დიქტატორები უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე გგონიათ

დიქტატორები უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე გგონიათ

არსებობს ვარაუდი, რომ დიქტატორები – ბრიყვები, ყოველ შემთხვევაში, შერეკილი ხალხია. მუამარ კადაფი სერიოზული გიჟი იყო, რომელსაც მოდაზე არანორმალური შეხედულებები ჰქონდა; კიმ ჩენირს – უცნაური ვარცხნილობა და მიდრეკილება სიურეალისტური ლოზუნგების გამოგონებისკენ. ხოლო ბირმის გენერლები ნამდვილი ცხოველები იყვნენ – ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე რჩევას მკითხავებს ეკითხებოდნენ და ადამიანებს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ხვრეტდნენ.

თუმცა ამ კარიკატურული სახეების უკან (ეს ადამიანები კი სწორედ კარიკატურები არიან) – თანამედროვე ცხოვრების ზოგიერთი უსიამოვნო ფაქტი იმალება. კადაფი 41 წელი მართავდა ქვეყანას, სადაც მანამდე განხეთქილებები და მტრობა ყოველდღიურობა იყო. კიმ ჩენ ირი 17 წლიანი მმართველობის შემდეგ საკუთარ საწოლში გარდაიცვალა – მიუხედავად იმისა, რომ თავისი პოლიტიკით მან ჩრდილოეთ კორეა დამაცირებელი სიღატაკისთვის გაწირა სწორედ იმ დროს, როდესაც მისი მეზობლები სიმდიდრის და კეთილდღეობის სულ უფრო მაღალ მწვერვალებს იპყრობდნენ. ბირმის გენერლები? ეს ადამიანები ხელისუფლებაში 1962 წელს მოვიდნენ, და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს თავიანთი მარწუხები ოდნავ მოადუნეს, ისინი მაინც ყველაფერს განაგებენ ამ ქვეყანაში.

ყველა ზემოთჩამოთვლილმა დიქტატორმა ხელისუფლება იმაზე დიდხანს შეინარჩუნა, ვიდრე თავად ან მისი ხალხი წარმოიდგენდა. დიახ, ეს ბოროტება იყო, აქ ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ ბრიყვებს მათ ვერ უწოდებ. თავიანთი კრიტერიუმებით ისინი საკმაოდ წარმატებული ადამიანები იყვნენ.

სწორედ ეს უნდა გავითვალისწინოთ, თუკი გადაწყვეტილი გვაქვს დავეხმაროთ მსოფლიოში თავისუფლების ძალთა გამარჯვებას. და სწორედ ამას გვასწავლის უილ დობსონის შესანიშნავი ახალი წიგნი „The Dictator’s Learning Curve: Inside the Global Battle for Democracy“ . დობსონი ადრე Foreign Policy-ის რედაქტორად მუშობდა, ახლა ის – სახელმწიფო სამსახურშია. მოსაზრებები, რომელიც წიგნის ფურცლებზე გადაიტანა, რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა, როდესაც ის ერთ-ერთ თამაშში მიიწვიეს რამდენიმე დემოკრატ აქტივისტთან ერთად, რომლებიც საკუთარ სამშობლოში ავტორიტარული რეჟიმის შერყევას ცდილობდნენ. როდესაც დობსონმა იკითხა, შეიძლებოდა თუ არა მას დიქტატორის როლი ეთამაშა, მის თხოვნას არაფრისმთქმელი სახეებით შეხვდნენ. „ჩვენ არ ვასწავლით ხალხს სხვა ადამიანების ჩახშობას“ – უპასუხეს მას.

რა თქმა უნდა, პრობლემა ის არის, რომ თქვენ საეჭვოა შეძლოთ დესპოტის დამარცხება, თუკი ვერ გაიგებთ, რა ჩანაფიქრი აქვს მას. თავის წიგნში დობსონი ცდილობს ამ შეცდომის გამოსწორებას და აანალიზებს ხუთ მოქმედ ავტორიტარულ რეჟიმს და ხელისუფლების შენარჩუნების მათ სტრატეგიას. ის წერს ინტერვიუებს ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრებთან და რუს დისიდენტებთან; თან ახლავს მალაიზიის ოპოზიციურ ლიდერს ანვარ იბრაგიმოვს წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ დაძაბულ დღეს, როდესაც ვლინდება ერთიანი ოპოზიციის შექმნის სირთულე ამ ქვეყანაში, რომელსაც ეთნიკური წინააღმდეგობები ტანჯავს. ვენესუელაში დობსონი ესაუბრება უგო ჩავესის ყოფილ მაღალჩინოსან მოკავშირეს, რომელიც ახლა პატიმარია. საოცარი დადასტურება რეჟიმის სიმახინჯისა (ან მისი დაუნდობელი მოხერხებულობისა). და მართალია ის ეგვიპტეზე ძირითადად მუბარაქის რეჟიმის დამხობამდე წერს, მისი გონივული ანალიზი იქ ძალთა თანაფარდობის შესახებ გამორჩეულად ინფორმაციულია.

საკვანძო დასკვნა, რომელსაც დობსონი საკუთარი კვლევების საფუძველზე აკეთებს, ის არის, რომ დღევანდელი ავტოკრატები სულაც არ არიან იდიოტები. ისინი წინამორბედთა შეცდომებზე სწავლობენ. პუტინი სტალინი არ არის, ხოლო ჰუ ძინტაო – მაო ძედუნი. დობსონი წერს, რომ ხშირ შემთხვევაში თანამედროვე დიქტატორებს ესმით, რომ მათ ინტერესებში შედის დემოკრატიული ნორმების ფორმალური არსებობა, თუნდაც ამ ნორმებს არაფრად აგდებდნენ.

მაგალითად, ჩავესს უყვარს არჩევნების ჩატარება, და კენჭისყრის დღეს ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი ხმა ვისაც უნდათ იმას მისცენ. ის ფაქტი, რომ ვენესუელელთა უმრავლესობა საბოლოო ჯამში პრეზიდენტს აძლევს ხმას, ასახავს იმ კოლოსალურ ძალისხმევას, რასაც ჩავესი არ იშურებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, სასამართლოებით და ბიუროკრატიით მანიპულირებისთვის ყოველდღიურად. „არჩევნების დღე – პრობლემა არ არის“, – უთხრა დობსონს ვენესუელის საარჩევნო კომისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა. „მთელი ზიანის მიყენება – ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, ფულის, საქონლის, მედიისა მასობრივი კომუნიკაციების გამოყენებით – ამ დღემდე ხდება“.

დობსონი აღნიშნავს, რომ ჩავესმა იმდენად ოსტატურად დანერგა ვენესუელის პოლიტიკურ კულტურაში ეს შავი მაგია, რომ დღეს რთული წარმოსადგენია, როგორ გაუწევს მას კონკურენციას ოპოზიცია (ახალი მხარდაჭერის მიღების პირობებშიც). პრეზიდენტი იმდენად ოსტატურად აკონტროლებს ეთერს, რომ ფაქტობრივად არ დაზარალებულა პოლიტიკურად სწრაფად მზარდი ინფლაციისა და მკვლელობების რიცხვით. აბსოლუტურად შესაძლებელია, მხოლოდ ბუნება – კიბოს სახით, რომლითაც დაავადებულია დღეს ლიდერი, ბოლოს მოუღებს ჩავიზმს.

გაცილებით გონივრულია დობსონის დაკვირვებები ჩინეთში. ის ასკვნის, რომ ჩინელი კომუნისტები ყველაზე ნაკლებად კეთილგანწყობილნი არიან თანამედროვე დიქტატორების მიმართ. ისინი აქტიურად და ყურდღებით სწავლობენ და აანალიზებენ ყოფილი დიქტატორული რეჟიმების მარცხებს – ჩაუშესკოდან დაწყებული სუხარტოთი დამთავრებული. ისინი ბეჯითად მუშაობენ შესაბამის დასკვნებზე და გაკვეთილებზე და მნიშვნელოვანი წარმატებებიც აქვთ. როგორც ავტორი აღნიშნავს, იმ რეპორტიორების უმრავლესობა, რომელიც 1989 წელს ტიანანმენის მოედნის მოვლენებზე და მის შედეგებზე წერდა, შოკს მიიღებდნენ მაშინ მათთვის რომ ეთქვათ, რომ კომუნისტური პარტია არათუ დარჩებოდა ხელისუფლებაში, არამედ ჩვენს დღეებშიც შესამჩნევ წარმატებებს მიაღწევდა. „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გაცნობიერებული აქვს საკუთარი ხარვეზები და მოწყვლადი ადგილები“, მითხრა ახლახანს დობსონმა. „ამ სახელმწიფოს არ სჭირდება არავის ლექციები იმის თაობაზე, თუ რა უნდა აშფოთებდეს და აღელვებდეს ღამღამობით“ (ინფორმაციისთვის: სიის სათავეში – კორუფცია და უთანასწორობაა).

რაც შეეხება პუტინს, დობსონი აღიარებს, რომ ამ ადამიანმა გაიაზრა, როგორ უნდა შეინარჩუნოს ძალაუფლება და კონტროლი ისე, რომ არ მიმართოს საბჭოთა სტილის უკიდურესობებს. XXI საუკუნეში რუსებს თავისუფლად შეუძლიათ უცხოეთში მოგზაურობა, ინტერნეტით სარგებლობა, იმ ყველაფრის კითხვა და ყურება, რაც მათ გაეხარდებათ. საქმე ის არის, რომ პუტინს ესმის: მოქალაქეების სრული იზოლაცია გარე სამყაროსგან ის თამაშია, რომელსაც სულ უფრო ნაკლები შედეგი მოაქვს. ამის ნაცვლად, მან ჩავესის მსგავსად, თავისი ყურადღება მთლიანად მასობრივი ინფორმაციის ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებების კონტროლს მიაპყრო (ნაციონალურ ტელემაუწყებლებს) და აკურატულად მანიპულირებს კანონებით, ხრის რა ძალთა თანაფარდობას სახელმწიფოს სასარგებლოდ. და ჯერჯერობით ამ ამოცანას წარმატებით უმკლავდება ისე, რომ ადამიანების საკონცენტრაციო ბანაკებში ჩაყრა არ სჭირდება.

დობსონის თქმით, პუტინი, იმასაც აცნობიერებს, რომ ნებისმიერ ავტოკრატიას ყველაზე სერიოზული საფრთხე იმ მომენტში ექმნება, როდესაც ის კარგავს კავშირს საზოგადოებრივ განწყობასთან. როგორ უნდა მოიქცე, როდესაც პარლამენტი იმდენად მოათვინიერე, რომ ვერ იგებ მისგან სასარგებლო და სარწმუნო ინფორმაციას მოქალაქეების საჭიროებებსა და შიშებზე? პუტინის შემთხვევაში გამოსავალი მოიძებნა ახალი ორგანოს „საზოგადოებრივი პალატის“ შექმნით, რომელიც ერთგვარი ფართომასშტაბიანი საკონსულტაციო კომისიაა და მოიცავს ნამდვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ეს პალატა გასცემს „რეკომენდაციებს, რჩევებს, ასევე ხშირად გამოთქვამს კრიტიკულ მოსაზრებებს, რისი გაკეთებაც უუნარო დუმას არ შეუძლია“. მაგრამ მას არანაირი ძალაუფლება არ აქვს.

რა თქმა უნდა, სწორედ აქ ექმნებათ პრობლემები თანამედროვე დიქტატორებს. ავტორიტარული რეჟიმები იძულებულნი არიან იმოქმედონ ისე, თითქოს მართლაც ყურს უგდებენ ამომრჩევლებს. ეს ცხადყოფს იმას, თუ რამდენად განუყოფელი გახდა ჩვენი ცხოვრებისა და სისტემისთვის დემოკრატიული ნორმები. შემთხვევითი არ არის ის, რომ სამოქალაქო პროტესტის ახალი რუსული ტრადიცია არჩევნების გაყალბების შედეგად წარმოიქმნა. დღეს რუსები იმედოვნებენ, რომ მათ ხმებს გაითვალისწინებენ და მათ შეხედულებებს მნიშვნელობას მიანიჭებენ. ამიტომ დღეს არჩევნების მარტივი პროფანაცია უკვე საკმარისი არ არის.

ხოლო მაილიაზიელებში, იმავდროულად ნამდვილი არჩევნები, რელური კენჭისყრით უკვე მრავალი წლის განმავლობაში ტარდება. მაგრამ დღეს ახალ ტენდენციას სულ უფრო ბევრი რამ ამტკიცებს: ადამიანებს სურთ, რომ მათ ხმებს მეტი წონა ჰქონდეს, ვიდრე უბრალო შტემპელს, რომელიც ავტომატურად აკანონებს გულმოწყალე, თუმცა მაინც – დესპოტურ სახელმწიფოს. და პოლიტიკური ლანდშაფტიც შესაბამისად იცვლება.

ასე რომ ყველაზე გონებაგახსნილი დიქტატორებისთვისაც რთული დღეები დგება. დობსონი, ცივად აფასებს რა დღევანდელი არადემოკრატიული რეჟიმების შედარებით მოხერხებულობას, დარწმუნებულია, რომ დემოკრატიული ძალები აღმასვლას განიცდის. „არაბული გაზაფხული – ეს მხოლოდ მცირე გაელვებაა“, ამბობს იგი. „მდინარებამ მიმართულება შეიცვალა და ახლა თავისუფალი და პლიურალისტული საზოგადოებებისკენ მიმემართება“. ინფორმაციის ელვისებური გავრცელების გამო სახლემწიფოებს სულ უფრო უჭირთ ძალაუფლების საკუთარ ხელში კონცენტრირება, რაც კლავს თავად ავტორიტარიზმის არსს. ხელისუფლების არამართლზომიერმა ქმედებებმა ჩინეთის ერთ რაიონში შეიძლება უმალ გამოიწვიოს არეულობა სხვა რეგიონებში, რომლებიც არეულობის ეპიცენტრიდან ათასობით კილომეტრითაა დაშორებული. „მინის დინასტია მსგავს პრობლემებს ვერც კი წარმოდგენდა“, – აღნიშნავს დობსონი, „ამიტომ იძულებულნი ვართ ვაღიაროთ, რომ იმ ამოცანების მიღწევა, რომელიც მოქმედ რეჟიმების აღელვებთ, გაცილებით გართულდა“.

ვფიქრობ, დობსონი აბსოლუტურად მართალია. მაგრამ ეს არ აძლევს დემოკრატებს გამარჯვებულების პოზაში ყოფნის არც საფუძველს და არც უფლებას. ჯერჯერობით მსოფლიოში უამრავი დიქტატორია და ისინი ყველაფერს სწრაფად ითვისებენ.
foreignpress.ge