საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება და ქართველი მილიარდერი ოპოზიციონერი მაგნატის პოპულარობა იზრდება.
ქართველმა ოპოზიციონერმა მილიარდერმა 27 მაისს მისი კოალიციის “ქართული ოცნების” მხარდასაჭერ დემონსტრაციაზე ათობით ათასი ადამიანი მიიზიდა, რაც იმის ვარაუდს აჩენს, რომ მას ოქტომბრის საპრალამენტო არჩევნებზე წარმატების მიღწევის სერიოზული შანსები აქვს.
ამ არჩევნებს განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რადგან ის თვეებით უსწრებს წინ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადის ამოწურვას 2013 წლის იანვარში. შესაბამისად ამ არჩევნებმა შეიძლება გავლენა იქონიოს იმაზე, თუ ვინ შეცვლის მას.
მილიარდერი ივანიშვილი პოლიტიკაში 2011 წლის შემოდგომაზე მოვიდა და ქართულ ოპოზიციაში ახალი დინამიზმი შეიტანა.
სულ რაღაც 7 თვის წინ მისი ფოტოსურათის შოვნაც კი შეუძლებელი იყო.
ქართველები ერთმანეთს უყვებიან ამბებს მისი ქველმოქმედების შესახებ მის მშობლიურ სოფელში, ჭორვილაში, რომელიც ქვეყნის დასავლეთით მდებარეობს.
დაახლოებით 80,000-დან 100,000 ადამიანამდე დაესწრო დემონსტრაციას თბილისის თავისუფლების მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე.
“მე აქ იმიტoმ ვარ, რომ სააკაშვილი ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს. ღმერთმა ბატონი ბიძინას სახით მხსნელი გამოგვიგზავნა. ეს არჩევნები გადამწყვეტი იქნება”, განაცხადა 56 წლის უმუშევარმა დავით შალამბერიძემ.
განსხვავებით ბევრი სხვა ოპოზიციური შეკრებებისგან საქართველოში, რომელიც საათების განმავლობაში გრძელდებოდა და სააკაშვილის გადადგომას ითხოვდა, ეს მხოლოდ ერთ საათს გაგრძელდა და შედარებით ზომიერი პოლიტიკური რიტორიკით წარიმართა.
“ეს საარჩევნო კამპანიის დასაწყისი იყო და არა საპროტესტო აქცია. ასეთი რამ საქართველოში აქამდე არასდროს მომხდარა,” განაცხადა თინათინ ხიდაშელმა, ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიიდან, რომელიც “ქართული ოცნების” ბლოკში შედის. “თბილისელები უპრეცედენტოდ აქტიურები იყვნენ. ამდენი ადამიანი ერთად არასდროს მინახავს”.
ივანიშვილი იყო ერთადერთი წამყვანი პოლიტიკოსი, რომელიც დემონსტრაციაზე სიტყვით გამოვიდა. ის იქ თავის მეუღლესთან და ვაჟთან, რეპერ ბერასთან ერთად მივიდა. ბერამ რამდენიმე საპროტესტო მუსიკალური ნომერი შეასრულა.
ივანიშვილმა მხარდამჭერებს განუცხადა, რომ მთავრობა ვერ შეაჩერებს მათ სვლას გამარჯვებისკენ.
“საპარლამენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,” განაცხადა მან.
ივანიშვილი, რომლის ქონებაც ჟურნალ “ფორბსის” 2012 წლის მარტის შეფასებით 6.4 მილიარდი დოლარია, ხელისუფლებას 2011 წლის ოქტომბერში დაუპირისპირდა, როდესაც განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის ადმინისტრაციის დამარცხებას გეგმავს. თითქმის მაშინვე, ივანიშვილს ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა იმის საფუძველზე, რომ ის საფრანგეთის მოქალაქეც არის. ეს ფაქტი ზოგიერთმა ისე აღიქვა, როგორც მისი პოლიტიკიდან ჩამოშორების მცდელობა.
მაგრამ 2012 წლის მაისის საკონსტიტუციო ცვლილებებმა, გარკვეული ტიპის არამოქალაქეებს კარი გაუღო პოლიტიკაში მონაწილეობისთვის და ეს ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.
“ქართული ოცნება” ქუთაისში, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში, ასეთივე დემონსტრაციის ჩატარებას გეგმავს.
მიუხედავად თბილისის დემონსტრაციის მრავალრიცხოვნებისა, მმართველი პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამბობენ, რომ ვერ აღიქვამენ ამ შეკრებას შეშფოთების მიზეზად.
“საქართველო დემოკრატიული ქვყანაა, სადაც მიტინგები და საპროტესტო აქციები პოლიტიკური ცხოვრების ნაწილს შეადგენს. “ქართული ოცნების” მიერ ჩატარებული აქცია, გამონაკლისი არ არის,” განაცხდა პეტრე ცისკარიშვილმა, მთავრობის მოკავშირეთა ლიდერმა პარლამენტში.
მაგრამ პოლიტოლოგები ამბობენ, რომ დემონსტრაციის მასშტაბი ივანიშვილის პოპულარობის ზრდაზე მიუთითებს და მთავრობის ცვლას შესაძლებელს ხდის.
“27 მაისის შემდეგ ივანიშვილი უკვე სხვა პიროვნებაა. მისი, როგორც ოპოზიციური ფიგურის ლეგიტიმაციის ხარისხი ქვეყანაში გაიზარდა,” ამბობს ია ანთაძე, ჟურნალისტი და პოლიტიკური კომენტატორი.
რამაზ საყვარელიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და პოლიტოლოგი ამბობს, რომ გამოსვლის მასშტაბებმა სააკაშვილისთვის გაფრთხილების ფუნქცია უნდა შეასრულოს.
“მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რამდენი ადამიანი გამოვა გარეთ, თუ ისინი არჩევნების შედეგებით უკმაყოფილონი იქნებიან და რამდენად უჭერს ქართული საზოგადოება, განსაკუთრებით კი თბილისში, მხარს ივანიშვლს,” განაცხადა მან.
ვასილ ჭყოიძე, ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის დირექტორი, დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს გამოსვლას და ამბობს, რომ ის ბლოკის პოპულარობაზე მცდარ წარმოდგენას ქმნის.
“ვერ იტყვით, რომ ყველა, ვინც გამოვიდა “ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს. იქ ბევრი იყო ისეთი, რომელიც უბრალოდ ინტერესის გამო იყო იქ. როგორც პოლიტიკურ გუნდს, მას არ აქვს განსაკუთრებული პოლიტიკური წონა ან იდეები,” განაცხადა ჭყოიძემ. “განსხვავებით სხვა ოპოზიციური პარტიებისგან, მათ ბევრი ფული აქვთ და მათი მიმზიდველობაც ფულიდან გამომდინარეობს”.
“გარდა ამისა, დემონსტრაციამ ფოკუსის დეფიციტი გამოამჟღავნა,” დასძინა მან.
“დემონსტრაციაზე არ გაისმა კონკრეტული პოლიტიკური მესიჯი, იქ სულ რამდენიმე პოლიტიკოსი იყო. დემონსტრაციას ძირითადად ძველი თაობის მწერლები და პოეტები ესწრებოდნენ და კიდევ მსხაიობები. რაც იმის მაჩვენებელია, რომ მოძრაობა არ არის მთლიანად პოლიტიკური; ეს ძალა ეყრდნობა ერთი ადამიანის სიმდიდრეს და ეს ადამიანი მოქმედებს როგორც კოორდინატორი.”
გია ნოდია, განათლების ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ დემონსტრაციის მშვიდობიანი ხასიათი ქართული საჯარო პოლიტიკის სიმწიფის ნიშანია. წინათ, ამბობს ის, ასეთი მოვლენა ძალაუფლების ხელში ჩაგდების კამპანიის ნაწილი იქნებოდა და მთავრობის მყისიერი გადადგომის მოთხოვნებსაც წამოაყენებდნენ.
“ახლა კი ოპოზიციის მხარდამჭერებს ეუბნებიან, რომ მათ შეუძლიათ შეცვალონ მთავრობა არჩევნებით,” განაცხადა მან. “ივანიშვილმა მოახერხა ოპოზიციურად გამწყობილი ელემენტების გაერთიანება და ის ფაქტი, რომ ეს ხალხი არ ითხოვდა მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას, არამედ უბრალოდ საარჩევნო კამპანია დაიწყეს, ძალიან პოზიტიურია”, განაცხადა მან.
foreignpress.ge