ფოტოგრაფების საქმე - პრეცედენტი, რომელიც შედგა

ფოტოგრაფების საქმე - პრეცედენტი, რომელიც შედგა

ერთი ძველი რომანი მაქვს წაკითხული ინგლისის საიდუმლო სამსახურებზე, ჟურნალ „ვოკრუგ სვეტაში“ იბეჭდებოდა. წესიერად არც ავტორი მახსოვს და არც სათაური, მაგრამ ის გამანადგურებელი სატირა, ძალოვან უწყებათა საქმიანობის მასხრად აგდება, გაჯერებული ხარისხიანი ინგლისური იუმორით, დღემდე ჩამრჩა მეხსიერებაში.

ფოტოგრაფების საქმემ, რომელმაც ორი კვირის მანძილზე შეძრა ქართული მასმედია, სწორედ ეს ნაწარმოები გამახსენა, უფრო ზუსტად, იმდენად საქმემ არა, რამდენადაც ჩვენი სახელისუფლო სტრუქტურების ქმედებებმა. თუმცა ეს საქმე მარტო ამით არ იყო საინტერესო და საგულისხმო.

ნაწილი პირველი: ჯაშუშური ვნებანი

ჯერ იყო და ოფიციალურად ითქვა, რომ დაკავებულია ხუთი ჯაშუში, მერე აღმოჩნდა, რომ ამ ხუთიდან ერთი თურმე მოწმე ყოფილა (საინტერესოა როდის აქეთ მიჰყავდათ მოწმე საკუთარი ოჯახიდან ღამის სამ საათზე დასაკითხად, თან მობილური ტელეფონის ექსპროპრიაციით?), მეორე დღეს კიდევ ერთი დაკავებული, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის ირაკლი გედენიძის მეუღლე გაათავისუფლეს ათიათასიანი გირაოთი, რასაც მომენტალურად მოჰყვა თავად ირაკლი გედენიძის აღიარებითი ჩვენება.

იმავდროულად, ტელევიზიით გვიჩვენებს მამხილებელი მასალა, სადაც ერთ–ერთი ფოტოგრაფი კოლეგებს ეუბნებოდა ბანკის ანგარიში გახსენით ჰონორარის ჩასარიცხადო. ასევე გვიჩვენეს რაღაც ნახაზები, რომლებიც, როგორც გვითხრეს, იყო პრეზიდენტის რეზიდენციის ერთი ნაწილის გეგმა (!) და ასევე პრეზიდენტის გადაადგილების მარშრუტი. პრინციპში ეს იყო და ეს.

ბუნებრივია, ასეთი ქვისგამხეთქავი მტკიცებულებების წარმოდგენამ ეჭვი იმის თაობაზე, რომ აქ რაღაც სხვა ამბავია და არანაირი ჯაშუშები ეს ფოტოგრაფები არ არიან, კიდევ უფრო განამტკიცა. ეს ეჭვი კი ოპერაცია „ენვერის“, კოჭოიას თავმოუბმელი ტერაქტებისა და „ზილის პუტჩის“ შემდეგ იმთავითვე არსებობდა. ზოგიერთებმა ესეც არ იკმარეს და განმუხურის და ხურჩის სპექტაკლები გაიხსენეს, და კიდევ პირველი ჯაშუშის, სიმონ კილაძის საქმე, დღემდე თავად რომ ვერ გაარკვია, რომელი ქვეყნის აგენტი იყო. სხვათა შორის მასაც პრეზიდენტის გადაადგილების გრაფიკის გამჟღავნება ედებოდა ბრალად...

საპროტესტო აქციების ტალღა, რომელიც რეპორტიორების დაპატიმრებას მოჰყვა, არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული მრავალრიცხოვნებით – მათში ძირითადად ჟურნალისტები და უფლებადამცველები მონაწილეობდნენ (წინა პლანზე სწორედ ისინი იდგნენ და არა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ასევე მხარს უჭერდნენ პროტესტს), მაგრამ ხელისუფლების რეაქცია ამ პროტესტზე ისეთი დაბნეულობით და არათანმიმდევრულობით გამოირჩეოდა, რომლის მსგავსიც, პირადად მე არ მაგონდება.

რაში გამოიხატებოდა ეს დაბნეულობა? თუნდაც იმაში, რომ ერთ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე აცხადებდა,რომ დაკავებული ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე არ იყო სამინისტროს თანამშრომელი, მეორე დღეს თქვა, იყოო. მესამე დღეს კი შტატიანი თანამშრომელი არ იყო, მაგრამ ხელშეკრულებით მუშაობდა და ყველა საიდუმლო დოკუმენტზე ხელი მიუწვდებოდა, იმიტომ, რომ ჩვენთან საერთოდ ყველა თანამშრომელს მიუწვდება ხელი საიდუმლო დოკუმენტებზეო. ამ განცხადების მერე თავად მინისტრი ვაშაძე ჩაერთო საქმეში და სასწრაფოდ უარყო მისი მოადგილის ქარაფშუტული განცხადება – როგორ გეკადრებათ, ჩვენთან ყველაფერი უმაღლეს დონეზეა გასაიდუმლოებული და ფოტოგრაფს არ მიუწვდებოდა ხელი სახელმწიფო საიდუმლოებაზეო.

საგარეო უწყებას საშინაოც (ანუ შინაგანი) არ ჩამორჩებოდა. ჯერ ერთი, მთელი საქმე თავიდანვე გაასაიდუმლოეს და ადვოკატებს ხელი მოაწერინეს, რომ არ გაეთქვათ საქმის დეტალები. მერე შსს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, საქმე არ არის და არც ყოფილა გასაიდუმლოებულიო, თუმცა, როცა იგივე ჟურნალისტებმა კონკრეტული მოთხოვნით მიმართეს სამინისტროს, პასუხი არ მიუღიათ. ადვოკატები კი კვლავ ჩიოდნენ, საქმეს გრიფი „საიდუმლოდ“ ადევს და უფლება არა გვაქვს დეტალებზე ვილაპარაკოთო.

შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა, რომელიც ამ ბოლო დროს რატომღაც ხშირად ითავსებს პრესმდივნის ფუნქციებს, ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ დაკავებულებში ყველაზე სტაჟიანი აგენტი ზურაბ ქურციკიძეა, რომელიც ჯერ კიდევ 2004 წლიდან თანამშრომლობს გერეუსთან და რომელმაც ჩააბა დანარჩენები. თუმცა, საბოლოოდ ყველაზე ნაკლები სასჯელი სწორედ მან მიიღო, შეიძლება იმიტომ, რომ აბდალაძემ თავის აღიარებით ჩვენებაში ჯაშუშობის უფრო ხანგრძლივი სტაჟი დაასახელა.

ასეა თუ ისე, ხელისუფლების წარმომადგენელთა გამოსვლები ამ თემაზე ძალიან დამაბნეველი იყო უპირველეს ყოვლისა თვით ხელისუფლების მომხრეებისთვის, რომლებმაც ლამის დაიჯერეს თავიანთივე შეთხზული მითი, რომ ვანო ძალიან მაგარია. მართლაცდა, თუ ვანო ასე მაგარი იყო, რატომ ვერ ახერხებდა შსს ოდნავ დამაჯერებელი მტკიცებულებების წარმოდგენას? ფარული კამერით გადაღებული ჩანაწერიც კი (ვანოს საფირმო კერძი) არ უჩვენებიათ, მხოლოდ გვითხრეს, რომ ქურციკიძეს 2004 წელში ვიღაც გერეუს აგენტთან ჰქონდა მობილურით დარეკილი და მერე იმ აგენტის ნომერიც სხვისი აღმოჩნდა.

მოკლედ, გარეშე დამკვირვებლისთვის ეს ყველაფერი ერთობ გროტესკულად გამოიყურებოდა. ხელისუფლებაში კი იხტიბარს არ იტეხდნენ და თან გაოცებით კითხულობდნენ, მასმედია რა შუაშია, როცა ეს ფოტოგრაფები სახელმწიფო მოხელეები არიანო და თან იქადნებოდნენ, მალე ისეთი მამხილებელი დოკუმენტები დაიდება, ყველას შეგრცხვებათ ეს რას ვაპროტესტებდითო, მაგრამ რაც უფრო მეტი „მტკიცებულება“ გამოჰქონდათ მზის სინათლეზე, მით უფრო აშკარა ხდებოდა, რომ არანაირი მტკიცებულება, გარდა დაკავებულთა აღიარებითი ჩვენებებისა, არ არსებობს. ხოლო ცარიელი აღიარებითი ჩვენება რომ დაკავებულზე ზეწოლის უტყუარი მაჩვენებელია, ეს ოდითგანვე ცნობილია.

ნაწილი მეორე: შედეგი და მიზეზი

მაგრამ ყველაზე გროტესკული მაინც ამ საქმის ფინალი იყო. ერთ მშვენიერ დილით პროკურატურამ საქმის საიდუმლო მასალების ერთი ნაწილი გამოაქვეყნა, რომელთაც არცერთს არ ედო გრიფი „საიდუმლო“ და, რომელიც გაეროს ოფისში მომუშავე ქართველი პერსონალის და დამლაგებლების სიას წარმოადგენდა, თუმცა, სანამ ამაზე გავიცინებდით, გერეუს „დავერბოვკებული“ სტაჟიანი ფოტოაგენტები უკვე სახლში გაუშვეს რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ზუსტად ასე მოხდა.

ხელისუფალთა ყინჩი განცხადებების მიუხედავად, რომ სერიოზულ ჯაშუშებთან გვაქვს საქმე, ასევე მიუხედავად მათი დაპირებისა, რომ სექტემბერში ღიად და საჯაროდ ჩატარდებოდა ფოტოგრაფების სასამართლო პროცესი, საიდუმლო მასალების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ყველა დაკავებულს უცებ გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება, შეუცვალეს მძიმე მუხლები უფრო მსუბუქით და პირობითი სასჯელით (3-4 წელი) სულ კინწისკვრით გააგდეს გარეთ. თან ფულიც კი არ გამოურთმევიათ, რაც საერთოდ უნიკალური შემთხვევაა სააკაშვილის ხელისუფლების პრაქტიკაში. ის კი არა, ნათია გედენიძეს ათიათასიანი გირაოც უკან დაუბრუნეს.

ასეთი არნახული შემწყნარებლობა რომ გაემართლებინათ, შსს-მ უტიაშვილის პირით კიდევ ერთი სისულელე გამოაგდო: ეს ხალხი იმიტომ გავუშვით, რომ რაც იცოდნენ ყველაფერი გვითხრეს, მთელი აგენტურული ქსელი გაგვიშიფრეს და აწი რაღაში გვჭირდებოდნენო.

არ ვიცი, ამ კაცს სადმე თუ არ წაუკითხავს, ჰოლივუდის ფილმებში მაინც არა აქვს ნანახი, რომ აგენტი თუ თანამზრახველებს დაასახელებს, მას სახლში ასე არხეინად არავინ უშვებს? პირიქით მალავენ, გვარს და სახელს უცვლიან, რომ როგორმე არ მიაგნონ და არ მოკლან. ამათმა კიდევ, იმის ნაცვლად ეს რეპორტიორები სადმე თუშეთში მწყემსებად გაეფორმებინათ, პირდაპირ გერეუს ხახაში მოისროლეს, თან ტელევიზიით გამოაცხადეს, ყველა ჩაგიშვათო.

არა, რაც გინდათ მითხარით, მაგრამ ასეთი იდიოტები ჩვენი სამართალდამცავები მე ნაღდად არ მგონია. უფრო მგონია, რომ რახან არ იყვნენ აგენტები და არც არავინ დაუსახელებიათ, იმიტომაც გაუშვეს ასე მშვიდად. მგონია კი არა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.

ისმის კითხვა: რატომ? რამ აიძულა ხელისუფლება მიეღო ისეთი უპრეცედენტო გადაწყვეტილება, როგორიც იყო ჯაშუშობაში ბრალდებული პირების გათავისუფლება უფასო საპროცესო გარიგებით? რატომ იქცეოდა ლამის პირველი დღიდანვე ასე სულელურად მთელი სახელისუფლო ელიტა? რატომ ლაპარაკობდა ერთი ალთას და მეორე ბალთას? სად გაქრა მათი თავდაჯერებულობა და ცინიზმი?

მარტოოდენ საპროტესტო აქციების გამო ეს ვერ მოხდებოდა. უფრო პირიქით: სახელისუფლო ტრიბუნიდან ყოველთვის ისმოდა, რომ მათთან ულტიმატუმების ენით ლაპარაკი არ გავა. სააკაშვილი არასდროს არ მიდიოდა კომპრომისზე, როდესაც მას აქციებს უწყობდნენ. ერთადერთი პრინციპი, რომელსაც ეს ხელისუფლება ნებისმიერ პროტესტთან მიმართებაში მისდევდა, იყო „არცერთი ნაბიჯი უკან“.

ხელისუფლება ყოველთვის მუშაობდა საპროტესტო ტალღის გადაგორებაზე და არა ამ პროტესტის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაზე. საკუთარ შეცდომებს ის მხოლოდ ე. წ. პიარის და პროპაგანდის სიბრტყეში ხედავდა და არა საკუთარი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების შინაარსში.

ამ მხრივ 2008 წლის იანვარი ერთადერთი გამონაკლისი გახლდათ, როდესაც პროტესტის გრანდიოზული მასშტაბებით დამფრთხალი პრეზიდენტი რეალურად გამოთქვამდა მზადყოფნას ძალაუფლების გაყოფისთვის, მაგრამ ინაუგურაციის შემდეგ მომენტალურად გადაიფიქრა. მას შემდეგ ასეთი მომენტი აღარც დამდგარა.

ასე, რომ სააკაშვილის მმართველობის სტილიდან გამომდინარე, ფოტორეპორტიორებს სხვა შემთხვევაში, თუნდაც, მხოლოდ პერმანენტული აქციების გამო ჩასვამდნენ ციხეში, რათა არასახელისუფლო მედიას და უფლებადამცველებს კარგად ეგრძნოთ საკუთარი უმწეობა ხელისუფლების წინაშე. ახლა კი რა გამოვიდა? შეიძლება ასე შერჩეთ ჟურნალისტებს და არასამთავრობოებს შეშუშულ შსს-თან სტვენა და გადახაზულ ფოტოაპარატებიანი მაისურებით მარიაჟობა?

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ხელისუფლებას შეიძლებოდა ასეთი ნაბიჯი გადაედგა, არის მხოლოდ დასავლეთის, კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატების პირდაპირი ზეწოლა. სხვა ვარიანტი თეორიულადაც კი არ არსებობს. აბა, ფოტოგრაფების გამო პუტინი ტანკით ნაღდად არ შემოვიდოდა საქართველოში, ევროპელები კი, როგორც წესი, ჩვენი ხელისუფლების საშინაო საქმეებში ნაკლებად ერევიან ხოლმე. ისე, რა მკითხაობა ამას უნდა? ამერიკის საელჩოს სერიოზული მონაწილეობა რეპორტიორების საქმეში, დღეს უკვე დანამდვილებითაა ცნობილი.

და სწორედ აქ მივადგებით ყველაზე საინტერესო საკითხს: რა როლს თამაშობს საერთოდ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთან მიმდინარე პროცესებში და რამდენად პოზიტიურია მისი როლი?

ნაწილი მესამე: შიგნით და გარეთ

სანამ ამ კითხვაზე პასუხს გავცემდეთ, იმთავითვე უნდა ვუკუაგდოთ რადიკალური შეხედულებები. თქმა იმისა, რომ ამერიკელებს სრული კარტ-ბლანში აქვთ მიცემული მიხეილ სააკაშვილისთვის, ისეთივე სისულელე იქნებოდა, როგორც იმის მტკიცება, რომ ამერიკა საქართველოში დემოკრატიას უჭერს მხარს და მათთვის მიუღებელია ავტორიტარიზმის ყოველგვარი გამოვლინება.

ამისთვის დიდი კვლევა-ძიებაც არაა საჭირო. ამერიკელებს რომ სერიოზულად ანაღვლებდეთ დემოკრატიის იდეალები, სააკაშვილის ხელისუფლებაზე დიდი ხანია ჯვარი ექნებოდათ დასმული. არადა აშკარაა, რომ ისინი ოდნავადაც არ შეწუხებულან „სახალხო კრებისა“ და „ქართული პარტიის“ აქტივისტების მასობრივი დაპატიმრებებით, ისევე როგორც არ დაინტერესებულან იმით, არის თუ არა ვთქვათ ვახტანგ მაისაია მართლა ჯაშუში, ან გალელი კოჭოია - ტერორისტი. ჯონ ბასის 25 მაისის განცხადებაც კარგად გვახსოვს, როდესაც აშშ ელჩი ფაქტობრივად მიტინგის დარბევის მხარდამჭერი მოწოდებით გამოვიდა.

მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამერიკა ყველაფერზე ხუჭავს თვალს და სააკაშვილის ნებისმიერ ქმედებას ამართლებს. ვთქვათ ამერიკელებმა არ „გაუპრავეს“ ხელისუფლებას რვიანის დაშლა და სატელიტ ოპოზიციურ ძალებთან საარჩევნო საკითხებზე შეთანხმება, ამერიკის ოფიციალური წრეები ასევე საკმაოდ არაორაზროვნად მიუთითებენ, რომ 2013 წლის შემდეგ მათთვის მიუღებელია პირადად მიხეილ სააკაშვილის ყოფნა ხელისუფლების სათავეში, გინდ პრეზიდენტის, გინდ პრემიერ-მინისტრის სახით და მაინც და მაინც, არც საქართველოს სინგაპურიზაციაზე ლაპარაკი ეჭაშნიკებათ დიდად. ფოტოგრაფების საქმეც იმის ნათელი მაგალითია, რომ არის თემები, რაზედაც ამერიკის ადმინისტრაცია საკმაოდ მწვავედ რეაგირებს.

მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკის დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ არის ლოიალური, ოღონდ გარკვეულ ფარგლებში. ამერიკელებს არ ანაღვლებთ რას უზამს სააკაშვილი იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ასოცირებულები არიან რუსეთის ინტერესებთან. მათ პრინციპში აკმაყოფილებთ საქართველოს ხელისუფლების მკვეთრად ანტირუსული და პროამერიკული კურსი, აკმაყოფილებთ საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა აშშ ადმინისტრაციის ნებისმიერი სურვილი შეასრულოს, მაგრამ 7 ნოემბრის და 8 აგვისტოს შემდეგ სააკაშვილი ამერიკის სრული და უპირობო მხარდაჭერით ვეღარ სარგებლობს.

და ამგვარი დამოკიდებულება არის სრულიად ბუნებრივი. ყველა ქვეყანა საგარეო პოლიტიკაში მოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და ნაკლებად ხელმძღვანელობს იდეალებით და ღირებულებებით. ზუსტად იგივე იქნებოდა ჩვენს შემთხვევაშიც, საქართველო რომ ძლიერი ქვეყანა იყოს და გავლენის ფართო სფეროები ჰქონდეს.

და აქ კიდევ ერთი კითხვა უნდა დავსვათ: როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება ამერიკელების მიმართ? ვგულისხმობ იმ საზოგადოებას, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას მეტ-ნაკლებად მაინც კრიტიკულად აფასებს, მათ შორის შეურიგებელ ოპონენტებსაც.

ჩემის აზრით, სწორედ ფოტოგრაფების საქმემ აჩვენა ძალიან კარგად, რომ ყველაზე დიდი სისულელე, რაც კი ხელისუფლების ოპონენტებმა შეიძლება გააკეთონ, ესაა ამერიკის საელჩოსთან საპროტესტო მიტინგების ჩატარება, ამერიკის ელჩის „იმპერიის გუბერანტორად“ შერაცხვა და სხვა ანტიამერიკული განცხადებები.

სისულელეა იმიტომ, რომ დღევანდელ ვითარებაში ამერიკის ადმინისტრაცია არის პრაქტიკულად ერთადერთი შემაკავებელი ბარიერი იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმი არ ჩამოყალიბდეს წმინდა სახის დიქტატურად. ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ სრული კარტ-ბლანშის პირობებში სააკაშვილი არანაირ დემოკრატიულ ანტურაჟზე არ იფიქრებდა, დამოუკიდებელი მედიის ნარჩენებსაც გაანადგურებდა, ოპოზიციასაც ციხეში ჩასვამდა და თვითონ კიდევ სიცოცხლის ბოლომდე გაიხანგრძლივებდა პრეზიდენტობის ვადას? პირადად მე ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი, რომ ნამდვილად ასე იქნებოდა. ლაპარაკი იმაზე, რომ მიშა და ამერიკა ალაგ-ალაგ და შიგადაშიგ, რატომღაც დემოკრატობანას თამაშობენ, უკიდურესად არასერიოზულია. თუ ამის სურვილი აქვს, ამერიკას შიშველი ავტოკრატიის მხარდაჭერაც არ ერიდება, მაგალითად საუდის არაბეთში ან თუნდაც მეზობელ აზერბაიჯანში.

ამჯერად არ შევუდგები იმის განხილვას, თუ რატომაა არასასურველი ამერიკისთვის საქართველოს ხელისუფლების დიქტატურად გაფორმება. ეს ცალკე თემაა. დავკმაყოფილდეთ იმ მოცემულობით, რომ ეს ასეა. და თუ ეს ასეა, მაშინ ამას უნდა გამოყენება.ამას უნდა არა მორალისტური შეგონებები, არამედ რაციონალური მიდგომა. თუკი ამერიკის ადმინისტრაცია ჩათვლის, რომ ხელისუფლება არის ერთადერთი პროდასავლური და პროამერიკული პოლიტიკური ძალა საქართველოში და მისი სერიოზული ოპონენტები პრორუსული და ანტიამერიკული (რაც ჩვენი რეგიონის კონტექსტში ერთი და იგივეა) ორიენტაციისა არიან, მაშინ არც კარტ-ბლანშის მიცემას მოერიდება და მერე ნახეთ სააკაშვილის გალაღება და ჯაშუშური სერიალები...

ამიტომ, მარტოოდენ ამერიკის იმედად ყოფნა არანაკლები გულუბრყვილობა იქნებოდა. ამერიკის ფაქტორი შეიძლება ამუშავდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ხელისუფლების საპირწონე პროდასავლური ძალა და, როდესაც ეს ძალა აქტიურად უპირისპირდება ხელისუფლებას დემოკრატიის პრინციპების პოზიციიდან.

სწორედ ეს ცხადყო ფოტოგრაფების საქმემ. მიუხედავად იმისა, რომ რეპორტიორთა მხარდამჭერი აქციები არ გამოირჩეოდა მრავალრიცხოვნებით, ისინი ტარდებოდა დამოუკიდებელი მედიისა და უფლებადაცვითი ორგანიზაციების ეგიდით, რაც ცალსახად ასოცირდება ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებთან. ამ აქციებში მონაწილეობდნენ ის ჯგუფები, რომელთა აზრსაც ამერიკელები ასე თუ ისე ყურადღებას აქცევენ.

ამიტომაც გამოიღო საელჩომ ხელი და აიძულა საქართველოს ხელისუფლება ფოტოგრაფები გამოეშვა, თორემ მანამდე რომ მრევლის მრავალათასიანი აქცია ჩატარდა რელიგიური ორგანიზაციებისთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე (და ასეთი სტატუსის მინიჭებაც ასევე ცალსახად ასოცირდება ლიბერალურ-დემოკრატიასთან), ამერიკის საელჩო მაშინვე ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებით გამოვიდა.

ფოტოგრაფების საქმემ აჩვენა, რომ როდესაც საქართველოს ხელისუფლებაზე ერთდროულად ახდენს ზემოქმედებას შიდა და გარე ფაქტორები, ეს ხელისუფლება იბნევა და საბოლოო ჯამში, უკან იხევს. ქართული საზოგადოების პროტესტი ხელისუფლებას აღიზიანებს და ის ხდება საზოგადოებისთვის საშიში, განსაკუთრებით თუკი ამერიკის მხარდაჭერა დაიგულა, მაგრამ როდესაც საზოგადოების პროტესტი თანხვედრილია ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებთან, ხელისუფლების ქმედებები სასაცილო ხდება - დათმობა ცოცხალი თავით არ უნდა, არადა უწევს...

და რაც სასაცილო ხდება, ის უკვე საშიში აღარ არის. ამ მხრივ ფოტოგრაფების საქმე ძალიან სერიოზული პრეცედენტია. პრეცედენტი, რომელიც შედგა და რომელსაც ჭირდება შემდგომი გაღრმავება და გამოყენება...