თავისუფლებას მეორე მხარეც აქვს. საქართველოში ეს გამოიხატება ციხეებში პატიმრების რაოდენობით – რესპუბლიკაში ეს მაჩვენებელი პროპორციული თვალსაზრისით რუსეთზე მაღალია, ასევე სასამართლო სისტემაში, რომელიც ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე თემად რჩება.
მაშინ როდესაც საქართველოში დაახლოებით 4,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და თბილისი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ფონზე დემოკრატიზაციის სფეროში ლიდერია, ქვეყანაში პატიმრების რაოდენობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში – 531 პატიმარი 100 ათას ადმიანზე. და მაინც, ლონდონის ციხეების კვლევების საერთაშორისო ცენტრის მონაცემებით, საქართველო სერიოზულად ჩამორჩება ამ მხრივ მსოფლიო ლიდერს შეერთებულ შტატებს, სადაც 100 ათას ადამიანზე 731 პატიმარი მოდის.
ბოლო წლებში მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაცია საბჭოთა მემკვიდრეობისგან – სასამართლო განუკითხაობისგან – გამიჯვნას ცდილობს. ქვეყანაში არის სასამართლო სისტემის გაჯანსაღების და ციხეებთან დაკავშირებული სიტუაციის რეფორმირების გზით დარეგულირების მცდელობები. მაგრამ, ინფორმაცია სისტემატიურ დარღვევებზე მუდმივად ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დეკლარირებული აქვს გამჭვირვალობისადმი ერთგულება, ინფორმაციის მიღებას პატიმრების რიცხვსა და საპატიმროებში არსებულ პირობებზე, სირთულეები ახლავს, რადგან ხელისუფლება სერიოზულად ზღუდავს მსგავს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას.
ბოლო არგუმენტებად ისეთ დავაში, როგორიცაა შესაძლო ბოროტმოქმედებები საქართველოს საპატიმროებში, იქცა 1 მაისს გარდაცვლილი 39 წლის ზურაბ დელიანიძის სხეულზე არსებული აშკარა სისხლჩაქცევებისა და ღია ჭრილობების ამსახველი ფოტოები. დელიანიძე მარიხუანას შენახვის ბრალდებით ექვსწლიან პატიმრობას იხდიდა. ინტერნეტში გამოქვეყნებულ ფოტოებზე, ჩანს ავადმყოფურად გამხდარი ადამიანი, საშინელი ჭრილობებითა და ლაქებით მთელ სხეულზე.
პატიმარ დელიანიძესთან დაკავშირებული ტრაგიკული ინციდენტი ერთ-ერთია ბოლო დროს ატეხილ მთელ რიგ სკანდალებს შორის; მათგან კიდევ ერთი შემთხვევა 46 წლის მამაკაცის დაღუპვას უკავშირდება, რომელიც თითქოს იმიტომ გარდაიცვალა, რომ პოლიციის განყოფილების კიბეზე დაგორდა; საუბრობენ ასევე ციხის ზედამხედველების მიერ პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ, რომელიც ციხეების სისტემას ზედამხედველობს და შსს-მ არაერთხელ უარყო ქართულ ციხეებსა და პოლიციის განყოფილებებში პატიმრებისადმი სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებული ბრალდებები. დელიანიძის შემთხვევაში, გამოძიება მის გარდაცვალებას უკავშირებს „ვენერიულ დაავადებას“, რაც მის სხეულზე ჭრილოებების და სხვა ლაქების მიზეზი გახდა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია იმნაძე ხელისუფლების ამ ვერსიების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი და ვარაუდობს, რომ დელიანიძის საქმე ქართულ ციხეებში არსებულ სისტემურ პრობლემებს ასახავს. ამ პრობლემებს განეკუთვნება პატიმრებისთვის სამედიცინო დახმარების არაადეკვატური გაწევა. მისი თქმით, შემარჩუნებულია ასევე ციხეებში „ცუდი მოპყრობის“ პრობლემაც, მიუხედავად ხელისუფლების აქტიური ქმედებებისა აღნიშნული დაწესებულებების რეფორმირების მიმართულებით.
ამ მოსაზრებას იზიარებენ ასევე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებული ანგარიშის ავტორები. 2012 წლის 24 მაისს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ისინი აღნიშნავენ, რომ ამ სფეროში ხელისუფლების ყველაზე დიდი ბოროტმოქმედება ადამიანის უფლებების სფეროში, რაც შარშან საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა, არის „ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი ბოროტმოქმედებები პატიმრებთან და დაკავებულებთან მიმართებაში, ასევე სტანდარტების შეუსაბამო და საფრთხის შემცველი პირობები თავისუფლების აღკვეთის ადგილებში“.
საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროში რესპუბლიკის ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე EurasiaNet.org-ის კორესპონდენტთან საუბარზე უარი განაცხადეს, ურჩიეს ამ წერილის ავტორს სამინისტროს საიტისთვის მიემართა.
უწყების რეფორმირების პირველად ამოცანებში აღნიშნულია ახალი ციხეების მშენებლობა პატიმრების უფლებების შემდგომი უზრუნველყოფის ფარგლებში. ლონდონის სადამკვირვებლო ორგანიზაციის „საერთაშორისო პენიტენციალური რეფორმ“-ის ცნობით, საქართველოს 17 ციხიდან 14 ახალია ან ახლადგარემონტებული. საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროს ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ თავისუფლების აღკვეთის მსგავს ადგილებშია თავმოყრილი პატიმრების 90%. სხვა ზომებს შორის, რომელიც პატიმრების შენახვის პირობების გაუმჯობესებისკენაა მიმართული,ვებ-გვერდზე ჩამოთვლილია სასჯელის ალტერნატიული სახეობები, ინფორმაცია საბიბლიოთეკო მომსახურებაზე და პროფესიულ სწავლებზე, კვების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ვიდეოკონფერენციებზე და სტუმრებთან უფრო ხანგრძლივი პაემნების უზრუნველყოფაზე.
თუმცა, პენიტენციალური რეფორმის აქტივისთტა მტკიცებით, ეს ზომები საკმაოდ შეზღუდული ხასიათისაა. პატიმრებთან დაკავშირებულ ბოროტმოქმედებებს ხელს უწყობს ციხეების გადატვირტულობა და დაუსჯელობის განცდა ციხის პერსონალში, აღნიშნავს ორგანიზაციის „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ ამიერკავკასიური განყოფილების დირექტორი ცირა ჭანტურია, რომელიც საქართველოს ციხეებში არსებულ მდგომარეობას 2003 წლიდან აკვირდება. „მათ უბრალოდ მისცეს უფლება ციხეები მართონ საკუთარი მეთოდებით… ამიტომ, როდესაც მათ არ ჰყოფნით პერსონალი, ისინი ციხეების მართვის სხვა მეთოდებს მიმართავენ, ესენია ძალადობა, სასტიკი მოპყრობა პატიმრების მიმართ და ა.შ“, – ამბობს ის ციხის ხელმძღვანელობაზე.
სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშში მიჩნეულია, რომ რესპუბლიკის 9 ციხე არის გადატვირთული. მაგალითად, თბილისის #1 ციხეში, რომელიც პროექტით 750 პატიმარზეა გათვლილი, დღევანდელ დღეს 1053 ადამიანია იხდის სასჯელს.
ძალადობრივი ზემოქმდების გარდა, ხელისუფლება პატიმრების მიმართ ისეთ სადამსჯელო ზომებს მიმართავს, როგორებიცაა მათი უწყლოდ და სამედიცინო დახმარების გარეშე დატოვება, ამტკიცებს უფლებადამცველი ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-ს აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი.
გარდა ამისა, ხელისუფლება კრიტიკის ობიექტია ისეთი მიდგომისთვის, რასაც ზოგადად სამართალდარღვევისთვის დაპატიმრება ჰქვია. მაგალითად, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის (HRW) 2012 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ადმინისტრაციული დაკავება (ადამიანების უმნიშვნელო სამართარღვევის გამო დაპატიმრება) საქართველოს მოქალაქეებს ადეკვატური სამართლებრივი პროცედურის უფლებას ართმევს.
ხელისუფლების მტკიცებით, ასეთი კრიტიკა ხელს უწყობს პატიმრების პირობების შეცვლას. ხოლო გიორგი გოგიას თქმით, რომელიც HRW-ის კავკასიური ოფისის მკვლევარია და იმ საკონსულტაციო ჯგუფის წევრია, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმირების საკითხებზე მუშაობს, არანაირი ზომები არ მიიღება იმ ადამიანების დაკავების პროცესის გამოსწორებისთვის, რომლებსაც ბუნდოვანი, ზოგჯერ კი დაუსაბუთებელი ბრალდებებით აპატიმრებენ.
მოქმედი მდგომარეობით, სამართალდამცავ ორგანოებს უფლება აქვთ არ წაგიყენონ ბრალი დაპატიმრებიდან 12 საათის შემდეგაც, და არ არსებობს მონაცემთა არანაირი ცენტრალიზებული ბაზა, საიდანაც ადვოკატები შეძლებდნენ იმის გაგებას, თუ სად ჰყავთ დაკავებული მათი კლიენტები, ამბობს ექსპერტი.
სასამართლოში საქმის განხილვა ფორმალურია და სულ რამდენიმე წუთს გრძელდება. პროტოკოლების მიღება, მხოლოდ სამი დღის გასვლის შემდეგ შეიძლება, მაშინ როცა აპელაციაზე განაცხადი 48 საათზე გვიან არ უნდა გაკეთდეს. იუსტიციის სამინისტრომ არ გამოაქვეყნა ამ პროცედურაში მის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები, და პუბლიკაციის გამოქვეყნების მომენტისთვის ინტერვიუსთან დაკავშირებულ თხოვნაზე არ გვიპასუხა.
foreignpress.ge