60–იანების შუახანს ბრიტანული როკ–სცენა იდეების სამჭედლოდ იქცა, თუმც მუსიკოსების საშემსრულებლო და აქედან გამომდინარე – სასცენო ოსტატობა, დახვეწას საჭიროებდა და თუკი ოკეანისგაღმურ ჯაზს ამ მხრივ მომავალში დახვეწა კი არა, ოდენ აპარატურული წინსვლა უბიძგებდა პროგრესისკენ, როკ–გიტარა იმ დროს მხოლოდ ყალიბდებოდა და საფუძველს ძირითადად ამერიკულ ბლიუზში იმყარებდა...
ამ პერიოდის ბრიტანულ სცენაზე არაერთი მომავალში აღიარებული დიდი გიტარისტი გამოჩნდა, მაგრამ სამი მათგანის სახელი ამ ჩამონათვალში გამოსარჩევია. შეიძლება იმიტომ, რომ თითოეული მათგანი The Yardbirds–ში უკრავდა, ან იმიტომ, რომ 1967 წელს გამოვიდა საოცარი ბრიტანული ბლიუზ ალბომი „კლაპტონი–ბეკი–პეიჯი“...
The Yardbirds–ის მემკვიდრეობა სწორედ რომ ამ უკანასკნელს ერგო. ჯიმი პეიჯს ბევრი არც უფიქრია და მომავალ ბუმბერაზ ჯგუფს The New Yardbirds ეწოდა. ამ კოლექტივს ეკუთვნის Dazed And Confused, რომელიც კიტ რალფსის ვოკალით, დღესდღეობით მსმენელში ერთგვარ ღიმილსაც შეიძლება იწვევდეს. 60–ებში კი დღევანდლობისაგან განსხვავებით, ეპოქალური მოვლენები წუთებში ვითარდებოდა ხოლმე. ასე, ჯიმი პეიჯს მოახსენეს, რომ არსებობდნენ მომღერალი რობერტ პლანტი და დრამერი ჯონ ბონემი, რომელნიც საუკეთესოდ განავითარებდნენ მისი და ბასისტისა და პიანისტ ჯონ პოლ ჯონსის იდეებს...
Led Zeppelin–ის პირველი ალბომის ჩაწერას სულ რაღაც დღე–ღამე დასჭირდა, ხოლო მისი ღირებულება 3000 გირვანქა სტერლინგს შეადგენდა. საოცარმა ალბომმა გარდა იმისა, რომ თეთრი ბლიუზი მანამდე არგაგონილ მძიმე ჟღერადობაში (პეიჯის თქმით – მძიმე ბლიუზი) და აქედან გამომდინარე ჰარდ–როკში გადაიყვანა, ინსტრუმენტებისა და ვოკალის შერწყმის ახალი მოდელი წარმოადგინა, სადაც რობერტ პლანტი ვილი დიქსონის You Shook Me–სა, თუ How Many More Times-ში ისეთივე ვოკალ–სოლოებს ასრულებს, როგორც ჯიმი პეიჯი გიტარაზე...
ჯიმი პეიჯი, რომელიც თავიდანვე ჯგუფის იდეური ლიდერი იყო, Led Zeppelin–ის მეორე ალბომიდან მოყოლებული, ეცადა რეპერტუარი თეთრი მუსიკის ელემენტებით უფრო მეტად გაემდიდრებინა. ამაში მას ჯონ ბონემის მის მიერვე სტუდიის სხვადასხვა კუთხეებში განლაგებული მიკროფონებით გამოწვეული დოლის გამორჩეულად მძლავრი ჟღერადობა და რობერტ პლანტის ვოკალის უკიდეგანო დიაპაზონი უწყობდა ხელს. ჯონ პოლ ჯონსიც თავმდაბლად ავსებდა ჯგუფს როგორც სცენაზე, ასევე სტუდიაში, რამაც საბოლოოდ Led Zeppelin ორ შედევრამდე – III და IV ალბომებამდე მიიყვანა...
ვერ ვიტყვით, რომ აქ ჯგუფმა წინსვლა განიცადა, უბრალოდ უფრო თვითმყოფადი და უნიკალური შეიქმნა. III ალბომში ჯიმი პეიჯმა დიდი ყურადღება აკუსტიკას დაუთმო. მან „მოდერნ“ ხალხურ თემატიკაზე ააგო ალბომის მეორე – გამორჩეული გვერდი, სადაც რობერტ პლანტის ვოკალი მანამდე არნახულ სიმაღლეებზე წარმოაჩინა. ალბომის ბოლო – ფსიქოდელიურ ბლიუზში Hats Off To Roy Harper, პლანტის ვოკალმა პრაქტიკულად მოპასუხე სოლო გიტარის ფუნქცია იტვირთა, პეიჯი კი სლაიდით რობერტ ჯონსონის სფეროშია მოქცეული. Since I’ve Been Loving You-ს სოლო კი როკ–მუსიკის ნებისმიერმა საშუალო დონის მსმენელმაც ზეპირად იცის.
ზოგადად გიტარ სოლოებით გაცილებით მდიდარი Led Zeppelin–ის IV ალბომი აღმოჩნდა, მაგრამ ამაზე ცალკე არვინ საუბრობს, იმდენად შეკრული გამოვიდა ნამუშევარი. ჯიმი პეიჯმა, გარდა იმისა, რომ მსოფლიო როკ საგანძურს Stairway To Heaven–ის უნიკალური გიტარ ინტრო შესძინა, რობერტ პლანტის ვოკალის შემწეობით როკ–მისტიკის ისეთი შედევრები წარმოაჩინა, როგორიცაა Four Sticks და When The Leeve Breaks.
V ალბომმა კოლექტივს მეტი ექსპერიმენტული მუსიკისაკენ უბიძგა. 1973 წლის Houses Of The Holy თვით Led Zeppelin–ის მრავალი მსმენელისათვის გაუგებარი და გამაღიზიანებელია, თუმცა ჯიმი პეიჯმა ამ ალბომში როგორც არსად სხვაგან, იმდენად „დაიმდაბლა თავი“ და რობერტ პლანტის ვოკალზე ისე იმუშავა, როგორც ამას მსოფლიოს ვერცერთი გიტარისტი ვერ მოახერხებდა... საბოლოოდ ხომ ირკვევა, რომ უერთმანეთოდ მათ Led Zeppelin–თან დაახლოებულიც კი ვერაფერი შექმნეს. Houses Of The Holy კი ისეთი სიმღერით იხსნება, რომლის მსგავსი ტიპისაც არამარტო როკ მუსიკამ, არამედ Led Zeppelin–მაც კი არ იცის...
The Song Remains The Same სტუდიაში სპონტანურად დამყარებული ქაოსის შედეგია, რომლის ერთჯერადი „დალაგებითაც“ შეიქმნა „მარადიული სიმღერა“. მისი გადაკეთებული ვერსიები ვერც კონცერტებზე ჟღერდა მაინცდამაინც შთამბეჭდავად. თითოეული სიმღერა–შედევრის ფონზე განსაკუთრებულ ყურადღებას პეიჯის ორი ჩანაფიქრი იწვევს:
1) მაინც რამ მოაფიქრებინა მუსიკოსს Over The Hills And Far Away–ში არხებში ერთიმეორის პარალელურად უმძიმეს მოტივ საუნდისა და ფოლკ–აუსტიკურ გიტარ პასაჟის ჩასმა?
2) გაოცებას იწვევს ალბომის ფინალი, სადაც მძიმე რიტმ ენდ ბლიუზური საუნდის პარალელურ რეჟიმში, მარცხენა არხში ჯიმი პეიჯის გიტარა უკვე განმარტოვებით ნებივრობს. ცალ–ცალკე რომ მოისმინო არხები, შეიძლება თავიდან ვერც მიხვდე, რომ ერთსა და იმავე სიმღერას ახმოვანებენ. რა ხდის მაინც აგრერიგად შეკრულს The Ocean-ს; ბლიუზი – როკის იდეა ხომ არა?
Physical Graffity–ში კი უკვე ყველაფერი ნათლად ჩანს. აქ მსმენელი მოუთმენლად ელის In My Time Of Dying–ს, სადაც მისისიპის დელტა ბლიუზ სლაიდზე დამყარებული ჯიმი პეიჯის გიტარის პარტია, საოცრად ძარღვიანი და დახვეწილია. საერთოდ, ჯიმი პეიჯმა დიდად სრულყო ათწლეულების განმავლობაში შუა გზაზე მიტოვებული არაერთი ზანგური მუსიკალური თემა... აი Kashmir კი უკვე ლამის როკ–მუსიკის ბოლეროდ იქცა. ვინ აღარ გადაამღერა და გადაასხვაფერა ეს სიმღერა, მაგრამ ჯიმი პეიჯის ერთი შეხედვით მარტივი აკორდები, გადამღერებების დროს უბრალოდ ვერ იცვლება და ძალიან სასაცილოდ ჟღერს ტექნიკოსი გიტარისტების ხელში, რომლებიც მთელ დანარჩენ ალბომს გიტარაზე თითებით სირბილში ატარებენ, „გადაქაშმირებისას“ კი პეიჯის მარტივი აკორდების აღებით კმაყოფილდებიან და გულის სიღრმეში ხვდებიან, რომ ეს გაცილებით ძვირფასია მთელს მათ ნაამაგართან შედარებით...
აი მომდევნო ალბომ Presence–ში კი ჯიმი პეიჯის ვერც აკორდებს, ვერც სოლოებს, მარტივს ვეღარ ვუწოდებთ. Led Zeppelin–ის ყველაზე გიტარულ ნამუშევარში, რომელშიც ჯონ პოლ ჯონსი საერთოდ არ ეკარება კლავიშებს, პეიჯმა საოცრებები უკვე პირველივე სიმღერაში Achilles Last Stand მოახდინა. 10 წუთიან შედევრში ვისმენთ დიდებულ სოლოს, ბოლეროსეული გადასვლით რომაა დაყოფილი და საბოლოოდ ესტაფეტას რობერტ პლანტის აბსოლუტურად ამოუცნობ ვოკალ სოლოს რომ უთმობს...
Presence ჭეშმარიტად Led Zeppelin–ებრი ბლიუზით Tea For One იხურება. Since I’ve Been Loving You–გან განსხვავებით, ვოკალის თვალსაზრისით აქ უკვე აღარაფერია საერთო ჯენის ჯოპლინთან, ხოლო გიტარ–სოლო იმდენად პიროვნული და ინტიმურია, რომ ჯო ბონამასამ მისდამი უდიდესი პატივისცემისდა მიუხედავად, გადამღერებისას, არა თუ სოლოს, არამედ მთლიანობაში სიმღერის ხასიათიც კი ვერ დაიჭირა. აი ასეთი გიტარისტია ჯიმი პეიჯი.
აქ მის შესახებ დავასრულებთ სტატიას, რადგან სამწუხაროდ უდიდესმა მუსიკოსმა ვერც კომპოზიციური, ვერც დაკვრის თვალსაზრისით, 1968–1976 წლების პერიოდთან მიახლოვებულიც კი ვეღარაფერი შექმნა. 1993 წლის ალბომი Page-Coverdale კი ალბათ უფრო მეტად დევიდ კოვერდეილის კალამს ეკუთვნის...