საგანელიძემ პოლიტიკური დიაგნოზი დასვა

საგანელიძემ პოლიტიკური დიაგნოზი დასვა

დღეს presage.tv-ს (for.ge) პრეს-კლუბში ყოფილი „ახალი მემარჯვენე“ და ახლა უკვე კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი დავით საგანელიძე იყო სტუმრად და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

საგანალიძემ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან განთავისუფლებას უპირებენ.

საგანელიძე საკრებულოში ფრაქციის „დედაქალაქი“ წევრი იყო, თუმცა 16 მაისს ეს ფრაქცია დაიშალა და მისმა რამდენიმე წევრმა ახალი ფრაქცია შექმნა. ამის შემდეგ დავით საგანელიძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.

„საკრებულოს დებულებაში წერია, რომ არსებობს საკრებულოს თავმჯდომარე, რომლის პირველი მოადგილე არის უმრავლესობიდან. გარდა ამისა, არის კიდევ ორი მოადგილე, რომელიც არის ოპოზიციის ქვოტა. ერთ-ერთ მათგანს ამჟამად „ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელი ჯაბა სამუშია იკავებს, ხოლო კიდევ ერთი მოადგილე იყო ზურაბ აბაშიძე, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაანთავისუფლეს. ახლა იყო შემოთავაზება ჩემს მიმართ და ერთ-ერთი მოადგილის პოსტი დავიკავე მე. დღეს საკრებულოს წევრების მხრიდან მაქვს ინფორმაცია, რომ მიღებულია ჩემი ამ თანამდებობიდან განთავისუფლების გადაწყვეტილება. მიზეზი არავის დაუსახელებია, მაგრამ მე ის რა თქმა უნდა, ვიცი“, - აცხადებს დავით საგანელიძე.

იგი ამ გადაწყვეტილების მიზეზად მის მიერ რამდენიმე დღის წინ „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებას მიიჩნევს. საგანელიძე არ აკონკრეტებს, ვისგან მიიღო ინფორმაცია, რომ მას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან მოხსნას უპირებენ. ხოლო კითხვაზე, კონკრეტულად ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, საგანელიძე პასუხობს, რომ ამას ვერ გააკეთებდა საკრებულოს რომელიმე რიგითი წევრი და ეს გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ ზედა ეშელონებშია მიღებული. მისი თქმით, ამჟამად იგი ვერ დაიწყებს მკითხაობას იმაზე, თუ რა დასახელდება მისი ამ თანამდებობიდან განთავისუფლების ოფიციალურ მიზეზად, მაგრამ საგანელიძის თქმით, ეს მისთვისაც ძალიან საინტერესოა.

დავით საგანელიძე გამოეხმაურა „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა კაციტაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მემარჯვენეები აპირებენ პარლამენტში მსუყედ იყვნენ წარმოდგენილები. მან თავი შეიკავა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ახალი მემარჯვენეების“ შანსებზე  საუბრისგან და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, თუკი სიტყვა „მსუყედ“ არის ნახსენები, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ძალიან დიდ გამარჯვებას „ქართული ოცნება“ მოიპოვებს. აქვე საგანელიძე ამბობს, რომ „ახალი მემარჯვენეების“ დაფუძნების ერთ-ერთი ინიციატორი და დაფუძნებიდან ამ პარტიის გენერალური მდივანი იყო, მისთვის ეს პარტია შვილივით არის, თუმცა დღეს მისი და მემარჯვენეები გზები დაშორდა ერთმანეთს.

საგანელიძე მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებაში“ რომ არ გაწევრიანებულიყო და არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ უფრო აქტიურ ბრძოლაში არ ჩაბმულიყო, ქვეყნის, მისი ოჯახი და თავად საკუთარი თავის წინაშე გამართლება არ ექნებოდა.

presage.tv -ს კითხვაზე, კონკრეტულად რას უკავშირდებოდა აზრთა სხვადასხვაობა მასა და „ახალ მემარჯვენეებს“ შორის და თვლის თუ არა, რომ „ქართული ოცნება“ უფრო ქმედითია, ვიდრე „ახალი მემარჯვენეები“, დავით საგანელიძემ არ უპასუხა.

„ეს კითხვა ბევრჯერ დამისვეს და დღეს თქვენთან გავმეორდები და ვიტყვი, რომ არის თემები, რომლებიც ჩემთვის ტაბუდადებულია. პრეს-კონფერენციის დასაწყისშივე აღვნიშნე, რომ ვიქნები ძალიან გულახდილი და ტყუილს არ გაკადრებთ, მაგრამ შეიძლება იყოს კითხვები, რომლებზეც არ გიპასუხებთ. ეს სწორედ ამ კითხვების რიცხვს განეკუთვნება. მე სააშკარაოზე არ გამოვიტან იმ საუბარს, რაც ჩემსა და ჩემს მეგობრებს შორის იყო. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ იყო განსხვავებული ხედვები ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე“, - აღნიშნავს დავით საგანელიძე.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ქმედითუნარიანობას, იგი ამბობს, რომ ამაში ნამდვილად ეჭვი არ ეპარება და დარწმუნებულია, რომ ეს ძალა მართლაც სერიოზულ გარღვევას მოახდენს, რაც წლების განმავლობაში ოპოზიციამ ვერ შეძლო.

საგანელიძე აღნიშნავს, რომ ამ ხელისუფლების და წინა ხელისუფლების დროსაც იყო ოპოზიციაში. აქვე იგი იხსენებს, როგორ გადავიდა თავის დროზე სააკაშვილის გუნდი შევარდნაძის ხელისუფლების ოპოზიციაში, თუმცა ამ ყველაფერს საგანელიძე თამაშს უწოდებს და ამბობს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლისას ვერანაირად ვერ დადგებოდა მის გვერდით. საგანელიძე აღნიშნავს, რომ ამაყობს იმ წლებით, რომლებიც „ახალ მემარჯვენეებში“ გაატარა და ხელს აწერს ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ამ პარტიამ 2011 წლის ზაფხულამდე მიიღო. ამის შემდეგ, საგანელიძის თქმით, მისი და მემარჯვენეების გზები გაიყო და ვინ არის მათ შორის მართალი, ამას მომავალი აჩვენებს.

დავით საგანელიძ ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას ჰკითხა, როგორ წარმოუდგენია საკუთარი თავი კოალიცია „ქართულ ოცნებაში“. მისი პასუხია ის, რომ იგი პარტიაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გაწევრიანდება, თუმცა ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება თავად პარტიამ უნდა მიიღოს. საგანელიძეს მიაჩნია, რომ საარჩევნო კუთხით დიდი გამოცდილება აქვს, რადგან ბევრჯერ საარჩევნო შტაბებს ხელმძღვანელობდა, ასევე რამდენჯერმე მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. ამიტომ ფიქრობს, რომ მისი ეს გამოცდილება „ქართულ ოცნებას“ მოახმაროს.

აქვე საგანელიძე ამბობს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დააკვირდება „ქართული ოცნების“ შტაბის მუშაობას, შეისწავლის მის სტრუქტურას და თუკი სადმე შედარებით სუსტ რგოლებს აღმოაჩენს, შესაბამის რეკომენდაციებს მისცემს კოალიციას.

„ერთს გეტყვით, მე ძალებს არ დავიშურებ იმისთვის, რომ ეს კოალიცია სერიოზული გამარჯვებით მოვიდეს“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.

მან აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე ათეული მაჟორიტარის კანდიდატურა უკვე შერჩეულია, მაგრამ მათი დასახელებისგან თავი შეიკავა, რადგან ამბობს, რომ მისი მხრიდან არასწორი იქნებოდა ამის გაკეთებდა და როდესაც კოალიცია საჭიროდ მიიჩნევს, მათ თავად დაასახელებს.

საგანელიძემ გამოცდების ეროვნული ცენტრის გარშემო განვითარებული მოვლენებიც შეაფასა და განაცხადა, რომ ვინაიდან იგი ექიმია, პოლიტიკურ დიაგნოზს დასვამს და ამ შემთხვევაში ეს დიაგნოზი ასეთია - აგონია.

„აგონიის მადგომარეობაში ორგანიზმი არაადექვატურ მოქმედებებს აკეთებს. მიმაჩნა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ასეთ აგონიაშია, რადგან ქალბატონ მიმინოშვილთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად არაადექვატური იყო. ფაქტი ერთია - ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ერთი კაცის მიერ არის მიღებული და ეს კაცი ნამდვილად არ არის განათლების მინისტრი. ბუნებრივია, პრეზიდენტს ვგულისხმობ და ეს გაკეთებულია იმ აფექტის მდგომარეობაში, რომელიც მისთვის ასე დამახასიათებელია. ეს ადამიანები იმასაც ვერ ხვდებიან, რომ ამგვარ ქმედებებს საზოგადოება ადექვატურად პასუხობს. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც შედარებით ინერტულია, ამგვარ ქმედებებზე ბევრად მწვავე გადაწყვეტილებებს ღებულობს“, - ამბობს საგანელიძე.