიც დღეს ნავთობით და გაზით რეკორდულ შემოსავლებს იღებს. ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს ასევე აზერბაიჯანელი სტუდენტების, მეცნიერების და ჩინოვნიკების ხელმისაწვდომობის გაზრდა ამერიკულ განათლებაზე (როგორც სრულფასოვანი სამეცნიერო ხარისხის მიღებაზე, ასევე ხანმოკლე სასწავლო პროგრამებზე).

თურქეთში კლინტონი სიტყვით გამოვა ტერორიზმთან ბრძოლისადმი მიძღვნილ მინისტრთა თათბირზე. თურქეთმა წამყვანი როლი იკისრა სირიის მმართველის, ალავიტი ბაშარ ასადის სუნიტური ოპოზიციის მხარდაჭერის საქმეში. თუმცა, ზომიერი ოპოზიცია დღეს დაბნეულია და დამასკიში მოქმედი მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ სულ უფრო დიდ როლს თამაშობენ ისლამისტი სუნიტი-ექსტრემისტები, მათ შორის „ძმები მუსულმანები“ (რომელსაც მხარს უჭერს თურქეთის მმართველი პარტია) და „ალ-ქაიდას“ წარმომადგენლები. ანკარა ეწინააღმდეგება ირანის წინაარმდეგ სანქცებს, ანტიისრაელური კურსი აქვს და მხარს უჭერს „ძმებ მუსულმანებს“ მთელ ახლო აღმოსავლეთში. ეს ცხადყოფს ობამას დროს დაწყებული ამერიკულ-თურქული „თაფლობის თვის“ შეზღუდულ ხასიათს.

მიუხედავად ამისა, კლინტონმა უნდა აღიაროს ანკარას წამყვანი როლი სირიაში შექმნილ სიტუაციაში მოლაპარაკებების გზით გამოსავლის პოვნის საქმეში. თუმცა, იმავდროულად მან უნდა მოითხოვოს, რომ თურქეთმა სოლიდარობა გამოხატოს თავისი ნატოელი მოკავშირეების მიმართ, სრულად დაუჭიროს რა მხარი ამერიკულ და ევროპულ სანქციებს ირანის წინააღმდეგ, შეწყვიტოს „ძმები მუსულმანების“ მხარდაჭერა ახლო აღმოსავლეთში და გააუმჯობესოს ურთიერთობა ისრაელთან და კვიპროსთან. ეს უკანასკნელი უნდა გულისხმობდეს კვიპროსის გამორჩეულ ეკონომიკურ ზონაში გაზის საბადოებთან დაკავშირებული რიტორიკის შემსუბუქებას.

ნაწყენი მეგობრები, უდრეკი მტრები

შესაძლოა, ნოემბრის არჩევნების შემდეგ კლინტონს წასვლა მოუწიოს. ასეთ შემთხვევაში ობამას ადმინისტრაცია ასეთ სტრატეგიულ პეიზაჟს დატოვებს: სერიოზულად ნაწყენ , მეგობრებს და უდრეკ მტრებს, რომელთა გულის მოგებაც მრავალი მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერ მოხერხდა. თავისი, შესაძლო უკანაკნელი რეგიონული ტურნეს პროცესში, სახელმწიფო მდივანმა მსგავსი რეზულტატი უნდა აღკვეთოს.
foreignpress.ge