სასიამოვნოა, როდესაც წერ მუსიკოსზე, რომელიც მხოლოდ დადებით ემოციებს იწვევს და ვის შექმნილმა მუსიკამაც შეუძლებელია, რომ არ გაგამხნევოს. მაგრამ როგორც ხშირად ხდება ასე, თანამედროვე შოუ ბიზნესში, დიდი რუსთველის აფორიზმი – „კოკასა შიგან რაცა დგას იგივე წარმოდინდების“, ზოგჯერ სამწუხაროდ მიუღებელია, რადგან შესანიშნავ მომღერალ, გიტარისტსა და რაღა თქმა უნდა - კომპოზიტორ ჯონ ფოგერტის განუმეორებელი ლირიკისა და მელოდიზმის მიღმა, საკმაოდ პირქუში, საქმეში წესრიგის მოყვარული ცხოვრებისეული „მე“ აღმოაჩნდა, რომელმაც ცხოვრების უკანასკნელ პერიოდშიც კი ვერ შეარიგა საკუთარ ძმასთან – ტონი ფოგერტისთან. ტონი1989 წელს ტუბერკულიოზით გარდაიცვალა. მას თურმე ხშირად აკითხავდა ლეგენდარული Creedence Clearwater Revival–ის დრამერი – დაგ კლიფორდი...
30 წლით ადრე კი, შორეულ 1959 წელს, სან ფრანცისკოში ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეებმა ჯონ ფოგერტიმ, დაგ კლიფორდმა, რომელიც დოლზე ბილიარდის ჯოხებით უკრავდა და პიანისტმა სტიუ კუკმა Blue Velvets ჩამოაყალიბეს. მოზარდი მუსიკოსები ადგილობრივ საზოგადოებას საღამოობოთ კაფეებსა და ბარებში ართობდნენ ხოლმე. კალიფორნიის შტატში რიტმ ენდ ბლიუზი პოპულარობის ზენიტში იყო და დამწყები მუსიკოსებიც შესანიშნავად მოერგნენ იმ პერიოდის კომერციულ მოთხოვნებს.
მალე კოლექტივს ტონი ფოგერტიც მიუერთდა, რომელიც ჯონზე 4 წლით უფროსი იყო, სტიუ კუკი ბას გიტარაზე, ხოლო ტონი კი რიტმზე გადაერთო.
ჯონ ფოგერტი თავიდანვე გამოირჩეოდა კომპოზიტორული ნიჭით. მეტიც, Gollywogs – ად გადაკეთებულმა კოლექტივმა თავდაპირველად ჯაზურ–ინსტრუმენტული გზით სცადა გზის გაკვლევა, თუმცა ფირმა Fantasy Records-ის დაკვირვებულმა და აზრიანმა პროდიუსერებმა ახლადშექმნილი კოლექტივი როკ–ორიენტაციაზე მომართეს, შეუმზადეს რა ნიადაგი ჯარიდან დაბრუნებულ ბიჭებს, რომლებიც თურმე ამერიკის უმთავრეს ჰიტ–მეიკერებად უნდა ქცეულიყვნენ.
ჯონ ფოგერტი 23 წლის საკმაოდ გამოცდილი მუსიკოსი იყო, როდესაც Creedence Clearwater Revival–ის სადებიუტო ალბომი მისმა ხუთმა შედევრმა შეავსო, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობით აქ ცნობილი სიმღერების Suzie Q და I Put A Spell On You ქავერ–ვერსიები სარგებლობდა.
1969 წელს კი კოლექტივმა სასწაული მოახდინა და სამი ალბომ–შედევრი Bayou Country, Green River და Willy and the Poor Boys ჩაწერა. ძირითადად ქანთრი–როკის სტილში გადაწყვეტილი სიმღერათა ნაკრები, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანი, მელოდიური და ზოგჯერ ინსტრუმენტული თვალსაზრისით გადატვირთულიც კი გამოვიდა, მსმენელთა ფართო წრეს უპირველეს ყოვლისა Proud Mary–ით დაამახსოვრდა. სიმღერის პოპულარობის შენარჩუნებას თინა ტერნერის მიერ მისი მრავალგზის შესრულებამაც შეუწყო ხელი. Green River უფრო მსუბუქი მოსასმენია და აქ გამოირჩევა ჯონ ფოგერტის ისტორიული სიმღერა Bad Moon Rising. სულ რაღაც ორწუთიან მხიარულ მელოდიაში ფოგერტიმ აპოკალიფსის თემა ჩართო... „სევდიანი მელოდია ვერ გამოვიყვანე, მაგრამ დიდად არ განმიცდია“ – ასე იხსენებდა შემდგომში ფოგერტი სიმღერას, რომელიც R&B რადიოსადგურების ერთ–ერთ უმთავრეს ჰიტად იქცა. ალბომი ბილბორდის სათავეში მოექცა და მომავალში მულტიპლატინურის სტატუსიც მოიპოვა. წინამორბედებს არც Willy and the Poor Boys ჩამორჩენია და იოლად დასამახსოვრებელი Down on the Corner–ითა და ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო რიტორიკით აღვსილი Fortunate Son–ით, დღესაც შესანიშნავად ისმინება.
თუკი Creedence Clearwater Revival–ის თანამედროვე როკ–ჯგუფების დისკოგრაფიებს თვალს გადავავლებთ, ძირითადი ტენდენცია ალბათ ასეთია: რეპერტუარი გამოირჩევა კომპოზიციური სიწრფელით საწყის ალბომებში, რაც შემდგომში ჯგუფის უფრო ექსპერიმენტული გზით განვითარებას მოასწავებს. ამიტომაც, დაარსებიდან თუნდაც 20 წლის შემდეგ, ახალი რეპერტუარის თითო–ოროლა სიმღერასთან ერთად, საკონცერტო შემოქმედება, ძირითადად პირველ ალბომებზეა ხოლმე აწყობილი. მაგ. Black Sabbath, Deep Purple (გილან–გლოვერის პერიოდიდან ათვლით), Steppenwolf.
Creedence Clearwater Revival აბსოლუტური გამონაკლისი და სრული ამოვარდნაა ამ ტენდენციიდან. თითქოს ჯგუფი იგივე Born On The Bayou–დან და რვაწუთიანი Keep On Chooglin–დან გამომდინარე, რიგით მეხუთე ალბომში მაინც უნდა დაძრულიყო მეტი ვირტუოზული დაკვრისა, თუ სტუდიური ნოვატორული მხარეების გამოჩენის მიმართულებით, მაგრამ ნურას უკაცრავად- თურმე კიდევ უნდა მომრავლებულიყო მარტივი და სულში ადვილად ჩამწვდომი მელოდიები და ალბომი მთლიან ჰიტ–პარადად ქცეულიყო. ასეთი აღმოჩნდა 1970 წელს ჩაწერილი საოცარი ალბომი Cosmo’s Factory. აქ თერთმეტივე სიმღერას პირველადი მოსმენიდანვე ადვილად ითვისებს ადამიანის ყური, ხოლო მათ შორის გამორჩეული რაღა თქმა უნდა სამია: Travelin' Band, Lookin' Out My Back Door და Up Around the Bend. საბჭოთა პერიოდის მსმენელთათვის განსაკუთრებით ძვირფასი ამ ჩამონათვალში მეორე და მესამე სიმღერებია, რომელთა გაგონებაც შეიძლებოდა როგორც რენტგენის „ვინილ“ ფირფიტებზე, ასევე საბჭოთა კინოფილმებშიც. არცაა გასაკვირი.
მსოფლიო მუსიკალური სამყარო გააკვირვა ისეთმა კომპოზიციურმა სიწმინდემ, რომლის მსგავსისთვისაც მთლიან ალბომში Rolling Stones–ზე რომ აღარაფერი ვთქვათ, თვით Beatles-აც კი არ მიუღწევია. ამიტომაც ალბომი, როგორც ამერიკისა და ინგლისის, ასევე ავსტრალიის ჩარტებს ჩაუდგა სათავეში. 1970 წელს კი ეს მთლად მარტივი არ უნდა ყოფილიყო.
საბოლოოდ Creedence Clearwater Revival კალიფორნიის ყურის უდიდეს ჯგუფად იქცა და შესაძლოა ამისი მიზეზი ზოგადად ფსიქოდელიური როკის კარსმომდგარი კრიზისი სულაც არ ყოფილა. ამას ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ Janis, Jefferson Airplane, თუ The Doors, მოწესრიგებულობის შემთხვევაში რად იქცეოდნენ; ფაქტი ერთია, რომ საუკეთესო ალბომები Creedence Clearwater Revival–გან განსხვავებით, მათ უკვე კარგა ხნის ჩაწერილი ჰქონდათ...
თუმც, ჩავარდნას გვერდი ვერც ჯონ ფოგერტის ქმნილებამ აუარა. როდესაც შეიქმნა ილუზია, თითქოს ყველაფერი მშვიდად უნდა გაგრძელებულიყო და ფოგერტის კალამს შეექმნა კიდევ არაერთი შედევრი, Creedence Clearwater Revival–მა მალე შეწყვიტა არსებობა, იქამდე კი ალბომ Pendulum-ში დაუვიწყარი სიმღერა – Have You Ever Seen The Rain წარმოადგინა.
საქმე ისაა, რომ თავიდანვე ჯონ ფოგერტისა და მის გამოუცდელ პარტნიორებს პროდიუსერმა საულ ზენცმა მეტად არახელსაყრელ საკონტრაქტო პირობებზე მოაწერინა ხელი, რამაც პრაქტიკულად Creedence Clearwater Revival–ის მუსიკოსების ნაცვლად, ამ უკანასკნელის გამდიდრება გამოიწვია. Creedence Clearwater Revival ვალებში ეფლობოდა და სწორედ ამ მიზეზით 1973 წელს დაიშალა. დღესდღეობით 91 წლის საულ ზენცმა Creedence –ის დაშლიდან მალევე საკუთარი წილი Fantasy Record–ს მიჰყიდა, მუსიკალურ შოუ ბიზნესს მოეშვა და მომავალში კინოპროდიუსერობას შეუდგა. „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, „ამადეუსი“, „ინგლისელი პაციენტი“ და „ბეჭდების მბრძანებელი“ სწორედ რომ ამ კაცის ნახელავია. ჯონ ფოგერტიმ კი სცენაზე მობრუნებისთანავე 1985 წელს, პირველსავე სოლო ალბომში Centerfield, საულ ზენცი ერთ–ერთ სიმღერაში ღორს შეადარა...
საბოლოოდ, როგორც 90–ების დასასრულმა, ასევე 21–ე საუკუნემ დაგვანახა, რომ მუსიკოსმა შეინარჩუნა სახასიათო, მძლავრი და ლამაზი ხმის ტემბრი. ახალი Lookin' Out My Back Door, თუ Have You Ever Seen The Rain კი ისტორიას ჩაბარდა და მისი გამაცოცხლებელი “ვაკის პარკით” დაწყებული, Smokie-თი დამთავრებული, უამრავ სხვა შემსრულებელთან ერთად, თავად ფოგერტია, რომლის 1998 წლის ცნობილმა DVD–მ გააერთიანა მუსიკოსის მთელი 30 წლიანი შემოქმედება.
როკ მუსიკის ისტორიაში ფოგერტი შევიდა, როგორც შესანიშნავი კომპოზიტორი და მომღერალი. მისი რეპერტუარი ყოველთვის სიხალასითა და პირდაპირობით გამოირჩევა, ამიტომაც, იქნება ეს 1969 წელს, თუ 2006 წელს დაწერილი სიმღერა, იგი მუსიკოსთაგან არ საჭიროებს განსაკუთრებულ საშემსრულებლო ოსტატობასა და მძლავრ ჟღერადობას. ფოგერტი საყვარელი მუსიკოსია თუნდაც შედარებით ღრმააზროვანი და რთული მუსიკის მოყვარულთათვისაც, რადგან მისი რეპერტუარიდან მხოლოდ დადებითი აურა მოდის და რელაქსაციისათვის საუკეთესოა. ამგვარად, ფოგერტი უკუჩვენების გარეშე კომპოზიტორადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.