ძალიან წვალობს ჩვენი ხელისუფლება, ძალიან...
რას არ ჩალიჩობს, რომ როგორმე ეს ჩამორჩენილი, საბჭოთა კავშირში ჩარჩენილი ხალხი კარჩაკეტილი ცხოვრებიდან მზეზე გამოიყვანოს, მაგრამ ამაოდ. არ უნდათ ამ გრუზინ-გურჯებს ცივილიზაცია და მოდერნიზაცია, თვალი მაინც რუსეთისკენ გაურბით. არადა მტერია ეს რუსეთი, თან ორმოც კილომეტრშია უკვე.
მართალია, ჩვენ ვებრძვით რუსეთს ინგლისურით - რესტორნებში რუსულად მღერა ავკრძალეთ, ფილმებს სუბტიტრებით ვუშვებთ, ვითხოვთ, რომ გრუზიას ნაცვლად ჯორჯია დაგვიძახონ, ათი ათასი ინგლისურენოვანი განმანათლებელიც ჩამოგვყავს, მაგრამ ეს აშკარად არაა საკმარისი. სანამ ეს შეუგნებელი ხალხი მიხვდება, რომ ტრანსპორტის გაძვირება იმიტომაა კარგი, რომ მთელ ევროპაში ძვირია და ის დრო წავიდა, საბჭოთა კავშირის ბიუჯეტს რომ ხრავდნენ უზრუნველად, მანამდე ბევრი წყალი ჩაივლის. შორია სინგაპურამდე.
ჩვენ კი სადა გვაქვს ამდენი დრო? გვეჩქარება. ამიტომ საჭიროა რაც შეიძლება რადიკალური რეფორმა. ხელისუფლებას არ უნდა შეეშინდეს მკვეთრი და არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება. ბოლო-ბოლო მისი რა მიდის? ფული მოაკლდებთ, ძალაუფლება თუ ჯამრთელობა? თუ ვინმე უკმაყოფილებას გამოთქვამს და აგერაა ვანო.
აქედან გამომდინარე, მაქვს იდეა. ერთი შეხედვით ძალიან რადიკალური, მაგრამ მისი განხორციელება ერთბაშად წყვეტს რამდენიმე პრობლემას: ანეიტრალებს რუსეთის აგრესიის საფრთხეს, უმტკივნეულოდ აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას, უზრუნველყოფს ინგლისურენოვან გარემოს (რაც აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის ფორსირებული შესწავლისთვის), და უაღრესად ხელსაყრელ პირობებს ჰქმნის ევროატლანტიკურ სივრცეში ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციისთვის.
ამისთანა რა არისო, იკითხავს დაინტრიგებული მკითხველი. ტექნიკური თვალსაზრისით არც არაფერი. ხომ გავიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში? გაგვაქვს პარლამენტი ქუთაისში? ჰოდა რა მოხდება მთელი ქვეყანაც რომ გავიტანოთ სადმე, უფრო კარგ ადგილას?
მართალია ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში, მაგრამ მერე რა? ხომ ვართ ყველაზე მაგარი რეფორმატორები მსოფლიო ბანკის აზრით? ჰოდა გავაკეთოთ, პირველად მსოფლიოში!
ეს არც ისე ძნელი საქმეა, როგორც გაუცნობიერებელ ადამიანს შეიძლება მოეჩვენოს. მხოლოდ ორი ქვეყნის ლიდერის პოლიტიკური ნებაა საჭირო.
მოკლედ, გეგმა ასეთია: ახალი საქართველოსთვის უნდა შეირჩეს ადგილი. მაინც და მაინც კლიმატურმა ცვლილებებმა და სხვა გეოგრაფიულმა ნიუანსებმა რომ არ შეგვიშალოს ხელი ადაპტაციაში, სასურველია ეს ადგილი იყოს იმავე განედზე. ამისთვის კი პრაქტიკულად იდეალური ადგილია ჩრდილოეთ კალიფორნია. იქ მთებიცაა, ვაზიც მოდის და ჰაერიც სუფთაა. ერთი ზღვა არ არის, სამაგიეროდ ოკეანეა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კალიფორნიაში ბევრი სომეხი ცხოვრობს,. ჩვეული სამეზობლოს ნოსტალგიაც დიდად არ შეგვაწუხებს. ძალიან მალე მვეჩვევით.
ჰოდა ამერიკის პრეზიდენტს რომ მოველაპარაკოთ და საქართველოს ტოლი ფართობი გამოგვიყოს იმ დალოცვილ მიწაზე, რა მოუვათ? კალიფორნია იმხელაა, ვერც გაიგებენ რამე თუ მოაკლდათ. ბოლო-ბოლო რა გახდა სულ რაღაც 69 700 კვადრატული მეტრი 423 970-დან? თან მუქთაზე კი არ ვითხოვთ - სანაცვლოდ მთელ აქაურ ტერიტორიას გადავცემთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც მოეწყობა ერთი დიდი ამერიკული სამხედრო ბაზა .
ხომ წარმოგიდგენათ, რამხელა სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება ამ ბაზას ამერიკისთვის? ზედ რუსეთის საზღვარზე! თან ირანიც აქვეა, ყურისძირში. აბა მაშინ ნახეთ რუსების გაგიჟება, მაგრამ რას იზამენ რო? მესამე მსოფლიო ომს ხომ ვერ დაიწყებენ? ჩვენ კი ამასობაში შორს ვიქნებით, “ველქამ თუ ზი ოტელ კალიფორნია!..”
ცხადია, ასეთი გრანდიოზული პროექტი დიდ ფინანსებს მოითხოვს, მაგრამ არც იმდენს. გზები კალიფორნიაში დაგებულია, დენი და წყალი არის, მარტო ერთი-ორი ქალაქის აშენება იქნება საჭირო (ახალი თბილისი, ნიუ-ფოთი, თელავი-სიტი და რამე) მშენებლობები კი ჩვენს პრეზიდენტს ისედაც უყვარს და აქ თუ ვიღაც სიძველეების დამცველები უშლიან ხელს, იქ რომ მისცემს გასაქანს თავის არქიტექტურულ ფანტაზიას, იმისთანა უნდა. რას შეშუშავს და რას შეღებავს? სულ წითელ-ყვითელ-ალისფერის უნახავს გახდის ძირძველ კალიფორნიელებს. თანაც, ამხელა ბაზას რომ ვუთმობთ ამერიკელებს, დავიჯერო ინვესტიციების მოზიდვაში არ მოგვეხმარებიან? ასე. რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა სულ რაღაც ორ-სამ წელიწადში დასრულდება.
მოკლედ, პოლიტიკური ნება იყოს და ფინანსები პრობლემა არ იქნება. ისევე როგორც სტატუსის აღიარება. თუკი ამერიკის შეერთებული შტატები ცნობს საქართველოს ახალ გეოგრაფიულ არეალში, როგორც სახელმწიფოს, მას აჰყვება მთელი დასავლეთი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდანაც არ დაგვჭირდება არავის გამოხმობა. ერთი ევროსაბჭოში წარმომადგენლობის გაუქმება მოგვიწევს ალბათ (რაღა ჯანდაბა გვინდა იქ?) მაგრამ ჭიაბერაშვილსაც დავასაქმებთ სადმე. ბოლო-ბოლო ოკლაჰომაში გავუშვებთ რწმუნებულად...
რაც შეეხება გადასახლებას, ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი აქტი, როგორც ჭეშმარიტი ლიბერტარიანული მრწამსი მოითხოვს. გადაადგილების თავისუფლება ადამიანის წმინდათა წმინდა უფლებაა და სახელმწიფო არავის არ ატანს ძალას - ვისაც უნდა დარჩეს და მოემსახუროს ამერიკის სამხედრო ბაზას. ხოლო ვისაც არც გადასახლება უნდა და არც ბაზაში მუშაობა, იმათ ბედზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. კისერიც უტეხიათ... ასევე არავინ აიძულებს გასახლებას საპატრარქოს და სამღვდელოებას. მხოლოდ ერთი ეპარქიის გახსნა მოუწევთ კალიფორმიაში, უფრო სწორად ახალ საქართველოში.
პირველი გადასახლდება, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელოვანი პოლიცია ვანოს ხელმღვანელობით, რათა მოწესრიგებული დაახვედროს ხალხს იქაურობა. ბუნებრივია ის წაიყოლებს მთელ მსხვილ ბიზნესს და ბანკებს, აბა უპატრონოდ ხომ არ დატოვებს? მას მიჰყვება საქართველოს მთავრობა, პარლამენტი და საჯარო სამსახურები თავიანთი მერიებით და საკრებულოებით, მათვე მიჰყვება ჟურნალი “ტაბულა”, ხოლო რუსთავი-2 და ტელეიმედი უკვე ადგილზე იქნებიან, რათა პრეზიდენტის ჩასვლის დროს პირდაპირი ჩართვა გააკეთონ.
ახლა დაფიქრდით, რამხელა მოგებაა: რუსეთს ვცილდებით, ირგვლივ სულ ინგლისურენოვანი გარემოა, ტერიტორიულ მთლიანობასაც არაფერი ემუქრება და ამერიკის გარდა არავისთან არა გაქვს საზღვარი! პატარა საქმეა? ბურების ჩამოსახლებაც აღარ დაგვჭირდება. რაა ამასთან შედარებით რაღაც მთა-ბარი და ისტორიული ადგილები? ის ადგილები ხომ არსად არ მიდის? მეგობარი სახელმწიფოს გამგებლობაში იქნება და თუ ვინმეს ძალიან მოენატრება, წავიდეს და მოინახულოს. შეიძლება სპეციალური ტურებიც მოეწყოს, რაც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.
ერთადერთი დაბრკოლება ამ გრანდიოზული პროექტის განხორციელებისთვის შეიძლება იყოს მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა და კერძოდ პრეზიდენტი ობამა. ეგ ხომ სოციალისტია და ტროცკისტი! თორემ ჩვენის პრეზიდენტს რომ ჭკუაში დაუჯდება, ძნელი მისახვედრი არ არის.
ამიტომ სანამ ობამაა ამერიკის პრეზიდენტი, ჯობია თავი შევიკავოთ და მოვიცადოთ, იმედია, გაისად ამერიკელი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და რომელიმე ღირსეულ რესპუბლიკელ მიშისტს აირჩევს. ამის შემდეგ კი ყველაფერი ტექნიკის საქმეა.
P. S. მე კი ვხუმრობ ჩემი მოკლე ჭკუით, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას რომ არ ეხუმრება, ისიც ვიცი და სანამ თვითონ მოსვლიათ რამე მსგავსი იდეა თავში, სჯობს ისევ მე ვთქვა. ეს ერთგვარი გარანტია მაინცაა იმისა, რომ არ იზამენ. თუმცა, ვაითუ და ისე მოეწონოთ, ოპოზიციიდან წამოსულ საღ აზრს ვითვალიწინებთო თქვან, მერე სად მივდივარ?