რანი არიან ლიბერასტები და როგორ იბრძვიან ისინი ქართველობის წინააღმდეგ (მეორე ნაწილი)

რანი არიან ლიბერასტები და როგორ იბრძვიან ისინი ქართველობის წინააღმდეგ (მეორე ნაწილი)

კორპორაცია „საქართველო“ VS ერი–სახელმწიფო

მაშ ასე - „რევოლუცია“ წარმატებით განხორციელდა, მისი ყველა მიზანი პრაქტიკულად მიღწეული იქნა. დაიწყო მთავარი – კორპორაციის შექმნა. კორპორაცია დააფუძნა რევოლუციურმა ტრიუმვირატიმა (სააკაშვილი, ჟვანია, ბურჯანაძე) ხოლო ის, ვინც რევოლუციაში ფული დააბანდა და მუსიკაც დაუკვეთა, ბუნებრივია, ღია სცენაზე არც გამოჩენილა.

ხილულმა დამფუძნებლებმა შესაბამისად გაინაწილეს ფუნქციები და ეს ყველაფერი სამართლებრივად გააფორმეს – ქვეყნის კონსტიტუცია ისე შეიცვალა, რომ სახელმწიფო ხელისუფლებათა ბალანსისგან მხოლოდ მტვერი, შორეული მოგონებაღა დარჩა. კონსტიტუციამ მნიშვნელობა საერთოდ დაკარგა. დღესაც იგი მხოლოდ ფარატინა ქაღალდია, რომელშიც რაც კორპორაციას სურს, იმას ჩაწერენ. თავიდანვე მთავარი გარკვეულია: ეს კორპორაციაა, სადაც, ერი სახელმწიფოსაგან განსხვავებით, ძალაუფლება და ფუნქციები ეროვნულ ინსტიტუტებს შორის კი არა, არამედ კორპორაციის ოლიგარქებს შორის ნაწილდება.

ერი – სახელმწიფოში სუვერენიტეტი ხალხს ეკუთვნის, სწორედ ერია მთავარი სუბიექტი. კორპორაციაში ეროვნული სუვერენიტეტი მიტაცებულია და იგი ოლიგარქების ხელშია. არა ხალხის, არამედ კორპორაციის ოლიგარქების ხელშია მთელი ქვეყანაც.

სახელმწიფოსაგან განსხვავებით კორპორაცია ორიენტირებულია მხოლოდ მოგებაზე – მისი აქციონერების დივიდენდების მაქსიმალიზაციასა და დანახარჯების შემცირებაზე. დივიდენდებში იგულისხმება როგორც ფული, ასევე და უპირატესად – ძალაუფლება. კონვერტირებადი ფული – ძალაუფლება ხდება საყოველთაო და უმთავრესი ღირებულება კორპორაციის წევრებისათვის. კონვერტირება შესაძლებელია – ფული ხურდავდება ძალაუფლებაში და პირიქით. გაცვლით კურსს ადგენს, კონვერტირებას ახორციელებს და დივიდენდებს ანაწილებს კორპორაციის ოლიგარქიული მმართველობა.

რაც მთავარია, „გლობალიზაციის პროცესში ჩასართავად“ კორპორაციის ხელთაა სრულიად საქართველო: ტერიტორია, მოსახლეობა, ძალაუფლება და ქვეყანაში არსებული ყველა მატერიალური თუ არამატერიალური რესურსი: როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საკუთრების უძრავ–მოძრავი ქონება, ბუნებრივი სიმდიდრეები, ვალუტა, წარმოების საშუალებები, სამუშაო ძალა, საქონელი, მოკლედ – ყველაფერი.

სააკაშვილი მართალია – ასეთი რამ საქართველოში არასდროს მომხდარა. ნულიდან იწყება ახალი ისტორია. მოგჭამა ჭირი ძველმა საქართველომ. ერი–სახელმწიფო დავიწყებას უნდა მიეცეს. მაგრამ ეს აღარაა საქართველო. იგი იქცა ძალაუფლება მოპოვებული ლიბერასტების „მონსტრების კორპორაციად“.

რატომ მონსტრების? იმიტომ, რომ კორპორაციის ხილულ დამფუძნებლებს შორის მყიფე შეთანხმება მალევე დაირღვა და თამაშის წესები სისხლიანი გახდა. ჟვანია მოკლეს და მისი ფუნქციაც კორპორაციის პრეზიდენტმა მიითვისა. იგი თავად გახდა მთავარი აქიონერი, უპირველესი მონსტრი ამ კორპორაციაში და მისი უცვლელი ჩოყლაყი დირექტორიც. პოსტრევოლციური სადამფუძნებლო კონტრაქტის სისხლიანი დასასრულის შემდეგ –„გამარჯვებული იღებს ყველაფერს!“ – კორპორაციული ძალაუფლების განაწილების ულმობელი და ერთადერთი წესია.

თუკი ჟვანიას სიცოცხლეში ჯერ კიდევ შეიძლებოდა საუბარი ოლიგარქების მიერ ერი–კორპორაციის ორგანიზებაზე, მისი თამაშიდან გაყვანის შემდგომ მივიღეთ კერძო, მთლიანად პრივატიზებული კორპორაცია. ერი კი არ გახდა კორპორაციულად ორგანიზებული სუბიექტი, როგორც ამას „კეთილშობილი ლიბერასტი“ – ჭიაბერაშვილი ვარაუდობდა, არამედ შეთქმულების ულმობელი, „იაკობინური“ ლოგიკის გამო, საჯარო კორპორაციის ნაცვლად ხელთ მონსტრებად ქცეული ოლიგარქების კერძო „კანტორა“ შეგვრჩა.

კიდევ ერთი მიზეზი, რაც ამ გაერთიანებას „მონსტრების კორპორაციად“ აქცევს, მისი არსებობის პარაზიტული წესია – იგი იკვებება და მხოლოდ მოიხმარს რესურსებს, თავად კი არაფრის შექმნა არ შეუძლია. კორპორაცია იკვებება გარედან მიღებული ფინანსური ინექციებით: დახმარებებით (რომელთა მისაღებად გადახდილი თვალსაჩინო ფასი – აგვისტოს ომში დაკარგული ტერიტორიებია) და საგარეო ვალებით, რომელიც ქართველმა ხალხმა ცხაპირი ტყავის გაძრობით უნდა იხადოს, ხოლო „შიგნიდან“ მოპოვებული სახსრები მონოპოლიების მიერ ქართველი ხალხის უწყალო ექსპლოატაციის, აგრეთვე ეროვნული სიმდიდრის გაყიდვისაგან მიღებული შემოსავლებია.

ვინ არიან კორპორაციის აქციონერები? ცხადია, ყველას არ შეუძლია „მონსტრების კორპორაციის“ აქციონერი გახდეს. ამით განსხვავდება იგი ერი–კორპორაციისაგან. აქციონერობა მხოლოდ რჩეულთა, ასე ვთქვათ, „სისხლით ლიბერასტთა“ ხვედრია. აქციების საკონტროლო პაკეტი თავიდან ტრიუმვირატს + გარეშე, უხილავ წევრს ეკუთვნოდა, მაგრამ იგი მალე მთლიანად ჩოყლაყი პრეზიდენტ–დირექტორის ხელში აღმოჩნდა. ლაპარაკიც ზედმეტია, რომ კორპორაციის არც საკონტროლო პაკეტი და არც დანარჩენი აქციები თავისუფალ ბაზარზე არასდროს გაიყიდება. მას მხოლოდ ფულითაც, რაც არ უნდა გადაიხადო, ვერ იყიდი. ამ კორპორაციაში წილებს ისე ანაწილებენ და ახალ აქციონერად ისევე იღებენ, როგორც სექტაში. შეიძლება რაღაც საიდუმლო, ბნელით მოცული რიტუალიც აქვთ.

აქციონერებისათვის აუცილებელია მონსტრად გადაქცევის „ინიციაცია“ – ლიბერასტული განდობისა და „გასხივოსნების“ „ეკლიანი“ გზის გავლა. მომავალი მონსტრის ლიბერასტული დამსახურებანი, უზენაესმა ლიბერასტმა – ჩოყლაყმა პრეზიდენტ–დირექტორმა, ანდა მისგან ხელდასმულმა მაღალი რანგის მონსტრმა უნდა შეაფასოს. აქციონერობა განსაკუთრებული წყალობაა, თუკი შესცოდებ – კორპორაციას აქციები დაუყოვნებლივ უკანვე მიაქვს და შეიძლება თავიც წააგაო, მონსტრიდან უცებ შესახრამუნებელ მსხვერპლად ნებისმიერ დროს შეიძლება იქცე. ამიტომ, ფრთხილად უნდა იყო და კორპორაციის წყალობას – აქციონერობის პატივს თვალის ჩინივით უნდა გაუფრთხილდე.

როგორ იმართება კორპორაცია? ჩოყლაყ პრეზიდენტ–დირექტორს (რომელსაც გარეშე, უხილავი აქციონერის წილიც სამართავად აქვს კონტროლის პირობით მინდობილი) საკონტროლო პაკეტი უჭირავს და ამიტომ, „აქციონერთა კრებას“ მხოლოდ დამხმარე, სათათბირო მნიშვნელობა თუ აქვს. ე.წ. პარლამენტი აქციონერთა კრება არასდროს ყოფილა – იგი მხოლოდ შირმაა, აქციონერთა კრების მხოლოდ ხილული სიმბოლოა.

ე.წ. პარლამენტარები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, აქციონერები სულაც არ არიან. ცხადია, ისინი ხალხის რჩეულებს არც წარმოადგენენ, პირიქით – ჩოყლაყის წარგზავნილები არიან ხალხის წინაშე. მათ არა ხალხის, არამედ ჩოყლაყის მანდატი აქვთ, რომ ხალხის წინაშე იყბედონ და უკვე მიღებული გადაწყვეტილებები გააფორმონ. პარლამენტარის მანდატი კორპორაციის აქციის ფლობას ავტომატურად არ ნიშნავს. ნამდვილი აქციონერები „საიდუმლო სერობებზე“, იდუმალებით მოცულ გარემოში იკრიბებიან. ხალხს მხოლოდ დაახლოებით შეუძლია რეალურ აქციონერთა პერსონალური შემადგენლობა წარმოიდგინოს. ცხადია, გადამწყვეტი ხმა ყოველთვის ჩოყლაყ პრეზიდენტ–დირექტორს ეკუთვნის.

კორპორაციის ბატონობა სრულია, ხოლო ქვეყნის მმართველობის სისტემა – მკაცრად ცენტრალიზებული. მას აქციონერები და პრეზიდენტ–დირექტორი ხისტად აკონტროლებენ. გადაწყვეტილებები მხოლოდ „ზემოთ“ მიიღება და აღმასრულებელი ვერტიკალის ქვემდგომ საფეხურებზე, იერარქიულად ტარდება. ფორმალურად არსებული მთავრობა და ადგილობრივი თვითმმართველობები, ასევე ფორმალურად არსებული სასამართლოებიც ამ იერარქიის მხოლოდ ტექნიკური საფეხურები არიან, ისევე როგორც – პარტიული იერარქიული სტრუქტურები. პარტია „კადრების სამჭედლოცაა“ და ცხადია, მისი ძირითადი ფუნქცია არჩევნების მოგებაა.

არჩევნების მუდმივად „მოგება“ კორპორაციის ერთ–ერთი მთავარი მიზანია. ერთადერთი საქონელი, რასაც კორპორაცია აწარმოებს – არჩევნებში მიღებული ამომრჩეველთა ხმებია, ამ საქონელს კორპორაცია კარგად ფუთავს და კარგი რეკლამის წყალობით შინ და გარეთ ყიდის, ლეგიტიმურობას იხვეჭს და საკუთარ ძალაუფლებას ამით ამყარებს.

არჩევნებად წოდებული პროცესი კი კორპორაციის ძალაუფლების მორიგი ლეგიტიმაციის ერთგავრ ლიტურგიად არის ქცეული. ტექნიკურად ამ ლიტურგიას მარტივი შინაარსი აქვს: კონკურენტებს ყველა საშუალებით თრგუნავენ და სპობენ, ხოლო ამომრჩეველს ნახირივით ექცევიან – ზოგს შოლტით, ზოგს კი ნუგბარით ერეკებიან ხმის მისაცემამდ. თუ შოლტი და ნუგბარი არ კმარა, მაშინ გაყალბება და მისი ჯანი.

ვინ არის კორპორაციის დაქირავებული პერსონალი? პოსტრევოლუციურ გარიჟრაჟზე ვანო მერაბიშვილმა ეს კარგად ახსნა –„მთავარია არა პროფესიონალიზმი, არამედ ეფექტურობა“. ეფექტურობაში აქ იგულისხმება აქციონერთა გადაწყვეტილების უყოყმანოდ, ზუსტად, განუხრელად, ავტომატურ რეჟიმში, რაც შეიძლება სწრაფად და იაფად შესრულება. მთავარი პირობა კორპორაციაში სამუშაოდ – დირექტორისა და აქციონერებისადმი მკაფიოდ და რეგულარულად გამოხატული მონური ერთგულებაა. ყველა სხვა „საქმიანი“ უნარი ადგილზე გაწვრთნით და თანამდებობაზე საქმეში გაწაფვით მიიღწევა. პერსონალი გადაწყვეტილებებს არ იღებს, მისი კომპეტენცია ტექნიკური სამუშაოთი, აქციონერთა გადაწყვეტილების „გაპრავებითა“ და გაფორმებით, ძირითადად კი გადაწყვეტილებათა ზედმიწევნით აღსრულებით შემოიფარგლება. ბოლშევიკურ ნომენკლატურასთან ანალოგია თვალსაჩინოა. აი, სტალინი როგორ ახასიათებდა ნომენკლატურას – „ეს არის ხალხი, რომელსაც ესმის დირექტივები, მზად არის მიიღოს და უსიტყვოდ შესრულოს დირექტივები“.

ახალი ნომენკლატურა კორუფციისაგან მართლაც გაიწმინდა. როგორ მოხერხდა ეს? მარტივად: კორუფციაც პრივატიზებული იქნა, როგორც მთლიანობაში კორპორაცია და კორუფციული გარიგებების უფლება ამჟამად მხოლოდ აქციონერების განსაკუთრებული პრივილეგიაა. კორპორაციის დაქირავებულ პერსონალს ქრთამის აღებისათვის ან კორპორაციის სახსრების მოპარვა–მითვისებისათვის სასტიკად დასჯიან, რადგან ეს კორპორაციის დანახარჯებს ზრდის, ხოლო დივიდენდებს ამცირებს. კორუფციის მოსპობის ლოგიკა მარტივია: თუ სახელმწიფო არ არის – აღარც კორუფცია იქნება. უფრო ზუსტად – თავად კორპორაციაა კორუფცია. ქვეყნის ყველა რესურსი – საბიუჯეტო სახსრები და უძრავ–მოძრავი ქონება აქციონერების ხელშია და მათ წილების გაყოფით მოახერხეს ამ რესურსების განაწილებაც. საჯარო ინტერესი, რადგან კორპორაცია კერძოა, აღარ არსებობს, კორპორაცია აქციონერების პირადი ინტერესების დაკმაყოფილებას ემსახურება და ბუნებრივია, სისტემა ამიტომაც თავიდან ბოლომდე მხოლოდ კორუფციულია.

ლიბერასტული კორპორაცია, განსაკუთრებით მისი ძალოვანი სტრუქტურები და საპროპაგანდო მანქანა, დღეს მართლაც ეფექტურად მუშაობს. ცხადია, იგი ძირითადად დათრგუნვისა და ყოვლის წამლეკი პროპაგანდის ტექნოლოგიებს იყენებს თავისი ბატონობის განსამტკიცებლად და გასაფართოებლად. ეს ისედაც საყოველთაოდ ცნობილია და ამაზე სიტყვას გაგრძელება არც ღირს.

ერი–სახელმწიფო მოისპო და რა დღეშია, სად არის მისი მთავარი სუბიექტი – ქართველი ხალხი? ხალხი ციხეშია! კორპორაციის წინაშე ყველა დამნაშავეა, რადგან გაბედა და ქვეყნიერებას მოევლინა. ყველა დასაჭერია, არადა კორპორაციასთან „საპროცესო შეთანხმება“ უნდა დადოს. მთავარი და საყოველთაოდ აუცილებელი „საპროცესო შეთანხმება“ – კორპორაციისადმი ლოიალობაა. პოტენციურად ყველა დასაჭერია, ვინც ჯერ არ დაუჭერიათ კორპორაციისათვის მუშაობს, გაცილებით მეტი – ამ სამუშაოს ეძებს. უდიდესი ნაწილი კი კორპორაციისაგან წყალობას, უფრო სწორედ, მოწყალების მისაღებად რიგში დგას და შეტანილი თხოვნის პასუხს ელოდება.

ბუნებრივია, კორპორაცია გზას ვერ მისცემს კერძო ინიციატივასა და მეწარმეობის განვითარებას. თავისუფალი მეწარმეობა მის ძალაუფლებას შეარყევს და მას მოგების გარეშე დატოვებს. ლიბერალური “Laissez-faire” მხოლოდ დეკლარირებულია და პირობითად, უცხოელი ინვესტორებისათვის დაცულიც არის. მაგრამ ყველა, ვინც რაიმე ბიზნესს აპირებს, პირველ რიგში – ქვეყნის მსხნელად შერაცხული უცხოელი ინვესტორი, ვალდებულია კორპორაციის ბიზნეს–პარტნიორი იყოს. პირდაპირ თუ არაპირდაპირ ის საქმიანობის ნებართვას კორპორაციისაგან იღებს, სამაგიეროდ მასვე უყოფს მოგებას, ანდა ძალაუფლების განმტკიცებაში ეხმარება. ამ პირობის დამრღვევი ნებისმიერი ბიზნესმენი არა მხოლოდ საკუთარი ქონებით, არამედ პირადი თავისუფლების დაკარგვითაც აგებს პასუხს. საკუთრებაში არსებული ქონების ჩამორთმევა და კორპორაციის მიერ მითვისება ჩვეულებრივი ამბავია და აღარავის უკვირს.

რადგან კორპორაციაში მხოლოდ რჩეული უმცირესობის – „ახალი ელიტის“ ადგილია, ქვეყანაში მცხოვრებთა აბსოლუტური უმრავლესობა კორპორაციისათვის ზედმეტ ადამიანთა ჯოგად იქცა. როგორ ექცევა ამ ჯოგს კორპორაცია? პირველ რიგში ყველაფერს აკეთებს, რომ ჯოგი საზოგადოებად, ერად არ იქცეს და კვლავაც დღის წესრიგში არ დადგეს კორპორაციის დაშლისა და ერი–სახელმწიფოს იდეა.

ეს სამკვდრო–სასიცოცხლო საკითხია და კორპორაცია ამას უდიდეს ყურადღებას უთმობს. გარდა დათრგუნვა–„დაბოლებისა“ და საარჩევნო-ლიტურგიული სტრატეგიებისა, კორპორაციას კიდევ ერთი სტრატეგიული მიმართულებაც აქვს: მას შეიძლება ლიკვიდატორ–გამყიდველობა ვუწოდოთ.

„იყიდება საქართველო“ ახალი არ არის, მაგრამ ლიკვიდატორ–გამყიდველობა ვითომ ლიბერტანელი, სინამდვილეში კი მსხვილი ლიბერასტის – კახა ბენდუქიძის „გამოგონებაა“. ძირს ერი–სახელმწიფო, ამიტომ რაც ღირებულია, ყველაფერი უნდა გაიყიდოს: უძრავ–მოძრავი ქონება, სტრატეგიული ობიექტები, ბუნებრივი რესურსები – მიწა, ტყე, წყალი, წიაღისეული, მდინარეებიც კი; რაც მოგებაზე არ „მუშაობს“ და არ გაიყიდება, იგი კორპორაციისათვის არაფრის მომტანია და მხოლოდ ხარჯებს ზრდის, ამიტომ ყველა ასეთი დაწესებულება უნდა ლიკვიდირდეს. შეგნებულად ისპობა ერი სახელმწიფოსათვის აუცილებელი, როგორც საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე (მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ანტიმონოპოლირი რეგულირება, სურსათის უვნებლობა, მშენებლობის უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და ა.შ.), ასევე საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე (განათლება, მეცნიერება, ჯანმრთელობის დაცვა, კულტურა და ა.შ.) ორიენტირებული ეროვნული ინსტიტუციები.

აი, ასეთია „ვარდების რევოლუციის“ ლიბერასტული პარადიგმა: ჩოყლაყის კორპორაცია ერი–სახელმწიფოს ნაცვლად.

რა გველის თუ ლიკვიდატორ–გამყიდველობის ეს პარადიგმა სასწრაფოდ არ შეიცვალა? პასუხი მარტივია: საბოლოოდ ერი იქნება ლიკვიდირებული, ეროვნული სიმდიდრე მთლიანად გაყიდული, ხოლო ჩოყლაყის კორპორაცია კი, თუკი იგი პარაზიტიზმის გამო არ ჩამოიშალა, გლობალიზაციის პროცესს ფეხს აუწყობს, ეროვნული ინტერესებისა და რაც გვაბადია იმის გაყიდვა–გასხვისების ხარჯზე საერთაშორიო კორპორაციულ სისტემაში „ჩაეწერება“.

ჩოყლაყის კორპორაციამ მხოლოდ ეროვნული ინტერსებისა და სიმდიდრის გაყიდვის ხარჯზე და ერის ლიკვიდაციის რეჟიმში შეიძლება „იმუშავოს“. არსებობის სხვა წესი მას უბრალოდ არა აქვს.

როგორც არასდროს, დღეს ისე იყიდება საქართველო და რაღა გვეთქმის ამ გამყიდველი კორპორაციის შემყურეთ, გარდა იმისა, რაც ჩვენმა დიდმა წინაპარმა, ნიკო ლორთქიფანიძემ ასი წლის წინათ თქვა და ნათქვამს ტკივილად ქცეული გულიც ამოაყოლა:

„იყიდეთ ბარემ მთლად, გაწეწეთ და გაგლიჯეთ, რასაც საქართველო ერქვა და რაც დღეს ოხრად დარჩენილი აძღებს ყორნებს და გულს უკლავს უძლურ ჭირისუფალს!“

+++

ბოლოს ისევ თავში დასმულ შეკითხვას უნდა დავუბრუნდეთ. ცხადია, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვამ, მისმა ორმა წერილმა, შემდგომმა ინტერვიუებმა და პრეს–კონფერენციებმა, ბოლოს – „ქართული ოცნების“ დაფუძნებამ, უდიდესი იმედი გააჩინა. მაგრამ ლიბერალების „რევოლუციურ ღვაწლს“ თუ გავიხსენებთ, აუცილებელია კარგად გავერკვათ – ახალი ლიბერალური კოალიცია იგივეს, ისევ „კორპორაციობანას“ ხომ არ გვთავაზობს ივანიშვილისაგან დასახული ქართული სახელმწიფოს ნაცვლად? კოალიციაში შემავალმა ლიბერალურმა პარტიებმაც ივანიშვილივით საჯაროდ და რაც მთავარია, თავიანთი საქმით უნდა დაამტკიცონ, რომ ჩოყლაყის კორპორაციაში დირექტორობისა და წილების გადანაწილებისათვის კი არა, არამედ ქართველი ერისათვის მიტაცებული ქვეყნის და ეროვნული სუვერენიტეტის დასაბრუნებლად იბრძვიან.

კორპორაციასა და მისი არსებობის წესს მთელი ქართველი საზოგადოება უპირისპირდება. საზოგადოება წარმატებას იმ შემთხვევაში მიაღწევს, თუ ივანიშვილის გარშემო შემოკრებილი ლიბერალებიც მის სამსახურში ჩადგებიან და არა პირიქით, როგორც ეს პროექტის: კორპორაცია „საქართველოს“ განხორციელებისას მოხდა.