კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე 20 მაისს განხორციელებული თავდასხმის ფაქტი შს სამინისტრომ მხოლოდ ათი დღის შემდეგ აღიარა. 30 მაისს, მერაბიშვილის უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ცნობილი ხდება, რომ მამუკა ქარდავას ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. იმავე წერილში შს სამინისტრო ჯილდოს სახით 10 000 ლარის დაწესების შესახებაც იუწყება, რომელიც იმ ადამიანს გადაეცემა, ვინც დანაშაულში მონაწილე პირების ვინაობის დადგენის მიზნით ძალოვან უწყებას ღირებულ ინფორმაციას მიაწვდის.
გახდება თუ არა „ღირებული“ კახა მიქაიას მიერ უსასყიდლოდ გაცემული და „მაესტროს“ ეთერში გუშინ ღიად გაკეთებული განცხადება, ჯერჯერობით უცნობია. „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ქარდავაზე განხორციელებულ თავდასხმაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხობის სამმართველოს უფროსი, დიმა ჭაკუა, პირდაპირ დაადანაშაულა. კახა მიქაიას განცხადებით, ჭაკუას შესახებ ინფორმაცია იმ ადამიანებმა მიაწოდეს, ვისთანაც კუდ-ის მაღალჩინოსანი მომხდარით ტრაბახობდა და უახლოეს დღეებში მსგავსი ინციდენტის გამეორებასაც „აანონსებდა.“
„შს სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება არის ცინიკური. ყველას კარგად ახსოვს ის ფაქტი, რომ იმავე ვებგვერდზე შს სამინისტრომ 21 მაისს, ინციდენტიდან მეორე დღეს, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევად შეაფასა და გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. იმ ღამეს ნოჯიხევთან მეც გახლდით და კარგად ვხედავდი პოლიციის ე. წ. საგამოძიებო მოქმედებებს. მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ქარდავა პირველი წუთებიდანვე, ჯერ კიდევ შოკურ მდგომარეობაში ცდილობდა მომხდარის დეტალებზე პოლიციის თანამშრომლებთან ესაუბრა, ისინი არც კი დაინტერსებულან დაზარალებულის მდგომარეობით, უფრო მეტიც, ზურგის არეში რკინის ხელკეტით მიყენებული დაჟეჟილობები შეჯახების შედეგად შეაფასეს. საინტერესო ისიც არის, რომ ჭაკუა ქარდავას ცემით ისევ იმუქრება. მე არ ვიცი, ვის რისი ეშინია, ვინ რატომ დაიხია უკან, ვინ როგორ გატეხა შიში სამეგრელოში, მაგრამ ფაქტი არის ერთი და ამას შსს ცინიზმით სავსე განცხადებაც მოწმობს, რომ სამეგრელოში ტერორი გრძელდება და ისევ მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ალასანიას, პირველ რიგში დაიცვან საკუთარი კოალიციის წევრები“ - აცხადებს კახა მიქაია.
შს სამინისტროს მიერ მასზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე ობიექტური გამოძიების სურვილს მამუკა ქარდავა იმ შემთხვევაში მიესალმება, თუ განცხადება გულწრფელია. იგი დამნაშავეების ამოცნობასთან დაკავშირებით განცხადებას კიდევ ერთხელ აკეთებს და ამბობს, რომ მხოლოდ იმ პირის ამოცნობა შეუძლია, ვინც მას თავს ავტომანქანაში დაესხა. დაზარალებული მომხდარს კვლავ მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს და დარწმუნებულია, რომ ინციდენტი ძალოვანი უწყების სცენარის მიხედვით განვითარდა.
21 მაისის ღამეს, ნოჯიხევთან მომხდარი ინციდენტის დროს მამუკა ქარდავას სარკინიგზო გადასასვლელთან თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. თავდაპირველად, შეჩერებულ ავტომანქანაში შეღწევა ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მოახერხა და ქარდავას დახრჩობა სცადა. მან კი გაქცევის მიზნით უკუსვლა გადაწყვიტა, თუმცა თავდამსხმელმა მას საჭის მართვაში ხელი შეუშალა და ავტომანქანა რკინის ბოძს შეეჯახა. დაზიანებული ავტომანქანიდან ქარდავა სამმა თავდამსხმელმა ძალის გამოყენებით გადმოაგდო და რკინის ხელკეტით სცემა, შემდეგ კი - უგონო მდგომარეობაში მყოფი მიატოვა და „აუდის“ მარკის ავტომანქანით ხობის მიმართულებით გაუჩინარდა. ნახევარი საათის შემდეგ მამუკა ქარდავამ ადგომა და საკუთარ მანქანასთან მისვლა მოახერხა, თუმცა პირადი ნივთები გატაცებული დახვდა. თავდამსხმელებს შემთხვევით მხოლოდ მობილური ტელეფონი გადაურჩა. სატელეფონო ზარებით მან მეგობრებისგან დახმარება ითხოვა.
შს სამინისტროს განცხადება კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევის შედეგად შეაფასეს. თინა ხიდაშელის განცხადებით, მერაბიშვილის უწყებამ ამგვარი გადაწყვეტილება მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ მიიღო.ძალოვანი უწყების განცხადებაზე კოალიციის მოსაზრებისგან განსხვავებული ვერსია მოისმინა „პრესაგე.ტვ“-მ ხობელი პოლიციელისგან, რომელმაც ჟურნალისტისგან კონფიდენციალურობის მყარი გარანტია მიიღო.
„მაინც ყველაფერს ჩვენ გვაბრალებენ, თორემ ხობის პოლიციის სამმართველოს ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს. ყველამ იცის, რომ ეს ჭაკუას გაკეთებულია და მას „პაძერჟკა“ ბაჩო ახალაიამ მისცა. იმ ღამეს ახალაია სენაკში ყოფილა, რესტორან „ვერსალში“, მერე სამხედრო ბაზაზე და შემდეგ ჩამოვიდა ხობში. მე დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ იმ თავდამსხმელებში ბაზის ბიჭებიც ერივნენ, რომლებიც ბაჩო ახალაიას გამოუშვია. ჭაკუასაც აქ ხომ ყველაფერი ფეხებზე კიდია, ახალაიასთან ერთად საკუთარი ძმაც მფარველობს - დათო ჭაკუა, ციხეების დეპარტამენტის უფროსი რომ არის და, აბა რას გაუჭირვებენ?! ბიჭები ამბობენ, რომ ვანომ ჩვენს დასაცავად დააწესა ის ჯილდო, იცის ახალაიას გაკეთებული რომ არის და ამიტომ თამამად მიყვება საქმეს“-აცხადებს პოლიციელი.