ცხოვრება რომ შავ-თეთრი კინო არ არის, ვიცით, მაგრამ ადამიანების კარგებად და ცუდებად დაყოფა მაინც გვჩვევია. და არა მარტო ადამიანების...
ეტყობა ეს რაღაც ძალიან ბუნებრივი რამ არის, რაღაც არაცნობიერ-არქეტიპული სიღრმეებიდან წამოსული. ბავშვებს უყვართ ზღაპრები, სადაც კარგებსა და ცუდებს შორის მკაფიო მიჯნაა გავლებული და არც მოზრდილებშია ნაკლებად პოპულარული ისეთი ფილმები და წიგნები, სადაც კარგები ყოველთვის ამარცხებენ ცუდებს. ისიც ბუნებრივია, რომ ყველას უნდა თვითონაც კარგებს შორის იყოს და არა ცუდებში.
ყველაზე გარყვნილი და გათახსირებული ბოროტმოქმედიც კი რაღაც გამართლებას უძებნის საკუთარ ქმედებებს. სხვანაირად შეუძლებელია. არავის არ ძალუძს მუდმივად ატარებდეს საკუთარი ცუდობის ტვირთს. თუმცა, ეს ეხება წმინდა პიროვნულ მომენტს, რადგან ნებისმიერმა ასეთმა ტიპმა იცის, რომ ის ცუდების კატეგორიას მიეკუთვნება. სხვანაირად რომ ვთქვათ, ასეთმა ტიპმა იცის, რომ ის ცუდების მხარესაა, ოღონდ ცდილობს რაციონალური ახსნა მოძებნოს, თუ რატომ აღმოჩნდა ამ მხარეს - არ გაუმართლა, მშობლებმა ვერ აღზარდეს, უსამართლოდ დაჩაგრეს და გაბოროტდა და ა. შ. თორემ ისე სულაც არაა ცუდი...
პოლიტიკურ სისტემებში დემოკრატია იმიტომაცაა სხვებზე ბევრად უკეთესი, რომ აქ ხელისუფლება არც კარგია და არც ცუდი. ყველა სხვა სისტემაში ხელისუფლებას გარკვეული მორალური დატვირთვაც აქვს. ამის მაგალითად მონარქიული წყობის საკრალურობის გახსენებაც იკმარებდა, როდესაც უპირველესი სიქველე მონარქის ერთგულებაა - ვინცა მოკვდა მეფეთათვის, მათი სულნი ზეცად რბიან და ა. შ. სხვათა შორის არა მარტო ქრისტიანულ კულტურაშია ასე. მარტივ ენაზე ეს ნიშნავს რომ მეფე (ანუ ხელისუფლება) იმთავითვე არის კარგი და მის წინააღმდეგ ვინც მიდის, ის ცუდია.
მოგვიანებით, როდესაც ევროპაში ე. წ. ბურჟუაზიული რევოლუციების ტალღა დაიწყო, რევოლუციონერები პირველ რიგში სწორედაც მორალური პოზიციიდან უპირისპირდებოდნენ მონარქიას, ანუ ისინი მიიჩნევდნენ, რომ მონარქის ინსტიტუტი ცუდია და ვინც მის შენარჩუნებას ცდილობს, ის ცუდების მხარესაა.
ახლა, რატომ წამოვიწყე ამაზე ლაპარაკი? იმიტომ, რომ ეს ფსიქოლოგიური ნიუანსი არცთუ უმნიშვნელო როლს თამაშობს საქართველოს ხელისუფლების საშინაო პოლიტიკაში, მის დამოკიდებულებაში ოპოზიციისა და საერთოდ განსხვავებული აზრის მიმართ.
ვინ არიან დღეს ხელისუფლებაში? 90-იანი წლების რეფორმატორები და სამოქალაქო აქტივისტები: მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, ზურაბ ადეიშვილი. ანუ ის ხალხი, რომლებიც შევარდნაძის პერიოდში ასოცირებული იყვნენ ისეთ თემებთან, როგორიცაა მასმედიის თავისუფლება, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, სამართლიანი სასამართლო. პატიმრების უფლებები და ბევრი სხვა თემა, რაც ზოგადად ადამიანის უფლებების ცნებაში იგულისხმება. ეს იყო ხალხი, რომლებიც თვითიდენტიფიცირებას ახდენდნენ ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებთან. და საკუთარ თავს “კარგების” კატეგორიაში მოიაზრებდნენ.
მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათი ქმედებები სრულიად საპირისპირო იყო იმისა, რასაც ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებები ჰქვია. სასამართლოს, ბიზნესის და მასმედიის კონტროლი, კრიტიკის აუტანლობა, პოლიტიკურ ოპონენტთა დევნა და რეპრესიული აპარატის პრივილეგირებული მდგომარეობა... პოლიციური სახელმწიფო ნამდვილად არ გახლდათ ის იდეალი, რისკენაც თითქოს ეს ხალხი ისწრაფოდა.
სხვანაირად რომ ვთქვათ, სააკაშვილი და მისი გუნდი თავად გახდა იმის ინიციატორი და განმახორციელებელი, რაც ადრე მათივე წარმოდგენებით მხოლოდ „ცუდების“ საქმე იყო. მეორეს მხრივ ისინი იმდენად მიჩვეულები იყვნენ „კარგების“ ამპლუაში ყოფნას, იმდენად შეთვისებული ჰქონდათ მორალური უპირატესობის განცდა კორუმპირებულ ხელისუფლებისა და მისი რეტროგრადი მომხრეების მიმართ, რომ დღემდე არ ეთმობათ.
არ ეთმობათ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შორს გადაასწრეს მათ, ვისაც ოდესღაც ზემოდან და ამრეზით უყურებდნენ. იმდენად შორს, რომ ალბათ თვითონაც ვერ წარმოიდგენდნენ. შევარდნაძის ხელისუფლების დროს მართლაც წარმოუდგენელი იყო მკვლელების დასაცავად მთელი სახელისუფლო რესურსის მობილიზება მომხდარიყო, ტელევიზია სპეცრაზმს დაერბია, მიეღოთ კანონი, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელის შეგინებაზე დაგიჭერდნენ და ა.შ., ჩამონათვალი ძალიან შორს წაგვიყვანს.
და ის ხალხი, ვინც ადრე ასეთ ქმედებებზე გულწრფელად აღშფოთდებოდა და პირველი გავარდებოდა ქუჩაში პროტესტის გამოსახატად, ახლა თვითონ აკეთებს ამას და რაც მთავარია გაშმაგებით ცდილობს იმის დასაბუთებას, რომ ეს კარგია. ეს განსაკუთრებით ეხება ხელისუფლების ე. წ. ლიბერალ მხარდამჭერებს, ახალ ინტელექტუალურ ნომენკლატურას, მათ, ვინც ამტკიცებს, რომ ეს ხელისუფლება ყველა შესაძლო ვარიანტიდან საუკეთესოა.
მთელი ამ სიტუაციის პარადოქსულობა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ყოფილი უფლებადამცველები თავად გახდნენ უფლებადამრღვევები და მათი ადვოკატები, არამედ იმაში, რომ ეს ხალხი რახან უკანონობისა და უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოდა, სწორედ იმიტომ აჭარბებს წინამორბედებს უკანონობასა და უსამართლობაში.
ცნობილია, რომ ე. წ. „გაფუჭებული ქურდი“ ბევრად უფრო სასტიკი და დაუნდობელია ყოფილი ამფსონების მიმართ, ვიდრე ნებისმიერი პოლიციელი. აქაც დაახლოებით იგივე ამბავია. პლუს ეს არის ძალიან საშიში ხალხი, რადგან პატიოსნების და პრინციპულობის ყოველი გამოვლინება ოპონენტის მხრიდან მათთვის არის სერიოზული სულიერი დისკომფორტი. მათ არ შეუძლიათ ირონიულად შეხედონ იდეალისტებს, როგორც ბრეჟნევის დროის ნომენკლატურა უყურებდა დისიდენტებს - „ზასტოის“ ხანის ნომენკლატურას არ ჰქონდა არავითარი ილუზია იმაზე, რომ ისინი კარგების კატეგორიაში არიან, ისინი საბჭოთა სახელმწიფოს მხოლოდ გარდუვალ ბოროტებად მიიჩნევდნენ, რომლის წინააღმდეგ ბრძოლას აზრი არა აქვს.
მათი მორალი მთლიანად პირადი ურთიერთობების სიბრტყეში იყო გადანაცვლებული (ოჯახი, მეგობრები) და არ მოიცავდა სამოქალაქო სფეროს. ისინი დისიდენტების მორალურ უპირატესობას შინაგანად აღიარებდნენ, ამ ხელისუფლები დამცველი კი არაფრის დიდებით არ აღიარებს ოპონენტის თუნდაც, სამართლიან პოზიციას. ეს მათთვის მორალური თვითმკვლელობის ტოლფასია. მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოპონენტის გასვრა. მათთვის არის სრულიად აუტანელი, რომ მათი მოწინააღმდეგე შეიძლება იყოს წესიერი, პატიოსანი და პრინციპული ადამიანი. მათ უნდათ ისევ კარგები იყვნენ, მაგრამ რამდენადაც უკვე ცუდები არიან, ამის ერთადერთი მორალური გამართლება შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რომ ვინც მათი წინააღმდეგია, ის უფრო ცუდია.
პირველი თაობის ბოლშევიკები ასევე მიჩვეულები იყვნენ, რომ ისინი თავისუფლებისთვის მებრძოლები, ანუ კარგები არიან და ვერაფრით შეეგუენ ცუდობას. ამის გამო ისინი უფრო ცუდები გახდნენ, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდნენ, თავიდანვე რომ ცუდებთან ყოფილიყვნენ იდენტიფიცირებულნი. როგორც ვთქვათ, ბრეჟნევის ნომენკლატურა, რომელსაც ასეთი მორალური განცდები არ (აღარ) ტანჯავდა.
ამ თვალსაზრისით 90-იანი წლების ის სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდნენ და მათი ლიბერალი მხარდამჭერები ძალიან გვანან პირველი თაობის ბოლშევიკებს.
ისინი ყველაზე დაუნდობლები და შეურიგებლები არიან და იქნებიან სწორედ მათ მიმართ, ვინც „არ გაცუდდა“, ხელისუფლების მორჩილი არ გახდა და ძველი ლიბერალურ-დემოკრატიული იდეალების ერთგული დარჩა. კარგი იქნება ეს იმათაც გაითვალისწინონ, ვისაც ჯერ კიდევ რაღაც ილუზიები აქვს შერჩენილი სახელისუფლო ლიბერალების დემოკრატიულობისა და ლიბერალობის თაობაზე.